ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2022


ციცინათელების დედოფალმა წასვლა გადაწყვიტა…


ციცინათელების დედოფალო,
ეს ღამეც მალე გაილევა.
მთვარე ჩავა და მზე ამოვა,
შენი ბრწყინვალებაც მიილევა.
ო, როგორ არ მინდა რომ დარდი მქონდეს
და ცრემლით ყვავილები დაგისველო,
ჩემო მშვენიერო დედოფალო
შენი ღიმილები დამაკლდება.
ის გზა შენ რომ უნდა გაიარო
ია-ვარდებით ფენილია,
უკვე გაუკვალავს ადრე წასულ-
მთვარის ვაჟსა და ოქროსთმიანს.
ციცინათელების დედოფალო,
მაინც სად გაფრინდი, რად იჩქარე?
და შენი ფრთები საფირონის,
ისე ნაზი და გამჭვირვალე…
როგორ უცებ დამსუბუქდი,
და როგორ უცებ გაანათე.
და შენს გარეშე დარჩენილმა
ციცინათელებმა მოიწყინეს,
ზეცას ახედეს და ამოოხვრას-
თავის სიკაშკაშე გაატანეს.
მართლა არ მინდა რომ დარდი მქონდეს,
ბედნიერ დღეებს დავწურავდი,
მერე მოვაქცევდი ერთ ქილაში და
იქით, საგზგლად გაგატანდი.
როგორ არ მინდა რომ დარდი მქონდეს,
სადღაც მივაგნებდი ნატვრისთვალებს,
ერთად ავკინძავდი ნატვრის მძივებს და
შენს ლამაზ გულზე დაგაბნევდი.
ოჰ, უნდა დავთმო ეს ცრემლები,
წარსული დღეები მოვაგროვო,
მოგონებათა ჯაჭვით შევკრა და
შენს სასთუმალად შემოვქარგო.
და ეს ვარდები და გვირილები,
ქრიზანთემები და ლილიები,
შენი კაბიდან გადმოსულან,
გაცოცხლებულან და თან მოსთქვამენ,
ციცინათელების დედოფალი რომ გაიღიმებს
ვიბადებით,
მერე ვცვივდებით და მის კაბაზე
ლამაზ ხვეულებად ვეკერებით.
ჰოდა, გაფრენილა დედოფალი
და ჩვენ დავრჩენილვართ უპატრონოდ,
ახლა რაღა ვქნათ და რა ვიღონოთ,
ნეტავ ვის კაბას დავეკონოთ.
ჩვენი დედოფალი პეპლად იქცა,
გულმა ვერ გაუძლო სიკაშკაშეს,
ვერ დაიტია ვარსკვლავები და
ამოიფრქვა ვულკანივით.
როგორ მიყვარხარ ჩემო გოგოვ,
ფერიად ქცეულო სიყვარულო,
როგორ მინდა რომ ჩაგეხუტო და
შენი სუნი დავიტოვო.
ჰო, ეს ღამეც მალე გავა,
ფრენისთვის უნდა მოემზადო,
შენი ვარსკვლავები დაიბრუნო და
ისევ შენებურად გაანათო.
ისევ ეს ვარდები და გვირილები,
ქრიზანთემები და ლილიები,
როგორ მოწყენილან შენს გარეშე,
ან ციცინათელებს რას ერჩოდი?
მთვარე ჩავა და მზე ამოვა,
დრო დადგა შენი გამგზავრების,
ციცინათელების დედოფალო,
შენს ახალ სამეფოს შეეგებე,
და რომ მოიწყენ და მოილევ,
იმ სხვა სამყაროს საოცრებებს,
გაიღიმე და ყვავილები,
გული გახსენი და
ვარსკვლავები
აქ დარჩენილებს
დაგვაფრქვიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები