ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მფრინავი ჰოლანდიელი
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2022


ბიძაჩემი ჟორჟი

             
          პროლოგი

    "ძია ჩარლი მეუბნებოდა, მთელი კაცური მეცნიერება რამდენიმე მარტივი ნაწილისგან შედგებაო: უნდა მყოლოდა მანქანა, მცოდნოდა საბურავის შეცვლა, ფული არ შემენახა გულის ჯიბეში, როგორც ამას ლუდით გამომთვრალი ბრედლი აკეთებდა. დამელია იმდენი, რამდენის დალევის ტრაკიც მექნებოდა, დამეყოლებინა მშვიდი ხასიათი სიმთვრალეში და არ დავმსგავსებოდი  ბარის კუთხეში, გაზავებული ვისკით  გამტყვრალ ვიგინდარებს, ყველა  წარუმატებლობაში იესოს რომ ადანაშაულებდნენ. თუ დალევის თავი არ მექნებოდა, საერთოდ არ დამელია. თავაზიანად მოვქცეოდი გოგონებს, ყველას, ნაცნობს თუ უცნობს, კარი ღიად დამეჭირა მათთვის შენობაში და დამეთმო გზა. მუდმივად მქონოდა გადანახული საფულეში დანაზოგი, იმდენი, რამდენის საშუალებაც მექნებოდა, მეზრუნა დედაზე და არასოდეს, არასოდეს დამეტყა ქალისთვის, თუნდაც წვეტიანი მაკრატლით დავეჭერი. აი, სულ ეს იყო მთელი კაცური მეცნიერება" - ამ მონოლოგით იწყება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი "the tender bar".  ყოველთვის მინდოდა ძია ჩარლისნაირი ბიძა მყოლოდა, მაგრამ ბიძაჩემი უკუღმა ძია ჩარლი იყო.
        ბიძაჩემი გიორგი, იგივე ჟორჟი (დედაჩემის ძმა) ისევე, როგორც ყველა, მოკლედ... დაიბადა. როგორ იზრდებოდა არ ვიცი - მე რომ დავიბადე, ის უკვე ზრდასრული მამაკაცი იყო (ფიზიკურად, ყოველ შემთხვევაში) და ცოტა არ იყოს, სიმპათიურიც. მისი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდზეც ბევრი არაფერი ვიცი, ვინაიდან ვისაც ამ ამბების გახსენება შეეძლო (ბებიაჩემი), სულ იმას გაიძახდა, "მაგისი გაჩენის დღე მოისპოსო". გონებას რომ ძალიან ვძაბავ, მახსენდება ახალგაზრდა, შავგვრემანი, ლურჯ ჯინსებში გამოწყობილი კაცი, რომელმაც საჩუქრად ყვითელი მფრინავი თეფში მომიტანა (ისიც მახსოვს, ამ მფრინავ თეფშს პოლუსებზე დიდი, წითელი ვარსკვლავები ჰქონდა, ნამგლით და უროთი. სათამაშოზე კომუნისტური სიმბოლოების არსებობის მთელ სიღრმე მხოლოდ სკოლის დამთავრებისას გავაცნობიერე. იმასაც გვიან მივხვდი, რატომ ილანძღებოდა ხოლმე პაპაჩემი ნამგლის და უროს დანახვისას, "მოვს**ან პარტიაო"). მამამ მითხრა, ეს კაცი ბიძაშენიაო. რატომღაც მეგონა, მამაჩემს რაღაც სერიოზულად ეშლებოდა, ვინაიდან ბიძაჩემი სტუმარს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბიძაჩემს. 2-3 წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა სოფელში და ყოველთვის ჯერ სსრკ-ს, შემდგომში კი დსთ-ს სხვადასხვა რესპუბლიკიდან. როცა ეს მოგზაური ადამიანი ორი თვით გაჩერდა სახლში და ბიძაჩემად აღვიქვი, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ბანაობა. თვითონ ასე თქვა ყოველ შემთხვევაში და თანაც, საკმაოდ დამაჯერებლად. არაყს ხდიდა სახლის უკანა ეზოში, ვაშლის ხის ქვეშ. სამფეხა სკამზე იჯდა, ზედადგარის ფეხებს შორის მოშიშინე კუნძს მიშტერებული. იგი გახლავთ ადამიანი, რომელიც ბვშვების იძულებით შრომას არათუ კანონიერად, აუცილებლადაც თვლის. შესაბამისად, ის ჩრდილში იჯდა, ხოლო მე - მისი უსაქმური და ცერცეტა აზრებით თავგასიებული დისწული - პატარა ცოცხით ვურევდი საარყე ვარცლს. ხანდახან რიხიანად გამომძახებდა ხოლმე, უფრო შუსტრათა ქენი, აორთქლდა არაყიო. კაი ხანს უყურა იმ კუნძს. მერე უცებ ფეხზე წამოდგა, ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა და მამაშენს დაუძახეო, მითხრა. წამოვედი ბებიაჩემის სახლიდან ჩვენსას და მამაჩემს დანაბარები გადავეცი. ქვაბთან რომ მივედით, მამაჩემს ეუბნება, ეხლა მე აბანოში უნდა წავიდე გორშიო. შენ ქვაბს მიმიქციე ყურადღება და უცებ ამოვბრუნდებიო. თანაც, კაი სამწვადეს წამოვაყოლებ და აქვე სუფრა გავშალოთ, ჩრდილშიო. მამაჩემმა არყის ხდა განაგრძო, ხოლო ბიძაჩემი საბანაოდ წავიდა და ორი წელი აღარ გამოჩენილა. წელიწადი ისე გავიდა, არც გრძედი ვიცოდით, არც განედი. მეორე წელს ვიღაც მისნაირმა მარკო პოლომ თქვა, ხარკოვში ვნახე სამი თვის წინ, ცოლთან ერთადო. ბიცოლაჩემი პიატიგორსკელი ოსი იყო. ხარკოვში არასოდეს ყოფილა. არც ქართული ესმოდა მანცდამაინც აკადემიურად და აღშფოთებულმა აღნიშნა, "ეგ ხო არ აფრენს, ხარკოვში რა ჩანთაბა ძელაიუ, კოგდა ია ტუტ ტაშჩუსო".
      ორი წლის შემდეგ, ივანობას მოვიდა სახლში ქრისტეფორე-გიორგი. ივანობა, 7 ივლისი, დღეობაა ჩვენს სოფელში და ბებიაჩემის უზარმაზარი სახლიც სტუმრებს ვერ იტევდა. სწორედ ამ დროს შემოეხეტა სახლში. ატყდა ერთი ალიაქოთი. ყველა გახარებული ეხვეოდა. მარტო ბიცოლაჩემი ყრიდა ცოფებს. იმ დღის მერე ოსური ენა ლანძღვასთან ასოცირდება ჩემთვის. დილიდანვე გამოთვრა ხალხი. ვერტიკალური კუბოსავით ფიცრული ტუალეტი იდგა ეზოს ბოლოში. იმ დღეობა დღეს ბიძაჩემი როგორ შევიდა იმ ტუალეტში არ დამინახავს, მაგრამ როგორ გამოიყვანეს, ცხოვრებაში არ დამავიწყდება. შესულა ტუალეტში, ჩაუწევია შარვალი და ამ დროს, როგორც ბიცოლაჩემი ამბობდა ხოლმე, ვიღაც ოდესელი ევრეიკა-ჩათლაშკების ნაჩუქარი ოქროს "ბრასლეტი" ჩავარდნია ორმოში. ბიძაჩემი იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნება, ფიქრი რომ უყვართ. ბევრი არც იქ უფიქრია, გაუწევია სატერფული ფიცრები და ჩამხტარა ორმოში. "ბრასლეტი" კი ისევ გაუკეთებია ხელზე, მარა ამოსვლა ვეღარ მოუხერხებია. საქმეს ართულებდა 2 გარემოება: ტუალეტის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, ხოლო ვისაც კარი დაკეტილი ხვდებოდა, უკანა ეზოში ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ ვაშლის, თხილის და შინდის ბუჩქებში იოლად პოულობდა შვებას. კალია-ხვლიკების მოშიშ ქალთა რიგი რომ დადგა ტუალეტთან, მაშინ მოჰკრა ყური ვიღაცამ ბიძაჩემის განწირულ ყვირილს... მერე მახსოვს ყავისფერი ბიძაჩემი, რომელსაც სახლის წინ, არხში ვედროებით ასხამდნენ ქაფიან წყალს და მანქანის გრძელტარიანი ჯაგრისებით რეცხავდნენ.
****
ნაწილი I - ტუალეტის ფენომენი
.
ამ ვერტიკალურ კუბოს თავისი ძირითადი დანიშნულების გარდა კიდევ რამდენიმე, ფრიად მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა ბატონი ბიძაჩემისთვის. მაგალითად, ის იყო ბიბლიოთეკა, ბებოს აგრონომიული დავალებებისგან თავის დასაღწევი სივრცე, მოსაწევი ოთახი, საინფორმაციო პრესის ჯიხური და ხანდახან საგანმანათლებლო ცენტრიც, ე.წ. "უბორნიის აკადემია", როგორც თავად იტყოდა ხოლმე. ამ აკადემიის კედლების ფიცრებში, მარცხნივ და მარჯვნივ უზარმაზარი ლურსმნები იყო ჩარჭობილი, ზედ სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებ და წიგნებ ჩამოცმული.  წიგნები მოსახევი კალენდრებივით ეკიდა.  მოხეული ფურცლები ბიძიას მიერ ჯერ გულდასმით იკითხებოდა და მერე როგორ გამოიყენებოდა, ალბათ ნათელია. წიგნებს შორის ყოველთვის დიდი კონტრასტი იყო. მაგალითად, გვერდისგვერდ ეკიდა პოგორელოვის "გეომეტრია", "მეგრე და მუსიე შარლი", მარკუს ავრელიუსის "აზრები", "საოჯახო მედიცინა", "პოლიტიკური ანეკდოტების კრებული" და ა.შ. მამაჩემის დავალებით ხშირად მივდიოდი ბიძაჩემის სახლში და ტუალეტს ვამოწმებდი. თუ რამე ახალ წიგნს ვნახავდი ჩამოკიდებულს, მამაჩემს ვეუბნებოდი ავტორის გვარს. მამაჩემი ორი სიტყვიდან ერთ–ერთს მეუბნებოდა: „ჩამოხსენი“ ან „ეკიდოს“. ამაზე ბიძაჩემი ძალიან ბრაზობდა ხოლმე. რა ვქნა, ტუალეტს კლიტეს ხო ვერ დავადებ, თქვენი შიშით საინტერესოდ ვეღარ მომიჯვიაო.
ერთხელ ავად გახდა. ამ ავადმყოფობის სიმპტომთაგან უმნიშვნელოვანესი ათდღიანი ტრაწი იყო, რომლის დროსაც დაამუშავა და შეიცნო "დიდოსტატის მარჯვენა", "სტუმარ-მასპინძელი","თეთრი ბელადი", "კუზიანი კვიცი"; ასევე სფეროს, კონუსის, პრიზმის მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები და "ფაუსტის" პროლოგის პირველი ფურცელი (დანარჩენის შეცნობა არ დასცალდა, გოეთეს შემოქმედების ტუალეტში კითხვის იდეით აღშფოთებულმა მამაჩემმა არ აცალა). მას შემდეგ ტუალეტის კარზე ცარცით წარწერა გაჩნდა: "ბიწაძეებისთვის შესვლა აკრძალულია", ხოლო ბიძაჩემის ლიტერატურულ ენაში დამკვიდრდა შემდეგი ფრაზები:
"უტა რო ვიყო, სვეტიცხოველზე მეტად მეყვარებოდი";
"სად მიეთრევით, მამცნეთ იდუმალი ზრახვანი თქვენნი";
"შე რობლადოსავით ჩათლახო";
"რა დავაშავე ისეთი, რო მომიხედით კარადა";
"ემ გოგრის აბიომია ოთხი მესამედი პი-ერ კუბში!"
ამ უკანასკნელს კეფაში წამორტყმისას დაგვძახებდა ხოლმე მე და ჩემს ბიძაშვილებს. თანაც ისე, რომ სიტყვა "კუბში"-ს მეორე მარცვალი ტკაცანის ხმას დამთხვეოდა. წამორტყმის მიზეზი კიდევ არასოდეს ელეოდა, ჩვენდა სამწუხაროდ.
ერთხელ ჩემი უფროსი ბიძაშვილის სკოლის სახელმძღვანელო, "საქართველოს ისტორიაც" აღმოჩნდა აკადემიის თაროებზე. იმ დღეს ყველა სათიბად მიდიოდა მინდორში. უთენია აიშალნენ. ზუსტად სახლიდან გასვლის წინ ბიძაჩემს გაახსენდა, რომ საძინებელში ქუდი დარჩა და ისევ მეორე სართულზე ავიდა, ხოლო კიბეზე ჩამოსვლისას "რაღაც ეშმაკად", ფეხი გადაუბრუნდა და კოლექტივს გამოაკლდა. დატოვეს შინ იმ პირობით, რომ სახლში დარჩენილს ჩვენთვის, ანუ ბავშვებისთვის უნდა მოექცია ყურადღება - ან ტბაზე არ გაიპარონ, ან ლიახვზეო, რასაც, რა თქმა უნდა, სიხარულით დასანხმდა. აკადემიაში დილის ლექციებს რომ მორჩა (სავარაუდოდ საქართველოს ისტორიის), დაგვიძახა, აქ მოდით სამივეო (მე და თავის ორ ვაჟს). მოდით ეხლა, "ცოტნე დადიანობანა" ვითამაშოთო. აბა აირჩიეთ ვინ იქნებით, გმირი ქართველები თუ დამპყრობი მონღოლებიო. პატრიოტიზმის დედა რო ვატირე... კინაღამ მთელი ის დღე აივნის საყრდენ ბოძებზე მიბმულებმა გავატარეთ მე და ბიძაშვილებმა. მე მონღოლ ნოინზე გულმოწყალე ვარო - თავზე მზის ქუდები დაგვახურა. მერე ტანისამოსი გამოიცვალა და ავტობუსს გაჰყვა სადღაც. კიდევ კარგი, თაფლის ქილა წინა დილით დავაცარიელეთ და ბებიაჩემს უკვე გარეცხილი ჰქონდა... 2-3 საათში ბიცოლა ჩამოვიდა მინდვრიდან სადილის წასაღებად და ნოინის ტყვეობიდან გვიხსნა. მას შემდეგ ბიძაჩემთან ჭადრაკიც კი აღარ მითამაშია, პატრიოტულ მოტივებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ტუალეტში იმაზე მეტი ცოდნა მივიღე, ვიდრე თქვენ ყველამ ერთად სკოლაშიო, ირონიული ღიმილით გვეტყოდა ხოლმე ბიძია გიორგი. მისდა სამწუხაროდ, მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაასკვნა, რომ ტუალეტში მიღებული განათლება საკმარისი არ იყო...

***

ნაწილი II -ცოტა რამ ტოლერანტობაზე საჭადრაკო ღამეების სამკუთხა ჭრილში

    ბედის მწერლებს რომ აზრი ეკითხათ, ბავშვობის გატარებას ალბათ 50-იანი წლების ნიუ-იორკში ვისურვებდი. სადმე ბროდვეიზე, მანსარდიან სახლში, თეატრების შენობებს შორის. აზრი არავის უკითხავს და ისე მოხდა, ოკეანის გამოღმა ჯორჯიის 90-იანები მთელი სიგრძე-სიგანით ჩემს ბავშვობას დაემთხვა. ბავშვობის ფენომენიდან გამომდინარე კი უფრო მზიანი, უფრო თბილი და უფრო ნათელი მოგონებები, ჩამოქცეულ და ნახევრად დამწვარ ქვეყანაში რომ მოვაგროვე, არ გამაჩნია.
ჩემს სოფელში ვისაც არ უნდა ჰკითხო, რატომ იყო ის წლები ბნელიო, გეტყვის, დენი არ იყო და იმიტო, მართლა ძაანა ბნელოდაო. ნამეტანი სანჩოსეული არგუმენტია, ღმერთმანი! ცოდვა გამხელილი ჯობია, კაი ხანს მეც ასე მეგონა. მოგვიანებით აღმოვაჩინე დონ კიხოტისეული ვერსია, რომელის მიხედვითაც საქართველოში ოთხმოცდაათიანებს ადამიანების ჟანგიანი, ნამგალივით მრუდე სული და სტერეოტიპული კომპლექსების უროთი გამოჭედილი გონება აბნელებდა.
ფიზიკური თვალსაზრისით უსინათლობას არ ვუჩიოდით. დღისით მზე იყო, ღამით - ცვილის სანთელი. მახსოვს, დამდნარი სანთლების ცვილს მამაჩემი ქილაში აგროვებდა, მერე ადნობდა, მდუღარე ცვილით ერთ ბოლოში კორპდაცობილ, ძაფიან რეზინის მილს ავსებდა და მსხვილ კელაპტრებს აკეთებდა. ცოტა შეუხედავი ნახელავი კი გახლდათ, მაგრამ სიბნელეს ფანტავდა. სწორედ ასეთი სანთლების შუქზე, ზამთრის გრძელ ღამეებში მართავდნენ ხოლმე საჭადრაკო პარტიებს მამაჩემი და ამირანი. მუდამ შემთვრალი ბიძია ამირანი წიგნის ყდაზე დახატულ დონ კიხოტს ჰგავდა დაწკეპილი ულვაშით, ცალ მხარეს აკეცილი ავღანური პანამით, მოკაუჭებული ცხვირითა და მაღალ მატერიებზე მოფიქრალი, დაღარული შუბლით, თუმცა მეტსახელად სანჩოს ეძახდნენ. არ ვიცი "სანჩო" ვინ დაარქვა, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო - მის ნათლიას “დონ კიხოტის” ყდა ნანახი არ ჰქონდა.
ყველა გასართობზე მეტად ამ საჭადრაკო პარტიებისთვის თვალის დევნება მიყვარდა.
სანთელს აანთებდნენ, სანთლის ალიდან სიგარეტებს წაუკიდებდნენ და იწყებოდა წარმოდგენა!
მახსოვს, ბიძია ამირანს "პრიმა" ს კოლოფში ყოველთვის ედო თაფლის სანთლის ერთი-ორი ნატეხი, რომელებსაც იშვიათად იყენებდა, თუმცა მათ გარეშე თმაშის დაწყებაზე უარს ამბობდა. ამ სანთლებს "ენდშპილ - კერცე" ერქვა. ხან ისეც ხდებოდა, ძირითადი სანთელი ძალიან დაძაბულ ენდშპილში ილეოდა და პარტიის დასრულების გარანტი სწორედ პრიმას კოლოფში გადანახული ნატეხები იყო.
მამაჩემის მხარეს იბრძოდა 8 პაიკი, 2 ეტლი, 2 ცხენი, 2 ოფიცერი, მეფე და დედოფალი;
ამირანის მხარეს შესაბამისად - 8 ქვეითი, 2 ეტლი, კავალერიის 2 ერთეული, 2 ადიუტანტი, ლუი უნიათო და ეკატერინე მედიჩი. ამირანი მამაჩემის ცხენებს ვერ იტანდა და დაფიდან პირველ რიგში მათ მოშორებას ცდილობდა. მამაჩემს ყოველთვის ეკატერინე ანერვიულებდა, რომელსაც ხშირად დოდო გუგეშაშვილად მოიხსენიებდა. მზად იყო, მის მოსაკლავად თავისი საყვარელი ცხენები გაეწირა. ხანდახან, ჩემთვის მაშინ გაუგებარი მიზეზით, როცა დაფას მხოლოდ რამდენიმე ფიგურა აკლდა, ერთ-ერთი იტყოდა, პარტია წავაგეო და თამაშს ხელახლა იწყებდნენ. საჭადრაკო სპექტაკლში სამი ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედება მქონდა დავალებული:
1. ვყოფილიყავი ჩუმად;
2. პარტიებს შორის შუალედებში, როცა სიგარეტს აბოლებდნენ და ჭადრაკისგან დიამეტრალურად განსხვავებულ საკითხებს განიხილავდნენ, ფიგურები წესის მიხედვით დამეწყო;
3. თუ ღმერთი გაწყრებოდა და ბიძაჩემი გიორგი თამაშის დროს გადმოვიდოდა, ეზოშივე მეთქვა, მამაჩემი სახლში არ არის მეთქი და ყოველი ღონე მეხმარა, რათა დაფამდე არ მიმეშვა.
ბოლო პუნქტი ბიძია ამირანმა ჩამიმატა მოქმედებათა სიაში. მიზეზი კი შემდეგში გახლდათ:
ამირანი საკუთარი თავისა და სულის მაძებარი ადამიანი იყო (ალბათ ახლაც ასეა), საკუთარი გონების მარკო პოლო, როგორც თავადვე იტყოდა ხოლმე. ამ ძებნა-ჩხრეკაში რამდენიმე ქვეყანა, ცხოვრების სტილი, საცხოვრებელი ადგილი და რელიგია ჰქონდა გამოცვლილი და ისეთი პირი უჩანდა, დიდხანს კიდევ არ გეგმავდა გაჩერებას. თითოეულ რელიგია, სექტა თუ მიმდინარეობა, რომლებშიც ერთ დროს უფალი და საკუთარი თავი ეძებნა, დეტალურად ჰქონდა შესწავლილი. იოლად ციტირებდა ბიბლიას, ყურანს. მისი ტვინის სინაპსები იტევდნენ დაახლოებით 2-3 ათას წიგნს თითქმის ზეპირად, ერთი ამდენივეს კიდევ "შინაარსის გააზრებით". ეცხოვრა ყველანაირი ცხოვრების წესით, პილიგრიმობიდან დერვიშობამდე; ეხეტიალა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყველა ქალაქში ბოსფორიდან დარდანელამდე და სტამბულიდან კრეტამდე.
რაც შეეხება გიორგის, რომელსაც ამირანი "ფსევდო-ინტელექტუალს" უწოდებდა (ბიძაშვილები არიან), ძევერის საშუალო სკოლის ცხრა კლასი, "რაღაც ტეხნიკუმი" და "უბორნიის აკადემია" ჰქონდა დამთავრებული. ამ უკანასკნელ, ფრიად დელიკატურ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ზემოთ უკვე ვისაუბრე.
ტუალეტში იმაზე მეტი ცოდნა მივიღე, ვიდრე თქვენ ყველამ ერთად უნივერსიტეტებშიო, ირონიული ღიმილით გვეტყოდა ხოლმე ბიძია გიორგი. მისდა სამწუხაროდ, მხოლოდ 25 წლის შემდეგ, ანუ სამიოდე წლის წინ დაასკვნა, რომ ტუალეტში მიღებული განათლება საკმარისი არ იყო.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდენარე, ძნელად გასაგები არ უნდა იყოს ფაქტი, რომ ამ ორი ტიტანი ერუდიტის შეხვედრა აზრთა სხვაობის გაჩენისთანავე (რომელი არ გაუჩნდებოდათ) ყოველთვის ხმამაღალი კამათითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდა. ჟანრის კლასიკა მიმდინარეობდა შემდეგი სცენარით: დებიუტის შემდეგ, ან გაგანია მიტტელშპილში, ასევე თამაშის მსურველი ბიძაჩემი ამირანს და მამაჩემს თავზე წამოადგებოდა, მოკლე მისალმებიდან ცოტა ხანში თითოეული "ხოდის"კრიტიკას იწყებდა და ვიდრე მოთამაშეები სვლაზე ფიქრობდნენ, პარტიის თავისი ვერსია ზეპირად უკვე დასრულებული ჰქონდა. და ასე, თამაშის ბოლომდე, თითოეული სვლის შემდეგ თითო წარმოსახვით პარტიას ამთავრებდა. ხან ცოტა ადრე, ხან ცოტა გვიან ამთვრებდა ამირანის მოთმინების მარაგსაც. იწყებოდა არასაჭადრაკო, ზემოთ ნახსენები ეპიკური აყალ-მაყალის ინტელექტუალური ცინიზმით გაჯერებული დებიუტი. ამირანი ბიძაჩემს გაჩუმებას სთხოვდა. ამ თხოვნაში ყოველთვის ჟღერდა ფრაზა "ღვთის გულისათვის". ბიძაჩემი ღმერთის დაკონკრეტებას ითხოვდა - რომელი ღმერთის სახელით მელაპარაკებიო. ამირანი ეუბნებოდა, ღმერთი ერთიაო. ამას მოსდევდა ხანგრძლივი ფრაზეოლოგიური კორიანტელი, შემდეგი ძალიან არაკორექტული სუბსტანციებით: "ფსევდოინტელექტუალი", "ალმა-უბორნია-მატერ დამთავრებული", "ათას კერპზე გადამხტარი", "გოლგოთის ავაზაკი (მარცხენა)" "მენორაგაყრილი", "ტრაკიდან ნაკითხი", "სანჩო", "ფეკალური ერუდიტი", "რელიგიური მეძავი", "მეჩეთის ხალიჩა", "ჩამქრალი დიოგენე", "ლიტერატურულ წახნაგზე გასრიალებული", "სინაგოგის კრისა", "ანალური ანალიტიკოსი", "ძროხათა მორჩილი", "არშემდგარი ჰომო-საპიენსი" და ასე დაუსრულებლად, მამაჩემის მწყობრიდან გამოსვლამდე, რომელიც დედაჩემს უხმობდა და თავისიანების დაწყნარებას სთხოვდა. დედაჩემი პრობლემას უმარტივესად აგვარებდა - სანთელი მჭირდება, თქვენ ბნელში ლანძღეთ ერთმანეთიო და სანთელი მიჰქონდა. სიბნელე ცივი წყალივით მოქმედებდა მოკამათეებზე, მალევე შოშმინდებოდნენ და ფარვანებივით, სანთლისკენ მოიწევდნენ. სამი კაცი ჭადრაკს ვერ თამაშობდა თორე ერთად ვახშამს ფრიად წარმატებული და კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ჰქონდა. იწყებდნენ "საღამოს მადლით" და ამთავრებდნენ "დაშლა-არმოშლით", ვიდრე ბოთლში ჭაჭა იყო. სწორედ იმ საჭადრაკო ღამეებიდან, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სიმართლეს იმდენი წახნაგი აქვს, რამდენი შესაძლო სვლაც აქვს ჭადრაკს. ადამიანის მიერ აღქმული სამყარო იმდენივეა, რამდენიც კაცი და ერთ კაცში შეიძლება რამდენიმე აღქმა სუფევდეს. შესაძლოა, რამდენიმე აღთქმაც სუფევდეს და მთელი ცხოვრება ისე გალიოს, "ჭეშმარიტ" ღმერთამდე ვერ მივიდეს. ამ წახნაგებზე არეკლილი შუქის თამაშითა და ჭეშმარიტების ძიებით დაღლილი კაცი კი ღმერთთან მანამდე ვერ მივა, ვიდრე საბოლოოდ სხეულში ტოლერანტული სული არ დაივანებს. ქართველებს გვაქვს სიტყვა "შემწყნარებლობა", რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ტოლერანტულიობის სინონიმად გამოდგება, თუმცა ტოლერანტულობის მთელ სიღრმეს ვერ გამოხატავს და ისე ჟღერს, თითქოს ზემოდან ქვემოთ დაგცქერის. ეს ალბათ არაა შემთხვევითი. პრადოქსია, მაგრამ გვაქვს მეორე სიტყვაც, რომელსაც "თავისუფლება" ჰქვია. არც ერთ ენაში, არც ერთი სინონიმი ისე სრულყოფილად არ გამოხატავს ამ ფენომენს, როგორც ქართული "თავისუფლება", ანუ "უფალი საკუთარი თავისა". სულიერი ძალა, იბატონო საკუთარ აზრებზე, ვნებებზე, სურველებსა და გრძნობებზე. თავისუფლების უმაღლესი ნიშნული კი აბსოლუტური ტოლერანტობაა, რომლის გარეშეც აზრი არ აქვს არც დერვიშობას, არც ოლიგარქობას, არც ტუალეტში ნაკითხ გაზეთს და არც 10 000 წიგნის ფლობას ციტირების შესაძლებლობით. ამას ჩიოდა ხოლმე ამირანი გიორგიზე - მოვა, ამაგდებს, თავის დონეზე დამაგდებს და მერე მორალურად მთელავსო. თავისუფლება ის მომენტია, რომლითაც ღმერთამდე უნდა მივიდე და ამ თავისუფლებას მართმევსო. ერთი შეხედვით ალბათ სასაცილოა ყველაფერი, რაც ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობის ამბავს ეხება, მაგრამ მორალი ისე მარტივად შეიძლება დღესაც განზოგადდეს მთელ ქართველობაზე, ნამდვილად სატირალია. მენტალურად ისევ 90-იანებში ვართ და არ ვიცი, ვიცით თუ არა. არ გვაქვს შინაგანი თავისუფლების კულტურა, რაც თავისთავად ტოლერანტობის გამომდინარეობას გამორიცხავს. ნამგლით, უროთი და ჯვრით გამოჭედილ ბორკილებში მივათრევთ ჩვენს წუთისოფელს და ყოველ მომავალ თაობას ამ ბორკილს ვადებთ. მივდივართ მწკრივად, თავისუფლებააყრილები, ღირსებააყრილები, სიყვარულსგაყრილები და თვალებდათხრილები ღვარძლით მოთესილ ველზე. მივდივართ უხმოდ, მწკრივად და ვკარგავთ ყველაფერს, რაც კი რამ ძვირფასი გაგვაჩნია. ადრე თუ გვიან დადგება წამი, როცა გონება გაგვინათდება და ჩვენში ჭეშმარიტი თავისუფლება დაიბადება, მაგრამ ვშიშობ, მანამდე არ დავკარგოთ ის ყველაფერი, რისთვისაც თავისუფლებას აზრი აქვს. შესაძლოა უფალი სხვა განსაცდელსაც გვიმზადებს და დედაჩემივით, სინათლის წყაროს ჩამოგრთმევას გვიპირებს, რათა ჩვენში ჭეშმარიტი ტოლერანტობა იშვას, იარაღი, რომლითაც კუთვნილის დაბრუნებას შევძლებთ.
მაგრამ ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად...

***

ნაწილი III- როგორ გახდა ნათელმხილველი

    ივნისის იმ ცხელ დღეს გაფუჭებული ტელევიზორის შესაკეთებლად მიდიოდა ქალაქში. ბიცოლაჩემმა ცოცხი და იატაკის საწმენდი ჯოხი დააბარა. კაი ხანს ჯიჯღინებდა ბიძაჩემი, სად ვათრიო ეხლა ეგენიო, მარა ბიცოლა შეუვალი იყო. თავმომწონე მამლაყინწას ნამეტანი ეთაკილებოდა შუა ქალაქში, ახალგაზრდა ქალების დასანახად ცოცხით სიარული.  ბიძაჩემმა ჩემში მხსნელი დაინახა - ნაყინებით მუცლის გახეთქვას შემპირდა, თუ გორში წავყვებოდი და საჭურველთმტვირთველობას გავუწევდი. არ იყო ცუდი პონტი. წავყევი. გორში ტელევიზორი ხელოსანს დავუტოვეთ, მერე ბიცოლას არსენალი შევიძინეთ და პირობისამებრ, 20 თეთრიანი ნაყინის პუნქტს მივადექით, ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში. ერთი ნაყინი მიყიდა და მეუბნება, დრო რომ არ დავკარგოთ, თან სადგურისკენ წავიდეთ, ავტობუსში ადგილები დავიკაოთო. შევახსენე, რომ სახლში დადებულ ზეპირ ხელშაკრულებაში ნაყინთა რაოდენობა "მუცლის გახეთქვამდე" იყო მითითებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხის და "პოლიჯოხის" ტარებაზე უარს ვიტყვი და აქვე დავყრი მეთქი. ბიძაჩემმა უკმაყოფილოდ შეხედა ჩემს გასახეთქ მუცელს და კვნესით დამთანხმდა. თან ბურტყუნებდა, სერიოზულ ზარალში გადამაგდებს ეხლაო. მაშინ დაახლოებით ლარ-ნახევარი დახარჯა, მარა ჩემს ლოდინში რომ იდეა დაებადა, იმით ასმაგად ამოიღო მერე "დაკარგული" ფული.
მორალურად კარგად მოვემზადე რაც შეიძლებოდა მეტი ნაყინის შესაჭმელად. ხარბი ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ, უბრალოდ, მინდოდა ამ გზით შური მეძიე ბიძაჩემზე:
წინა დღეს  მე და ბიძაშვილებმა "ტრანგალეტკით" ტბაზე გადაყვანა რომ ვთხოვეთ, საკუთარი პირობა წამოაყენა - გადააფურთა გახურებულ ასფალტზე და ორლარიანი მოგვაწოდა, მინამ გაშრება, თუ სიგარეტს ამოიტანთ ბუტკიდან, ტბაზე გადაგიყვანთო. თან ისიც დააყოლა, ხურდა თქვენი იყოსო. გავქანდით კისრისტეხით "ბუტკაში". გამყიდველს რო ფული მივეცით, 60 თეთრი აკლია და ნისიაში ჩავწერო, გვითხრა. სიგარეტი რომ მივუტანეთ, ნეტარებით გააბოლა, ტბის ალტერნატივად კი წვიმის წყლით სავსე 500 ლიტრიანი მუხის კასრი შემოგვთავაზა. "დაბიჩოკების" მერე ერთუ გემრიელად გაიზმორა, გააკუა და ომახიანად დაიძახა, ვინც დაიჭერთ, კევს გიყიდითო.
    მეოთხე ნაყინს რომ შევუყევი, ქუჩაში ვიღაც კაცი შეჩერდა ჩვენს წინ, ბიძაჩემს გადაეხვია. თან რუსული ჰაბიტუსის მქონე ქალი ახლდა, ჩემი ცოლიაო. კაცი ჩვენი სოფლელი აღმოჩნდა, როგორც საუბრიდან დავასკვენი. ბიძაჩემს ეუბნება, სახლში ჩვენებმა არ იციან, რომ ჩამოვედიო. არც ის იციან, ცოლი რო მოვიყვანეო. არ თქვა არაფერი, ხვალ საღამოს უნდა ჩავიდე და გავახარებო. მათი საუბრის შუაში ნაყინი დავამთავრე. მუცელს გახეთქვამდე კიდევ აკლდა რამდენიმე ჭიქა და ბიძაჩემს სახელოზე მოვქაჩე. ვანიშნე, ახალი გამოუშვი მეთქი. ამ უცნობმა კაცმა მხოლოდ მაშინღა შემნიშნა და ბიძაჩემს ეკითხება, ეს ვაჟკაცი ვისიაო. ჩემი დიშვილიაო, უთხრა. იმან ხელი ჩამომართვა, როგორა ხარ ვაჟკაცოვო. ბიძაჩემი უცნობს მთელი ეს ხანი "შე პიდარასტოთი" მიმართავდა. ვიფიქრე, რომ "პიდარასტო" ისეთივე იშვიათი და ცოტა ბანძი სახელი იყო, როგორიც მაგალითად დურმიშხანი, გლახო, ვიგენტა, ან თუნდაც სტამბეგა. ხელი რაც შეიძლებოდა მაგრად ჩამოვართვი და ვუპასუხე, მაგრად ვარ პიდარასტო ძია მეთქი. ბიძაჩემმა სფეროს მოცულობის ფორმულა გულმოდგინედ შემახსენა და უხერხულად გაიკრიჭა, ეგე, ბავშვმაც კი დაგწვაო.
    სოფელში რომ ჩავედით, ბიძაჩემს საშინლად ასტკივდა თავი. დასაძინებლად წავიდა. საღამოხანსღა გამოჩნდა მოღუშული სახით. რამდენჯერმე ჰკითხეს, ცუდად ხომ არ ხარო. ხმას არ იღებდა...  ბებიაჩემი სტუმართმოყვარე და მხიარული ქალი იყო. სოფლის კოლორიტი, რაიონის ძველი ბუხჰალტერი. სტუმრად სულ ვიღაც ჰყავდა. არც ის საღამო იყო გამონაკლისი, ბიძაჩემი რო მოღუშული სახით დადიოდა. ეზოში 4-5 ქალი იჯდა და სოფლის ამბებს განიხილავდნენ. ბიცოლამ სტუმრებს ყავა მოუდუღა და ბიძაჩემსაც შესთავაზა. დავლევ, მეც გამიკეთეო. ყავა რომ მიუტანეს, ჩაახველა და სხვათაშორის თქვა, საშინელი სიზმარი ვნახეო. ჩააცივნენ, გვითხარიო. ამანაც, ვითომ ტბის პირას ვიდექიო. შავი იყო წყალი, გუდრონივითაო. ვიღაც თეთრწვერა კაცი მოდიოდა ამ წყალზეო. დამადო თავზე ხელიო. ის ხელი რაღაც არაბუნებრივად გრძელი იყო და ზედ თვალები ჰქონდაო. დამუნჯებული ვიდექი, ვერც ხმას ვიღებდი და ვერც ვინძრეოდიო. მერე ის კაცი გაქრაო, ეს ტბა გამჭვირვალე გახდა და ვითომ ჩვენი სოფელი ძირში ჩანდაო.
უამრავი ინტერპრეტაცია გამოითქვა. ამასობაში ყავაც დალიეს. ბიძაჩემმა ერთ-ერთი ქალის ჭიქა აიღო და ნალექს მიაშტერდა. მერე რიხიანად დაიწყო:
მზის ჩასვლას ვხედავო. კიდევ სახლის წინ გზაა და ამ გზაზე სახლისკენ ორი ადამიანი მოდისო, ქალი და კაციო. შორიდან მოდიანო. კაცი შენს შვილს ჰგავს მანანა დეიდაო, აი ის ქალი კიდე უცხოელია და უეჭველი ცოლიაო. ხვალ მოვლენ საღამოსო. წლის ბოლომდე კი შვილიშვილი გეყოლება, გოგო იქნებაო.
მესამე დღეს სოფელში ხმა გავარდა, გიორგის სიზმარში წმინდანი გამოსცხადებია, დაულოცია და მომავალს ზედმიწევნით ზუსტად ხედავსო. ყველა ბიძაჩემს ეძებდა, ხოლო სახლის გაყოლებაზე ორღობე ყავახანად გადაიქცა. ბიძაჩემმა თავიდან შორს დაიჭირა - ჭიქაში ერთი ჩახედვაც კი იმდენად მღლის, რო მერე მთელი დღე თავი მისკდება და ძილად ვარ მიგდებულიო. არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი ჯანმრთელობის ფასად სხვების მომავალი ვჭვრიტოო. თანაც, მომავლის ცოდნა საშიშია და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში მივცემ თავს გახმაურების უფლებასო. ხალხმა ეზოში დიდხანს ითათბირა და ბოლოს 15 ლარიან "სტავკაზე" შეთანხმდნენ. 15 ლარი იმ დროისთვის სერიოზული ფული იყო. ბიძაჩემი დიდხანს უარობდა და თანხა რომ 20 ლარამდე გაიზარდა, მერეღა დათანხმდა. ბიძაჩემის წინასწარმეტყველებათა დიდი ნაწილი ბუნდოვანი და ზოგადი იყო, მაგრამ მადლიერთა რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა - როგორც ამბობს, ზუსტად ეგრე ხდება ყველაფერიო. სულ ცოტა ხანში უმუშევარი ბიძაჩემი ძევერის "ფორბსის" ტოპ-ხუთეულში მოხვდა და მომავალი მოგზაურობის დაგეგმვას შეუდგა...

***
ნაწილი IV - ბიძაჩემი როგორც მშენებელი, არქიტექტორი  და ინტერიერის დიზაინერი

      ნათელმხილველის კარიერის პიკში რო ქვეყანა დატოვა და დსთ-ს მესამე წრე დაარტყა, გულმა ევროპისკენ გაუწია უკვე ჭაღარაშემორეულ ბიძაჩემს. პიდარასტმა ევროპელებმა გაცვეთილი ქალამნები დაუწუნეს და ჩეხეთის იქით აღარ გაუშვეს. ვეღარც ფრიგიდული გერმანელი პრავადნიცების მოხიბვლამ გამოიღო ნაყოფი. მეოთხე დეპორტზე კაი ხანს დააყოვნეს პოლონეთის საზღვარზე ერთ-ერთ იზოლატორში, სხვა საზღვრის დამრღვევებთან ერთად. იქ ვიღაც სომეხი და ბელორუსი ხელოსნები გაიცნო. გამჭრიახი გონების წყალობით, ბიძაჩემს იზოლატორშივე აუთვისებია მათგან ლესვის, თაბაშირ-მუყაოზე მუშაობის, კაფელ-მეტლახის დაგების, ელექტრობის და კანალიზაციის გაყვანის ხელოვნება. იზოლატორიდან უკრაინაში გაბრუნებულა, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დაუხვეწავს და ხარკოვის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანია 2010-2015 წლებში. 2015-ის ზაფხულზე დაბრუნდა სოფელში, ბლის ხიდან ჩამოვარდა, ხელი მოიტეხა და სანამ შუშდებოდა, ჩვენს გასარემონტებელ სახლს დაადგა თვალი.
ეხლა ვიღამ იცის ზალა- სპალნებიო. ახალი, დასავლური ტრენდი სჭირდება სახლს, ინტერიერ-ექსტერიერის განახლება და სივრცის სწორად გადანაწილებაო. ამაში მეც ვეთანხმებოდი, მაგრამ ძალიან ფრთხილად. ნათესაური ინსტიქტი მკარნახობდა, რომ ბიძაჩემთან ყურადღების მოდუნება არ შეიძლებოდა. ბიძაჩემის თქმით, უნდა აყრილიყო მთელი ხის იატაკი, მონგრეულიყო შიდა კედლების ნაწილი, მოგვეჭიმა ცემენტის იატაკი და ახლიდან აგვეწყო ოთახების დიზაინი. დედაჩემი ისე მოიხიბლა ბიძაჩემის აზრებით, რომ მაშინვე საჭირო მასალის და ხარჯთაღრიცხვის საქმეს შეუდგა. დიდი ჩხუბის და კამათის შემდეგ პროექტში ჩემთვის სასურველი ცვლილებები შევიტანე. მასალაზე ჩამოვყალიბდით. ბიძაჩემმა თაბაშირი მოიხსნა და რემონტიც დავცხეთ... ბიძაჩემი ერთდროულად იყო პრარაბი, მთავარი ელექტროინჟინერი, დიზაინერი და არქიტექტორი. მე და ჩემს ძმაკაცებს შავი მუშების როლი გვერგო. რემონტის დაწყებიდან მეორე დღესვე ბიძაჩემის ლექსიკა ნაცვალსახელების კორიანტელად გადაიქცა - "ის მოიტათ", "იმას აურიეთ", "ემას ის მოხსენით, იმის ისა ამას გაუკეთეთ და იქიდან მომაწოდეთ"...
შესვენებების ჟამს, ანუ მაშინ, როცა შავი მუშები ბეტონს ვურევდით, ბიძაჩემი ჩვენს ბიბლიოთეკას მიადგებოდა და წიგნებს ათვალიერებდა ხოლმე. მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ყდაგახვრეტილი წიგნი იპოვა და საყვედურებით აგვიკლო - ჩემი ტუალეტიდანაა ესენი მოპარულიო. მეხუთე დღეს, ანუ სახლი რომ სანაგვეზე დაგდებულ მანქანის ჩონჩხს ჰგავდა, ბიძაჩემი მინდორში კრაზანებმა დაკბინეს. ერთ თვიანი შესვენება გამოაცხადა, ვეღარ ვიმუშავებო. ერთი თვის მერე ჩემი ნოუთბუქით ვიღაც ძალიან ლამაზ ლვოველ ქალს ელაპარაკა სკაიპში. საღამოს ბარგი ჩაალაგა, ბოდიში მეზობლის პირით შემოგვითვალა და ქვეყანა კვლავ დატოვა. იძულებეული გავხდი, YouTube-ს დახმარებით სახლის რემონტი დამოუკიდებლად გამეგრძელებინა. მამაჩემი დედაჩემის გასაგონად შემიძახებდა ხოლმე, მამა გენაცვალოს, ბიძაშენივით ნიჭიერი ხარო. გულშემოყრილი დედჩემი ცოტა ხანს უყურებდა ჩემს საცოდაობას. მერე გადარეკ-გადმორეკა, ხელოსნები გამონახა, აშენებული დავანგრიეთ, ხელახლა ავაშენეთ და 3 თვის მერე რემონტი დავასრულეთ...
ის ახალი წელი სკაიპით რომ მოგვილოცა, რემონტი დავათვალიერებინე. აღტაცებული დარჩა თავისი პროექტით. ამასობაში ბიძაჩემის ანგარიშზე უკვე 3 ოფიციალური ქორწინება, 4 "გრაჟდანსკი ბრაკი" და უამრავი ტანია-ნაძეჟდა იყო. ორი თვის წინ საფრანგეთიდან დამირეკა. აქ სამუშაოდ ჩამოვედიო. გამიკვირდა, მანდ როგორ შეგიშვეს მეთქი. ჩემი ახალი ცოლი აქაურიაო. დედაჩემი ჩვენს ლაპარაკს უსმენდა და მეხი ჩამომათხლიშა - მაგას მეოცე ცოლი მოჰყავს და შენ ერთი ვერ მოგიყვანიაო. წინა კვირას ფეისბუქზე სტოკჰოლმში გადაღებული სურათებით გამაოცა. ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩამოვიდე საქართველოშიო. ვაშლი უნდა ამოვყარო და ლავანდის პლანტაციები უნდა გავაშენო, საინტერესო ბიზნეს-გეგმები მაქვს და მამაშენი მალაპარაკე მერეო...

****

თავი V - ყველა ზარმაცი კრეატიულია, მაგრამ ყველა კრეატიულობა კეთილად არ სრულდება

    ეს დღე გუშინდელივით მახსოვს. მარტო ეს კონკრეტული დღე კი არა, ყველა დღე, რომელიც ბიძაჩემის რევოლუციური იდეების ცხოვრებაში განხორციელების ეპიკურობას უკავშირდება. სიტყვა "ეპიკური" სწორად დგას თავის ადგილას წინამდებარე წინადადებაში და იმას ნიშნავს, რომ ზ. ა. პიროვნების ქმედებებზე ეპოსის დაწერა შეიძლება. ილიადა, გილგამეში, შაჰნამე და ნიბელუნგიადა სიუჟეტით ახლოსაც ვერ მოვლენ ბიძაჩემის ამბებთან, ჰომეროსის კალამი რომ აღწერდეს, მაგრამ ცხონებული, დიდი ხნის მკვდარია და ჟორჟის ამბებს ვერ მოესწრო. ოდესმე წიგნს აუცილებლად დავწერ ბიძაჩემზე, მანამდე კი ეს ამონარიდები იყოს...  მოკლედ, სამი წლის წინ, 22 თებერვალს, არაყს ხდიდა მამაჩემი ჟორჟის ეზოში (სახლები ახლოს გვაქვს სოფელში). დამირეკა, გადმოდი, გამოხდა განაგრძე, ბაღში სასწრაფო საქმეა, იქ გავრბივარ, პაპაშენს მიეხმარეო. რომ გადავედი, ეზოში მარტო პაპაჩემი დამიხვდა, საარაყე ქვაბის ქვეშ შენთებულ ცეცხლს დარაჯობდა. მამაჩემი სად წავიდა მეთქი, ვეკითხები. ნაკვეთებში ხმელ ბალახს ცეცხლი უკიდია და ჩასაქრობად გაიქცნენო. დიდი გამჭრიახობა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, ვისი ნამოქმედარი იქნებოდა. ორი დღით ადრე ბიძაჩემი ამბობდა, ნაკვეთში (ხეხილის პლანტაციები) ბალახი გასათიბი დამირჩა ზაფხულში და ეხლა ხმელს გავთიბავ, გამოვიტან და დავწვავო. თან წუწუნებდა, რამდენია, ეგჩემანატ#ნავიო. მამაჩემმა ჩვეული სიმშვიდით გააფრთხილა, ცეცხლი არ წაუკიდო, არ გადაბუგო იქაურობაო. ბიძაჩემმა იწყინა - რა ცეცხლი, ხო არ გაგიჟდიო. ვინც მამაჩემს არ იცნობს, არ იცის, რა ნერვებისმომშლელად მოწესრიგებული, პუნქტუალური და წინდახედულია. რა თქმა უნდა, ბიძაჩემს არ ენდო! - იმ დღესვე, ბიძაჩემისა და ჩვენი ნაკვეთების საზღვარზე (საუბარია რამდენიმე ჰექტარზე),  ხმელი ბალახი სამი მეტრის სიგანეზე ზოლად ჩათიბა. მერე ნარჩენი ბალახი მიჯნაზე დაწვა და ბიძაჩემის ნაკვეთიდან ცეცხლის მოსალოდნელი გავრცელების შანსები საგულდაგულოდ მოსპო. 
      ხუთი თვით ადრე ბიძაჩემმა ინფარქტი გადაიტანა. როგორც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მის ცხოვრებაში, ინფარქტიც ტუალეტში მოუვიდა. კიდევ კარგი, იმ ვერტიკალურ კუბოში არ იყო და უნიტაზზე იჯდა, მეორე სართულზე. ვაის დაყვირება მოასწრო და გონება დაკარგა. კლინიკაში რომ შემოიტანეს, იმ ღამით მორიგე ვიყავი. უზარმაზარი, უკანა კედლის ინფარქტი იყო კარდიოგრამაზე. 4 სტენტი დაგვჭირდა. მას მერე ლოთობა, სიგარეტი და ფიზიკური დატვირთვა მკაცრად ავუკრძალე. დაგრჩა მარტო დუდუკი და ქალები მხოლოდ "ზემოდან" მეთქი (ვიცოდი, უიმათოდ ვერ გაძლებდა). ინტერვენციის მერე გამომიტყდა, რაღაც ფორმაში ვერა ვარ ერთი წელიაო. ცოლებში რომ ვიყავი და ვჩინჩლავდი, ვიდრე ბოლოში გავიდოდი, ტკივილი მეწყებოდა და ვჩერდებოდი. მთელი ის შრომა წყალში მეყრებოდაო. სხვა სახის შრომის მოყვარული ისედაც არ იყო და ჩემგანაც რომ ჰქონდა აკრძალული, კარგად იცოდა მამაჩემმა...
      ჯერ ერთმა სახანძრო მანქანამ აიარა სახლის წინ სირენების კივილით, მერე მეორემ. სადღაც 20 წუთში კი საპატრულო პოლიციის პიკაპი გაჩერდა ალაყაფთან, ბიძაჩემი იკითხეს. ბაღშია მეთქი. წამოგვყევი, გვაჩვენე სად არიანო - უკანა კარი გამომიღო. ჩავჯექი. სამნი აღმოჩდნენ მანქანაში: სამხრეების მიხედვით, წინ ლეიტენანტი და სერჟანტი. უკან, ჩემს გვერდით, ძალიან ლამაზი, ქერა გოგონა, უმცროსი სერჟანტი, პილოტკითა და მოკლე კაბით. თან გზას ვაჩვენებ, თან ვფიქრობ, უუუხ, ეხლა ეს დამაპატიმრებდეს მეთქი! ამ ეროტიკულ-პენიტენციალური ოცნებებიდან მაქანაში შემოსულმა კვამლმა და დამწვარი ბალახის სუნმა გამოამარკვია. მივდიოდით გადახრუკულ ველზე, წინ სქელი კვამლი იყო. კვამლის მიღმიერი სივრციდან კივილის ხმები ისმოდა.  გვერდით აწყვეტილმა ცხენებმა ჩაგვიქროლეს თქარა-თქურით. მე კი არ შევსწრებივარ 1386-ში, მაგრამ მემატიანის სიტყვებს თუ ვენდობით, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო მაშინდელი სამცხე  -  ნათემურლენგალ სამცხეს მოჰგავდა ჰორიზონტი. როგორც იქნა, კვამლში ჩვენებიც გამოჩნდნენ. ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, მარა აშკარად ვერ მისდიოდათ საქმე კარგად. თავისი გასაფუჭებელი უკვე გეფუჭებინა გეჰენას. ცოტა ხანში ალბათ თავისითაც ჩაქრებოდა, წყლით სავსე სარწყავი არხის კიდეს იყო მიმდგარი. პიკაპზე შუშები დაწეული ჰქონდათ და ამათი ყიჟინა კარგად ისმოდა. ბიძაჩემმა პატრულის დაინახვაზე სიძეებს გასძახა - ნიკოოოო, გოჩაააა, მგონი მიჭერენ ეს დედამოტ#ნულები, დაანებეთ მაგ ცეცხლსა თავი, აქეთ მოდით, ამაანთ დედაკიმოვტ#ან, ეს ძაღლები საიდანღა მომადგნენო! ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი მანქანაში. ლეიტენანტმა მხრის ზემოდან გადმომხედა - ეს არი ხო, ბიძაშენიო? კი - მეთქი. გასაგებიაო. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და გაბრაზებული გადავიდა. სერჟანტიც მიჰყვა. მეც გადავედი. გოგონა მანქანაში დარჩა. ისეთ დაფერფლილ მიწაზე მივაბიჯებდი, ნილ არმსტრონგივით მკაფიო ნაკვალევს ვტოვებდი შავ ნაცარზე. ახლოს რომ მივედით, შევამჩნიე, ბიძაჩემის დანახვისას როგორ შეცვალა სერჟანტის სახეზე ბრაზი სიბრალულმა:  გალაჯულა ბარის ტარზე დაყრდნობილი ბიძაჩემი, სამოსი სულ შემოფლეთია და ის ნაფლეთებიც დამდნარ- დახრუკული ჰკიდია ტანზე. სახეზე რღმა ნაკაწრებიდან ჩამოსული სისხლით ჩამორეცხილი მურის შავ-წითელი ლაქები უელავს, დაფლეთილი შარვლიდან (უფრო სწორად, რაც შარვლიდან გადაურჩა) ჭრელი ნიფხავი მოუჩანს და თვალებში არარატს მიშტერებული სომეხის სევდა უდგას. თურმე ცეცხლს მიუმწყვდევია კუნელის და ასკილის ბუჩქებთან. ისეთ ჯაგებში გამძვრალა, თაგვი რო ვერ გარისკავდა - შუბლით ეკლებს მივარღვევდი და ტრაკზე ცეცხლი მეკიდაო, მერე ყვებოდა. თუ სატანის არსებობას დავუშვებთ, იფიქრებდა კაცი, კუპრის ქვაბში ეშმაკი აუპატიურებდა და შესვენებაზე ჯოჯოხეთიდან გამოექცაო. თავი ვერ შევიკავე... ვკითხე, რა იყო, ეშმაკმა გაგჟიმა მეთქი?! ორივე პოლიციელს სიცილი წასკდა. ბიძაჩემმა მოგვიანებით მაგრად მაკაჩავა, როგორ მაკადრეო, მარა დარწმუნებული ვარ, ზუსტად მაგან გადაარჩინა "სამართალდამცავთა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის"  პასუხისმგებლობას. 
მათ შორის შემდეგი შინაარსის დიალოგი გაიმართა:
- ეს თქვენ გადაწვით?
- მე არა, ქარმა! ქარი ამოვარდა და გამექცა ცეცხლი!
- ანუ ცეცხლი თქვენ წაუკიდეთ?
- ხო.
- რატო?
- იი?! რა რატო, აბა ამდენს რა გათიბავდა?!
- მომჩივანი გყავთ?
- არა!
- რატომ?
- მარტო ჩემი ნაკვეთები დაიწვა უფროსო და ჩემ თავს ხო არ ვუჩივლებ?
- ეს დამწვარი ფართობი სულ თქვენია?
- ხო!
    სერჟანტმა ეჭვის თვალით გადმოგვხედა. ბიძაჩემი მართალს ამბობდა და სერჟანტს თავი დავუქნიე, მართლა ამისია მეთქი.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ მომჩივანი არა გყავთ?
- არა.
- მაშ კაი, ეს მთლიანად ცვლის საქმის ვითარებას - გამხიარულდა სერჟანტი. ეხლა ისე გავაფორმებთ, ვითომ უბრალოდ მიჯნები დაიწვა და ამდენი ფურცლის გაფორმებაც ამცდებაო. ვა, საღოლ, რა კაი ტიპები ხართო, გულზე მოეშვა ბიძაჩემს. ლეიტენენტმა მანქანაში დარჩენილ უმცროს სერჟანტს გასძახა, ნატა გადმოდი, ფოტოაპარატი წამოიღე, ფოტოები გადავიღოთო.
გადმოვიდა მზესავით გოგო "NIKON" - ით ხელში. შარვალგამოფლეთილმა ბიძაჩემმა, მთელი ცხოვრება რომ საბჭოთა კავშირს მისტიროდა და NATO -ს აგინებდა, ახლა ერთბაშად მოინდომა ნატოში  შესვლა - ხელკავი გამოსდო ამ გოგოს და ეუბნება, აქეთ მოდი ნატალია, აქეთკენ დავდგეთ,  აქ უფრო კაი ფონია და გადაგვიღონო. ნატამ ცივი უარი სტკიცა, თქვენ არა, დამწვარ მიჯნას და ბუჩქებს უნდა გადავუღოო. ბიძაჩემმა შეიცხადა, მე რა, ნაკლებათა ვარ დამწვარიო?! ნატალიამ, რახან პათანატომიურ კვლევაზე არ გადაგვყავხართ, ესე იგი, საკმარისად არ დამწვარხართო. იმ წამიდან ის გოგო უგონოდ შემიყვარდა.
შინ ჩასულებს არაყი უკვე გამოხდილი დაგვხვდა. პაპაჩემს ყველაფერი მოეთავებინა. სუფრას მივუსხედით. ცოტა ხანში დაბანილ - გამოცვლილი ბიძაჩემიც შემოგვიერთდა. მშრომელი ხალხის სადღეგრძელო დალია და მომდევნო დღე დაანონსა - ხვალე ვაზების ძირში უნდა გამოვასუფთაო ბალახიო. მამაჩემა სასოწარკვეთით ამოიგმინა. არყის ჭიქა გაბრაზებულმა გადაიპირქვავა ხახაში, მეორე დილას კი უთენია დაადგა ნაკვეთების გზას ბენზინის ცელით, ვიდრე პირომანიაკალური ვნებებით აღვსილი ბიძაჩემის სტიქია ვაზებს მიადგებოდა...

    ორ წელიწადს იღივღივა გადამწვარმა ხეხილმა. წელს საბოლოოდ გახმა. გუშინწინ  აგრარულ ბაზარში შევხვდი ბიძაჩემს. მანქანის საბარგულში პატარა ვედრით რაღაც ჩამიდგა. სოფელში  რომ გადმოვიღე, ვკითხე, აქ რა ყრია მეთქი. ლავანდის თესლიაო.

    ამონარიდი ინტერნეტ-სტატიიდან: "ლავანდის ბუჩქები მსოფლიოს სახელგანთქმული ბაღების ერთ-ერთი შეუცვლელი ატრიბუტია. კანარის კუნძულებიდან დაწყებული და დასავლეთ ინდოეთით დამთავრებული, ამ ზონაში 30 სახის ლავანდაა გავრცელებული, რომ არაფერი ვთქვათ მათ უამრავ ჯიშებსა და ჰიბრიდებზე. რაც შეეხება ამ მარადმწვანე ბუჩქის ფერთა გამას — ტრადიციული მუქი იასამნისფერის გარდა, გამოყვანილია ცისფერი, ვარდისფერი და თეთრი ჯიშებიც კი. ბოლო წლებში ამ მცენარემ საქართველოს ბაღ-პარკებშიც მოიკიდა ფეხი და ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს ხანებში ერთ-ერთ რეგიონში ლავანდის სამრეწველო მინდვრების გაშენებაც კი იგეგმება".
მიყვარს ბიძაჩემი. დიდი სიფრთხილით, რა თქმა უნდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები