ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
28 ივლისი, 2022


ზღვარი 18

მეჩვიდმეტე თავი

ევი მიასთან იყო იმ საღამოს, ერეკლეც საქმეზე გასულიყო, როცა აღდგომელაშვილების ვენახს სამი ძვირადღირებული მანქანა მიადგა. დიდი ჯიპები იყო, ჩამუქებული მინებით. ნინა, ის იყო, ეზოს დაგვას მორჩა და სახლში შესვლას აპირებდა, რომ სტუმრები შენიშნა და სახლის კართან შედგა, დაელოდა ზღურბლს როდის გადმოაბიჯებდნენ. მოსულები ეზოში შემოსვლას არ ჩქარობდნენ. ნინამ ჭიშკრისკენ გაიწია. უცხოები იყვნენ, სხვა, მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ. ერთი, ის ვინც, სავარაუდოდ, მთავარი იყო, მაღალი, მუქი კანი ჰქონდა, შავი წვერი. ნინამ ცხადად დაინახა, რომ მოსულები მათ სახლსა და ვენახს სურათებს უღებდნენ. არა, ჟურნალისტებს არ გავდნენ, ადრე მათ ვენახში რამდენჯერმე იყვნენ ჟურნალისტები, რთველი გადაიღეს, არყის გამოხდასაც დაესწრნენ ერთი-ორჯერ, მათ ჯინსებში ჩაცმული გოგოები ახლდათ და დიდი მოწყობილობები ჰქონდათ. ესენი ძალიან მდიდარი მამაკაცები ჩანდნენ. ორი აშკარად არ უნდა ყოფილიყო ქართველი, დანარჩენებს, მართალია, უცხო ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ქართული იერი ჰქონდათ.
- აქ იძახით? - გაეხმაურა ნინა.
  მოსულებმა რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს, მაგრამ ნინასთვის პასუხი არ დაუბრუნებიათ.
- თქვენ გეუბნებით, ვის კითხულობთ? - კიდევ ერთხელ იკითხა ნინამ.
- არავის, ქალბატონო, უკვე მივდივართ, - მიმართა ლურჯ პიჯაკსა და თეთრ პერანგში გამოწყობილმა ახალგაზრდამ და უცნობები მანქანებში ჩასხდნენ, მაგრამ სანამ თვალს მიეფარებოდნენ, ნინამ უკანა სავარძელზე ჩამალული გიგლა გაარჩია, სოფლის რწმუნებული.
  გულმა ცუდი უგრძნო. დილამდე ძლივს მოისვენა, გაუკრთა სიზმრები, ყველაფერი თავიდან იწყება - ისევ მუქარა და შიშჩამდგარი ღამეები, ისევ ჩხუბი და აყალმაყალი. ერეკლე ცხადია, ამ ვენახს არ დასთმობს, შეეწირება. მაგრამ ევი? ევის რამე არ შეემთხვეს, - არ ასვენებდა ფიქრი ნინას.
  ეშინოდა ერეკლესთვის გიგლასთან დაკავშირებული ეჭვი გაემხილა, მაგრამ მაინც ვერ დამალა სიმართლე და საუზმისას კაცებს გუშინდელი შემთხვევის შესახებ უამბო. ფიცხი იყო ერეკლე, ახლაც ისე შემოენთო ბრაზი, რომ ენა დაება, აზრი ძლივს გადააბა, დაუსრულებელი დარჩა საუზმეც, ისევ ვენახზე იქნებიან, ეჭვიც არ მეპარება, თქვა ევიმ, როცა სახლში დაბრუნდა.  გიგლა მისი სკოლელი იყო, ორი-სამი წელი იქნებოდა მათ შორის სხვაობა, კარგად იცნობდა, იფიქრა, იქნება კაცების ჩარევის გარეშე გავარკვიო საქმეო და სახლში არავინ გაუფრთხილებია, ისე წავიდა რწმუნებულის საძებნელად. სოფლის ბოლოში მიაგნო. გიგლას მისი დანახვა არ გახარებია.
- გიგლა, გუშინ ჩვენთან ყოფილხარ და სახლში არ დაგხვდით, რამე ხომ არ გჭირდებოდა? - შეეკითხა ევი და გამომცდელად შეხედა.
  გიგლა ერთი უცოდინარი ბიჭი იყო, მაგრამ მამას შვილის დასაქმება არ გასჭირვებია. წლების წინ გიგლას მამა გამგებლის მრჩეველი იყო, შვილის მსგავსად, მასაც არ გადაეშალა წიგნი, მაგრამ ალღო ჰქონდა კარგი და კიდე ფულის სუნსა და გემოს გრძნობდა მშვენივრად. მიწის კომისიას ჩაუდგა სათავეში, სადაო მიწაზე საკუთრების აღიარება ევალებოდა. კომისია ძირითადად იმ ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, ვისაც მამაპაპისეული მემკვიდრეობის მიღება ბიუროკრატიული პროცედურების გამო უჭირდა. ამავე კომისიას ფართების მიტაცების მოთხოვნითაც მიმართავდნენ, თუ შენ 1000 კვადრატი ფართის მიწის ნაკვეთი გქონდა და შენს მომიჯნავედ, მესაკუთრის გარეშე 100-200 კვადრატი მიწა უქმად იყო და არც არავინ გედავებოდა, დამტკიცების შესაძლებლობა გეძლეოდა. განცხადებების შეტანა არ წყდებოდა. სიხარბის ამბავი იყო, თორემ ვის უნდოდა ან მიწა, ან ბარს ვინ გადააბრუნებდა და ან რისი დამრგველ-გამმარგვლელები იყვნენ. გაბერწებული ეგდო მიწა, გამომშრალი, სახედანაოჭებული, მომლოდინე და უხმარი, პატრონიანიც მოუვლელი იყო და უპატრონოც, მაგრამ სახელმწიფოს რასაც გამორჩები ეგააო მხოლოდ, ამბობდნენ და ყველა რაღაცის მითვისებას, მისაკუთრებას, თავისად დაგულებას ცდილობდა.
  ამ საქმიდან დიდძალი ფულის შოვნა შეიძლებოდა. საბუთების გაყალბების მარტივი სტრუქტურა ჰქონდა გიგლას მამას, სარგებელი ყოფილიყო და საკუთარი მშობლების საფლავებსაც სიამოვნებით გაჰყიდდა. ის სახლები და მანქანები საკმარისი არ აღმოჩნდა, ალბათ, უფრო მეტი უნდოდა და მემარჯვენე პარტიას ფულს აღარ უყოფდა, ან მათაც გაეზარდათ მადა და გაწირეს - გაუშვეს ციხეში. ხმები დადიოდა, პარტიას დაემუქრა: თუ ჩავიძირე, თქვენც ჩაგითრევთო. როგორც დაიჭირეს, ისევე გამოუშვეს. წელიწადიც არ იყო გასული და გირაოს სანაცვლოდ დატოვა საპატიმრო. უსაქმოდ დიდხანს არ გაჩერებულა, მელიორაციის სამსახური ჩააბარეს. ეს ისეთივე მსუყე ლუკმა არ აღმოჩნდა, მაგრამ სახლში მაინც საკმარისი მიჰქონდა.
  მერე რევოლუცია იყო, თითქმის ნახევარი საუკუნე რომ ერთგული ძაღლივით ემსახურა, იმ პარტიის წინააღმდეგ გამართულ აქციებს შეუერთდა. დროშა გამოკიდა მანქანაზე და ჩაუდგა კოლონას სათავეში. იყვირა და აყვირა სხვებიც. იქ პატარა ფულითაც დაეხმარა, პატივი სცა ხალხს, რევოლუციის მოთავეებისათვის საჭმელი მიჰქონდა, სულ მათ ირგვლივ ტრიალებდა.
  არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე დღეში მიადგა ახალ მინისტრს. ღვაწლს დაფასება უნდა, აბა რისთვის ვიდექი იმ წვიმიან ღამეებში ქუჩაშიო. რევოლუციის მთავარი მიზეზი კორუფცია იყო და ახლა შენი წარსულის მქონე კაცს, ვერ გამოგაჩენთო. ამ პასუხისათვის მზად იყო თემური და, მე რათა კაცო, აგერ შვილი მყავს, მშვენიერი ბავშვია, რასაც ეტყვით, უსიტყვოდ შეასრულებს საქმესო.
  გიგლა სოფლის რწმუნებულად გაუშვეს. საკუთარი უცოდინრობის თუ რცხვენოდა, ისეთი თავჩაღუნული დადიოდა, სალამს ვერ ათქმევინებდა კაცი. მერე და მერე, მადა მასაც გაეხსნა მამასავით, სოფელი საკუთარ კარმიდამოდ მიიჩნია და თავი აქაურობის ბატონ-პატრონად გამოაცხადა. ამბობდნენ, ბნელ საქმეებში გაერიაო, რაღაც მაიმუნობებში გაეხვაო. უკვირდა ხალხს, აბა თავისი ხუთას ლარიანი ხელფასით რა მანქანას იყიდდა, ან სახლი რითი წამოჭიმაო. ხალხს რას გაუგებ, ყველაფრის თქმა შეუძლიათ, ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, დიდად არც ეკითხებოდა ევის გიგლას ცხოვრება, არც მის ასავალ-დასავალას კითხულობოდა, სანამ მისას არ შეეხნენ, სანამ მისას საფრთხე არ დაემუქრა.
- აი, აქაა სწორედ პრობლემა, მიხვდი? - უთხრა მამამ ამ დილით ევის, - რომ არსაიდან მოსული ფულით დაიწყო გამდიდრება და ხმა არავის ამოგვიღია, ხედავ სად მივედით? თავის დროზე რომ შენც გეყვირა, მეც, დათიკასაც, ნოდარასაც, მართასაც და ყველას ჩვენი სიტყვა გვეთქვა, შეიძლება, სხვანაირადაც ყოფილიყო ახლა საქმეები.
- და რა მეთქვა, ფული საიდან გაქვს-მეთქი? - შეეკამათა ევი, - ისე მართალი ხარ, უფრო ადრე უნდა მოგვეხდინა რეაგირება, რვაკლასდამთავრებული რომ თავზე წამოგვასვეს, მაშინ უნდა გვეთქვა, რა დამსახურებისა და ცოდნის გამო ნიშნავთ მამა-მარჩენლადო, - დაუმატა მცირე ხნის შემდეგ.
  ახლა კიდევ დგას ევი, გიგლას შეჰყურებს თვალებში და კიდევ უფრო ეძალება ბრაზი.
- სადა? - ეკითხება ტლუ ბავშვივით გიგლა.
- სად და ჩვენთან ყოფილხართ გუშინ, ნინამ მითხრა, ისე სწრაფად წავიდნენ მისალმებაც ვერ მოვასწარიო.
- მე არა ვყოფილვარ, - გიგლამ ჯერ კეფა მოიფხანა, მერე მაისური აიწია, წამოზრდილ მუცელს მიეფერა.
  ევის ზიზღი მოჰგვარა ბანჯგვლიანი ღიპის დანახვამ.
- გიგლა, მისმინე ახლა კარგად, - მიუახლოვდა ევი და თითქმის ჩურჩულით უთხრა, - მე არ ვიცი შენ აქ რა საქმეებს ხლართავ, მაგრამ არავისში შეგეშალო. ჩემთვის დაგებულ ხაფანგში არ გაება თვითონ, იფრთხილე. დასაკარგი არაფერი მაქვს მამაჩემისა და მაგ ვენახის გარდა და იცოდე, აღარ დაგინახო ჩვენს სიახლოვეს მოსული თორე, გახსოვს, ალბათ, როგორც ვისვრი და მიგაწვენ იმ ვენახში შენი ამალიანად, გესმის? - შეჰბღვირა ევიმ და სანამ გიგლა პასუხს მოიფიქრებდა, ქალი მანქანაში ჩაჯდა და შუაგზაზე გახიდული, მუცელგადმოგდებული რწმუნებული გაოცებული დატოვა.
  მართალია, დიდ გულზე კი იყო ევი გიგლასთან, მაგრამ საფრთხეს გრძნობდა. აქ რაღაც დიდი ფულის სუნი იგრძნობოდა და სადაც ფულია, იქ ყველაფერი შეიძლება იკადრონო. იცოდა, რომ მალე ისევ მოადგებოდნენ, მაგრამ, ამჯერად, ხვეწნით თუ მუქარით, აღარ იცოდა, ყველაფრის კადრება რომ შეეძლოთ, ამაში კი ეჭვიც არ შეჰპარვია. ის სავაჭრო ცენტრი წამოაგონდა, მეპატრონემ რომ არ გაყიდა და ცეცხლს მისცეს, უბედურ შემთხვევას კი 12 ადამიანი შეეწირა. ახლაც თვალწინ უდგას ევის ნამწვავებს შორის მოსიარულე, სასოწარკვეთილი ადამიანები. შიშისა და გაოცებისაგან გაფართოებულ თვალებს რომ აქეთ-იქით აცეცებდნენ. ის მოხუცი ქალი ახსოვს, ცეცხლის ჩაქრობისას გაჩენილ წყლის გუბეში რომ იჯდა, ხელისგულებში მოექცია სახე და განწირული ყვიროდა, ის კაციც ახსოვს, მთელი თვე რომ იარა, კომპანიიდან მერიაში, მერიიდან საკრებულოში, საკრებულოდან პრემიერის აპარატში, იქიდან კიდევ პრეზიდენტის სასახლესთან რომ ათია ღამეები, არსად რომ კარი არ გაუღეს, არსად რომ ტყუილი იმედიც არ მისცეს, არსად რომ არ გახსენებიათ სახლში ავადმყოფი შვილი რომ ელოდებოდა, არც იმ გადასახდელი ვალების გამო შეებრალებინათ ის კაცი, მერე იმ დანახშირებულ კედლებს რომ ამოეფარა და თავი მოიკლა, და არავის უგია პასუხი მისი სიცოცხლის გამო, მისი შვილისთვის არავის მოუხდია ბოდიში.
  ფულთან ადამიანების სიცოცხლე ფასს კარგავს. ახლა აღდგომელაშვილების სიცოცხლეც სასწორზე დევს. ევის არ ეშინია, ევის სიკვდილის არ ეშინია. ევიმ უკვე ნახა რა იყო სიკვდილი და მიხვდა, ის სულაც არაა ისეთი სასტიკი, როგორც ვინმეს წარმოუდგენია. სიკვდილს არც უნდა დაემალო და არც გაქცევა სცადო, ის მაინც მოვა. სიკვდილი მატარებელია, სხვა სიცოცხლეში მიჰყავხარ, ზოგს კომფორტული სავარძელი შეხვდება, თუ ადგილზე წინასწარ იზრუნა, ზოგი ფეხზე იდგება, მაგრამ ის მაინც არ გაჩერდება რელსებზე, ბოლო გაჩერებამდე მივა და სხვა ცხოვრებაში დაგტოვებს. მაგრამ ახლა ევის სიცოცხლე არაფერ შუაში იყო, აქ ერეკლეს, ნინასა და დათიკას სიცოცხლე იდო სასწორზე. ევის არ აქვს ახლა მათ უსაფრთხოებაზე კონტროლი და ეს აშინებს. ჯერ არ იცის, საიდან უნდა ელოდოს დარტყმას, ამიტომ ვერც ბრძოლის იარაღი აურჩევია. ის კი ცხადია, რომ ამ ვენახის დათმობას არ აპირებს. არა, ახლა ევიმ ზუსტად იცის, რომ მას არ გაყიდის და ვერც ძალით წაართმევენ, ასეთი ადვილი არაა მასთან ჭიდილი, ის აღდგომელაშვილია, ყველა დაცემის შემდეგ შეუძლია წამოდგომა და ყველა წაქცევის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი დგება.
  სისხლმა თავისი ქნა და მაინც იფეთქა. ახლა ეს მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა აღარ იყო, არც მამაზე ზრუნვა, ეს საკუთარი ფესვების საწუხარი იყო - ეს აღდგომელაშვილების მარანი იყო, მათი მამაპაპეული ვენახი და მას არავის დაუთმობდა, ამ ვაზებთან მიახლოების უფლებას ვიღაც გადამთიელს არ მისცემდა.
- გიგლა ვნახე, - შორიდანვე დაუძახა მამას, სახლში, რომ დაბრუნდა.
- რაო მერე? - შეეკითხა ნინა, რომელიც ჯანიანი ხელებით ძლიერად ზელდა ცომს.
- არ ვყოფილვარ, მე არაფერი ვიციო.
- დედას... - გულიანად შეიგინა ერეკლემ, ცელს ხელი წამოავლო და ბაღს ლაპარაკ-ლაპარაკით დაუყვა.
  თავი სტკიოდა ევის, ოთახში ავიდა, ძველ ნოტებს მიუბრუნდა, ჩასწორება უნდოდა, ვერფერი გააწყო, მერე წიგნის თაროებს მიადგა. სასურველ წიგნს მიაგნო, საწოლზე წამოწვა და კითხვა დაიწყო. წიგნმა ახალი ფიქრი მოიტანა, გამოაფხიზლა, გაამხნევა, ის იყო თითქმის მიავიწყდა ინციდენტი და ტელეფონი აწკრიალდა:
- ქალბატონ ელას ვესაუბრებით? - იკითხა წიკვინა ხმამ ტელეფონში და ისე დაარბილა ბგერები, ევის თვალწინ წარმოუდგა, პატარა, გალეული, გამოკვართულ ჯინსში გამოწყობილი ქერა გოგო და გაეცინა.
- ევის, - შეუსწორა შეცდომა, - გისმენთ.
- ქალბატონო ევა, მე სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე ვარ. ბატონი ზაურის დავალებით გირეკავთ, დიდი სურვილი აქვს, რომ დღეს თქვენს ვენახს ესტუმროს და თუ იქნება შესაძლებელი, რომ მიიღოთ.
  ევის ღიმილი შერჩა ტუჩებზე, რასაკვირველია, ახლა ყველაფერი თავიდან იწყება და გუბერნატორი? აქამდეა საქმე წასული? უფრო სერიოზულადაა, როგორც ირკვევა, ყველაფერი უფრო სერიოზულადაა. მცირე დუმილის შემდეგ, ევიმ მტკიცე ხმით უთხრა:
- ბატონ ზაურს გადაეცით, ქართველ მევენახესთან სასიკეთო საქმეზე მომავალ სტუმრებს შეთანხმება არ სჭირდებათ!
- ანუ შეუძლია მობრძანდეს? - ისევ აწიკვინდა გოგო.
- კი, თუ კარგ საქმეზე მობრძანდება, ან რას ვკითხულობ, ამხელა გუბერნატორი სათაკილო საქმეს ხომ არც იკადრებს, - ცინიზმი მარილივით მოაყარა სიტყვებს ევიმ და ტელეფონი დაუმშვიდობებლად გათიშა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები