მეცხრამეტე თავი
ევიმ ყვავილები და შოკოლადი დაუდევრად დადო მაგიდაზე. - ყავას ხომ არ მიირთმევთ? - შეეკითხა ნინა. - არა, ნინა, მადლობა, სად სცალია ბატონ ზაურს ჩვენთან ყავის დასალევად, ამხელა თანამდებობა აქვს, ამდენი საქმე... - ისე სერიოზულად თქვა ევიმ, ზაური ვერც კი მიხვდა, რომ ქალი მასხარად იგდებდა. მართალია, სიამოვნებით დალევდა ყავას და სიმართლე ითქვას, მთელი დღის უჭმელიც იყო, მაგრამ მოერიდა ეთქვა, არც ისეთი დაკავებული ვარო და ძალიან ეცადა საქმიანი იერი მიეღო. ევის ჯერ ღიმილი მოჰგვარა ზაურის გარეგნობამ. ისეთი უინტელექტო შეხედულება ჰქონდა. ცარიელი თვალები, სულელური ღიმილი. ბრაზი მოერია, ვის ხელში ვართო. სანამ ერეკლე მოვიდოდა, ევიმ ჰკითხა: - აბა, ბატონო ზაურ, თქვენ ტყუილად არ შეწუხდებოდით, რა საქმეზე ბრძანდებით? ზაური კიდევ უფრო დაიბნა. ფიქრობდა, რომ ერთი კეკლუცი გოგო დახვდებოდა, ყვავილები დააბნევდა და თავბრუს დაახვევდა, რამდენიმე ტკბილ სიტყვას ეტყოდა და იქნება კიდევაც დახმარებოდა მამასთან საუბარში. მაგრამ ევი კლდესავით შეუვალი იყო და თან ისეთი ლამაზი, ალბათ, ასეთები იყვნენ ძველად დედოფლებიო, გაიფიქრა გუბერნატორმა და სკამზე აწრიალდა. ევი კი თვალს არ აშორებდა და თითქოს სულში უძვრებოდა. ისეთი თვალები ჰქონდა, გეგონება მისი ყველა ფიქრი გაეშიშვლებინა. სანამ ზაური სიტყვებს მოძებნიდა, ერეკლე მოვიდა. სამუშაო ხალათი ეცვა, ხელები დაებანა და სველი ჰქონდა, ამიტომ სტუმარს მაჯა მიუშვირა გამოწვდილი ხელის სანაცვლოდ. ცარიელ მაგიდას მიუჯდა ერეკლე, ხელის მტევანი ოფლიან შუბლზე გადაისვა, დათოვლილი თმა გადაიწია და იკითხა: - აბა, რისთვის შეწუხებულხართ? - კარგია, რომ გაგიცანით. თქვენზე იმდენი რამე მსმენია... თქვენს განსაკუთრებულ ვენახზე, თქვენს მარანზე... - დაიწყო დაზეპირებული სიტყვა გუბერნატორმა. - ნამდვილად გამორჩეული მარანი გვაქვს, ტურიზმისათვის მონაპოვარი იქნება აქაურობა, უძველესი ქვევრები უცხოელებს, ალბათ, გააოცებს, - სიტყვა ჩაუჭრა ევიმ. - კი, ნამდვილად თითით საჩვენებლი, - გამოცოცხლდა ზაურიც. - აბა, ბატონო ზაურ, თუ ერთადერთი და განსაკუთრებულია, თუ ასეთი გამორჩეული და ფასდაუდებელია, მაშინ რას ერჩით ჩვენს ვენახს? ის ტურისტები რომ მოვლენ, თითით რაღა უნდა აჩვენოთ? - ისეთი გაღიზიანებული ხმა ჰქონდა ევის, რომ ზაური შეკრთა. ერეკლემაც ანიშნა შვილს, საკმარისიაო და ახლა თავად მიუბრუნდა სტუმარს: - ვხვდები, ბატონო ზაურ, რომ საუბრის დაწყება გიჭირთ. მე დაგეხმარებით: ამ მიწის გაყიდვაზე გინდათ დამიყოლიოთ, მაგრამ აღდგომელაშვილების ვენახი არ იყიდება! არაფრის სანაცვლოდ! ზაური კიდევ რაღაცების თქმას შეეცადა, მაგრამ მიხვდა მამა-შვილთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და ხელმოცარული დაბრუნდა უკან. სამი დღის შემდეგ თავად მინისტრის მოადგილე მიადგა აღდგომელაშვილების კარს. ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, კარგად გაწვრთნილი ორატორი. უარის მიზეზები ჰკითხა მასპინძელს. ერეკლეს წუთით მოეჩვენა კიდევაც, რომ ახალგაზრდა, განათლებული ყმაწვილია, იქნება კიდევაც მივახვედრო რამესო. აუხსნა, ელაპარაკა, ურჩია, მაგრამ საუბარს რომ მორჩა და სტუმრის პასუხი მოისმინა, მიხვდა, ვერც გაუგია ვერაფერი და ამის შემდეგაც აღარაფრის გამგებიაო ეს. - აღნიშნულით მთავრობაა დაინტერესებული, აქ ძალიან დიდი საწარმო უნდა აშენდეს. ეს ინვესტიცია მილიონებს ითვლის და ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუ თქვენ სამშობლო მართლა გიყვართ, მაშინ მნიშვნელოვანი ეს ვენახი კი არა, სწორად ეს ინვიესტიციაა. და საერთოდ, ბატონო ერეკლე, ჩვენ პროგრესულად მოაზროვნე თაობა ვართ, ღირებულებები კი არ გაქრა, უბრალოდ გადაფასდა, სამშობლო სადღეგრძელოებს გასცდა და ვცდილობთ, რომ ყოველდღიური საქმით დავამტკიცოთ. ლიტონი სიტყვებია მხოლოდ, მიწა და ვაზი. ჩვენთვის სამშობლო დაგებული გზები, განათებული ქუჩები, მეტი განთლებული ადამიანია... ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი რომ ექნება ადამიანს, არსებულის შესახებ, ამდენი არგუმენტის მოყვანა არ გახდება საჭირო. - უკაცრავად, როგორ მოგმართოთ? - შეაწყვეტინა ევიმ. - გუკა. - ბატონო გურამ, - განგებ დაუმარცვლა სახელი, - მამაჩემს სამშობლოს სიყვარულის თქვენგან სწავლება არ სჭირდება! სამშობლოც კარგად ესმის, მიწაც, ვაზიც და ინვესტიცია, კოჰაბიტაცია, ტოლერანტობა და სხვა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებიც არ მოუსმენია პირველად და იქნება ერთად აღებულ მთელ მინისტრთა კაბინეტს, თქვენი უცხოური განთლებით, არ გქონდეთ იმდენი ავტორის სახელი და გვარი გაგონილი, რამდენიც მამაჩემს აქვს თქვენს ასაკში ნაკითხი. ასე რომ, ჩვენი შეხვედრა დასრულებულია და თუ კიდევ ვერ გაიგეთ ჩვენი პოზიცია, გიმეორებთ: ეს ზვრები არ იყიდება! - არ დაგავიწყდეს, რომ მე მინისტრის მოადგილე ვარ და თქვენ კიდევ მევენახე, - ძლივს გადაყლაპა ნერწყვი სტუმარმა. ევიმ შეხედა სტუმარს, ერთხანს აკვირდებოდა, ჯერ ბრაზი მოეძალა და მერე სიბრალულმა დასჯაბნა: - მე მევენახე საკუთარი სახელისა და გვარის გამო ვარ, დავჯდები ხოლმე მიწაზე, მუშაობით დაღლილი და ვისვენებ. შენ კიდევ, კიბე მიგიდგეს და ისე დაგსვეს მაგ საცოდავ სავარძელზე. დრო რომ შეიცვლება, თან ისე სწრაფად რომ ვერც კი წარმოიდგენ, და შენი ფულიანი მოგვარეები საძირკველს ვეღარ გაგიმაგრებენ, ეგ კიბე გადმოყირავდება და მიწაზე დაემხობი. იმ მიწაზე, რომელზეც მე ისევ მყარად ვიდგები და მამა-პაპის დარგულ ვაზებს მოვუვლი. კი არ ხარ ღირსი, მაგრამ ადამიანურად კიდევაც მეცოდები: ვიცი, იმ დაცემისას, ნამსხვრევებად იქცევი. - როგორ ბედავთ! თქვენი საუბარი კორექტული არაა, ქალბატონო ევა. - ევა არა, ევი! და რაც შეეხება კორექტულობას, ჰო, აქ ასეთი ველურები ვცხოვრობთ, ეტიკეტისა და ზრდილობის შესახებ არაფერი გვსმენია და მეორედ კიდევ ვინმე თუ მოვა და ამ ვენახის მითვისებას შეეცდება, შეიძლება ისე უზრდელურადაც კი მოვიქცეთ, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი, მიზანში ამოვიღოთ. - თქვენი საქციელი სახელმწიფო ღალატია! და ამის უფლება არ გაქვთ, მაგის ნებას არ მოგცემთ, რომ თქვენს პრინციპებს ქვეყნის მომავალი გადააყოლოთ! ერეკლეს მოთმინების ფიალა აევსო, ფეხზე წამოხტა, ტუჩები აუცახცახდა და მერე ევი მამის დამშვიდებას ცდილობდა, არასასურველი სტუმარი კი მძღოლმა ნაჩქარევად ჩასვა მანქანაში და ისევ ქალაქის გზას გაუყენა. გუკას ჭკუა სათანადოდ კი ასწავლეს, მაგრამ თავხედი სტუმრის გაძევებამ სიმშვიდე არ მოუტანა ერეკლეს. ევიზე დარდი არ ასვენებდა. მამასავით ფიცხი იყო აღდგომელაშვილების ერთადერთი მემკვიდრე. უკან ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებდი, ყველა ცეცხლში დაუფიქრებლად შევიდოდა და დასაბრუნებელ ყველა გზას ჩახერგავდა. ფიცხი იყო ახალგაზრდობაში ერეკლეც. თავხედობას და თავხედებს ვერ იტანდა. ყველას ამოწვდილი ხმალივით ხვდებოდა. ვერაფერს გახდა ამ ბრძოლით, მხოლოდ ნაკვერჩხლებივით მოგიზგიზე გული ვერ წვავს ქვეყანას მოდებულ ეკალ-ბარდებს. წლებიც დახარჯა და ნერვებიც - ხომ არავის არაფერი შევარჩინეო, იკვეხნიდა სანამ მოდუღარი მაჭარი იყო. რომ დაღვინდა, მიხვდა, გულის მოოხება იყო და სხვა არაფერი მთელი ჩემი ჯახირიო. უყურებს ახლა შვილს და ხვდება, ევის კიდევ უფრო გაუჭირდება, ევისთვის კიდევ უფრო რთული იქნება ცხოვრება. - ხან უკან დახევა საჭიროა, მერე უფრო უკეთ რომ წაიწიო წინ, - თქვა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ერეკლემ, ისე, რომ თავი არ აუწევია. - შენ მაინც ნუ მეუბნები მაგას, მამა! - სევდიანად გაეღიმა ევის. - მერე? - კიდევ უფრო დაუწია ხმას ერეკლემ, - რა მიჭირავს ხელში?! ევის მოეჩვენა, რომ ახლა მამის ხმაში კიდევ უფრო იგრძნობოდა მოწოლილი წლები. მოხუცს დაკვირვებით შეხედა. არამიწიერად თეთრი იყო მამა, წვერი ჰქონდა თოვლისფერი და სევდისაგან კიდევ უფრო ფერდაკარგული თვალები. - ყველაფერი გიჭირავს! უკლებლივ ყველაფერი გაქვს, რაც ადამიანს სჭირდება და შენ არ ინერვიულო, მთელი ცხოვრება ხომ იბრძოლე, ახლა ჩემი ჯერია - ეს ჩემი ბრძოლაა და მაგათ ვაჩვენებ ვისთან როგორ უნდა საუბარი! - მეც მასე ვიყავი, პატარა რამეზე ვფეთქდებოდი. სულ მკერდით მივიწევდი. - რომც არაფერი გამოვიდეს, მე მაინც არ მოვუხრი თავს და ძალიან ძვირად დავუსვამ ყველას ამ თავხედობას! - მისმინე, შვილო, ცოტა ხანი დაწყნარდი, ამათ მე მივხედავ, შევაკვდები და... ხომ იცი, რომ ეს დამთავრებული ამბავია. მაგრამ... ცხოვრებაში ძალიან გაგიჭირდება. - ცხოვრებაც ხომ ეგაა, მამა. თუ არ გიჭირს, თუ არ გტკივა, შეიძლება კიდევაც დაგავიწყდეს, რომ ცოცხალი ხარ. - ჩვენ ძალიან ფიცხები ვართ. ბრძოლას ვიგებთ ამ ფიცხი გულით, მაგრამ ამ გულის დამსახურებითვე ვაგებთ ომებს. მთელ ძალას და ენერგიას თუ კინკლაობაში დახარჯავ, შესაძლოა სულ ტყუილი აღმოჩნდეს ყველა სისხლის ღვრა. - რაო, ერეკლე, ხომ არ დაბერდი? ეს საუბრები შენ არ გგავს და ისეთ დარიგებებს ნუ მაძლევ, რისიც თავადაც არ გჯერა, - გაიცინა ევიმ, - შენ მასწავლიდი, რომ ცხოვრება, როგორიც უნდა იყოს ის, აქ და ახლა არსებობს და ამიტომ, თუ დღეს ომია, უნდა იბრძოლო და მოკვდე; თუ წვიმაა, მის წვეთებს უნდა შეუშვირო სახე; თუ გიყვარს, ახლავე უნდა თქვა... შენ არ მასწავლიდი, რომ ოცნება საკუთარი სისუსტის გამართლება იყო მხოლოდ, უსუსურებისგან მოგონილი, არ მოეთხოვათ პასუხი საკუთარი თავისთვის, რომ დღეს არ აქვთ ის, რაც მათ ასე სურთ და სჭირდებათ. - ჰო, რაც გინდა მარტო იმას იმახსოვრებ. მე კიდევ ბევრ რამეს გარიგებდი... - ყველაფერი მახსოვს, მამა! - თქვა ევიმ და თავი მხარზე ჩამოადო მოხუც ერეკლეს. ამ დღის შემდეგ დუმილი ჩამოდგა, მთავრობა ძველებურად აგრძელებდა მუშაობას და აღდგომელაშვილებთან მისასვლელ გზებს სინჯავდა. ერეკლე ვაზს უვლიდა. ევი მამას ეხმარებოდა და თავდავიწყებამდე იყო დამიანეზე შეყვარებული. თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდოდა, მაგრამ უცნაურად მძიმე დუმილი იწვა და ზაფხულის ცაზე მეხის გავარდნასავით ელოდა ევი დიდ ჭექა-ქუხილს. ელოდა, რომ თავსხმა წვიმა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მანამდე, სანამ ცხოვრება ახალ საწუხარს მოუტანდა, ცდილობდა, მოპარული ბედნიერების წამებით დამტკბარიყო. ცდილობდა, ცხოვრება შეეგრძნო და უყვარდა უშეღავათოდ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დამიანე ურაკპარაკზე- მოდაშია. დანიელა მევახშე - არქივშია. დამიანე ურაკპარაკზე- მოდაშია. დანიელა მევახშე - არქივშია.
4. “თუ არ გიჭირს, თუ არ გტკივა, შეიძლება კიდევაც დაგავიწყდეს, რომ ცოცხალი ხარ.“ კარგი ფრაზაა, მომეწონა
ვნახოთ აბა ჭექა ქუხილის ხმა როგორ იქნება :) “თუ არ გიჭირს, თუ არ გტკივა, შეიძლება კიდევაც დაგავიწყდეს, რომ ცოცხალი ხარ.“ კარგი ფრაზაა, მომეწონა
ვნახოთ აბა ჭექა ქუხილის ხმა როგორ იქნება :)
3. ცუდი მკითხველი ვარ. ჩემთვის საინტერესო ხაზი ვერ იძვრის ადგილიდან და ვშფოთავ, მაგრამ მოგყვებით.
ცუდი მკითხველი ვარ. ჩემთვის საინტერესო ხაზი ვერ იძვრის ადგილიდან და ვშფოთავ, მაგრამ მოგყვებით.
2. სამწუხაროდ,ძალზე ხშრად რეალობაა აქ აღწერილი სიტუაცია 5 სამწუხაროდ,ძალზე ხშრად რეალობაა აქ აღწერილი სიტუაცია 5
1. აქ ახალი არაფერია, უბრალო კინკლაობა იყო. ევიმ ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი მინისტრის მოადგილეს საიდან დაუდგინა?
აქ ახალი არაფერია, უბრალო კინკლაობა იყო. ევიმ ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი მინისტრის მოადგილეს საიდან დაუდგინა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|