ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2022


საზღვარი

1
რამე მკაფიო, უფრო მჩატე, შეძლებისდაგვარი,
ემოციით და ნოსტალგიით გაჯერებული,
თრგუნვის გამამძაფრებელი,
ცრემლსადენი,
გულის ამაჩქარებელი,
თვალების დამამძიმებელი,
თან არ წაიღო,
ან თან წაიღე,
არავინ იცის რა უფრო სჯობს,
რომ თან წაიღო თუ არ წაიღო,
რადგან მან იქნებ ისეთ დროს გაგახსენოს თავი
რომ არ წაიღო,
რომ
მასთან ერთად მის გარეშეც მოვა ყველა ემოცია,
და რომ წაიღო,
შეიძლება ისეთ დროს შეგხვდეს
როცა არც დრო გაქვს და არც სურვილი გადმოანთხიო ემოცია
და დააქციო.
და ახლა ამ დროს,
როცა აქაური წარმოდგენა იქაურ რეალობაზე მძიმეა,
ჩანს ვინმე ლამაზად ჩაცმული კაცი
და შენს წინაშე აღმართული აქვს რამე მტკივნეული,
და შენც გტკივა
სახე,
ზურგი,
ფეხები,
ოღონდ გტკივა სულზე ნაკლებად,
და ფიქრობ რომ არაუშავს,
მთავარია არავინ გაიგოს ამის შესახებ.

2
ახლა ვინ დაეძებს ზურგისა და ფეხების ტკივილს,
ახლა სულის ტკივილსაც არავინ დაეძებს,
საახალწლო მაშხალებივით ფეთქდება თერმომეტრები,
და მთელი არსება დაეძებს მარკეტს,
რომელშიც აუცილებლად იქნება ჩართული
კონდეციონერი - სამოთხის დანადგარი.
თაკარა მზეა, და ამ ქალაქში, ისე როგორც ადუღებულ ქვაბში
ერთი კონკრეტული ლობიოს მარცვალი,
ისე იხარშები,
დაეძებ ჰაერს მარკეტიდან ეროვნების გამო გამოგდებული
და გეზიზღება, ოღონდ არ იცი,
ზუსტად არ იცი რა გეზიზღება.
ხელში ცელოფნით,
და ცელოფანში სქელი პლედით დაეძებ ჰაერს,
რადგან გაექცე ამ სიცხეს და მაშინ როცა დაღამდება
და თაკარა მზეს მალე შეცვლის გამყინვარება,
პლედში გაეხვიო,
და ზურგის, სახისა და სულის ტკივილის ნაცვლად,
იფიქრო იმაზე თუ რა სჯობია,
როცა გცივა თუ როცა გცხელა.

3

ისინი არაფერში დაგინდობენ, ისინი
იმაზე უფრო ამტანები და აუტანლები ვიდრე აქ _ ყოფა.
იმაზე უფრო მჩატეები და უსუსურები ვიდრე აქ _ შიმშილი.
იმაზე უფრო განსწავლულნი ვიდრე აქ _ მქადაგებლები,
მოძრაობენ და მოძრაობებს არაფერი ანელებს,
არსებობენ და არსებობას არაფერი უშლის ხელს,
ხოლო წარსული, მათი წარსული,
ქცეული შენს აწმყოდ,
როგორც მედროშე დაწოლილი,
წევს თბილ საწოლში,
ხელში დროშის ნაცვლად პამპერსით ხელში,
და დროშასავით იქნევს ფეკალიებით სავსე პამპერსს,
და ეხეთქება ლამაზ კედელს ფეკალიები.
ფეკალიები _ სიზმრის ნაშთი,
და უამრავი ნესტოსათვის მიმზიდველი ფეკალიები.
ათრთოლებული ნესტოები ტოვებენ საზღვარს,
და მიფრინავენ ცაში, როგორც ანგელოზები,
რომელთა არსიც გწამს, თუმცაღა უხილავია,
მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს გამოჩნდეს ვინმე,
ვინც ფუნჯითა და აკვარელით დახატავს ზეცას,
რომლიდანაც დაეკიდებიან
სიკვდილმისჯილი ანგელოზები,
და ჩამორეცხავს მათ ფრთებს წვიმა და ჩვენთან მოვა.
თვითმფრინავი კი,
თავად არის ხელგაშლილი ანგელოზი,
რომელიც მოვა,
ხელს მოხვევს ყველას,
და წაიყვანს იქ, სადაც,
სწორედ იქ სადაც,
ზუსტად იქ სადაც,
დროშის ნაცვლად ხელში ფეკალიებით სავსე
პამპერსს აქნევს დორბლიანი მოხუცი,
და ეხეთქება ლამაზ კედელს ფეკალიები,
და სწორედ ეს განსაზღვრავს მომავალს :
მიდის ის, იღიმება და ამბობს რომ არა უშავს,
და თავსაც აჯერებს, რომ მართლაც რომ და არა უშავს,
და რეალურად, რომ მართლაც რომ არა უშავს, რაც მთავარია.





4

ჭერზე კიდია სარეცხის თოკი,
რადგან სარეცხის თოკზე არ კიდია სარეცხი,
რადგან არ არის სარეცხი ფხვნილი
რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად სხვა ფხვნილმა ცვალა,
რადგან არ არის არც სარეცხის მანქამა, რადგან დაიფხვნა,
ისევე როგორც მაცივარი და ტელევიზორი,
მობილური და კომპიუტერი,
საგულდაგულოდ გადანახული კასრულების ნაბორი
და პირსახოცების გაუხსნელი შეკვრა,
რომლებიც თითქოს იმ უნიტაზში ჩაიყარა,
რომელსაც უკვე კუთხეებში გაჩენილი
სიყვითლეები ჩაუშავდა,
ისევე როგორც აბაზანის ონკანის ნიჟარას,
და სამზარეულოს ონკანის ნიჟარასაც ასევე.
ისევე როგორც აბაზანის კაფელი,
და როგორც ძველი, საბჭოური ვანნა,
რომლის თავზე დაკიდებული დუშიც გატეხილია,
და წვეთავს ძველებური წვიმასავით
უკანასკნელ პერანგზე,
რომელიც საბჭოურ ვანნაში ლპება,
რადგან აღარავის აცვია იმიტომ რომ
ვისაც უნდა ეცვას, მას ისე ცხელა,
ისე ცხელა, რომ ოფლი ასხამს, ცივი ოფლი,
და სულ არ ფიქრობს ტანსაცმელზე,
რომელიც წესით უნდა გაერეცხა
და სარეცხის თოკზე გაეკიდა,
თუმცა ტანსაცმლის ნაცვლად, თავად შეიბა კისერზე
სარეცხის თოკი.


5

იტირე დედავ,
შენი შვილი, როგორც ღერმაგარი, მწვანე ვაშლი,
ისე კიდია სარეცხის თოკით
ჭაღ მონატრებულ ნათურაზე,
რომელსაც უკვე დღეებია
აღარ გაუნათებია ოთახი,
იტირე დედა, და ბოლო ფულიც მოისესხე,
რომ შვილის დასაკრძალავად გამოაგზავნო,
იმის ფიქრით რომ ეს ფული მაინც
არ მოხმარდება არც ბარიგას,
არც ბუკმეიქერს,
არც იაფფასიან მეძავს,
და არც ძვირიან მეძავს მოხმარდება შენი ფული,
რომელიც ჩაჯმული უცხოელის
ტრაკის წმენდით გამოიმუშავე.
იტირე დედავ,
შენი შვილი ისე მოკვდა,
რომ ამჯერად ვერც ერთი ციფრი ვეღარ გააცოცხლებს,
იტირე მალე,
იტირე დროულად,
რადგან ამის მერე აღარ გექნება ამ ტირილის დრო და მიზეზი,
რადგან როდესაც მიწას მიაბარებ ერთად ერთ პირმშოს,
დაინახავ რომ სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია და ბანკშია ჩადებული,
და სანამ დრო გაქვს,
ხეხავ უნიტაზს,
აბაზანის და სამზარეულოს ნიჟარას,
კაფელს და ვანნას,
მერე მიდიხარ ხელგაშლილ ანგელოზთან,
რომელიც მიგაფრენს ჩაჯმული უცხოელისკენ,
რომელსაც წმენდ ტრაკს
და ფულს გიხდიან,
ამ ფულით ფარავ ბანკის ვალებს,
სახლს არემონტებ
და არც კი ფიქრობ რაღად გინდა ეს ყველაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები