ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
12 ივლისი, 2022


აჯისაი (ნაწილი პირველი)

"ესკალატორი ნელ-ნელა ვიწროვდებოდა.ბოლოს ისე შევიწროვდა, ერთი ადამიანი გვერდულად ძლივს დაეტეოდა, კიბეები კი არადა არ მთავრდებოდა.კოტეს ოფლმა დაასხა.საშველის ძებნა დაიწყო, ცალმხრივად მოძრავ ესკალატორს კი მხოლოდ კედლები ერტყა ორივე მხრიდან. ამ დროს ყრუდ გაისმა უხეში ზარის ხმა.შემდეგ უფრო მკაფიოდ განმეორდა და ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ამ ზარში იყო მისი ხსნა. მესამე ზარზე თვალი ოდნავ გაახილა და მძიმე ფარდების მიღმიდან უკვე კარგად ფესვებგადგმულმა მზის სხივებმა თვალი მოსჭრა. მაგრად მოხუჭა თვალები და ხელით ტელეფონის ძებნა დაიწყო. ციფერბლატიანი, მწვანე, გვერდმოტეხილი ტელეფონი იქვე მდგარ ხის ტუმბოზე იდო. ძმაკაცები ხშირად ხუმრობდნენ არამხოლოდ ამ ძველ, ხმარებიდან გადასულ ნივთთან კოტეს მიჯაჭვულობაზე, არამედ კოტეს სენტიმენტალურ ხასიათზე.
ყურმილი ვარაუდით აიღო და ისევ თვალდახუჭულმა უპასუხა უთენია დამფეთებელს.
-გისმენთ.
-კოტე, შვილო, შუადღემშვიდობისა.
-დილამშვიდიბისა ნონა დეიდა-ზმორვადაყოლილი ხმით მიესალმა კოტე.
-შენთან საქმე მაქვს. თუ სახლში ხარ 20 წუთში შემოგივლი.
-კი, კი, სახლში ვარ-დაბნეულად მიუგო ბიჭმა და თავადვე შეცბა პასუხზე. სწრაფად შეავლო თვალი პლედის ქვევიდან გამოყოფილ ყვითელლაქიან ფეხს და ელვისსისწრაფით დაალაგა თავში ამ ოცი წუთის თითოეული წამი.
-მაშინ, 20 წუთში მანდ ვარ.
ყურმილი დადებული არ ჰქონდა რომ მეორე ხელით პლედი გადახადა და ბოდიშებით შეაღვიძა გოგო.
-ლიკა,ლიკა, გაიღვიძე რა, ბოდიში რა, ძმაკაცის დედა მოდის , საქმე მაქვსო და გეხვეწები, ადე რა , უხერხულია აქ რომ დახვდე.
-აუ, ღადაობ? მთელი დღე დასიებული სახით უნდა მატარო?!
-მაპატიე რა, მარა ერთი კვირა არაა რაც ნიკუშას წლისთავი გადავიხადეთ და ლოგინში ქალით ვერ დავხვდები.-ამ ლაპარაკში თან ოთახს ალაგებდა, საფერფლეებს ათავისუფლებდა, მაგიდიდან „გლოვოსა“ და „ვოლტის“ ქაღალდის ჩანთებს ერთ გუნდად კრავდა და ნაგვის ურნაში ტენიდა. აივნის კარი გამოაღო, ფარდები გადაწია და, კოვზჩატოვებული ყავიანი ჭიქების შეგროვება დაიწყო.
-ლიკა, მართლა ძალიან უხერხულია აქ რომ დახვდე ლოგინში.
-აი, საერთოდ ვერ გავიგე ნიკუშას წლისთავი რა შუაშია. რაებს ბოდავ? იქნებ გამოფხიზლება და შხაპის მიღება მაინც მაცალო!
- აუ, არა რა! გემუდარები, ამჯერად მაპატიე რა. სწრაფად უნდა ჩაიცვა და წახვიდე. ძალიან ტეხავს შენი აქ დახვედრა.
- აი, ღირსი ვარ რაა! ჭკუას ვისწავლი და თუ ბიჭს 2 ოთახი მაინც არ ექნება, იმასთან აღარ დავრჩები. მეტის ღირსი ვარ შენნაირ ბანძებს რომ გავუყადრე თავი -ბუზღუნებდა ასე 19 წლის ხელოვნურად ქერა გოგო, პრიალა, გარუჯული კანით და ფეხის სამაჯურით-სხვა ვერაფრით ვერ დაამახსოვრებინებდა ადამიანს თავს.
ჭიქების შეგროვებას რომ მორჩა, სამზარეულოს კუნძული გადაწმინდა, თან სტუმრის ქუსლიან ფეხსაცმელს , ლიფს და რაღაც კაბისმაგვარს მოუყარა თავი და ლოგინთან მიუტანა.
-ოღონდ ახლა გადამარჩინე და ჩემთან დარჩენას აღარასდროს გთხოვ. -ამაზე გოგოს წამიერად წამოენთო სახე.
-აჰა, მე ერთ დღიან გასართობად გინდოდი ხო?
-მაგი არ მითქვამს , შენც კარგად იცი .
-ვინ გგონია თავი? იცი, რამდენი ბიჭი გასცემდა ყველაფერს ჩემთან თუნდაც ერთი ღამისთვის? აწი, სულ რომ კალთები დამახიო, შენთან ერთი წამიც არ გავჩერდები. -უცებ დაიმაგრა ტანზე კაბა, სწრაფად ამოიცვა ფეხსაცმელი და მთელი ძალით მოიჯახუნა კარი.
კოტემ შვებით ამოისუნთქა, ჩაიდნის დადგმა და ლოგინის მილაგებაც მოასწრო. მიმოფანტული ჩანგლები ნიჟარაში რომ ჩაალაგა, სარკის წინ გავლა მოუწია და მაშინღა მიხვდა, არაფერი რომ არ ეცვა.
ნონა დეიდა, საშუალოზე მაღალი , ზომიერად გამხდარი , თეთრი ქალბატონი ნელი მანერით აზარუნებდა ღილაკზე, კარი როცა გაუღო ბიჭმა.
სახლში თავის მოძრაობით შემოიპატიჟა და ანაზდად მიგდებული მაისური სწრაფად მოაფარა ზურგს უკან.
ქალი, ნელი, დამაჯერებელი ნაბიჯით შევიდა ერთადერთ ოთახში, რომელიც კოტესთვის სამზარეულოც იყო, საძინებელიც, სასადილოც, კაბინეტიც და მისაღებიც. ქალს არსაით გაუხედავს, თითქოს წინასწარგადაწყვეტილი ჰქონდა მწიფეშინდისფერი დივნის რომელ ნაწილს დაიკავებდა.
მშვიდად მოკალათდა , შავი კაბის არშიები მუხლებზე შეისწორა და მოპირდაპირე მხარეს სკამზე ჩამომჯდარ კოტეს თვალი გაუსწორა.
კოტესთან სტუმრად პირველად არ იყო ქალი, მაგრამ ბიჭს პირველად შეეშინდა მისი გამოხედვის და სუნთქვა შეკრული ელოდა საუბრის დაწყებას.
-ნონა დეიდა, რამეს ხომ არ მიირთმევთ, ყავა ან ჩაი?
-არა, მადლობა. დილას მივირთვი. მაღალი წნევა დამჩემდა და ერთზე მეტს აღარ ვსვავ. მგონი დღეს გაგაღვიძე, მაგრამ გუშინდელი დღე და მთელი ღამე ამაზე ფიქრში გავატარე, წამით ვერ მოვხუჭე თვალი. მერე მობილურზე გირეკე და გამორთული გქონდა. მივხვდი რომ გეძინა და პირველ საათს დაველოდე. მეტი ვეღარ მოვითმინე.
-რა ხდება ნონა დეიდა, შემეშინდა ცოტა. მამა სერაფიმესთან რომ დამარეკინეთ, იყავით მასთან?
-კი და რაღაც იგავარაკებით მესაუბრა. პასუხი ვერ მითხრა. ამ ეკლესიაში სიარულიც აღარ შემიძლია.
-რა დაგიშავათ ეკლესიამ?
-შენ ივლიდი იმ მეგობრის სახლში, რომელმაც გასაჭირში მიგატოვა?
-მეტი ვერაფერი გითხრათ მამაომ? - თავჩაქინდრულმა ჰკითხა ბიჭმა.
-კი, კოტე. შენნაირ მშობლებს შეხვდი.რაღაც კლუბივით აქვთ. ერთმანეთთან მეგობრობენ , ერთად უმკლავდებიან ამ ტკივილსო. ნომერი მომცა ყველაზე უხუცესის. დავუკავშირდი.თბილად მიმიღეს- პარასკევს საღამოს ერთ-ერთის სახლში შევიკრიბეთ. ყველა იყო ერთი კაცის გარდა. იმ კაცზე მომიყვეს, თურმე 29 წლის უცოლშვილო ერთადერთი შვილი დაკარგა ავარიით. რამდენიმე დღის უკან კი გოგონა მისდგომია პატარა ბავშვით, თქვენი შვილიშვილიაო. - აქ გაჩერდა ქალი და ხმა აუცახცახდა. თავი ვაჟკაცურად შეიკავა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. კოტემ წყალი მიაშველა.
-საოცარი ამბავია. მიხარია რომ დაუჯერეთ მამაოს....-სიტყვის გასაგრძელებლად თქვა კოტემ.  -ერთნაირი ტკივილი ადამიანებს აერთიანებს ხოლმე-თავადვე გაუკვირდა თავისი სიბრძნის, თუმცა ქალს ვერ შეატყო რომ დიდად ეთანხმებოდა მის ბრძნულ აზრს.
-კოტე, საყვარელო, შენ ხომ ბავშვობიდან იცნობ ნიკუშას?! განუყრელი ძმაკაცები იყავით. არცერთხელ არაფერი გადატრიალებული არ მომხდარა თქვენს შორის?!
- დიახ, ასეა ნონა დეიდა!
- ხოდა, შენ ხომ ყველა მის მეგობარ თუ საყვარელ გოგონას იცნობ, ვისთანაც კი რაიმე ურთიერთობა ჰქონია ნიკუშას?! - ქალი გამჭოლი, მავედრებელი, მზერით მისჩერებოდა ბიჭს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გამომცდელი მზერა, ბიჭი მაინც შეცბა, დაიბნა და გაუჭირდა პასუხის გაცემა, რადგან ტყუილს ვერ ეტყოდა და არცერთ პასუხში არ იყო დარწმუნებული.
- ნონა დეიდა, ჩვენ ერთმანეთს არაფერს არ ვუმალავდით, თუმცა ვერ გეტყვით რომ მისი ერთ დღიანი გატაცებებიდან ყველა სუბიექტის ვინაობა ვიცოდე. თქვენც ხომ იცით რომ ცოტა არ ეყოლებოდა ასეთი გოგონები?!
- ქალმა მხრები მძიმედ აამოძრავა ჯერ ზემოთ, მერე ქვემოთ და იატაკს დაუწყო ყურება, თითქოს რაღაცა დაინახა და გააოცა იმ ადგილას მისმა დანახვამ.შემდეგ ისევ ბიჭს ამოხედა , ისევ იგივე, თუმცა ოდნავ კიდევ უფრო მავედრებელი მზერით უთხრა:
- კოტე, რამდენსაც გაიხსენებ, ვისაც გაიხსენებ, როგორც შეძლებ დაკავშირებას, გემუდარები, გამირკვიე, სადმე, ვინმესთან შვილი ხომ არ ჰყავს ჩემს ნიკუშას.
კოტე საუბრის დაწყებიდანვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და უკვე ელოდა ამ თხოვნას.  სხარტი აზრების ბიჭი იყო და მისმა გონებამ დიდი ქარხნის დანადგარებივით დაიწყო მუშაობა.
-ნონა დეიდა, ჯერ არ ვიცი რას და როგორ შევძლებ, ვერაფერს დაგპირდებით, გარდა იმისა რომ ყველაფერს გავაკეთებ. თუ სადმე ნიკუშას შვილი სუნთქავს, მის მოძებნაში ძალებს არ დავზოგავ!
-მადლობა კოტე, რომ ზედმეტი ახსნის გარეშე მიგებ. მადლობა რომ ჩემი ნიკუშას ხელი ბოლო წუთამდე არ გაგიშვია. ახლა, ასე მგონია ჩემი ხელიც ბოლომდე გეჭირება და ამ ჩემს ბოლო თხოვნასაც შემისრულებ. არასდროს მითქვამს შენთვის მადლობა, ხოდა მადლობა რომ სულ ჭკუაზე მოყვანას ცდილობდი და კარგი მაგალითი იყავი ნიკუშასთვის. ყოველთვის შენი იმედი მქონდა. შენთან ერთად რომ იყო, მშვიდად ვიყავი. არასდროს მითქვავს ეს შენთვის, ხანდახან ქება აფუჭებს ხოლმე ადამიანებს და მეშინოდა. ახლა კი კვლავ შენ იმედად ვარ.
- არაა საჭირო ამდენი მადლობა. არც თქვენ დაგრჩენივართ ვალში. ყველაფერი ვიცი, არ ვიმჩნევდი ნიკუშას ხათრით, დედაჩემმა რომ გაიგოს რომ საიდუმლო ვერ შევუნახე, არ მაპატიებსო, მეუბნებოდა...
ქალი ამაყად ადგა და ადგომით, კოტეს სიტყვა შეაწყვეტინა, მუხლებზე დალაგებულ ხელებში რაღაც ქაღალდისმაგვარი ჩაუკუჭა და კარისაკენ წავიდა.
კოტე გაოგნებული წამოხტა .
-ნონა დეიდა, ეს რაა? არ გადამრიოთ?!
-ეს არც ისე ბევრია , მაგრამ არც ისე ცოტა, ერთი-ორი გოგონას აღიარებას რომ არ ეყოს. ზოგის ყავაზე დაპატიჟება იქნება საჭირო, ზოგთან სახლში ასვლა ... დასაწყისისთვის....
-ნონა დეიდა-სიმკაცრეშეპარული ტონით უთხრა კოტემ- კერძოდეტექტივი კი არ ვარ, ნიკუშას მეგობარი ვარ და თუ ამ ფულს არ აიღებთ უკან, ძალიან მატკენთ გულს.
ქალი, ოდნავი ღიმითა და თბილი გამოხედვით უცქერდა ბიჭს და კიდევ უფრო მეტ პატივისცემას გრძნობდა ამ ახალგაზრდას მიმართ.
-კარგი კოტე, შენ როგორც იტყვი.
ქალი კიბეებზე ზომიერი ნაბიჯებით დაეშვა.
კოტე კი გონებაში უკვე სქემებს და გზებს აწყობდა.
ტელეფონი ძლივს მოძებნა , მართლაც გათიშული ჰქონია. მერე დამტენს დაუწყო ძებნა და ლიკაზე ბრაზობდა, ყველაფერი ამირიაო.
ბიჭებს ჩაუგდო საერთო ჩათში-სასწრაფო საქმეა და 1 საათში ჩემთან გელოდებითო. კვირა დღე იყო და უსაქმურ-საქმიანებს ყველას ეცალა. საძმაკაცოში მხოლოდ ორმა შექმნა ოჯახი და ორივემ ერთმანეთის მიყოლებით დაანგრია -ერთს გოგო-ბიჭი დარჩა ქორწინებიდან და მეორეს კი 3 წლის ხუჭუჭა გოგო. შაბათ -კვირა ბავშვები მათთან რჩებოდნენ ხოლმე. ესეც მოაგვარეს და დედებს ნაადრევად , ბოდიშითა და სურსათის დიდი შეკვრების თანხლებით დაუბრუნეს ბავშვები.
საძმაკაცოდან ყველა 1 საათში უკლებლივ მის სახლში იყო ქათმებივით შებუდებული-ზოგი საწოლზე წამოწოლილი, ზოგი დივანზე მოკალათებულო და ზოგიც სკამებზე. ოთახში სიგარეტის ბუღი იდგა. ყველას ჩაფიქრებული სახე ჰქონდა და ლაპარაკის დაწყება უმძიმდა.
ერთმა, ყველაზე მსუბუქმა და გვიანშემომატებულმა თვალები გააფართოვა, ხელები გამოფშიკა და დაიწყო.
-ძმაო, მესმის, შვილმკვდარი დედები მარაზმში ვარდებიან ხოლმე, მაგრამ ჩვენ ამ მარაზმს ხელი არ უნდა შევუწყოთ. რა ბავშვი, რის ბავშვი. ნიკუშას ბავშვი რომ ყოლოდა, ეგრევე მოადგებოდნენ მის ოჯახს- მათნაირი ჩაქცეულები ბარე 10 არ დადის თბილისში და ვინ დაუკარგავდა ბავშვს ფუფუნებაში ცხოვრების შანსს?
-შენ ცოტა ტონი შეარჩიე ბიჭო-წამოუხტა წითური ბიჭი ზედმეტსახელით „შავო“(გვარის გამო დაუძახეს) - ხომ არ დაგავიწყდა ნიკუშამ რომ გიხსნა, თორემ დაგღეჭავდი და გადაგაფურთხებდი.
-კარგით ახლა, არაა კინკლაობის დრო-დააშოშმინა კოტემ. შავომ, შედარებით ნაკლებ აგრესიულად გააგრძელა:
-ნიკუშა რომ ყოფილიყო ახლა, საქმე უკვე დაწყებული ექნებოდა. კოტ, შენ უკეთ იცი, ძმა. შეიძლება ცოტა არარეალურად ჟღერს, მაგრამ ხომ არის 1% შანსი მაინც?! ხოდა , ჩვენ ჩვენი ვცადოთ. მოდი, ვინც ვინ ვიცით, ჩამოვწეროთ ფურცელზე, შემდეგ გადავინაწილოთ ორ-ორმა, მარტო გარკვევას წყვილ-წყვილად მუშაობა სჯობს. მე მთელი კვირა ვმუშაობ. საღამოს როგორც მოვრჩები სამსახურს , ეგრევე შევუდგები ჩემი წილის გამორკვევას. გიგაც 7-ზე თავისუფლდება და ერთად ვიმუშავებთ.
ნახევარ საათში ყველას ჩამოწერილი ჰქონდა ყველა იმ გოგონას სახელი, ნიკუშასთან ერთხელ მაინც თუ უნახავთ. შემდეგ ვისი ნომერიც იცოდნენ,მიუწერეს, ვისიც არა და ზოგი დაქალებიდან გაარკვიეს, გაურკვეველთა სია კი ალიკას ჩააბარეს.
გაბუღულ ოთახს ანიავებდა კოტე, როცა ნიკუშას შეყვარებულებსა თუ ერთდღიან რომანებზე ფიქრობდა. ცოტა არ იყვნენ, კოტესდა სამწუხაროდ. დრო დასჭირდებოდა ამ ამბავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები