ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
25 ივლისი, 2022


ზღვარი 17

მეთექვსმეტე თავი

აბაბული მუსლიმ შუამავალი სახელმწიფოსთან ადვილად მოძებნა ადგილობრივ სტრუქტურაში. შუახნის კაცი კახა ზაქარაშვილი, პროფესიით იურისტი. ადრე ძველ სტრუქტურაში მუშაობდა. კარგად შოულობდა ფულს. მერე ხელ-ფეხი შეუბორკა რევოლუციამ, ამ ყაიდის კაცს აღარ იკარებდნენ გვერდით და დარჩა უმუშევარი. ერთ ხანს გაქცეული იყო, მერე საჭირო ხალხი გამონახა. გადარჩა, მაგრამ ამ საქმეს მთელი დანაზოგი მოახმარა. ისევ გაძვრა-გამოძვრა და სადღაც პროვინციაში უბრალო მოხელედ მოაწყეს, მაგრამ ისე აშკრად აღარ იშოვებოდა ფული. არ იყო კახა ის კაცი, თვიდან თვემდე ხელფასის იმედად ყოფილიყო. რა შეცვლიდა, ასეთები აღარ იცვლებიან და სულ აქეთ-იქით დადიოდა. თაგვივით წვრილი და მოძრავი თვალები ჰქონდა. ყველა რჯულისა და საქმის კაცთან მეგობრობდა, ყველგან გამორჩენას ეძებდა, საქმის კაცი იყო, რა გინდა, რომ მას არ გამოეჩარხა, ხან იყო და თეატრის საქმეებს მისწვდა, მერე მებაღეობის პროექტში იყო ჩართული, ამას მოჰყვა ამერიკულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა... ყველგან მიედ-მოედო, ყველგან სათავისო გამორჩენა ნახა, მართალია, ეს შემოსავალი ახლა მცირე იყო და თან საკმაო რისკებსაც უკავშირდებოდა, მაგრამ რისკავს უტვინო, ჭკვიანი კაცი, სწორ გათვლებს აკეთებსო, ამბობდა კახა და არც ცდებოდა.
  ხარბი კაცი იყო. დიდი ფულისთვის საკუთარ დედასაც გაჰყიდდა. აბაბული რომ გაიცნო, ოქროს სუნი ეცა. ჰონორარი წინასწარ მოითხოვა. მისცა აბაბულიმ, არც იმდენად ცოტა, რომ დაზარებოდა სირბილი, არც იმდენად ბევრი, რომ საქმეზე მეტად ამ ფულზე ეფიქრა. აბაბულის ფულიც ჰქონდა და გაცემაც იცოდა, მაგრამ არავის არაფერს აჩუქებდა, ყველა გაღებული მონეტა, ინვესტიცია უნდა ყოფილიყო. მიხვდა, ღირდა კახას იმედად ყოფნა, არც შესცდა, არ დააკლო მონდომება, მაგრამ სხვა გაცილებით უფრო დიდი დაბრკოლებები შეეჩეხათ.
  მთავრობაში ჯერ ისევ ჰყავდა თავისი კაცები კახა ზაქარაშვილს. ყველგან არიან სვავები, მძორით რომ იკვებებიან, მაგრამ სწორ დროს აფრენა იციან, რათა უფრო დიდი გვამს დაეპატრონონ. ჰოდა, ასეთი სვავები, ზაქარაშვილთან ერთად რომ ილუკმებოდნენ სახელმწიფოს ქონებას, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდნენ და ასე ვთქვათ, სუფთადაც გამოვიდნენ საქმიდან.
    ამ კაცებს მიადგა კახა, წარუდგინა არაბი ინვესტორი, აბაბული მუსლი, რომელიც მილიონობით დოლარის დაბანდებას აპირებდა საქართველოში. ეკონომიკის სამინისტროში დატრიალდნენ. ახალი მორჩენილი იყო არჩევნები, მთელი რესურსი საარჩევნო კამპანიისთვის დაეხარჯათ. აქტივისტები ჰყავდათ დასასაქმებელი, ეს შტატები კი გაბერეს, როგორც შეეძლოთ, მაგრამ ბიუჯეტი ვეღარ სწვდებოდა, წლის ბოლო ახლოვდებოდა და ფული სჭირდებოდათ. მიწა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ადვილად დათმეს, აბაბულიმ ნაწილი ოფიციალურად გადაიხადა, ნაწილი - არაოფიციალურად. ამ მიწის მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში მყოფი ზვრები იყო. ეს კიდევ უფრო ეიოლა აბაბულის, გახარებული იყო, საქმე კარგად მიდიოდა. კახა აქაც ყოჩაღობდა, მიწებს ადვილად იგდებდნენ ხელში.
  მართალია, აბაბულის მიაჩნდა, რომ უფრო ძვირს იხდიდა მიწაში, ვიდრე ის ღირდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო. მიწებს ზაქარაშვილის სახელზე შექმნილი შპს 3მშენებელზე4 აფორმებდნენ, ჩანაფიქრი ასეთი იყო: ვენახებს ხელში ჩაიგდებდნენ, მერე მცირე მშენებლობას დაიწყებდნენ და ბოლოს, კახა საკუთარ წილს მიჰყიდდა აბაბულის.
  გააფრთხილა აგენტმა აბაბული მუსლი, უმჯობესია, შენ თუ არ გამოჩნდებიო მიწის მეპატრონეებთან. ზოგმა სიამოვნებით დათმო, ზოგთან ვაჭრობა გახდა საჭირო, ვიღაცები მთავრობაში დაიბარეს, ზოგთან მუქარამ გაჭრა, ერთი-ორმა კაცმა შვილი მყავს დაუსაქმებელი, დიპლომი უდევს თაროზე და მტვერი ედებაო. მხოლოდ ერეკლე აღდგომელაშვილთან ვერაფერი გააწყეს. მეტიც, როგორც კი ხმა გავრცელდა, ვენახები იყიდებაო, ერეკლემ ბანკიდან ვალი აიღო და მომიჯნავე მამულები შეისყიდა. ახლა „აბაბულის ოაზისის“ შუაგულში, ზუსტად იქ, სადაც მუსლის სამლოცველო უნდა აშენდეს, ერეკლე აღდგომელაშვილის ზვრებია.
  ფულზე საუბარიც კი შეუძლებელი აღმოჩნდა. შვილთან სცადეს ბედი. გიჟიაო, უთხრა მოგვიანებით კახამ მუსლის. ცოტა ხანს დავაცადოთო. დრო გადიოდა. კახასაც ფული შემოაკლდა, შეუსრულებელ სამუშაოებში ხელფასს არ ვიხდიო, შეახსენა აბაბულიმ. კიდევ უფრო გაბრაზდა ზაქარაშვილიც და ცბიერი გეგმა მოიფიქრა:
  ინდოეთიდან საწამლავი შემოიტანა და მსხმოიარე ვენახი მოწამლა. რქებზე ჩამოლპა მთელი ყურძენი. ახლა ბანკში სოლიდური თანხა ჰქონდა გადასახდელი ერეკლეს და დიდი ალბათობით, ბანკი სახლსა და მამულს წაართმევდა. ბანკისაგან ამ ვენახის გამოსყიდვას კი არაფერი ედგა წინ. ერეკლე აღდგომელაშვილი იმ რამდენიმე დღეში მოტყდა. დადიოდა ბინდისფერი, საკუთარ ფიქრებში წასული და გამოსავალს ეძებდა, მაგრამ ხავსიც კი არ იყო, რომ ჩასჭიდებოდა. კახა და აბაბული კი გამარჯვებას ზეიმობდნენ. შენ უფრო საშიში კაცი ხარ, ვიდრე მეგონა, ქართველებზე წარმოდგენა შემეცვალაო, უთხრა აბაბულიმ.
- მერე და ვინ მოგახსენა, რომ ქართველი ვარ? - ირონიულად გაეცინა კახას.
  გაიოცა აბაბულიმ, გვარმა მომატყუაო.
- გვარი არაფერია, ჩემმა წინაპრებმა მგონი ოთხჯერ შეიცვალეს, როდის როგორ იყო საჭირო, - უთხრა კახამ, მერე ცხვრის დუმის კარგად მოზრდილი ნაჭერი გადაყლაპა და დააყოლა:
- უტვინო ხალხია ეს ქართველები. ამიტომ უწევთ სულ გადარჩენისათვის ბრძოლა, წინ ერთი ნაბიჯიც კი ვერ წადგეს. ქვეყნის აშენებაზე ფიქრობენ და საკუთარი სახლის კედელი რომ გამონგრეული აქვთ, ის ვერ შეუკეთებიათ. ქვეყანა ამათ რა ჰგონიათ იცი? ეს მთები და ველ-მინდვრები. ნახატებსა და წიგნებში დანახული ჰგონიათ სამშობლო. თუ ჩემი შვილი კვდება, სულ ფეხებზე მკიდია სამშობლო, იმიტომ, რომ სამშობლო ჩემი ოჯახითა და შვილებით იწყება. ან ამ ერეკლეს, რა ძალა ადგა? აეღო ფული, წავიდოდა, კარგს ჭამდა, კარგს ჩაიცვამდა, კარგს დაიხურავდა. მოუწევს ქუჩა-ქუჩა იხეტიალოს იმ თავის კრასავიცასთან ერთად და ლუკმა-პური ეძებოს. გაუმართავს ხელს ეს თავისი „საყვარელი სამშობლო“? ერთ უმნიშვნელო ბუზადაც კი არავინ ჩააგდებს და მაშინ ინანებს, მაგრამ სინანული რომ მკვდარს აცოცხლებდეს, რაღა გვინდოდა.

ისევ გამოიტენა პირი ხორცით და ასე ჭამა-ჭამით დაამატა:
- ერთი ნაბიჯიღა გვაკლია გამარჯვებას, ყოჩაღ ჩვენ, დიდი საქმე გავაკეთეთ!
  მაგრამ კახამ არ იცოდა, რომ დიდ საქმეს პატარა კაცები ვერ აკეთებენ და სამართალს, მართალია, ხანდახან ჩასთვლემს ხოლმე, მაგრამ არ კი იძინებს.  აბაბული და თავისი აგენტი რომ გამარჯვებას ზეიმობდნენ, სწორად მაშინ დამიანესა და ევის ახალი ცხოვრება იწყებოდა, ერეკლეს ღვინო კი ევროპის საუკეთესო ბაზრებზე იწონებდა თავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები