ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2022


ვიდეოთვალი

ნინო დარბაისელი სტრონი

ვიდეოთვალი

    ზოგი ამბობს ბედიო, ზოგი - განგებაო, ზოგი  - აუცილებლობა ან შემთხვევითობაო, მე თუ მკითხავთ, ეს ცხოვრება  ლატარიაა.
      ლატარიაა და მორჩა!
    მე მართლა მაკო მქვია. ისე კი არა ვარ, სოფელში  ვინმეს მაყვალას რომ ეძახიან  და  თბილისში სხვა სახელს რომ დაირქმევს.  მაკო  - მაკრინეა შემოკლებულად, გვარად მაკარიძე ვარ და ალბათ ჯერ ბებიაჩემს დაარქვეს გვართან შეწყობილი სახელი და მერე მე მამის დედის სახელი მომაკუთვნეს, როგორც პირველ შვილიშვილს.
    სად -  მე,  სად ვაკის პრესტიჟული სკოლის მასწავლებლობა.  მანამდე რას არ ვეცადე, ვერ გავარღვიე მოჯადოებული წრე. დღე და ღამე მარტო ვმეცადინეობდი, „იუტუბის’ გაკვეთილებით ვიმაღლებდი ცოდნას, მაგრამ რაც ვცადე, არაფერი არ გამომივიდა, მერე  სამინისტრომ რაღაც ლატარია მოიგონა, იმედი კი არა მქონდა, მაგრამ რას ვკარგავდი, ჩავერთე და  ასე მერგო.
      ეჰ, ცხოვრებამ დამიქვეითა თვითშეფასების კოეფიციენტი და იმიტომ გამიკვირდა  ვაკის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მოხვედრა, თორემ  კარგი პატრონი რომ მყოლოდა, მეც საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე არ ვოცნებობდი?
      იოცნებე, რა!
  ისეთები წავიდნენ, „ჰაუ დუ იუ დუს’ მეტი რომ არაფერი იცოდნენ ინგლისურად.  სასწავლო წლის დასაწყისამდე შეტყობინება გვიან მომივიდა.  შეპირებული  ანაზღაურება ცუდი არ იყო. დირექტორს რომ დავურეკე, მე ესა და ესა ვარ-მეთქი,  მატარებლის  სადგურზე დაგხვდებით, ბევრი არაფერი დაგჭირდებათ, მარტო პირადი ნივთები წამოიღეთ, თქვენთვის ბინა და ყველაფერი უკვე ნაშოვნი მაქვს, უკმაყოფილო არ დარჩებითო.
    ვინმემ რომ მკითხოს,  ვითომ არაფერი გამაჩნია.  ცოტა - ის, ცოტა  - ეს და მაინც დიდი ბარგი გამომივიდა. მატარებელში სული გვეხუთებოდა, მაგრამ ღამე სადგურზე რომ ჩამოვლაგდი, ისეთი ქარი უბერავდა, ლამის ჩემოდნებიანად წამიღო. დამხვედრმა ოცი წუთით დაიგვიანა. რომ მოვიდა, ბატონმა ამირანმა ბოდიში მომიხადა, შვილმა მანქანა გამომართვა, სოფლიდან ცოლ-შვილი  ჰყავდა ჩამოსაყვანი და გზაში გაიჭედნენო. მალევე  სკოლის წინ კორპუსში, პირველივე სართულზე მიმიყვანა,  სახლის პატრონები - ბებია და უფროსკლასელი გოგონა  გამაცნო, სამოთახიან ბინაში ცალკე ოთახში შემაბარგა და  წავიდა, დანარჩენი თქვენ იცითო.
    ორი ოთახი ერთმანეთში გამავალი იყო.  წინ მთელ სიგრძეზე ლოჯი მიჰყვებოდა ბინას. ტელევიზორი  იქ იდგა.  მესამეს- იზოლირებული შესასვლელი ჰქონდა...ბევრი რომ არ გაწვალოთ აღწერებით,  ძველებური, სამოც-სამოცდაათიან წლებში მასობრივად აშენებული სამოთახიანი წარმოიდგინეთ! მამიდაჩემს ჰქონდა იპოდრომთან  ზუსტად ასეთი და მერე რძლებმა დააშლევინეს.
        ბებიას ნინა ერქვა, შვილიშვილს ანა, გვარად დიდებაშვილი, კარზეც ეს გვარი ეწერა. ადაპტაციისთვის მოკლე დრო მქონდა, მეორე დილას უთენია უკვე სკოლაში უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ უცებ გავარკვიეთ ერთმანეთის ამბები.  მშობლები გაშორებულები ყოფილან, ეს ნინა დედის დედა იყო, ანას მამა  ასე, თვეში ერთი-ორჯერ  მოდიოდა და გადასახადების ქვითრები მიჰქონდა დამრგვალებულფულიანად. დედა - ხუთი წელი  ჯერ საბერძნეთში ყოფილა, იქიდან იტალიაში გადასულა, გამოგზავნით კარგად უგზავნიდა, არ უჭირდათ,  სკაიპობდნენ დილა-საღამოს. მთელი ქვეყანაა ასე არაა დღეს?!
    პირობები დამხვდა გასაგიჟებელი. ჭერი - უფასო,  ჭამა-სმა- უფასო,  ტრანსპორტის ფული სამსახურამდე მე არ დამეხარჯებოდა, სკოლა იქვე, სახლის წინ იყო და  მარტო ინგლისურში კარგად უნდა მემეცადინებინა ანა და სხვა მხრივ, სკოლაში ყურადღება მიმექცია. იქ პატრონები უჩემოდაც არ აკლდა. რა გინდა მეტი რომ ინატრო! მთლად დამშოკავი ის იყო, რომ ბებიამ და არა სხვა ვინმემ მითხრა, რომ შემეძლო, თუ ერთი ბოიფრენდი მყავდა, წყნარად სახლშიც მომეყვანა, ჩემმა გოგომ მითხრა, ასე გადაეციო. ოღონდ ყველაფერი წესიერების ფარგლებშიო.  მადლობა ვითხარი და ძალიან გამეცინა.
      ბოიფრენდი კი არა, ჩემმა რძალმა კარებში რომ გამოვდიოდი, სიცილ-სიცილით სიტყვა გამომაყოლა, იქ  სკოლაში და სახლში არ ჩაჯდე, კარგად  გაიარ-გამოიარე, გაიხედ-გამოიხედე, ფეხბურთის სტადიონზე წადი, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ისეირნე, მოკლედ, სულ იქ იყავი, სადაც კაცები გროვდებიან, კარგი საქმრო იპოვე და აქ  მარტოკა დაბრუნებული არ დაგინახოო. წამოსული არ ვიყავი, რომ მეორე დღისათვის უკვე  მუშები ჰყავდა დაბარებული, შენი ოთახი საბილიარდოდ უნდა გადავაკეთო, ბიჭი მოწიფულობაში შედის და გარე-გარე დევნას მირჩევნია, ამხანაგებიანად სახლში იყოს და თვალი მეჭიროსო.
      რამდენჯერ მიფიქრია გამოუვალ მდგომარეობაში რომ ჩავვარდნილვარ, დედა მაინც მყავდეს ცოცხალი, რამეს მოვუყვებოდი, აზრს ვკითხავდი-მეთქი და იცით, რა?! ისე შეიცვალა ცხოვრება, ადამიანს წინა თაობის აზრი კი არა საკუთარი გუშინდელი თავის რჩევა აღარ გამოადგება.
      პირველი დღისა და დასაწყისისა როგორ  ყოველთვის ყველაფერი გვახსომდება, არა?
მეორე დღიდან მოყოლებული სკოლის ცხოვრება იყო, რა! -  ხან უკეთესი დღე, ხან უარესი. უფროსი კლასები მომცეს. არც ძალიან გავუშინაურდი ბავშვებს, რომ თავზე არ დამსხდომოდნენ, მაგრამ არც ისე შორს და მაღლა დამიჭერია თავი, რომ შევძულებოდი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ვერ ვიტყვი, ჩემზე ირეოდნენ-მეთქი, მაგრამ არც ვეჯავრებოდი. ასე  ყველაფერს სჯობია.
      ანაზე რას ვიტყვი? იყო, რა! გარეგნობით - დედა,  ეს რა დავინახეო, ვერ იტყოდი, მაგრამ შეუხედავიც არ ერქვა.  სახით ცოტათი სკარლეტ იოჰანსონს წააგავდა,  იმის მდაბიურ ვერსიას. ისე, თხელი, მაღალი, არა მკერდი, არა გვერდი და მაინც კომპლექსი რომ აქვთ და სულ დიეტაზე არიან,  ათასნაირ გასახდომებსაც რომ  სულ ეძებენ. გულჩათხრობილი ბავშვი რომ იქნებოდა, გასაგებია.  პრაქტიკულად უდედოდ, უმშობლებოდ  იზრდებოდა. მე რომ მომენდობოდა, ესეც ლოგიკაში ჯდება. ჰოდა, მომენდო კიდეც.
      ანა თავისი მდგომარეობის სხვა ბავშვებივით თავისებურ დამოუკიდებლობას იყო მიჩვეული. ბებიამისი რისი რა დამშლელი იქნებოდა, მაგრამ თვითონ ბავშვს ისეთი შინაგანი მუხრუჭები ედო, რომ  არ აჰყვებოდა დანარჩენებს. წყნარად სახლში დაბრუნდებოდა,  ისადილებდა, იმეცადინებდა,  დამთავრებამდე ერთი წელი აკლდა. თეატრი უყვარდა და თუ სადმე რამე პრემიერა იყო, სამივენი  მოვირთვებოდით, მოვიპრანჭებოდით, ტაქსს გამოვიძახებდით და მივდიოდით, თუ ნაცნობი შეხვდებოდა, ჩემს თავს  მარტივად, დეიდაშვილად აცნობდა. არც მე ვიყავი დეტალების დაზუსტებით დიდად დაინტერესებული.
უკვე ჩანს არა, ამ იდილიურ კონტექსტში რაღაც დრამა რომ უნდა გათამაშდეს?

***
    ყველაფერი ამ გაზაფხულზე დაიწყო. ბექამ, რომელიც ანას კლასელი იყო, ყველაფერთან ერთად, ბავშვებს უთხრა, სამ მაისს  დაბადების დღეს მცხეთაში აგარაკზე ვიხდი. უფროსები ყველაფერს გაამზადებენ და დაგვანებებენ თავს, მერე  ჩამოსაყვანად მოგვაკითხავენო.
    ბექა რა ტიპია?  დაწყებითებში რომ საუკეთესო მოწაფეები არიან,  კლასის ფავორიტები, მერე გარდატეხაში რომ სხვები, მოშავო ტიპები გამოდიან წინა პლანზე და ესენი რომ ცდილობენ, იმ სხვებთან კარგად იყვნენ, როგორ და რანაირად, თვითონ იციან; მამინაცვალი რომ ცდილობს,  არაფერში ჩამოარჩინოს, მაინც უფროსი ძმაა და ორი პატარა გოგო სახლში ეზრდებაო. აი, არც აქეთ რომ არ არის და არც იქეთ, „ქიციც იცის და ქიცმაცურიცო’, რომ ამბობენ. გვეყო ბექაზე!
      მე და ანამ  ჯერ კარგად ვიშოფინგეთ,  უფრო სწორად, ის შოფინგობდა, მე გვერდით ვედექი და რაზეც თვალი მიუვიდა, ყველაფერი იყიდა. საბოლოოდ, ნაყიდებიდან  შავი,  გრძელი კაბა აირჩია,  გვერდებიდან გულახდილად ჩახსნილს რომ ეძახიან, ბრეტელებზე, კარგი  მაკიაჟიც გაიკეთა,  მაღლებიც  - შესაფერისი.  თხელი გოგოები მაინც ადვილად ირგებენ ყველაფერს, ისე მოუხდა, ვერ იცნობდი.
      ორისთვის მოაკითხეს კლასელებმა მანქანით.  ათის  ათ წუთზე სახლში იყო.  სასმელის სუნი რომ ექნებოდა, ეს ხომ გასაგებია, მაგრამ ერთი ბრეტელი ჰქონდა მოწყვეტილი, რაღაცას გამოვდეო,  ცოტა ხანს ნორმალურად  დაჯდა და მერე აბაზანაში შევიდა, ხმაზე მივხვდი, ვერ იყო საქმე კარგად. მივუკაკუნე, გამიღო, მერე ანას  შუბლი მეჭირა მთელი ღამე,  დედის რძემდე ჩავედით, მერე    ცხელ ჩაის ვალევინებდი და  პირსახოცში შეხვეული გრელკით ვათბობდი.  კიდევ კარგი, მეორე დღეს კვირა იყო, თორემ  რომ შევიხედე იქითკენ დილას, მოკუნტულად ჩაძინებულს  თვალების ირგვლივ სულ  ლურჯი და წითელი  წერტილოვანი  ჩაქცევები შორიდანვე ემჩნეოდა.
    სადღაც, შუა დღეზე გაეღვიძა. ნინა ბებიას არ შეუწუხებია თავისი ცხელ-ცხელი, ფენოვანი ხაჭაპურით, როგორც კვირა დილაობით იცოდა. უხმოდ, დაძაბულად იჯდა დიდ ოთახში და პრესას კითხულობდა.
      მე დრო და დრო დავხედავდი და მერე ჩამეძინა, რომ გამეღვიძა, ამდგარი იყო და სახე ჰქონდა, რასაც ჰქვია,  შეშლილი, თეთრი, გეგონება კირიანი წყალი გადაასხეს, ტუჩები - დაწვრილებული და ლურჯი...
ხომ მშვიდობაა-მეთქი ვეკითხები და ნახეო, ტელეფონს მიწვდის, ჯგუფური ჩათია, ვიდეო დევს,  ანა რომ ყვირის „ბექა მინდააა“, მერე ყელზე ეკიდება, მიათრევს ძალით ტახტისკენ, ბიჭი უძალიანდება, ანა ღილებს აწყვიტავს საროჩკაზე, კოცნის, სადაც მისწვდება, ხელებს უყოფს უადგილო ადგილას .. სრული შოკი!
      - აფროდიზიაკი დამალევინა, მე მაგისი!- იცი, აფროდიზიაკი რა არის?
      ასეთი ლექსიკა მისგან აქამდე არ გამიგია, გამწარებულია.
        - ვაიმე, რა სირცხვილია, თან ყველასთან გაუგზავნია,  ყველა ჩემზე ღადაობს ეხლა. იცი, რა არის აფროდიზიაკი? - მიმეორებს.
      - გამიგია.  და შენ რატომ დალიე?
      - ჩუმად ჩაგვიყარეს გოგოებს, ყველას. გვიან მივხვდით. მე ბექა საერთოდ არ მომწონს, სულ სხვა ვინმეზე მაქვს ქრაში, ის იქ არ იყო.
        ბებია ნინა დამსახურებული პედაგოგი რომ გახლავთ, აქამდე არ მითქვამს, არა? გამოაცხადა, ხვალ, ორშაბათ დილას სკოლაში უნდა გადმოვიდე და დირექტორს უნდა დაველაპარაკოო.
- არსადაც არ მოხვალ, გიკრძალავ!
- ყველგანაც მოვალ!
-მოხვალ და ჩემი ფეხი არ იქნება მაგ სკოლაში და არც ამ სახლში, გაიგე?
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ!
  ნინამ უკვე  თავის პარიკმახერთანაც დარეკა და დროზე შეუთანხმდა და მანიკურშასაც მოელაპარაკა, გარდერობს ათვალიერებს.
ამ დროს კარზე ზარია და  თვით ბატონი ამირანი - საკუთარი პერსონით.
ბატონი ამირანი სამი წელი ნინა ბებიას მოწაფე ყოფილა და ძველი,  მოწაფური  რიდი ისევ შერჩენილი აქვს.
-  ნინა მასწ, ცუდი ამბავი მოხდა, ბექა თავს იკლავს, მე აზრზე არა ვარ, მე არაფერი გამივრცელებიაო, მშობლებთან ერთად მოვა თქვენთან ბოდიშის მოსახდელად, ნებართვას გთხოვთ, კაცმა რომ თქვა, რა არის ახლა ისეთი იმ ვიდეოზე, მოზარდები არიან და ამათ ასაკში უარესსაც შვრებიან. ახლა, სასიამოვნოც არაფერია, მაგრამ ისევ ანასთვის და თქვენთვის ჯობია, ახლავე მოვაგვაროთ ეს საქმე, მოვიდნენ, მოიხადონ ბოდიში და ესაა, არც სკოლას ახასიათებს კარგად, სასწავლო საათებში ბავშვები, არასრულწლოვანები მასობრივად რომ აცდენენ ბოლო გაკვეთილს და საქეიფოდ მიდიან ქალაქგარეთ, ათასი მტერი და ოხერია ირგვლივ, დირექცია რას აკეთებდაო და რა ვიცი. ჩასაფრებულია ყველა.
- ჩემო ამირან იცი, რომ დიდ პატივს გცემ, მაგრამ როგორ ფიქრობ, შეიძლება, ამის მერე  ის ბექა იმავე კლასში, გაკვეთილზე შემოვიდეს და ისე დაჯდეს, ვითომ არაფერი მომხდარა?
- ნინა მასწ, საერთოდ, მე წინააღმდეგი ვარ  ამ დროს, თან მაღალ კლასებში გადაყვანა-გადმოყვანისა, მაგრამ თქვენ თუ ასე გინდათ, ვეტყვი მშობლებსს, რომ ეს წელი დაახურინონ, რაღა დარჩა და მომავალი წლიდან,  სადაც უნდათ, იქ წაიყვანონ.
-  რა წელი დაახურინონ, როგორ უნდა შევიდეს ანას კლასში ან ანა როგორ უნდა შევიდეს?
-  აქვე, ჭავჭავაძეზე რომ  სკოლაა,  ჩემი ახლობელია დირექტორი, ხომ არ გინდათ, ანა გადავიყვანოთ? კარგ ნიშნებს გავატანთ.
-  ჩემი შვილიშვილი  დარჩება იქ, სადაც სწავლობს. გადავა ბექაც და ყველაც, ვინც ამ სიბინძურეში მონაწილეობდა.
    ეგეც არ არის საკმარისი.
  დამნაშავე სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს, რომ სხვებისთვის გაკვეთილი იყოს.
  შენ თუ არ მიხედავ, მე ვიზრუნებ ამაზე.
  ერთი ჩემი ნამოწაფარი პოლიციის გამომძიებელია, მეორის ქმარი - საექსპერტოში მუშაობს!
- კარგი,  ახლა მე დაგემშვიდობებით, ნუ ვიჩქარებთ, ვიფიქროთ, რა როგორ იქნება უკეთესი.
    დირექტორი წავიდა თუ არა, ელისო მოვიდა. კლასელებიდან ანა მაინცა და მაინც ახლოს არავისთან არ არის, ელისოსთან -  უფრო ურთიერთობს.  ამ გოგოს პირველი კლასიდან ბექას მეტი არავინ აგონდება, პირველი კლასიდან კი არა, მგონი საერთოდ, საბავშვო ბაღიდან. დედებიც დაქალები არიან.
    რა ილაპარაკეს, მე არ გამიგია. მაინტერესებდა, მაგრამ კედელზე ყურს ხომ არ მივადებდი. ელისო რომ წავიდა, ანამ მტკიცედ გამოგვიცხადა:
-  ბექას უნდა დაველაპარაკო.
  რა ძნელია, ასეთ მომენტებში ზუსტად განსაზღვრო, რისი თქმის უფლება გაქვს და რისი არა, ჩართული ხარ, მონაწილე ხარ, სათქმელიც გაქვს, მაგრამ რა!
  მაინც ვეკითხები: - რაო, ელისომ?
    არ მპასუხობს, ბებიამისს მიუტრიალდა:
- მგონი საქმე გიადვილდება, ნინა პეტროვნა, გოგოების მშობლებმა გამოაცხადეს, ანა კლასში შემოსული არ დავინახოთ,  მაგისგან არ არის გასაკვირი, უპატრონოდ  იზრდება,  ჩვენ კი გოგოების პატრონები ვართ და რას იფიქრებენ ჩვენს შვილებზე,  ესეც მისნაირი იქნებაო. მე  ერთი რამე მაინტერესებს, ბექას რა აქვს სათქმელი, მთელი  დღეა, თვითონ მირეკავს, წავედი.
      მალე დაბრუნდა და პირდაპირ ოთახში შეიკეტა.
    ორშაბათს სკოლაში არ წამოსულა.
    არც იყო საჭირო, არ გამოიყურებოდა კარგად,
არც სამშაბათს წამოსულა - მიზეზი - იგივე.
მთელი კვირა ასე გაატარა.
    კვირის ბოლოს  მეუბნება, შენთან სალაპარაკო მაქვს. აჰა, შენ ფული, წადი და ამ ფურცელზე რა მოდელიც წერია ტელეფონისა, ზუსტად ის  და იმ ფერისა მიყიდე, ოღონდ ახალი არ მინდა, ცოტა ნახმარი იყოსო. წავედი, ბაზრობაზე, შესდასვლელშივე ვუყიდე.
    ჰო, მანამდე კიდევ ელისოს დედა მოვიდა. სხვა მშობლებს ველაპარაკე და ასე შემოგითვალეს,  თავიდან ყველა აღელვებულები ვიყავით,  ახლა უკვე დავწყნარდით,  არ არის საჭირო სხვა სკოლაში ანას გადასვლა, იმ ბექას საერთოდ ნუ გასცემს ხმას. რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს, რატოა გაჯიუტებული ბებიამისი, დაისაჯოს, დაისაჯოსო. ამის გულისთვის ცხოვრება ხომ არ უნდა აერიოს ბიჭს, აპატიონ ქრისტიანულად  ეს ერთი ცელქობა. გასაგებია, არ გამოუვიდა კარგად.  მეტს აღარ იზამს. ყველა ყველაფერს დაივიწყებსო. ბიჭები თავს იკლავენ, ჩვენ არაფერი ვიცოდით,  არც ბექამო.  ეს ისე, სრული ინფორმაციისათვის.
    ანა უკვე მეორეჯერ შეხვდა ბექას, მთელი ოთხი საათი იყო წასული. რომ მოვიდა, სახე,  რასაც ჰქვია, გაცისკროვნებული ჰქონდა. გეგონება დაფრინავდა, ასეთი მართლა არ მინახავს, რამე ხომ არ მოაწევინა ნეტავი-მეთქი,  ვიფიქრე.
      ელისო დაიბარა. შეიკეტნენ. ნახევარ საათში ელისო გამოვიდა შუა ოთახიდან მიტკლისფერი,  ნახვამდისო,  წყნარად ჩაილაპარაკა და წავიდა.
      ანა  - დაფრინავს! მოდით ორივე აქო, გვეძახის.
      სალობიეში წავედით მამამისის ახალი მანქანით, გზაზე ვეუბნები, ბექა,  მდინარესთან გააჩერე, დავსხდეთ და დავისვენოთ-მეთქი, იქ ერთი პატარა ადგილია, მდინარეც არ არის, რაღაც წყალი ჩამოდის. გადამხვია ხელი, მეც ვითომ ავყევი, ტელეფონი - იქვე ქვაზე დადო, ზარს ველოდებიო. მე ისე შევუცვალე, ვერც მიხვდა,  იმისი- ჩანთაში კარგად ჩავიდე და ზმეიკა შევკარი. ვკოცნაობთ და უცებ ვეუბნები,  როგორც ფილმებშია, ბექა იცი, რა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შენთან?!  მივხვდი, ესიამოვნა. მერე გავაგრძელე -  აი,  ეს ტელეფონი რომ არ მიშლიდეს ნერვებს, -  ეს ხდება წამებში!- მოვაშოროთ აქედან, - მოვკიდე ხელი და მდინარეში ვისროლე, შიგ შევარდა, გინდა დაიჯერეთ, გინდ არა. გამოიტანა, სცადა ჩართვა, რას ჩაირთვებოდა, შუშაც გატეხილი იყო.
მერე ჯერ სახეში გამარტყა. მერე ორივე მხრიდან მკლავებში ჩამავლო და მანჯღრევდა და მიყვიროდა, გოგო, შენ  აზრზე თუ ხარ, რა ქენიო, თუ რაღაც ეგეთებს. ეგ არაფერი.
  ჯერ  იქ მტოვებდა, მანქანისკენ მარტო გავარდა, მერე აზრზე მოვიდა, მობრუნდა.  წყალი წურწურით გასდიოდა, მანქანაში ვეღარ ჯდებოდა, მერე რაღაც ცელოფანის პარკი იპოვა ბაგაჟნიკში და ის დაიფინა. რას უშველიდა. გუბე იდგა. იმ მანქანას რა გააშრობს შიგნიდან არ ვიცი. თვითონ იდარდოს!
მაგისი პაროლი ისედაც ვიცოდი.
მთელი გზა  ხმა აღარ გაუღია, ისე მომიყვანა სახლამდე.  მე უკვე ვნახე ყველაფერი,
ეხლა თქვენ დაჯექით და უყურეთ!
***
ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა!
თერთმეტი  გოგო იყო იმ დაბადების დღეზე და თერთმეტივე მსგავს სიტუაციაში -  გადაღებული ვიდეოთვალით, ზოგი - ვინ ბიჭთან,  ზოგი - ვისთან!
თან რა ოჯახის შვილები!
ადამიანი ასე გაზრდილიყოს ასე ცოტა ხანში,  არ მინახავს. გაზრდაში მაინცა და მაინც გაკარგებას არ ვგულისხმობ. ანა რომ გავიცანი პირველად, ერთი ჩხიკვივით გოგო იყო, მხრებში მოხრილი და ახლა ჩემს წინ შურისძიებით თვალებაელვარებული, მხრებში გაშლილი  ახალგაზრდა ქალი იდგა:
- ელისოს ყველაფერი ვაჩვენე და დავაფიცე, დედამისთანაც არაფერი ეთქვა,  დარწმუნებული ვარ, მივიდოდა თუ არა სახლში, ეგრევე მოუყვებოდა. თვითონ იქ არ იყო და რა ენაღვლება!  შუამავალს თამაშობენ ეგ და დედამისი.
    ვეუბნები, მერე ხელოსანთან ხომ წაიღებს ის ბექა იმ ტელეფონს და გაირკვევა, რომ შიგ სიმ ბარათი არ დევს, მტრად არ გადაგეკიდოს-მეთქი.
- ვერ გადამეკიდება,  თმაც რომ შემერხეს, პირველი, ვისაც ხელს დაადებენ,  ეგ იქნება, უტვინო კია, მაგრამ არც ეგრე. პირიქით,  სხვებს უნდა უყუროს, ვინმეს რამე არ შეეშალოს ჩემთან და მაგას არ დაბრალდეს.
    პირველი - ნაილის დედა მოვიდა. შვილოო, გავიგე ნაილის ვიდეო გქონიაო,  შენ ხომ იცი,  რა მკაცრი მამა ჰყავს, ეგ ვიდეო რომ ნახოს, ორივეს სახლიდან მოგვისვრის, ისედაც იმას მაყვედრის,  მთელი ცხოვრება გინახავ, არ გამუშავე, რომ კარგი შვილი გაგეზარდა და სწავლას სულ მოუკლოო და სულ ბიჭებისკენ იყურებაო. ამ ბავშვის გულისთვის გიტან, თორემ მე ჩემთვის ცოლიც მყავს და  გაზრდილი ბიჭიც, ისე თამაშობს,  უკვე პრემიერ ლიგაში აიყვანესო. ოღონდ ეგ ვიდეო წაშალე და რასაც მთხოვ, ყველაფრისთვის მზადა ვარო.
      შემდეგი ვიზიტი - პარლამენტარი მამიკოს თვალის ჩინი ნატუკა რომ არის, იმისი მძღოლისა თუ ბოდიგარდისა იყო, საერთო ნაცნობი უპოვია. ეგ ვიდეო გაგვანადგურებინეთ და თან გადაგყვებით,  სადარბაზოს შემოსასვლელს  ხომ გაგირემონტებთ  და თქვენს სადარბაზომდე ახალ ასფალტსაც დავაგებინებთ ორ დღეშიო, არჩევნები მოდის და  კონკურენტებს რომ ჩაუვარდეთ ხელში,  კომპრომატად გამოიყენებენო.
    ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამის მერე მოქმედების დინამიკა  დღემდე სტაბილურად დაძაბული დარჩა.
    დანარჩენი რვავე  გოგოს მშობელი სათითაოდ გვეახლა მსგავსი  ტექსტებით, ზოგმა, საქართველოა და,  საერთო ნაცნობიც გამონახა. ანას  არავისთვის არც უარი უთქვამს, არც დათანხმებია. ერთი-ორჯერ სკოლაში გამოჩნდა და თავი დედოფალივით ეჭირა.
      მერე მაისურად, დღესასწაულები მიეწყო ერთმანეთზე და  ამასობაში სასწავლო წელიც დასრულდა.
      ეს ანა რამე ხიფათს არ გადაეყაროს. ტკბილი სიტყვით რომ ვერაფერი გააწყვეს, ახლა  ვის რა მოუვლის თავში, რას გაიგებ! თვითონ როგორ გულზეა! დავიჯერო, მართლა არაფრის ეშინია?
      მე არდადეგები მაქვს და ისევ იქ ხომ არ დავუჯდები. უნდა წამოვსულიყავი.  არ უნდა მიგეტოვებინა ამ განსაცდელშიო, თითქოს შინაგანი ხმა მეუბნება, მაგრამ  ამბობენ, ეს- მშობლების პროგრამაა ჩვენში ჩადებულიო.
      ხმაო, თუ რამე იცი, მე მომხედე! არადა, ჩუმად, გაიგე?!
      ანა კი არა და, თავი გამჭირვებია!
      დღეს გამომაცილა სადგურამდე და მატარებელში ბარგიც ამომატანინა. მეუბნება,  რაღაცით კარგია, როცა იდიოტი გონიხარ ვიღაცეებს, ეს ტელეფონი - შენ შეინახე. კი  იმწუთასვე გადავწერე  ყველაფერი კომპში,  ეგრევე  სიმ. ბარათი არ დააბლოკინოს ბექამ-მეთქი, ფლეშკაზეც მაქვს ყველაფერი და კარგად დავმალე,  მაგრამ მაინც მირჩევნია,  შენ გქონდეს, რა იცი, რა ხდება!
კროსბეგის ძირში ჩავიდე.
სექტემბრამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მატარებელი უნდა დაძრულიყო, რომ მოტრიალდა და ტელეფონი  ისევ გამომართვა.
რყევა-რყევაში  სასიამოვნო ძილიც მომერია,  მხარზე შეხება ვიგრძენი  და გამცეცხლა.
ბექა!!!
-აუ, ძლივს გაეტია, რა!
ისე, რა მაგარი დაქნეულია!
და ისა! ფანჯარა რატომ ჩამიკეტე წუხელი? მგელი ვარ და შეგჭამდი? კარზე ხომ არ დავრეკავდი ზარს, არა?
ეგ, ხო იცი, შენი გულისთვის გავუჩალიჩე.
ასიანი არაფერი დაუნახია, რომ შემოგვისწრო, მაგრამ შენ რო პანიკაში ჩავარდი, მეთქი, მოკეტილში მეყოლება, მაგან კიდე დამიწყო აქ პრაივიტ დეტექტიობა. დანარჩენები -თვითონ  წაეტენენ, რა!
    შენ თავს ვფიცავარ, გავრცელებით მე არ გამივრცელებია. ბიჭებმა ნახეს მარტო ჩემს ტელეფონში და ვის რა ინტერესი ჰქონდა, აზრზე არა ვარ. არცერთი არ იღებს თავის თავზე.
    მე რაში მაწყობდა ყველასთან გაგზავნა, მე მინდოდა, მარტო მაგას ენახა. უფრო ზუსტად, მაგის დაქალს,  ელისოს ვაყურებინე, მეთქი მოუყვებოდა და ეგაა!
      ხო იცი, ერთი წელიც და მე და შენ აქედან ერთად უნდა დავახვიოთ  ჯერ თურქეთში, იქიდან ამერიკაში.
    ფეხზე რო დავდგები, ოჯახი მერე შევქმნათ. ჩემ გვარში ათი წლით უფროსი ცოლი მოსულა,  პრობლემა არაა.
  მცხეთაში ჩავალ და ტელეფონი ნუ გაქვს ხოლმე გამოთიშული, მესიჯებზე მიპასუხე, გაიგე?
  ეხლა მითხარი, რომ გიყვარვარ და დავახვიე!

ჩავიდა.
ამას ერთი ათი წელი მაინც დასჭირდება, კაცად რომ ჩამოყალიბდეს.
კიდევ კარგი, არ ვუთხარი, რომ გადამიცდა. რისი გამკეთებელია!
მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს. ფული ცოტა ხომ მაქვს, სოფლის სახლიდანაც, ჩემი რძალი  ძალიან რომ პაშპაშებს შიგ, ნახევარი ჩემია. კანონი გოგოს და ბიჭს არ არჩევს, სამემკვიდრეო - სამემკვიდრეოა. თან ძველი დრო ხომ არ არის, მარტოხელა დედებზე რაღაც, ათასნაირი შეღავათებია. ყველაფერს კარგად გავიგებ, დავსერჩავ.
იმ სკოლაში მუცელდატყობილი ხომ არ დავბრუნდები? გამორიცხულია.
ვერც სოფელში დავუჯდები ჩემს რძალს, ჩემს ძმას კიდევ რამეს გავაგებინებდი, მაგრამ ცოლის ჭკუაზეა.
მანამ ავეწყობი, თბილისში ბინას დავიქირავებ.
ბექა მიყვარს თუ არა?
თავიდან რაღაც გრძნობასავით მართლა მქონდა, რომ დამდევდა და ტიროდა, ეხლა გული  მთლიანად გამიცივდა,  რაღაცნაირად შემზიზღდა კიდეც, ანას ამბების და მოყოლილების მერე.
ადრე ვერ ვგრძნობდი თუ ეხლა დაეწყო, ოფლის სუნად ყარს. პაპიროსიც თუ მოწია, სიახლოვეს ვერ გაუჩერდები. მაგისგან ყველაზე უკეთესი რაც გამოდნებოდა ამ ასაკში, ჯანმრთელი ბავშვია, თან თუ ბექას დაემსგავსა, ეგეთი მაღალი და კარგპროფილიანი, მწვანე თვალებიანი გამოვიდა, მაგარი იქნება.
ხასიათი - ჩემი ჯობია.
ნეტა ბიჭი ხარ თუ გოგო?
ისე,  სულ გოგოდ მესიზმრები.
ახლა წერით შევიქცევ თავს…
რა გულწრფელად არ უნდა ჩაწერო შიგ ყველაფერი, დღიური ყოველთვის სხვისი თვალისთვის იწერებაო, ნინა ამბობდა. ჭკვიანი ქალია.
  მერე, ყველაფერს რომ მოვიგვარებ, აუცილებლად ვინახულებ.

დღევანდელი ჩანაწერი:

  „რა ადვილად მოვუწოდებთ  ჩვენ, ადამიანები სხვებს ჰუმანისტური მიმტევებლობისაკენ, შენდობისაკენ, არ დაგვეზარება, ვუთხრათ, რომ შურისძიება - სულმდაბლობაა და ასე შემდეგ….როცა საქმე მათ მიმართ ვინმეს მიერ ჩადენილ რაიმე სახის დანაშაულს ეხება და არც კი ვცდილობთ, გავერკვეთ საქმის არსში, ხშირად თვალსაც ვხუჭავთ,
      მაგრამ საკმარისია, პირადად ჩვენ შეგვეხოს გაცილებით მცირე უსამართლობა, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ა.შ., მათზე გაცილებით მწარედ, დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ.
  და არც ვტყუივართ.
    ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ!

სუპერკალიფრაჯილისტიკესპიალიდოშეს!*

- - - -
* სუპერკალიფრაჯილისტიკესპიალიდოშეს - ყველაზე პოპულარული  გრძელი სიტყვა  - პამელა ტრავერსის ,,მერი პოპინსიდან’. არსაიდან ქარს მოყოლილი მასწავლებელი ისევ ქრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები