ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
5 აგვისტო, 2022


ზღვარი 19

მეთვრამეტე თავი

ზაური ვაჭარი იყო, შეძლებული ოჯახიდან. პაპამისს დუქანი ჰქონია, გვარიან ფულს შოულობდნენ. პაპის საქმეს გაჰყვა ზაურიც. ჯერ პატარა სასადილო ჰქონდა, მერე სასურსათო მაღაზიები გახსნა, ერთი პერიოდი ქსოვილები ჩამოჰქონდა ჩინეთიდან. მერე საღებავებს აწარმოებდა, მეზობელ ქვეყნებში გაჰქონდა და დიდი ფული იშოვნა.
  ჭკვიანი კაცი იყო, ყოველთვის იცოდა, როგორ დაეზღვია ფული. საჭირო ხალხს ეხმარებოდა. მათგან ერთ-ერთმა პოლიტიკაზე უკეთესი დაცვა ფულის არ გაგონილაო არსად. პოლიტიკა რომ ცხოვრებას გაართულებდა, ეჭვიც არ ეპარებოდა, მაგრამ არც ამ წინადადებაზე უარის თქმა მოხერხდებოდა. გაუნაწყენდებოდნენ. ეტყოდნენ: თუ ჩვენთან არ გინდა ყოფნა, ესე იგი, ჩვენს მოწინააღმდეგეებთან ხარო და დიდი მადლობებითა და სიხარულით დაიკავა სავარძელი.
  თანამდებობაზე გამოუვალი მდგომარეობის გამო დასთანხმდა, მაგრამ ახალ ვითარებას მალე შეეგუა. საქმე არაფერი ჰქონდა. ან იქნებ ჰქონდა კიდევაც, მაგრამ ამის შესახებ თავად არაფერი იცოდა. ისევ თავის ქარხანაში ატარებდა დღეებს. ახლა დამატებითი შემოსავალი, უფასო მძღოლი, მანქანა და მდგომარეობა ჰქონდა, რომლის საჭიროებას ჰალსტუხის გაკეთებამდე ვერ გრძნობდა, მაგრამ მალე ბანგივით დააწვა და შარბათივით გაუტკბა. აქამდე თუ თავად უწევდა ხარკის გადახდა, ახლა თავად იღებდა ძვირადღირებულ საჩუქრებს და არც ლამაზი ქალები ენატრებოდა. ათასში ერთხელ, დიდის მოწიწებით დაურეკავდნენ, ბატონო ზაურ, აქა და აქ, სკოლა უნდა გახსნაო, იქ ვიღაცას იუბილე უნდა მიულოცოო, სადღაც ღონისძიებას უნდა დაესწროო... არც იმას კითხულობდა ამ ფერად შენობებს ვისთვის აშენებდნენ და არც იმას - ვინ და როგორ აშენებდა. ეს ღიმილი ხომ არც ისე რთული საქმე იყო - ღიმილი, ვიღაცებისთვის ხელის ჩამორთმევა და კიდევ ბავშვების მოფერება. მაგრამ ხან კი იყო ხოლმე, ისეთ სახლაფორთო საქმეს დაავალებდნენ, ბუნებით მშიშარა და მფრთხალ ზაურს ანგელოზებს დაუფრთხობდნენ. ახლაც ასე იყო, მინისტრმა დაიბარა, საკადასტრო კოდები უკარნახა: ეს მიწა უნდა გაიყიდოსო, როგორც მან ზაურს უთხრა, ბრძანება ზემოდან მოდიოდა. დიდი ინვესტიციის განხორციელებას აპირებდნენ, რაც სახელმწიფოსთვის მომგებიანი იქნებოდა. ინვესტიციის განხორციელება აბაბული მუსლის უნდოდა, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ იყო და ახალი კანონის მიხედვით, მიწის ყიდვას ვერ შესძლებდა. ამიტომ, ან კანონი უნდა დაერღვიათ, ან ახალი წესები მიეღოთ, რომელიც ამ საქმეს მოერგებოდა.
  ზაურ თუნიაშვილისთვის სულ ერთი იყო ვის და რამდენ ჰექტარს მიჰყიდდნენ. უნდოდა, ეს საქმე მალე მოეგვარებინა და „ზემოთ“ აღარავის დაებარებინა. სიმართლე ითქვას, არც იცოდა ზემოთ ვინ იყვნენ, ან რამდენად მაღლა იგულისხმოებოდა ზემოთ ყოფნაში, მაგრამ მოგეხსენებათ, რაც არ ვიცით, ის უფრო გვაშინებს, თორემ რომ ეფიქრა ზაურს, იქაც ჩემი მსგავსი კაცები სხედან, უბრალოდ უფრო დიდი მადა აქვთ, ისინიც ხალხმა მოიყვანა და ხალხი უხდის ხელფასს და თუ, ერთ დღეს, ძალიან ამოუყვანეს ყელში, ისევ ეს ხალხი მოისვრის სანაგვეზეო, იქნება არც შეშინებოდა, მაგრამ ამდენს არასდროს ფიქრობდა ზაური და იმ საღამოსვე მოიწვია ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარეები, რწმუნებულები და მიწის კომისიის ხელმძღვანელი და დავალება მისცა, სწრაფად და უხმაუროდ მოაგვარეთო ყველაფერი. მაგრამ საქმე არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც წარმოედგინათ.
- ისე, ჩვენში დარჩეს, და რას ვერჩით ამ უცხოელებს? - ისე თქვა ზაურმა, თითქოს ძირძველი ბაგრატიონი ყოფილიყოს, - მიწას მოიკიდებს ზურგზე და წაიღებს, თუ რა? მოდის კაცი, ფული უნდა ჩადოს, მუშა ხელი აქაური იქნება, ხალხი დასაქმდება, ეს ბიუჯეტიც ამოისუნთებს ცოტას.
  მიწა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აუქციონზე გაიტანეს და თითქმის უფასოდ გადასცეს აბაბულის აგენტს. როგორც საპრივატიზაციო კომისიის ხელმძღვანელმა კოლეგებს განუცხადა, უმაქნისი მიწა იყო, რაიონს მაინც არაფერში ადგებოდა და ამიტომ აღნიშნული პროცედურებისათვის, ხელი არავის შეუშლია. საქმე ერთი შეხედვით ძალიან მარტივად დასრულდებოდა და ინვესტორი თავის ბუნდოვან საწარმოსაც გახსნიდა, მაგრამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის გვერდით კერძო საკუთრებაში არსებული მიწები იყო. ძველ მემამულეებს კი ვენახის გაყიდვა არ უნდოდათ. სირთულეების მიუხედავად, მუსლის ადვოკატმა, რომელიც დიდი გაქნილი ვინმე იყო, ერთ თვეში მოაგვარა თითქმის ყველა მევენახესთან საქმე.
  სოლიდური თანხის გაღება კი დასჭირდა აბაბულის, მაგრამ ეს არაფერი იყო, იმ თანხასთან შედარებით, რომლის შოვნასაც ამ მიწაზე აპირებდა. საქმე თითქმის დასრულებელი იყო, მაგრამ მომავალი ქალაქის შუაში მდებარე ვენახის მეპატრონემ გაყიდვაზე უარი განაცხადა. აღდგომელაშვილი ერეკლე ვერ დაიყოლია აგენტმა. ბოლოს, როგორც ხმები გუბერნატორამდე მივიდა, თოფით გამოჰკიდებიაო აბაბულის ხალხს. ზაური კი, რომელსაც თავისი სავარძლის დატოვებამდე ხმაური და სირთულეები არ სურდა, ყველაფერს აკეთებდა, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. უკვე სამჯერ იყო დაბარებული მინისტრის კაბინეტში და ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც, რამდენიმე წონიანი პარლამენტარიც ესწრებოდა, მუშტები დაუბრახუნეს მაგიდაზე, იცოდე ფრთხილად, ამ ამბავს ცუდად არ შეეწიროო შენც.
  გაიკითხ-გამოიკითხა ზაურმა ერეკლე აღდგომელაშვილის ოჯახი, პატიოსანი, წესიერი კაციაო, უთხრეს, მაგრამ ქალიშვილი ჰყავს ცოტა უცნაური, მასთან მოლაპარაკება გაჭირდებაო. ზაურს გაეცინა, ქალიშვილი თუა, მაშინ მომირჯულებია და ეგააო. გუბერნატორს საკმარისი ძალაუფლებაც ჰქონდა და ფულიც, ქალებთან უპირატესობებით ესარგებლა. აქამდე ყველაფერი მარტივად გამოდიოდა, მით უფრო, არ გაუჭირდებოდა ერთი პროვინციელი გოგოს მოხიბვლა. მძღოლს საუკეთესო ყვავილები და შოკოლადი აყიდინა და აღდგომელაშვილების სახლს რომ მიადგა, გამარჯვებას უკვე ზეიმობდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები