ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ივლისი, 2022


ჩემი თვალით დანახული სიყვარული

ერთხელ, ერთმა ქალბატონმა - ჯანსუღ ჩარკვიანს უთხრა:

,,ბატონო ჯანსუღ, რა კარგი ყოფილა პოეტებთან ჯდომა!“

,,თქვენ პოეტებთან წოლა უნდა ნახოთ ქალბატონო!“ - მიუგო ჯანსუღმა.

ძველი თაობის წარმომადგენლებმა ყველაფერი იცოდნენ: ხუმრობაც, მეგობრობაც, ერთგულებაც. დღეს კი... დღეს თითქოს გაუფასურებულია ეს ყველაფერი.

არ მიყვარს სამყარო, სადაც ქმრები - ცოლებს უფლებას აძლევენ გამომწვევად ჩაიცვან და გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ერთმანეთს ღალატობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღონ. სამყარო, სადაც ქალებს მხოლოდ სექსი უნდათ და დედობის ინსტინქტი საერთოდ არ ამოძრავებთ. ასეთი ადამიანების კატეგორია არ მიყვარს. მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვცემ პატივს, რომლებსაც სწამთ სიყვარულის, არ ფარისევლობენ, ღვრიან გულწრფელ ცრემლებს, არ ღალატობენ თავიანთ მოყვასს, უყვართ საკუთარი ოჯახი, შვილებს გულში იხუტებენ და მკლავზე იწვენენ.

აი, ასეთი ადამიანები მიყვარან, აი, ასეთი ადამიანობის მწამს, ასეთი სიყვარულის მჯერა.

სიყვარული ჩემთვის იგივეა, რაც ფრანგებისთვის ედიტ პიაფის შემოქმედება!

არასოდეს გამიხდია ქალი გართობის საგნად, ყოველთვის კდემამოსილ ქალბატონებს ვეტრფოდი. ქალის კდემა ჩემთვის წმინდათა წმინდაა, მას ყოველთვის მოწიწებით ვეამბორები ხელსა და ბაგეზე.

ერიხ მარია რემარკის არ იყოს: „ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა“.

სიყვარულზე ყოველთვის გალაკტიონის ლექსი „უსიყვარულოდ“ და პეტრე ბაგრატიონ - გრუზინსკის ეს სიტყვები მახსენდება:

„პირველ სიყვარულს თავისი დრო აქვს,
უკანასკნელს კი არა აქვს ვადა“.

პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია. პირველი სიყვარული ყოველთვის დაუვიწყარია. მე შეიძლება ყველაფერი დამავიწყდეს, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული არასოდეს დამავიწყდება.

სიყვარულის თემაზე დაწერილი ნაწარმოებებიდან ჩემთვის პირველ ადგილზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ დგას! სწორედ „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულმა დამაწერინა ეს ლექსი:

ნესტან-დარეჯან, თინათინ...

ქარში ფრიალებს მანდილი,
ვუმღერ სიყვარულს დალოცვილს,
ვარ იდეებზე აღზრდილი
რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“.

დედამ მირწია აკვანი,
ძუძუ მაწოვა ქართული,
არ ამრევია გზა-კვალი,
დავდივარ წელგამართული.

მხიბლავს ლამაზის დალალი,
მსურს ღვთისმშობელი მწყალობდეს,
გული-სუფთა და ალალი
სიყვარულისთვის გალობდეს.

ქარში ფრიალებს მანდილი,
ვუმღერ სიყვარულს დალოცვილს,
ვარ იდეებზე აღზრდილი
რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“.

ჰოდა, სანამდე ვარსებობ,
სანამ მწვავს მზე, ათინათი,
მიყვარხართ ლამაზმანებო:
ნესტან-დარეჯან, თინათინ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები