ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზურა ბანი
ჟანრი: იუმორისტული
20 ივლისი, 2022


კუპატის ფიტული

            კუპატის ფიტული
        (შიო ვეკუას საქმე N 42)

2015 წლის დასაწყისში შიო ვეკუას რამოდენიმე მეტად რთული საქმის გამოძიება მოუწია. მარტო დიღმელი ფილატელისტის თვითმკვლელობის და კულტურის სამინისტროში გამქრალი უძველესი საფერფლის ამბები რად ღირს, მაგრამ “კუპატის ფიტულის” (როგორც მას ჟურნალისტებმა დაარქვეს) საქმე ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. მახსოვს, ადრიანი დილა იყო, როდესაც ჩვენს ოფისში ლამაზად ჩაცმული, მეტად სიმპატიური ქალბატონი მობრძანდა მეუღლესთან ერთად. მეუღლე მაღალი, სპორტული შესახედაობის მამაკაცი იყო  რომელსაც თავზე ყავისფერი  ბერეტი ეხურა. შიომ ტახტისკენ მიუთითა მომსვლელებს და თვითონაც სავარძელში დაბრძანდა. მეც გამოვიწიე ჩემსკენ სკამი და დავჯექი.
-ბატონო შიო, თქვენმა რეპუტაციამ მაიძულა თქვენთან მოვსულიყავი. მეტად უცნაური ამბავი შეგვემთხვა. - დაიწყო მოსულმა. - ნება მომეცით გაგეცნოთ, მე გახლავართ კომპანია “არტდილერის” დამფუძნებელი გია ჩადუნელი და ეს ჩემი მეუღლეა გალია ჩადუნელი. შიომ თავი დაუკრა სტუმრებს, მეც იგივე გავაკეთე. - ბატონო შიო, გუშინ სახლში ქურდი შემოვიდა, ძალიან ძვირად ღირებული სეიფი მაქვს,ის გააღო რაღაცნაირად და ერთადერთი  ნივთი წაიღო, ფულიც მედო მაგრამ ხელი არ უხლია, ესაა რაც მაკვირვებს, სრულიად უსარგებლო ნივთია წაღებული, რომლის ფასი ათი ლარიც არ იქნება და ფულია დატოვებული.
რა ნივთია ესეთი? - დაინტერესდა შიო .
კუპატის ფიტული ბატონო შიო- უპასუხა გიამ. მე და შიომ ერთმანეთს გადავხედეთ. გიამ დაიჭირა ჩვენი მზერა და გააგრძელა - რა თქმა უნდა გაგიკვირდათ, ჯერ კუპატი რა არის, მერე მისი ფიტული, და მერე იმის შენახვა. მაგრამ ეს მეტად სენტიმენტალური მნიშვნელობის კუპატია ჩემთვის. ჩემმა აწ განსვენებულმა ძმაკაცმა სიკვდილის წინ გააკეთებინა ჩემთვის. ორივეს გვიყვარდა კუპატზე ქეიფი და მის მოსაგონრად დამიტოვა. სეიფში კიდევ იმიტომ ვინახავდი რომ სხვაგან სად უნდა დამედო, მაცივარში ხომ არ ჩავდებდი, ან ვიტრინაში, სადმე უჯრაში რომ ჩამედო რომელიმე მოსამსახურეს შემთხვევით შეიძლება გადაეგდო და ამიტომაც ჩავდე სეიფში. ვიღაცა კიდევ უჩუმრად ჯერ სახლში შემოიპარა, მერე უპრობლემოდ სეიფი გააღო და იქიდან მარტო კუპატი აიღო. ძალიან შეშფოთებული ვარ, უბრალო ადამიანის გაკეთებულს არ გავს, რაღაც სიგნალი მომცა ვიღაცამ, მაგრამ ვერ ვხდები რას უნდა ნიშნავდეს.
შიო წამოდგა, თავისი დოქიდან მაჭარი ჩამოისხა, ჭიქა ხელში დაიკავა და ჩაფიქრებული ფანჯარასთან მივიდა. უეცრად ქალბატონი გალია ფეხზე წამოიჭრა და შეშფოთებული სახით მეუღლეს მიმართა: - ვაიმე გია, მე მგონი მანქანა არ ჩამიკეტია, შიგნით ჩემი შოპინგის პარკები მიდევს. ჩადი რა ჩაკეტე,გეხვეწები, ბოდიში. გიამ გაბრაზებულმა გადახედა მეუღლეს, მერე გასაღები გამოართვა, ჩვენ მოგვიბოდიშა და გარეთ გავიდა. გიას გასვლიდან ორიოდე წამში გალია ჩვენ მოგვიახლოვდა დ ჩურჩულით დაიწყო: - ვაიმე, სულ ჩემი ბრალია ყველაფერი, მიშველეთ, ჩემს დასაშანტაჟებლად არის ყველაფერი გაკეთებული. მე მებრძვიან, გია არაფერ შუაშია. ძალიან ეჭვიანი კაცია ჩემი მეუღლე და ძალიან საშიში, შეიძლება მომკლას კიდევაც ისეთი სიტუაციაა. ძალიან გთხოვთ ეხლა აქედან რომ გავალთ თქვენც წამოგვყევით სახლში. თვითონ თათბირი აქვს ერთ საათში, ოფისიც ჩვენს სახლში აქვს მაგრამ გვერდზე ფლიგელში და მე მანამდე ყველაფერს იქ მოგიყვებით. ასი ათას ლარს მოგცემთ მე პირადად, ოღონდ ამ სიტუაციიდან გამომაძვრინეთ. ამ დროს კარიდორში გიას ფეხის ხმა გაისმა. გალია უცებ დაჯდა ტახტზე, შიო კი ფეხზე წამოდგა და გიას მიეგება.
- ბატონო შიო, თუ ამ საქმეს ხელს მოკიდებთ ასი ათას დოლარს ჰონორარს გადაგიხდით, აუცილებლად უნდა ვიპოვო ის თავხედი, ვინც ასე თავგასულად გაბედა ჩემს სახლში შემოსვლა. - თქვა გიამ
-ბატონო გია, პოლიციას შეატყობინეთ?
-რა თქმა უნდა, გამომძიებელი ხვადაგიანის ხელშია ეს საქმე.
მე და შიომ ერთმანეთს გადავხედეთ. ხვადაგიანს ჩვენ კარგად ვიცნობდით, ნიჭიერი გამომძიებელი იყო, ყველაფრის მცოდნე, მაგრამ შიოს ლოგიკაში და ინტუიციაში ძალიან ჩამორჩებოდა.
თანახმა ვარ, მოვკიდებ ხელს. მაგრამ გადადება არ გამოვა, ეხლავე უნდა წამოგყვეთ და დავათვალიეროთ თქვენი ბინა. - თქვა შიომ და გალიას გადახედა.
-კი ბატონო, წავედით, ახალგულის 17-ში ვცხოვრობთ. ჩვენი მანქანით ინებებთ თუ თქვენით წამოხვალთ?
-არა ჩვენით წამოვალთ.
  შიოს მანქანაში ჩავჯექით თუ არა, შიომ მაშინვე მთხოვა ინტერნეტში მომეძებნა ყველაფერი ჩადუნელების ოჯახის შესახებ. მე რაც ვნახე ის იყო რომ გია დიდი ინტერნეტ კომპანიის მფლობელი იყო, 20 წელი იყვნენ შეუღლებულები, ჰყავდათ ორი შვილი. დიღომში დიდი ნაკვეთი ჰქონდათ, სადაც აშენებული იყო როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე ოფისიც, საიდანაც მართავდა თავის კომპანიას გია ჩადუნელი. მოკლედ არაფერი საინტერესო. ჩადუნელების სახლისკენ მიმავალ გზაზე დიდ დიღომში მოგვიწია გავლა, სადაც ისეთი ქარი ქროდა რომ ჩვენს წინ ქარმა ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი მოხუცი დედაბერი პირდაპირ ქუჩაში გადმოათრია. შიო უბადლო მძღოლი იყო, მაგრამ მასაც გაუჭირდა დედაბერისთვის მანქანის არიდება.
  ნაკვეთში რომ მივედით გალავნის ჭიშკარი გაღებული დაგვხვდა. პირველივე შენობასთან ცოლ-ქმარი გარეთ გველოდნენ. შიომ მანქანიდან გადმოსვლისთანავე სახლის აივნებს დაუწყო თვალიერება. ბატონი გია სახლში შეგვიძღვა და მეორე სართულზე ავედით. შუა ოთახში ბუხრის წინ მაგიდაზე საშუალო ზომის სეიფი იდო. შიო ახლოს მივიდა და სეიფის კარებზე მიკრულ ქაღალდის ფურცელს დაუწყო თალიერება.
-ეს რა ციფრებია? - შეეკითხა იგი გიას.
- ეს სეიფის კოდია, ძნელი დასამახსოვრებელია და რომ არ  დამვიწყდოდა სეიფს მივაკარი.
-ერთი მხრივ ლოგიკურია, მაგრამ მეორეს მხრივ სხვამაც ხომ შეიძლება ისარგებლოს ამ კოდით?
-სხვა საიდან უნდა მიხვდეს რომ ეგ ციფრები სეიფის კოდია -გაუკვირდა გიას- ეს ციფრები შეიძლება ჩემი შვილის დაბადების დღე იყოს, შეიძლება კროსვორდის პასუხი.
- კროსვორდის პასუხები ციფებში არ გამოიხატება, თუმცა მართალი ხართ, რატომ უნდა ეფიქრა ვინმეს რომ სეიფის კოდი ზედ სეიფზე იქნებოდა მიკრული. - დაუდასტურა შიომ.
ამ დროს გიამ ბოდიში მოგვიადა, თათბირი მეწყება და ერთი საათით უნდა დაგტოვოთო. როგორც კი გალიამ მარტო მოგვიხელთა, მაშინვე დაგვიწყო კუპატის ფიტულის უცნაური ისტორიის მოყოლა. თურმე გალია და გიას აწგანსვენებული მეგობარი, კახა გვაზავა საყვარლები ყოფილნან. კახას ცოდნია რომ რამოდენიმე თვის სიცოცხლე ქონდა დარჩენილი და გალიასთან სასიყვარულო ისტორიები ვიდეოზე გადაუღია. ეს ვიდეოები ფლეშკაზე აუტვირთავს და კუპატის ფიტულში ჩაუმალავს. სიკვდილის შემდეგ ეს ფიტული გალიასთვის უნდა გადეცათ, ყუთში რომელშიც ფიტული იდო ჩადუნელი ეწერა.  გალიას ეს ყველაფერი ცოდნია და ვარაუდობდა რომ კახას სიკვდილის შემდეგ როდესაც ფიტული მის ხელში აღმოჩნდებოდა, ის გაანადურებდა ფლეშკას. მაგრამ კახა გვაზავა მოულოდნელად ავარიაში გარაიცვალა. როდესაც მის ქონებას ანაწილებდნენ და კუპატის ფიტულის განაწილებაზე მიდგა საქმე, რადგანაც მას ჩადუნელი ეწერა, ყველამ იფიქრა რომ ის გია ჩადუნელს, როგორც უახლოეს ძმაკაცს ეკუთვნოდა, და არა გალიას. ასე მოხვდა კუპატის ფიტული ჩადუნელების სეიფში. როდესაც შიო გალიას მონათხრობს უსმენდა, მისი სახის გამომეტყელებაზე მაშინვე შევატყე რომ მისთვის ფინალი ადვილი მისახვედრი იყო.
-ქალბატონო გალია, თქვენი სასიყვარულო ისტორიები თქვენ ორის გარდა სხვა ვინმემაც ხომ არ იცოდა? - შეეკითხა გალიას შიო
-არა, არავინ. მარტო ჩვენ ორმა და ეხლა თქვენ ორმაც იცით. - გადმოგვხედა გალიამ ორივეს.
-კარგად დაფიქრდით, ეს მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია ჩვენი საქმისთვის.
  გალიამ ჭერს მიაპყრო თვალები და ცოტა ხნის მერე ძალან ჩუმად ამოღერღა - კი, კახას კლასელებმა იცოდნენ.
-მეტი არავინ? -ჩააცივდა შიო
- არა, მეტი არავინ… ნუ შეიძლება, ალბათ კახას თანამშრომლებმა და მეზობლებმაც.
-ისეთმა ვინმე ხომ არ იცოდა, ვინც კახას ოჯახსაც იცნობდა და თქვენს ოჯახსაც?
  გალიამ ცოტა ხნის მერე გაიხსენა - მე მგონი კიდევ სამა კაცმაც იცოდა, ხელოსნები იყვნენ ელიავადან.
-რატომ ხართ ესე დარწმუნებული?
-იმიტომ რომ ერთხელ სამზარეულოში სექსის დროს შემოგვისწრეს და ალბათ მიხვდებოდნენ.
შიო ცოტა ხნით გაიყურსა. შევატყე რომ მისი ტვინი გამალებით მუშაობდა, გალიას მიერ მოწოდებული ინფორმაცა მის ტვინში იფილტრებოდა და ფაილებათ ეწყობოდა.
-ამ ხელოსნების სახელი და გვარი, დაბადების წლები და მისამართები ხომ არ იცით ბატონო გალია?
-მე ბატონი არა ვარ, ქალბატონი ვარ- ნაწყენი ხმით უპასუხა გალიამ
-უკაცრავად, ქალბატონი გალია, ეს ინფორმაცია საქმეს წინ გასწევდა.
-სამწუხაროდ არ ვიცი, მარტო ზედმეტსახელები მახსოვს, “ქემელა”, “მალბორო” და “პარლამენტა”.
შიომ აიპადში რაღაცეები ჩაწერა და ფანჯარასთან მივიდა. შემდეგ ისევ გალიას მიუტრიალდა - ჩემი ტელეფონი იცით ქალბატონო გალია, ჩვენც რაიმე სიახლე თუ იქნა შეგატყობინებთ.
  მანქანაში ჩაჯდომისთანავე შიომ აიპადი გახსნა და რაღაცას დაუწყო ძებნა. შემდეგ მე მომიტრიალდა - ზემელზე წადი, ძველი მონეტების მაღაზია რომ არის
-მაგ მაღაზიაში რა გვინდა? - გამიკვირდა მე.
- აბა ეს საქმე ძალიან ძნელი საქმე ჩანს, ტყუილად მოვკიდე ხელი - სინანულით წარმოთქმა შიომ. - მაგას ჯობია ნუმიზმატებში გავიაროთ, ძალიან მაინტერესებს თუ აქვთ ძველი აბაშის სამთავროს ვერცხლის მონეტები. არაფერი არ არის იმაზე მეტად დაუჯერებელი, ვიდრე ყველაზე დაუჯერებელი ფაქტები. ფაქტები კი იმას გვეუბნებიან რომ ძველ აბაშაში ცხოვრება ჩქეფდა და შესაბამისად ბევრი აბაშური ვერცხლი იქნა ბრუნვაში გაშვებული. შიო ისე გადაერთო ნუმიზმატურ ამბებში რომ უცხო ვინმე იფიქრებდა კუპატის ამბები არც ახსოვდა, თუმცა მე ხომ ვიცოდი რომ მისი ტვინის ერთი ნახევარსფერო რომ ნუმიზმატიკაზე ფიქრობდა, მეორე ნახევარსფერო ამ დროს მთლიანად კუპატის საქმით იყო დაკავებული.
  სახლში რომ მივედით შიომ მაგიდაზე დაყარა ახალი ნაყიდი აბაშური მონეტები და ლუპით დაუწყო თვალიერება.
-ჯიმი, ნახე რა საინტერესო მონეტაა, მე მგონი ქსენია ფარფალიაა გამოსახული- ლუპა მომაწოდა შიომ. მე დაღლილობა მოვიმიზეზე და ლუპა არ გამოვართვი.
  მეორე დღის შუადღე გადაცილებული იყო როდესაც ბატონმა გიამ დარეკა, სასწრაფოდ ჩვენთან მოდითო. შიომ თავის აიპადს დასტაცა ხელი და დიდი დიღმისკენ გავწიეთ. როდესაც გიას სახლს მივაღწიეთ შევამჩნიეთ რომ სახლთან ხალხი იყო შეჯგუფული.
-აქ თუ რაიმე უბედურება მოხდა ჩემ თავს ვერ ვაპატიებ.- მითხრა შიომ. მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოვასწარით რომ უკან ბატონი გია ჩაგვიჯდა. ძალიან ანერვიულებული იყო ეტყობოდა, თვალები ბუდიდან ამოვარდნას ლამობდნენ, ცხვირის ნესტოები თვითმფრინავის ტურბინებივით გაფართოებოდა. -არ ვიცი რითი დავიწყო - დაიწყო შიომ, მაგრამ ეტყობოდა რომ არ იცოდა რითი დაეწყო.
-სულ თავიდან დაიწყეთ, როდესაც სტამბიდან დაბრუნდით. - უთხრა შიომ.
- თქვენ რა იცით რომ სტამბაში ვიყავი? - გაუკვირდა ბატონ გიას.
-ხელები სულ სტამბის საღებავით გაქვთ ამოთხვრილი, თუმცა ეს არაა ეხლა მნიშვნელოვანი. მაშ რა მოხდა როდესაც სტამბიდან დაბრუნდით?
-სტამბიდან რომ დავბრუნდი, ჩვეულებისამებრ ავოკადოს და მჭადის სენდვიჩი მივირთვი, შემდეგ აივანზე გავედი და დავინახე რომ ვიღაცამ ჩვენი ეზო გადაჭრა და ღობეზე დაიწყო გადაცოცება. აქედან დავუყვირე არ გაინძრე თორემ გესვრი მეთქი, მან არც მომისმინა და ღობის თავზე მოექცა. მეც სხვა რა დამრჩენოდა და ყვავილების ქოთანი ვესროლე, თუმცა მან ღობემდე ვერც მიაღწია. ის კაცი კი ამასობაში ღობიდან გადახტა, მაგრამ ღობესთან მაწვნის გამყიდველი ქალბატონები იდგნენ და ზედ მათ დაახტა. გამყიდვლებმა ატეხეს გნიასი და მისი შეჩერება სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ და ისიც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
-საით გაიქცა, ხომ ვერ დამიკონკრეტებთ? -შეაწყვეტინა შიომ.
-იქით, მცხეთისკენ-ხელი გაიშვირა ბატონმა გიამ. შიომ რაღაც ჩაიწერა აიპადში და ხელით ანიშნა გააგრძელეო.
-შემდეგ ქვევით ჩავირბინე და კარებთან დადებული ყუთი შენიშნე, წითელი ზონრით შეკრული. ვიფიქრე ბომბა არ იყოს მეთქი და გამნაღველებს დავურეკე. სანამ ისინი მოვიდოდნენ გულმა არ მომითმინა და ყუთი მაინც გავხსენი, მაგრამ ის ამაზონის მიერ გამოგზავნილი ამანათი ყოფილა, ჩემი მეუღლის მიერ შეკვეთილი მანქანის სამუხრუჭე ხუნდები იყო. დავფიქრდი, ის კაცი რომ ამაზონის კურიერი ყოფილიყო ღობიდან რატომ გადახტებოდა,ცენტრალური ჭიშკრიდან გავიდოდა ჩვეულებრივად. ამიტომ ირგვლივ მიმოვიხედე, სხვა რამე ხომ არ მოიტანა მეთქი და მართლაც დავინახე ეს სხვა რამე. აბა თუ მიხვდებით რა ვიპოვე ბატონო შიო?- გაბრწყინებული თვალებით გადახედა შიოს ბატონმა გიამ.
-ვიცი რაც იპოვეთ, კუპატი იყო ქაღალდში შეხვეული-უპასუხა შიომ.
-მართალია, კუპატი იყო, ოღონდ ნამდვილი, მეგრული კუპატი. თქვენ როგორ მიხვდით?-გაკვირვებული თვალებით შეხედა გიამ შიოს.
-რომ შემოვედით ჟურნალების მაგიდაზე დადებული კუპატი შევნიშნე, კარადის თავზე კი დაკუჭული ქაღალდი.
-საოცარი კაცი ხართ თქვენ შიო, -აღფრთოვანება ვერ დამალა ბატონმა გიამ.
-რაიმე ხომ არ ეწერა იმ ქაღალდზე, ხომ არ შეგიმოწმებიათ?-ქაღალდისკენ გაიწია შიომ
-მართალი გითხრათ არ დამიხედია ქაღალდისკენ, მოიცათ ერთი შევამოწმო-ბატონმა გიამ კარადიდანან ქაღალდი ჩამოიღო და გაშალა. - მართალი ხართ ბატონო შიო, ვიღაცა ბოდიშს მიხდის. მან ქაღალდი მოაბრუნა და ნაწერი დაგვანახა “გიბრუნებთ თქვენს კუპატს, დიდი ბოდიში, შემთხვევით გამყვა”
-რა ვქნათ ბატონო შიო? მაგის კუპატი რად მინდა ჯერ ერთი და მერე მეორე მაინც უნდა გავარკვიოთ სეიფიდან როგორ მომპარეს, არ შეწყვიტოთ გამოძიება, გააგრძელეთ.- მოუბრუნდა შიოს.
-ჩავალ მაშინ მაწვნის გამყიდველ ქალბატონებს გავესაუბრები-თქვა შიომ და ქვევით გავწიეთ.
ღობესთან ორი ქალბატონი მაწონს ყიდიდდა. იქვე ახლოს წარმოსადეგი ახალგზრდა მზესუმზირას ყიდდა. შიო ახლოს მივიდა და მათ ჰკითხა ღობიდან გადმომხტარის სახე ხომ არ დაგინახიათო. ქალებს არ დაენახათ, მაგრამ მზეუმზირის გამყიდველმა ყმაწვილმა მოგვცა საინტერესო ინფორმაცია. სახე მასაც არ შეუმჩნევია მაგრამ სირბილის მანერა ჰქონია უცნაური, ხელებს იქნებდაო სირბილის დროს სასაცილოდ. -იცით ვის გავდა სირბილის მანერით, მორბენალი რომ იყო ესპანელი, “ლოკოფასტი”, ოლიმპიური ჩემპიონი, იმისავით იქნევდა ხელებს- გვითხრა მზესუმზირას გამყიდველმა ყმაწვილმა. ჩვენ მეტი ვერაფერი გავარკვიეთ და მანქანაში ჩავჯექით.
-ამ მორბენალმა კაცმა სულ აბურდა ეს საქმე თუ ხვდები, მოდი ისევ ზემელზე წავიდეთ, ერთი აბაშური მონეტაც უნდა ვიყიდო, გუშინ თავი შევიკავე, მეძვირა. მაგრამ დღეს რომ დავფიქრდი მაგ მონეტის გარეშე ჩემი კოლექცია არ იქნება იმდენად მიმზიდველი. მეც რა მექნა და ზემელისკენ გავწიე.
  მეორე დილას 7 საათი არ იქნებოდა როდესაც შიოს ხმა გავიგე, მე მეძახდა-ჯიმი გაიღვიძე, ელიავაზე უნდა წავიდეთ, რა სულელი ვარ, ამდენი ხანი როგორ ვერ მივხვდი, მაგრამ არა უშავს, არც ეხლაა გვიან. -აღგზნებული თვალებით მომაყარა უცებ. მე წამოვდექი და ყავის გაკეთება დავაპირე, მაგრამ მან ძალით გამომაგდო გარეთ და მანქანაში შემაგდო. -რა ხდება, რა ამბავია? -გაბრაზებულმა დავქოქე მანქანა.
-მეგრული იცი?-მოულოდნელად შემეკითხა შიო.
-არა საიდან უნდა ვიცოდე?-ვუპასუხე მე
-ინგლისური, ესპანური?
-ცოტათი ინგლისური ვიცი.
-ეს სამივე ენა რომ ვიცი, იმიტომაც მივდივართ ეხლა ელიავაზე-ნიშნის მოგებით გადმომხედა შიომ.
-ვერ გავიგე?- მართლა ვერ გავიგე რას მეუბნებოდა.
-მომისმინე ყურადღებით,გახსოვს მზესუმზირას გამყიდველმა ვის შეადარა ჩვენი ეჭვმიტანილი? ესპანელ მორბენალ ლოკოფასტს. “ლოკო” ესპანურად ნიშნავს სულელს, ფასტი კი ინგლისურად ჩქარს. ეხლა ხომ მიხვდი?
-ვერა შიო, ვერ მივხვდი, მაინც ვერ გავიგე- შევწუხდი მე.
-კარგი, სულელი მეგრულად როგორაა? თუმცა ხომ მითხარი არ ვიცი მეგრულიო-თავის თავს უპასუხა შიომ.-მოკლედ სულელი მეგრულად არის “ბორო”- გახარებული თვალებით წარმოთქმა მან. მე მაინც ვერ გავიგე. -კაცო, “ბორო” სულელია, მოჩქარე სულელი კი როგორ იქნება? მართალია, მალე ბორო, ანუ “მალ-ბორო”-კვლავ თავის თავს უპასუხა შიომ. -ეხლა წავიდეთ და ელიავაზე სანტექნიკი “მალბორო” მოვძებნოთ. ეხლა კი მივხვდი რაშიც იყო საქმე. მართლაც უნიკალური ნიჭის პატრონი იყო შიო. პასუხი უმარტივესი იყო, მაგრამ მიგნება ხომ უნდოდა პასუხს. ის რაც ჩემთვის ცხრაკლიტულს მიღმა იყო, მისთვის ცხვირწინ იდო.
ელიავას ბაზრობაზე “მალბოროს” მალე მივაგენით. შიო მიესალმა თავისი ვითომ პრობლემა მოუყვა - “მალბორო” ძმაო, შენთან დათომ გამომაგზავნა, საბურთალოზე რომ ცხოვრობს, ხომ იცნობ?
-რომელი დათო? - გაიკვირვა “მალბორომ”
-არა აქვს მნიშვნელობა, მოკლედ ონკანი წყალს უშვებს და საჩქაროდაა შესაკეთებელი, ხომ გაგვიკეთებ?
-წავიდეთ, რა პრობლემაა. -უპასუხა “მალბორომ” და თავის ხელსაწყოებიან ჩანთას მოკიდა ხელი. მაქანაში ჯდომისას არცერთს არ ამოგვიღია ხმა, მიუხედავად იმისა რომ უამრავი შეკითხვა მქონდა “მალბოროსთან”, შიოს არ გადავახტი თავზე და ხმა არ ამოვიღე.სახლში რომ მივედით პირდაპირ სამზარეულოსკენ გავწიეთ. “მალბორომ” ჩანთა იატაკზე დადო და იარაღებში დაიწყო ფათური. შიომ ამასობაში მაცივარი გამოაღო, იქიდან კუპატი გამოიღო და ტაფაზე დააგდო. “მალბორომ” საჭირო იარაღი ამოიღო და ონკანისკენ მიბრუნდა.
-“მალბორო” ესპანურად როგორ იქნება ხომ არ იცი? - შემპარავად დაუსვა შეკითხვა შიომ. “მალბორო” ჩვენსკენ შემობრუნდა და უპასუხა -“მალბორო” ესპანურადაც “ მალბოროა”- პასუხი დაამთავრა და ყურადღება შიოსგან ონკანისკენ გადაიტანა, რომელიც წყალს სრულიად არ აპარებდა, მერე ტაფაზე აშიშხინებულ კუპატს დახედა და ყველაფერს მიხვდა. - თქვენ ისა ხართ ხომ? მეთქი საიდან მეცნობა ეს კაცი? - ჩაილაპარაკა “მალბორომ” და სკამზე ჩამოჯდა.
- შენი ბედი ეხლა შენსავე გულწრფელობაზეა დამოკიდებული.- დაიწყო შიომ- თუ გულახდილად გვეტყვი რა იყო და რატომ იყო შეიძლება პოლიციას არც ვაცნობოთ.
-ოღონდაც პოლიციას არ შეატყობინოთ და ყველაფერს გულწრფელად ვაღიარებ-დაიწყო მალბორომ - ერთი ქალი მყავს, მარტო ცხოვრობს და ავდივარ ხოლმე მაგასთან შაბათობით. წინა შაბათსაც რომ ავედი რაღაცაზე წავკამათდით და ხელი გავარტყი. არ მინდოდა, დედა მომიკვდეს, ძალით არ მინდოდა და თვალი ჩაულურჯდა. მიჩივლა ხომ?
მე და შიომ ერთმანეთს გადავხედეთ. - არა კაცო, მაგაზე არ გეუბნებით, კუპატი რომ მოიპარე და მერე სხვა კუპატი რომ დააბრუნე გუშინწინ, არ გახსოვს?-გაკვირვებულმა დაუსვა შეკითხვა შიომ.
-ააა, კუპატზე მეუბნებით -შვებით ამოისუნთქა მალბორომ - ეგ ხომ დავუბრუნე კაცო?
-ეგ არ დაგიბრუნებია ჯერ ერთი, სხვა დაუბრუნე. და მეორე უნდა გვითხრა ეხლა ვინ დაგავალა კუპატის მოპარვა და სად არის ეხლა ის კუპატი?-მკაცრად მიმართა შიომ.
- კი მაგრამ იმ დამპალი კუპატის ნაცვლად ახალი მეგრული კუპატი დავუბრუნე და რა უნდათ მეტი? - გაუკვირდა მალბოროს.
  შიო გამომცდელი თვალებით მიაშტერდა მალბოროს, მაგრამ ის არ შეეპუა და გააგრძელა -არავის არ დაუვალებია კაცო, იმ ოთახშიც სეიფის გადაადგილება მთხოვა გიამ და რომ ვმუშაობდი შევამჩნიე რაღაც რიცხვებიანი ფურცელი რომ იყო მიკრული სეიფზე. მეთქი შიფრი ხომ არ არის თქო და შევამოწმე. მართლა შიფრი არ გამოდგა, იმ სირს სეიფის კარებზე ქონდა შიფრი მიკრული. კარები რომ გაიღო ფული დავინახე მაგრამ რელიგიური კაცი ვარ და სხვის ფულს ხელი არ მოვკიდე. კუპატი კი იმიტომ ავიღე რომ იმ სირისთვის მენიშნებინა სეიფის შიფრის კარებზე მიკვრა რა სისულელეცაა.-  დაამთავრა მოყოლა მალბორომ.
-კუპატი რა უყავი მერე?
-რა კუპატი, პლასტმასის ფიტული იყო ცელოფანში გახვეული. იქვე გადავაგდე კორპუსებთან.
შიო ფეხზე წამოდგა და მალბოროს მკაცრად მიმართა - ადგები ახლა და მიგვიყვან იმ კორპუსებთან, ვაი შენი ბრალი თუ იქ არ დაგვხდა ის კუპატი. მართლაც ავდექით და მითითებულ კორპუსებისკენ გავწიეთ. მალბოროს ბედზე კუპატი მართლაც იქვე ეგდო. შიომ კუპატი ფრთხილად აიღო და მანქანის კაპოტზე დადო. მერე ჯიბიდან შვეიცარიული დანა ამოიღო და კუპატს დინჯად დაუწყო გახსნა. ცოტა ხანში ფლეშკასაც მიაგნო, კარგად გაწმინდა და ჯიბეში ჩაიდო.მალბორო გაოცებული შესცქეოდა შიოს და ფლეშკა რომ დაინახა ენა ჩამოუვარდა-ეს რა ფლეშკაა?-მიმართა გაკვირვებულმა შიოს.
-არაა შენი საქმე. წადი ეხლა აქედან, დაიკარგე და მადლობა თქვი რომ პოლიციას არ გადავეცით შენი თავი.-უთხრა შიომ
-მადლობა, მადლობა-უთხრა თავის დაკვრით მალბორომ და დაამატა-ჩემი ტელეფონი ჩაიწერეთ მაინც, ვინიცობაა ონკანმა გაუშვას ან რამე. შიომ გაბრაზებულმა ახედა, მაგრამ მერე მოლბა და ნომერი ჩაიწერა.
-ჩვენ ეხლა სახლში წავიდეთ და ვნახოთ რა არი ფლეშკაზე ჩაწერილი -მომიბრუნდა შიო- რამე სხვა არ იყოს, არ შევრცხვეთ. მე დავეთანხმე რა თქმა უნდა. სახლში რომ მივედით კომპიუტერი დიდ ეკრანზე შევაერთეთ ფლეშკა ჩავრთეთ. მასზე მართლაც მხოლოდ გალიას და გიას ძმაკაცის სექსუალური ურთიერთობები იყო გადაღებული სხვადასხვა ოთახებში, ზოგი აბაზანაში და ზოგიც სამზარეულოში. როდესაც ვიდეო დამთავრდა შიომ ხელმეორედ ჩართო, რამე ხომ არ გამოგვრჩაო.თან გადაწერა კიდევაც, არქივში გვედოს, რა იცი რა ხდებო. ფლეშკის ყურებით იმდენად დავიძაბეთ რომ თვალები ჩაგვიწითლდა ორივეს. უკვე საღამო იყო, მაგრამ ბატონ გიასთან წასვლა მეორე დღისათვის არ გადავდოთო და ჩვენც კარგ ხასიათე წავედით გიასთან. გიას სახლათან დაცვა  უკვე ძაღლებით იდგა ჯიშკართან. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველგვარი ფორმალობის გარეშე შეგვიშვეს. გია და გალია ერთდროულად გამოგვეგებნენ. მე წინდაწინ ესემესი გავუგზავნე ორივეს რომ კარგი ამბით მვდივართო, ამიტომ ორივეს გახარებული სახეები ჰქონდათ. შიო მაგიდას მიუჯდა, დიპლომატი მაგიდის შუაში დადო და საზეიმო სახით გახსნა. დიპლომატში მხოლოდ ორი რამე იდო: კუპატს ფიტული და ფლეშკა. შიომ ერთ ხელში კუპატი დაიჭირა, მეორე ხელში კი ფლეშკა. ამის შემხედვარე გალია უეცრად დაბარბაცდა და სკამს დაეყრდნო. შიო არ დაიბნა და ვითომ ფლეშკა უნებლიედ ამომყვაო და უკანა ჯიბეში ჩაიცურა. გია თითქოს თვალებს არ უჯერებდაო ისე მისჩერებოდა კუპატს. შიომ საზეიმოდ მიაწოდა კუპატი გიას და გალიას  გადახედა, რომელიც შიოს უკანა ჯიბეს მისჩერებოდა.
-აი თქვენი კუპატის ფიტული, საღ-სალამათს გიბრუნებთ.-გაბრწყინებული სახით იმართა შიომ გიას.
-ვაიმე ნამდვილად არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი ჩემს კუპატს, ეხლა ნამდვილად დავიჯერე რომ თქვენზე ჭკვიანი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არ მოიძებნება. - გიამაც გაბრწყინებული სახით უპასუხა-ის ვიგინდარა ვინ იყო, ვინც ჩემი კუპატი მოიპარა?
-სამწუხაროდ ვერ გეტყვით მის სახელს, მაგრამ პირობას გაძლევთ რომ ის სათოფეზეც არ მოგეპარებათ.-შეპირდა შიო
-რადგან ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაშინ ნება მიბოძეთ რომ ეზოში პატარა სუფრაზე დაგპატიჟოთ, თან შეპირებულ თანხას გამოგიტანთ-გახარებულმა წარმოთქვა გიამ- გალია ძვირფასო, თუ შეიძლება ათიოდე წუთში ქვევით ჩამოიყვანე სტუმრები, მე ჩავალ სუფრას გავაშლევინებ-მიმართა მეუღლეს.
გალიამ მარტო რომ დაგვიგულა, ახლოს მოიწია და ხელი გამოგვიშვირა. შიომ ჯიბიდან ფლეშკა ამოიღო და გალიას ხელში ჩაუდო.
-ვინმე ხომ არ დამიწყებს ფულის გამოწოვას ამ ფლეშკის გამო ბატონო შიო?
-არა, არც უნახია არავის, მარტო ჩვენ ვნახეთ-მიუგო შიომ.
-ანუ ამას უყურეთ?...ორივემ?- მე გადმომხედა გალიამ.
-რა თქმა უნდა, ხომ უნდა დავრწმუნებულიყავით რომ ის ფლეშკა იყო?
-რა თქმა უნდა ბატონო შიო,მართალი ხართ-მორცხვად გაწითლდა გალია-თქვენს ჰონორარს ხვალ გამოგიტანთ ოფისში თუ შეიძლება, ეხლა უჩუმრად გადმოცემა გამიჭირდება.
-არ არის პრობლემა-უპასუხა შიომ და ქვევით ჩავედით.
  ბატონ გიასთან ორიოდე საათი დავრჩით და მერე სახლში წამოვედით. დაღლილი ვიყავი და სახლში რომ შევედით პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი დასაძინებლად. ღამით წყურვილის გრძნობამ გამომაღვიძა. სამზარეულოში რომ გავდიოდი აივანზე შიო დავინახე ყურსასმენებგარჭობილი კომპიუტერს უყურებდა. აივანზე რომ გავედი დამინახა თუ არა მაშინვე დახურა კომპიუტერი, მაგრამ მერე ისევ გააღო და ჩემსკენ მოატრიალა. ეკრანზე გალიას და მისი საყვარლის სექსის მომენტი იყო დაპაუზებული.
-რა არის იცი, წვრილმანებშია ეშმაკი ჩაბუდებული და ვიფიქრე რამე არ გამომრჩეს და ახლიდან ვუყურე ამ ფლეშკას-რაღაცნაირად მობიდიშებით მითხრა შიომ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები