ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2022


დილის ნაწერი

რაღაც უნდა დაგეწერა.
სიგარეტის კვამლში თუ
დილის სუფთა ჰაერში.
რაღაც უნდა დაგეწერა
თუნდაც ურითმო,
თუნდაც უსიტყვო,
თუნდაც უაზრო საერთოდაც.

რაღაც უნდა დაგეწერა.
თვეების უწერობის შემდეგ
რაღაც უნდა დაგეწერა
აუცილებლად.

ბოლო წლებია, ასე ცოცხლობ:
წერიდან წერამდე.

გულწრფელობიდან
გულწრფელობის აღქმამდე.

რა მშვენიერია,
როცა სიმთვრალემდე მისულს,
განთიადისას,
გაქვს სიგარეტი
(უფრო პოეტურია
როცა სიგარეტი თამბაქოა
და შენ მთვრალი ხარ
სასიამოვნოდ.)
გაუფერულებული მთვარის ქვეშ
და
გაუფერულებული ვარსკვლავების ქვეშ და
გაუფერულებული განცდების ქვეშ და
გაუფერულებული რწმენის ქვეშ და
გაუფერულებული არსებობის ქვეშ და
ზოგადად გაუფერულების ქვეშ
შეგიძლია რაღაც დაწერო.
შეგიძლია, გაიღიმო.
შეგიძლია არრწმენის მიუხედავად
იგრძნო რაღაც
რაც მეტია თვეობით უგრძნობლობის ტრაგედიაზე.
რა კარგია, როდესაც ვიღაცას ჰგონიხარ კარგი.
რა კარგია, როცა გგონია, რომ შეგიძლია დაწერო რაღაც კარგი.

ალბათ, ყველაფერი ზემოთთქმული,
რაც თავისთავად სისულელეა,
რაც ოდნავადაც კი
არ ამსუბუქებს გაცნობიერებულ
თუ გაუცნობიერებელ
სისულელეებს
შეგიძლია წერო -
მიუხედავად რითმისა და
მიუხედავად აზრისა და
მიუხედავად იმედისა -
არის შენთვის პოეზია...

და ალბათ, პოეზია, ნამდვილი პოეზია არის სწორედ ეს.

მიგიფურთხებია სამყაროსათვის.
უბრალოდ, ასწორებ ნაწერს.
აშორებ მას შეცდომებს -
ორთოგრაფიულს.
აკეთილშობილებ შენს მოულოდნელ აზრებს
და სულ უბრალოდ,
ისე უბრალოდ,
როგორც გაუფერულებული
მთვარე ურითმოდ
და უშინაარსოდ
ანათებს ფერმკთალ ცაზე.
შენ გენატრება
ადამიანი ვისი სიყვარულიც
ჯერ შენს თავშია მოსაპოვებელი.

თვეებია არაფერი დაგიწერია.

უბრალოდ გინდა,
ეს გულწრფელობა,
ეს ნამდვილი გულწრფელობა,
რასაც დასცინიან შენი მეგობრები,
(მეგობრები რომლებიც
არიან ყველაზე ნამდვილი,
ყველაზე გულერფელი,
ყველაზე სუფთა)
ატვირთო ელექტრონულ სამყაროში
სადაც ისეთივე დამარცხებული ხარ,
როგორც ხელშესახებ სამყაროში...

ეს ნაწერი ლექსი კი არა გულისტკივილია.

ეს ნაწერი აბსურდია და არავინ მომიტევოს!

შენ თუ წაიკითხავ ამ ნაწერებს
მიუხედავად იმისა, რომ
არასდროს მითქვამს
ჩემი სიყვარული შესახებ
შენდამი
იმედია იგრძნობ, რომ
ამ ნაწერიდან,
ამ უაზრო,
აბდაუბდა,
გაუთლელი,
უხეში
და
ვერლიბრდარქმეული ლექსიდან
მიყვარხარ ისე,
როგორც არც ერთ ჩემს რითმიან ლექსს
არ ჰყვარებია არცერთი ადრესატი.

ეს ლექსი სიყვარულია.

თუ მკითხველი ვერ მიხვდება,
ეს მე არ მაინტერესებს.

სულ საათის წინ
ხალხი რომელიც სისხლი კი არა და
ხორცი კი არა და
ადათი კი არა და
წესი კი არა და
ხალხი რომელიც მე მიყვარს
უაზროდ და უსისტემოდ,
უპირობოდ და უნუგეშისსცემოდ,
განუსაზღვრელად და შეუფასებლად
ვერ მიხვდა ჩემი ბავშვური
გულწრფელობის
სისუფთავეს.

და შენ, ვინც კითხულობ ამ უაზრობას, იცოდე,
რომ ეს რაც დავწერე,
დავწერე პირველ რიგში ჩემთვის,
მეორე რიგში იმისთვის,
ვინც მინდა, რომ წაიკითხოს,
მესამე რიგში ღმერთისთვის
და მეოთხე რიგში -
დავწერე სულ უბრალოდ,
მხოლოდ იმისთვის,
რომ ვარ ზომიერად მთვრალი და
ხვალ ვიქნები ზომიერად ფხიზელი.

პოეზია ერთ კონკრეტულ წამში
რაღაცის მიხვედრაა...

დანარჩენზე იფიქროს მკითხველმა.

კაცობრიობის ისტორიაში ყველა ნაფიქრალი
ეძებდა მიმხვედრს.

ყველა ღმერთი მათკენ,
ვინც ცდილობს, მიხვდეს
რა იზრდება სხვა კაცის თავში...

მორჩა,
ვაქვეყნებ!

მე შენ მინდიხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები