ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2022


ზღვარი 16

მეთხუთმეტე თავი

თვის ბოლოს გააფორმეს ხელშეკრულება ერეკლემ და დამიანემ. კარგად წავიდა საქმეები. აღდგომელაშვილებმა ახალი ვენახი გააშენეს, ახალი ქვევრები ჩაყარეს. ჯერ ვერაფერს გავაწყობთ, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება, რომ მტერი არ ჩაგვისახლდებაო, ბედნიერი იყო ერეკლე. ევიც შეიცვალა, წერდა მუსიკას, წერდა გამუდმებით და მის მელოდიებში ახლა ქარიშხლები აღარ იყო, ყვავილების სინაზე და სიმსუბუქე შეჰპარვოდა ნოტებს.
  დამიანე და ევი იშვიათად, სულ რამდენიმე წუთით ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ ახალ მოსავალზე, ეტიკეტებზე, ყურძნის ჯიშებზე და მერე მთელი ღამე სწერდნენ ერთმანეთს, ორი სხვადასხვა ცხოვრება ჰქონდათ. იმ მეორე ღამეულ სამყაროში აღსარებას აბარებდა დამიანე, თითქოს სარკეს ანდობდა ყველა ცოდვას, ყველა ართქმულ სიტყვას ამბობდა. სულ უფრო საჭირო ხდებოდა ევი მისთვის, სულ უფრო დიდი აუცილებლობა, აი რა მაკლდა მთელი ცხოვრებაო, ეუბნებოდა საკუთარ თავს. ისინი საუბრობდნენ სიკვდილსა და სიცოცხლეზე, საუბრობდნენ ლიტერატურასა და მუსიკაზე, საუბრობდნენ ღალატსა და ეჭვზე...
  დამიანე თავს ებრძოდა, ყოველ დღე პირდებოდა საკუთარ ანარეკლს, მორჩა, დღეს აღარ მივწერო და რამდენიმე წუთში არღვევდა პირობას, რამდენიმე წუთში უფერულდებოდა, ყავლი ეცლებოდა სიტყვებს. ხვდებოდა დამიანე, რომ ის, რასაც ევის მიმართ გრძნობდა, რაღაც მეტი იყო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. მას სჭირდებოდა ევი, არა მხოლოდ ოცნებებში, ყოველდღიურობაში სჭირდებოდა ეს ქალი და თავად რა ჰქონდა გასაზიარებელი, შესათავაზებელი? თავად რას მისცემდა ქალს, რომლის სხეულიც მოსდომნებოდა და სულიც?
  დამიანეს ქალაქგარეთ, ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული: იქ ახლოს სასაფლაო იყო, ამ სასაფლაოს თავზე შემაღლებულ ბორცვზე გააჩერებდა მანქანას, საჭეს ჩამოაყრდნობდა ხელებს და ფიქრობდა. ფიქრი ყველაზე ჯანსაღია სიკვდილის სიახლოვეს. იცოდა ეს დამიანემ და უყურებდა საკუთარ მომავალს, უყურებდა და ცდილობდა ისეთი ნაბიჯები გადაედგა აწმყოში, რომ მომავალში მისასვლელი გზა არ გაერთულებინა. მაშინაც აქ იყო, ევი რომ გაჩნდა მის ცხოვრებაში:  მარტის წვიმიანი საღამო იყო. უყვარდა დამიანეს წვიმა, მაგრამ სევდას გვრიდა. სამსახურში გული ვერაფერს დაუდო. ადრე წამოვიდა, ბედად გაუმართლა, ირგვლივ მხოლოდ გალუმპული ნაძვები და ქვებზე შერჩენილი სახელი და გვარები იყო. სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა, გულმა დასჭვალა. ექიმის რჩევა გაახსენდა სიგარეტთან დაკავშირებით, ხელი ჩაიქნია, ჯანდაბას, სადამდეც გაძლებს გული, გაძლოსო.
    კვამლი მანქანას ნისლივით დაეფინა, მერე ამ ნისლში ევი ამოიმართა და ისევ გაფერმკრთალდა, თითქოს კუბიზმის სტილში შესრულებული ნახატი ყოფილიყოს, დანაწევრებული, დაშლილი, დასახიჩრებული. და მაინც სრულყოფილებამდე მშვენიერი, ჯერ თმა გამოჩნდა, მბზინვარე, მერე სწორი ცხვირი, მაღალი შუბლი, პატარა, თან ბავშვური და თან ძალიან ვნებიანი ტუჩები, თვალები. კვალმში თვალები ყველაზე ბუნდოვნად ჩანდა, ფერს ვერ არჩევდა, ფერი არა, მაგრამ ტკივილი ჩანდა, ღრმა და თვალშისაცემი.
მისწერა:
- პირობა უნდა დავდოთ, რომ ჩვენ არასდროს შეგვიყვარდება ერთმანეთი!
  არ ახსოვს დამიანეს, პასუხი რამდენიმე წამში მოვიდა თუ დრო საუკუნესავით გაიწელა, მაგრამ ახსოვს, რომ სანამ ევის შეტყობინება მოვიდოდა, რამდენჯერმე გული გაჩერდა.
- განა ამას ჩვენ ვწყვეტთ? - სწერდა ქალი და მერე დამიანეს მხედველობის არედან გაქრა კვამლი, გაქრა მანქანა, გაქრა სასაფლაოც და თითქოს წვიმაში იდგა თვალუწვდენელ თეთრ სივრცეში და საკუთარი გულის ბაგა-ბუგი ფიქრის საშუალებას არ აძლევდა.
  ჰაერი ეცოტავა. მანქანიდან უმიზნოდ გადმოვიდა, სასაფლაოს ანჯამა მოწყვეტილ კარში შევიდა და ატალახებულ ბილიკს მიჰყვა: „დალი შავგულიძე, დაბადების წ. 1874. გარდაცვალების წ. 1912. საყვარელი ოჯახისაგან“, ქვიდან ქალის ჩაშავებული სახე იმზირებოდა, რაღაცნაირი დაღლილი, მხრებჩამოყრილი, დანებებული შეხედულება ჰქონდა, თითქოს სულიერთი გამხდარიყო ყველაფერი.
„გიორგი კვინიკაძე, კლასელებისგან“ - 15 წლის ბავშვი იყო, თეთრი პერანგი ეცვა, სასკოლო შარვალი, ერთი ფეხი ბურთზე შემოედო, მარჯვენა ხელით მზეს იჩრდილავდა. ყურებამდე იღიმებოდა, დამიანესაც გაეღიმა. რამდენ მზეს იტევს ზოგიერთი ადამიანი და სწორედ ასეთ ადამიანებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, სხვები გაათბონ, მალე უღამდებათ, გაიფიქრა კაცმა.
  ქვაზე დატანებული ერთობლივი ფოტო იყო, ხანშერეული ცოლ-ქმრის. იქვე გულო შუბაბრია დაეკრძალათ, „შვილებისაგან“, დიდი, გაბნეული ასოებით ეწერა ქვას.
„მე ხვალე ვკვდები
და დღეს ჩემი სიყვარული მოსასწრებია!
მომეცი მკლავი, დაგადო თავი,
რომელსაც შენზე ფიქრი ამძიმებს
და ამ მძივივით ასხმულ ცრემლებად
ყელზე დაგაკვდეს ჩემი ბაგის ბოლო შერხევა...“-  ასეთი იყო მინაწერი 23 წლის გოგონას საფლავზე.
  ცალკე წიგნებიაო საფლავის ქვები, რამდენს ამბობსო თითოეული და მაინც რა ცოტააო, ერთ წინადადებაში ჩატეული მთელი ცხოვრება, - ფიქრობდა დამიანე.
  საფლავის წინ მაგიდაზე ჩამოჯდა და ფეხები მაგიდას მიბმულ სკამზე ჩამოალაგა. აღარ სციოდა, უკვე ერთიანად გალუმპულიყო და თითქოს ვეღარაფერს გრძნობდა. სხეული კი ავსებოდა ფორიაქით, კითხვის ნიშნები დარბოდნენ ტვინში, პასუხები კი არსად ჩანდა, პასუხებს ვერ პოულობდა. ნეტა რომელმა თქვენგანმა შესძელით ერთ დღე მაინც ყოფილიყავით ბედნიერნი? როგორი იყო თქვენი ბოლო წამი? კმაყოფილება იმის გამო, რაც ჩაიდინეთ, თუ სინანული იმის გამო, რაც ვერ გააკეთეთ? დამიანეს პასუხები არ ჰქონდა, მკვდრების ენა კი ჩვენ, ცოცხლებს, მოგეხსენებათ, არ გვესმის, თორემ ვინ იცის, იქნება გამოეხმაურნენ კიდევაც, იქნება უთხრეს კიდეც თავიანთი ამბავი. დამიანე წამოდგა და საღებავგადაცლილ მესერს ჩაებღაუჭა, შუბლი გისოსებს მიადო და 27 წლის წინ გარდაცვლილ გოგონას მიაჩერდა:
  კესარია გალეული გოგო იყო, 23 წელი უცხოვრია. თავი გვერდზე გადაეხარა და იღიმოდა, სევდა ახლდა ღიმილს. როცა ამ ფოტოს იღებდა, ალბათ, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მას საფლავის ქვაზე დასატანად გამოიყენებდნენ, - გაიფიქრა კაცმა და კარგად დააკვირდა კესარიას მსხვილ წარბებსა და ღრმად ჩამჯდარ თვალებს.
  სურათი შეირხა, გოგონამ თვალები დაახამხამა, ნელ-ნელა შეიშმუშნა და ქვიდან გადმოვიდა. საშუალო სიმაღლის იყო, წვრილი წელი ჰქონდა, გამწნიკული კანჭები, კაბა ეცვა ატმისფერი, მოთეთრო ყვავილებით. წაბლისფერი თმა ჰქონდა, მზეზე გახუნებული. რაღაც ჰაეროვანი იგრძნობოდა მის მოძრაობაში, მსუბუქად დააბიჯებდა, ნიავს მიჰყვებაო თითქოს.  კესარია დაღმართს შეუდგა, ქვიანს, ფეხისგულები სტკიოდა სანდლებში, დაღმართის დასასრულს წყარო იყო, წყალზე თუ მიდისო ჭურჭლის გარეშე, - გაიკვირვა დამიანემ, - კი დალევს, მაგრამ სანამ უკან ამოივლის აღმართს, ისევ მოსწყურდესო იქნება.
- ხანდახან არის ისეთი წყალიც, რომლის დასალევად დაღმართის კი არა, იქნება მთების გადავლაც კი ღირდეს, - ორაზროვნად თქვა კესარიამ.
  წყარო კი ძალიან პატარა და არაფრითგამორჩეული ჩანდა. ალბათ მის ფორმაში კი არა სიღრმეშია საქმე, უთხრა საკუთარ თავს კაცმა, ხმამაღლა კი აღარაფერი უთქვამს.
  კესარია ჩავიდა წყაროსთან, დაიხარა, პეშვი გაივსო წყლით და მოწყურებული დაეწაფა. მერე დარჩენილი წყალი მზისგან ოხშივარადენილ მიწაზე დაღვარა, წყლის შხეფები წვივებზე შეესხა. ყურადღება არ მიუქცევია გაწუწული ფეხებისათვის, იქვე გაჭაღარავებულ ქვაზე ჩამოჯდა, ხელისგულებს დაეყრდნო, თავი უკან გადასწია, თვალები დახუჭა და სახე მზეს მიუფიცხა.
- ხანდახან გრძელი გზის გავლა, მხოლოდ იმიტომაა კარგი, რომ დასვენების სიტკბო იგრძნო, - თქვა კესარიამ ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
- და შენ რომ გრძელი გზის გავლა არ დაგცალდა? - უთხრა დამიანემ და წამსვე ინანა საკუთარი უტაქტობა.
  კესარიამ ნელა გაახილა თვალები, წამოდგა, კაბა დაიფერთხა, ერთ ხანს საკუთარ, გამჭვირვალე, სანთლისფერ ხელებს დაჰყურებდა და მერე დაბზარული ხმით უპასუხა:
- მთლად მანძილში არაა საქმე, გავლილ გზაზე შეხვედრილ ქვა-ღორღსა და ყვავილნარზე უფრო ვამბობდი... დამიჯერე, მე ძალიან გრძელი გზა გავიარე.
  კესარიამ კაცს ზურგი აქცია და თითქოს ნისლს შეერიაო, ჯერ კაბა გაფერმკრთალდა, მერე წყალი გაქრა, ბოლოს გზა და დარჩა მხოლოდ დაბზარული საფლავის ქვა.
  დამიანე გამოფხიზლდა, ახლა ისევ ქალაქგარეთ, პატარა სასაფლაოზე იყო, გალუმპულ ნაძვებს შორის. წვიმა კისერში ჩაუძვრა და სხეულს ევიზე ფიქრი მიატმასნა. წამოაგონდა ელვასავით გამკრთალი ქალი, რომელიც არასწორ დროს ქარიშხლებით მოვიდა და მისმა ყოფნამ ყველა ძარღვი დაკაწრა და ყველა ღამე გააკრთო. მართლაც, რომ მანძილში არააო გზის მნიშვნელობა, იფიქრა დამიანემ. მანქანაში დაბრუნდა და ევის შეტყობინება გაუგზავნა:
- ხანდახან პირობა იმისათვის უნდა დადო, რომ მერე პომპეზურად დაარღვიო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები