ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2022


აჯისაი (ნაწილი მესამე)

ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უჭირდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, ეჩვენებოდა რომ მიტოვებული სახლი საყვედურებით ავსებდა.
სკოლის დასრულების მერე, ყოველ თვე ჩადიოდა, სახლს ასუფთავებდა, საფლავებს აწესრიგებდა და ფოტოებთან სანთელს ანთებდა .სახლი წესიერად ვერც ასწრებდა განიავებას, ობობებისგან მხრების ჩამოფერთხვას, წელში გამართვას და მზეს მიფიცხებას, რომ კვლავ იკეტებოდა და რჩებოდა მარტო. დედისეული სახლიდან თავისი პირადი ნივთებისა და ბებიის ნაჩუქარი ციფერბლატიანი, მწვანე ტელეფონის მეტი არაფერი წაუღია. ყველაფერი ძველებურად დატოვა - მოგონებების დიდი მცველი გახლდათ კოტე.
მატარებლის ვაგონიდან ჩამოსულს, ბაქანზე დედის მეგობარი ქალბატონი შეხვდა.
- კოტე, რაფერ ხარ ბიჭო? როგორ გამიხარდი. აწი, ყველაფერი კარგად მექნება. შენ ყოველთვის კარგ ფეხზე მხვდებოდი ხოლმე.
- თქვენ როგორ გიკითხოთ ლუიზა დეიდა?
- როგორი დამშვენებული და გასიმპატიურებული ხარ! გავიგე კარგად მოწყობილხარ. მიხარია შენი ამბები. საწყალი დედაშენი ტყვილა არ წვალობდა. კარგი შვილი ხარ შენ, კარგი შვილი, იმედები არ გაუცრუე ქალს! - და მკერდზე ხელი მოუთათუნა, უფრო მაღლა ვერ მიწვდა.
- მაინც არ მიპასუხეთ როგორ ხართ?
- მე რა საკითხავი ვარ ბიჭო. გამოკვლევებზე დამიბარეს  თბილისში .
- რამით ხომ არ შემიძლია თქვენი დახმარება ლუიზა დეიდა?
- მადლობა რომ მკითხე. თუ ხვალ არ ბრუნდები , 2 დღეში ჩამოვალ და შემომიარე.
- აუცილებლად, ლუიზა დეიდა.
- გელოდები კოტე.
- იმედია, კარგი ამბებით დაგვიბრუნდებით.
კოტე დაემშვიდობა ქალს და სანამ თვალს არ მიეფარა, მანამ მიაცილა თვალით.
კოტეს სახლი სანაპიროსთან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობდა. მის გვერდით უკვე აღემართათ ცათამბჯენები, ისე რომ დილას ზღვიდან წამოსული ბრიზი მის ბელეტაჟის აივნამდე ვეღარ აღწევდა. ხის მოაჯირებს გახუნებისგან ალაგ-ალაგ საღებავის ფენა მოფარფატე პეპელასავით ეჯდა, მაგრამ სურნელი, რომელიც სახლს ასდიოდა, პირველივე საფეხურზე ფეხის შედგმისას იგრძნობოდა. იმდენად საყვარელი და მშობლიური იყო კოტესთვის ეს სურნელი, ჩაბეჭდოდათ მის ყნოსვის რეცეფტორებს და ხშირად იგივე სურნელი ფანტმოსმიასავით ეჩვენებოდა სახლიდან შორს მყოფს.
იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. საღამოს 6 საათისთვის სასაფლაოზე ავიდა, ჩვეულებისამებრ მიასუფთავა საფლავი, გადაწმინდა ქვები და ყვავილები დაულაგა. სანთლები დავიწყნოდა და იფიქრა, მეორე დღეს ბათუმელ მამაოს სანახავად შევლისას სანთლებსაც წამოვაყოლებო.
ღამე უცნაურად ეძინა. ხან ლუიზა დეიდა ესიზმრებოდა და ხანაც შორიდან მომავალი ვიღაც გოგონა... დილით, გათენებული არ იყო რომ წამოხტა საწოლიდან და დაფაცურდა. ზუსტად ვეღარ აღიდგინა სიზმარი, ხმამაღლა ჩაილაპარაკა -„ ექსკალატორს კი ჯობია“-ო და მომცრო სამგზავრო ჩანთიდან პირსახოცისა და საცურაო კოსტუმის ამოლაგება დაიწყო. მიასწორა თუ არა ლოგინი, ზღვაში გავიდა.
ასე უთენია, ლამპიონები ჯერაც რომ არ ჩაექროთ, ცარიელი იყო სანაპირო და ეს უნდოდა კოტესაც. გაახსენდა ბავშვობა, ნიკუშასა და მისი შეჯიბრებები, ლალი....
ლალის პატარაობიდანვე ბიძასთან ჩამოდიოდა ზღვაზე დასასვენებლად, სანაპიროზე ხელბურთის თამაშისას გაიცნეს ერთმანეთი და თანატოლები მალევე შეეთვისნენ ერთმანეთს. ლაღად ატარებდნენ  დროს და კარგ მეგობრებადაც იქცნენ. ლალი მხიარული და სხარტი გოგონა, შორტებსა და შარვლებს რომ არასდროს იხდიდა, მუდამ მზად იყო ბიჭური თავგადასავლებისთვის. ნიკუშასა და კოტეს ხუმრობებზე განსაკუთრებულად გულიანად  კისკისებდა, ბიჭებსაც უხაროდათ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლალის გაცინებაში. სამიდან ნიკა სიცელქით და ონავრობით გამოირჩეოდა. ხშირად არ ეთანხმებოდა კოტე და მის შეგონებას იწყებდა, რაზეც ლალის გაუჩერებელი კისკისი უტყდებოდა და ბოლოს, ყოველთვის ნიკუშას მხარეს იჭერდა.
სააბიტურიენტო წელს , როცა ბიჭებმა გადაწყვიტეს კარგად დაესვენათ, ლალი ისეთი შეცვლილი და დასერიოზულებული ჩამოუვიდათ თბილისიდან, მის შესახვედრად გაქცეულები შეჩერდნენ და ძველებურად ჩახუტება და ჩაკოცნა მოერიდათ. გოგო ნაზად იღიმოდა და სიმშვიდეს და სიკეთეს ასხივებდა. კოტეს გული ჩაწყვიტა იმის შემჩნევამ, რომ ნიკა რაღაც გადასხვაფერებულად, თვალებში სრულიად უცხო სხივჩამდგარი მზერით უყურებდა გოგოს და თვალს ვერ აცილებდა.
***
ეკლესიაში მესანთლეს მოწოდებულ ხურდას შესაწირში დებდა, როცა ზურგსუკან უჩვეულო სითბო იგრძნო. მოტრიალდა და ხედავს ულამაზეს, თეთრსა და ფითქინა ქალს, იისფერ თავსაფარში, მარგალიტივით მბზინვარე თავთუხისფერი კულულებით.
- ლალი! - შეჰყვირა გაოცებისა და სიხარულისგან. ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა, თუმცა ამაზე საფიქრელად სად ეცალა.
- კოტე! როგორ გამიხარდა შენი ნახვა! იმედი არ მქონდა რომ აქ შეგხვდებოდი.
- აქ ეკლესიაში თუ? - დაბნეულად მიუგო კოტემ.
- ეკლესიაშიც და ბათუმშიც. ლუიზა დეიდა ამბობდა თვეში ერთხელ თუ ჩამოირბენს და ისიც , მეორე დღეს უკან , თბილისში ბრუნდებაო.
- ლუიზა დეიდა გუშინწინ ვნახე, თბილისში გამოკვლევებზე მივდივარო და შენზე არაფერი უთქვამს.
- რა უნდა ეთქვა?
- რომ აქ იყავი...
- არ იცოდა, სიურპრიზი გავუკეთე ჩემებსაც.
- რამდენი წელია აღარ შევხვედრივართ!
- ბევრი, მაგრამ შენ არ შეცვლილხარ კოტე.
- შენ კი უფრო დამშვენებულხარ ლალი. ვიცოდი რომ საქართველოში არ იყავი. მერე გავიგე ფლორენციაში სწავლობს ხელოვნების ფაკულტეტზეო. - ამასობაში, ვერც შეამჩნიეს ისე გამოვიდნენ ეკლესიის ეზოდან და ქუჩას გაუყვნენ სკვერისკენ.
- სულ დამავიწყდა, სანთლების ყიდვა რომ მინდოდა! - უცებ შეიცხადა ქალმა ნაზი ღიმილით, მაგრამ უკან არც კი გაუხედავს.
- წავალ, გიყიდი.
- არა უშავს, იყოს, ხვალ ბავშვი მინდა ვაზიარო და ვიყიდი, არაა საჩქარო.
- ბავშვი? ვისი ბავშვი?
- ჩემი.
- არ ვიცოდი ლალი - ოდნავ დადაბლებულ ტონალობაში უთხრა კოტემ. თითქოს ნირი წაუხდაო, მაგრამ მალევე აიყვანა თავი და თითქმის ბუნებრივად ხალისიანად გააგრძელა.
- შენები ხომ არიან კარგად?
- კი. ცოტა დამიბერდნენ. შენ საით ხარ? რას საქმიანობ?
- რავიცი, თბილისში ვარ, ვმუშაობ... არაფერი განსაკუთრებული.
- არ მოგატყუებ და რაღაც ამბებს კი მიყვებოდა ლუიზა დეიდა...
- გიყვებოდა?
- კი, ხშირად ვურეკავ ხოლმე, ვსაუბრობთ, ვიხსენებთ ძველ დროს... შენ...
- რა კარგი გოგო ხარ! მე ერთხელაც არ მომივიდა თავში დამერეკა და მომეკითხა. ... ჩემს ამბებს კითხულობ ხოლმე?
- კი...
- ისე გაქრი, ისე აორთქლდი... დამშვიდობებითაც არ დაგვემშვიდობე. დღემდე არ ვიცი რა მოხდა. ლუიზა დეიდასგან რატომ უნდა გაგეგო ჩემი ამბები, როცა ჩემთან შეგეძლო დაგერეკა და გეკითხა?! - საყვედურის ტონს ვერაფრით ვერ მოერია და სახეც კი შეეცვალა.
- .....  - ქალი დუმდა, თავი დაბლა დახარა პრინცესა დიანასავით და დიდრონი თვალებით ასე დარცხვენილი შუბლის მიღმიდან ამოჰყურებდა ბიჭს .
- მაპატიე ლალი, საყვედურებით აგავსე. არადა, ვერ აგიხსნი სიტყვებით, თუ როგორ მომენატრე და როგორ მინდოდა შენი ნახვა! ბიძაშენის სახლში რამდენჯერმე მივედი ვერ მოვთვლი. ხან არავინ მიღებდა და ხანაც თქვენი დიასახლისი მეუბნებოდა რომ არაფერი იცოდა შენს შესახებ. შენთან სახლში რომ ვრეკავდი, ნომერი გაუქმებულიაო. მერე ნიკუშამ მითხრა საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად და არ ამბობენ სად არის ახლაო.
- ნიკას ამბავი ელდასავით იყო ჩემთვის. აქაც რომ ვყოფილიყავი, ალბათ ვერ შევძლებდი მისვლას და მისამძიმრებას. ვწუხვარ და მრცხვენია რომ მძიმე წუთებში შენს გვერდით არ ვიყავი. - აქ კოტეს გული მოეწურა და ბევრი, ძალიან ბევრი რამის თქმა მოუნდა ლალისთვის. რომ ეგონა რომ წლები მოემატა და ემოციების მართვა უკეთ ისწავლა, თავშეკავებასაც შეეჩვია და საკმაოდ კრიტკულ ფილტრში ატარებდა ყოველ სიტყვას, მიხვდა რომ ცდებოდა. უძლურება იგრძნო. შერცხვა კიდეც ამდენი ხნის უნახავი მეგობრის. იმ წუთამდე , ლალის გახსენებაზე მხოლოდ იმასღა ნატრობდა მანახა სადაა და როგორ არისო. ახლა კი მოუნდა ყველა კითხვის დასმა, ყველა გაუგებრობის გამორკვევა და ... და თქმა იმის, რისი თქმაც ათასჯერ უნდოდა და ვერ გაბედა. ახლა კი, ახლა იყო ძალიან გვიანი, თუმცა უჭირდა , ძალიან უჭირდა თავშეკავება.
- აი , მოვედით - თქვა ქალმა და კოტეს პირისპირ დაუდგა. დაკვირვებული უყურებდა თვალებში. მის გამოხედვაში იყო მზრუნველობა, სითბო, და არც ერთი წვეთი დაეჭვება ან გაურკვევლობა.
- ბიძაშენის სახლი სხვა ქუჩაზე არაა?
- კი, ისევ იმ ქუჩაზეა, სადაც უწინ. ეს ჩემმა ქმარმა იყიდა. ძირითადად აქ ვიცხოვრებთ.  - ქალის პასუხები ხელოვნურად შემოკლებული მოეჩვენა კოტეს, იფიქრა თავი მოვაბეზრეო. არადა, ქალი სულ სხვა მიზეზით სიტყვაძუნწობდა.
- მე შვებულებაში ვარ. ხომ შევხვდებით კიდევ?! - დამფრთხალი სიფრთხილით იკითხა კოტემ.
- კი, ლუიზა დეიდასთან მინდა მისვლა და ხვალ თუ ისევ თბილისში იქნება, ზეგ აუცილებლად შევუვლი კოფეზე.
- ხოდა მეც დამპატიჟა, შემომიარე რომ ჩამოვალო.
- დროებით, მაშინ.
- დროებით ლალი.
ქალი ოლეანდრის მაღალ ბუჩქებში გაუჩინარდა. კოტე კიდევ დიდხანს იდგა მისი სახლის ჭიშკართან და მოგონებებისა და ძლიერი გრძნობებისაგან წარმოქმნილ ჟრუანტელს უმკლავდებოდა.
***
მთელი ღამე თვალი ვეღარ მოხუჭა. ძველი ფოტო ალბომები გადმოიღო. დედას ფოტოებს რამდენიმე გვერდი ეკავა მხოლოდ. დანარჩენი: მისი ჩვილობა, ბავშვობა, მეგობრები, სკოლის პერიოდი და განუყრელი სამი მეგობარი: კოტე, ნიკა და ლალი... რამდენი ფოტო გადაგვიღიაო - თავადაც გაუკვირდა ბოლოს.
გარიჟრაჟისკენ, ახალი ჩაძინებული იყო რომ ისევ ძველებურად წამოფრინდა ლოგინიდან და ზღვისკენ გაეშურა. ზღვა ამღვრეულიყო მისი ფიქრებივით. ტალღებს მოჰქონდა გემების სევდა, აღარ ჩანდა ზღვის ფსკერი და ჰაერი მაზუთის სუნით იყო გაჟღენთილი. ზღვის ქაფის შემყურეს ისეთი სიამე ეუფლებოდა... იცოდა რომ ზღვის მოსურვილებას მაინც ვერ მოახერხებდა და ტალღებში თავით გადაეშვა. კარგად ცურავდა კოტე. მოსწავლეობისას მშვიდ ზღვაში არც კადრულობდა შესვლას. მაშინ როცა, დამსვენებლები სანაპიროზე დაეფინებოდნენ ან სახლში მირბოდნენ სიცივისგან შეშინებულები, კოტე და მისი სამეგობრო ტალღებთან თამაშს იწყებდნენ.
წყლიდან გამოსული კოტე პირსახოცით შემშრალდა და სახლში დაბრუნდა. ერთი პირობა იფიქრა ეკლესიაში წირვას დავესწრებიო, მაგრამ მერეღა გაახსენდა რომ ლალიც იქ იქნებოდა ბავშვთან ერთად და გადაიფიქრა.
საფლავზე  ავიდა, ამჯერად სანთელიც არ დაავიწყდა . ფიქრებში ჩაძირულს დრო ისე გაექცა , მოსაღამოვებული იყო შინ რომ დაბრუნდა და გათანგული  საწოლზე მიეგდო. წინა ღამის უძინარს, ტანსაცმლიანს მიეძინა. დილით კარგად იყო უკვე მზე ამოწველილი, როცა სიცხისგან შეიღვიძა. როგორც კი გაახსენდა რომ იმ დღეს ლუიზა დეიდასთან უნდა მისულიყო, წამოფრინდა საწოლიდან, მოწესრიგდა და ოც კვადრატულ მისაღებში წინ და უკან დაიწყო სიარული. ნერვიულობისას ზოგი ფრჩხილებს იჭამს, ზოგი ტუჩს იკვნეტს, ზოგი უზომოდ ჭამს .... კოტემ კი ბავშვობიდან ასე ცოდა ნერვიულობა. ლენინივით უკან შემოიწყობდა ამოტრიალებულ ხელისგულებს და მიდი-მოდიოდა.
ერთი აზრი მოსვენებას არ აძლევდა. თავი თითქოს ადუღებამდე გაუხურდა, მაგრამ აზრებს მაინც ვერ უყრიდა თავს და ვერ ალაგებდა ერთ ჯაჭვად. კარგად ხვდებოდა რომ აზრების სირთულე არაფერშუაში იყო, არამედ სიტუაცია ართულებდა ყველაფერს და მისი აფორიაქებული სული ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებდა.
აქამდე, არცერთ გოგოსთან თუ ქალთან არ გაჭირვებია საუბრის წამოწყება საქმეზე, რომელსაც თითქმის ნახევარი წელია შეალია.არც დაწყება უჭირდა და არც დასრულება უძნელდებოდა. ახლა კი... ახლა, როგორ ჰკითხოს ლალის ბავშვის შესახებ? თუ მისი ცნობიერის ერთ ნაწილს უნდოდა რომ ნიკუშასი აღმოჩენლიყო, მეორე ეუბნებოდა „ოღონდაც ნიკუშასი არა“. მისი ქვეცნობიერი კი რაღაც უცნაურ გემოს უტრიალებდა გულშიც და გონებაშიც, იმგვარად რომ გული სხვას ედავებოდა და გონება კი - სხვას. ვერ გაეგო ოღონდ, რომელი რომლისკენ უბიძგებდა.
- „თავის დროზე არ ვიბრძოლე  ბედნიერებისთვის. ახლა მაინც მოვიქექო თავი და ძალები არ დავაკლო... არ დავნებდე...“
- „ხომ არ გაგიჟდი , კოტე?! გათხოვილი ქალია, შვილიც ჰყავს. ნეტა რამდენი წლისაა? როგორ არ ვკითხე?! მე რომ ვერ დავივიწყე და არ შევქმენი ოჯახი, ამ ქალმა რა დააშავა?! არ უნდა ავურიო გზა! არ მაქვს ამის უფლება!“
- „ არც იმის უფლება მაქვს  ბედნიერება უკვე აგერ მეორედ გავუშვა ხელიდან! ან რომ ვუთხრა, ამით რა დაშავდება?! მე ჩემსას ვეტყვი და... მაგრამ ბავშვზე როგორ ვკითხო? როგორ გავარკვიო? ან როგორ გამოვა? ჩემს გრძნობებზე დაველაპარაკო და თან ვკითხო, ნიკუშასი ხომ არაა ბავშვი? არა, კოტე, დიპლომატია გმართებს, მაგრამ სადაა ?! თითქოს ყველა ჩემს გამჭრიახობას დამბლა დაეცა, მომიბლაგვდა ყველა მახვილი თვალი და არც არავინაა გვერდით რომ ჭკუა დამარიგოს.  ნეტა ნიკა რას მეტყოდა ახლა?!
ასე, ნახევრად ბოდვაში ისე გაოფლიანდა, ხელახლა მოუწია შხაპის მიღება. სახლიდან გასვლისას სარკეში საკუტარ ანარეკლს დამაჯერებლად დაუკრა თავი და ლუიზა დეიდასკენ ფეხით გაემართა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები