ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციმციმა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2022


იცეკვე, სალომეა

იცეკვე სალომეა,
დღეს ბიძაშენის და შენი მამინაცვლის დაბადების დღეა,
გილოცავ, სალომეა,
შენც მიიულოცე,
იცეკვე,
ცეკვით მოულოცე და სტუმრებიც მოიხიბლებიან,
იტყვიან,
ეს რა კარგი ასული ჰყოლია ჰეროდეას,
რა საოცრად ფლობს თავის სხეულს,
რა ტკბილად ირწევა მისი წელი,
მკლავები მასთან მიუღწევლობის გზებია,
ახლართული და ლაბირინთი...
თმა  ტალღებივით იკლაკნება სწორედ ისე, ღელვის  დროს ნავს რომ შეისვამს სხეულზე მდინარე.
იცეკვე, სალომეა,
იმასაც იტყვიან,
მამამისი უყურებდესო მაინც,
ნეტავ მასაც მოეწონებოდა შენი ცეკვა,
თავის ძმას და შენს მამინაცვალს რომ არ მოეკლა,
იცეკვე და სანაცვლოდ მოითხოვე
წინასწარმეტყველის თავი,
მოითხოვე უცოდველის სისხლი
სიამოვნების მომგვრელი როკვის სანაცვლოდ,
გილოცავ სალომეა,
სულ მალე ყინულის გზა ჩაგიტყდება,
და ყინული მოგკვეთეს კისერს,
და შენს თავს მიართმევენ დედას,
როგორც შენ მიართვი ნათლისმცემლის თავი დედაშენს,
,,შეუცნობელ არს გზანი უფლისანი",
ჩვენ არ ვიცით, როდის ჩაგვიტყდება ყინული.
მანამდე კი იცეკვე, სალომეა,
იცეკვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები