ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
11 აგვისტო, 2022


გაბუტული მზე და იადონი (ზღაპარი)

მზეს ძალიან უყვარდა სტუმრობა სხვადასხვა მხარეში. განსაკუთრებით მიეჩქარებოდა ერთი ულამაზესი ქვეყანისკენ, სადაც  საოცარი სურნელების მფრქვეველი ყვავილები, ჭრელაჭრულა, მგალობელი ფრინველები, უბოროტო ცხოველები და კეთილი ადამიანები ცხოვრობდნენ. იმდენად მოსწონდა ეს ქვეყანა, რომ ყოველ დილით მათთან ამობრწყინდებოდა და მთელი დღე თავისი მცხუნვარე სხივებით ეალერსებოდა ყველაფერს. ამ ქვეყნის მცხოვრებთა  უყვარდათ მნათობი და სიხარულით ეგებებოდნენ მას, მაგრამ ყოველ დღე უფრო და უფრო მცხუნარე ხდებოდნენ მზის სხივები. წყაროებმა ლიკლიკი შეწყვიტეს, მდინარეები თანდათან უფრო მდორედ მიედინებოდნენ, ზოგიერთი ღელე დაშრა კიდეც. ტბებშიც თანდათან იკლებდა წყალი. მცენარეები დაისიცხნენ, თავჩაქინდრულები ხვდებოდნენ მზეს და წვიმას ნატრულობდნენ. ცხოველები ჩრდილს  ეტანებოდნენ, ადამიანებსაც სუნთქვა უჭირდათ და მზეს საყვედურობდნენ; რა მწარედ „იკბინები“, აღარ შეგვიძლია, სადაა ღრუბლები, წვიმა, წვიმა გვინდა.  - გაგრილება გვინდა - ჩიოდნენ მხეცები, ფრინველები.  - ოხ, როგორ გვცხელა, გვწყურია - ჩურჩულებდნენ მცენარეები.
მზე ძალიან კეთილი კი იყო, მაგრამ საკმაოდ ბუტიაც გახლდათ. ცოტა რამეც სწყინდა და იბუტებოდა ხოლმე.
სახლში დაბრუნებულმა სხივებმა მოახსენეს ადამიანთა, ცხოველ-ფრინველთა და მცენარეთა საყვედურები. ეწყინა მზეს: მე ყველანი ძალიან მიყვარს, მინდა სულ ვეფერო, გავათბო, ისინი კი თურმე ვერ მიტანენ.
მოიწყინა, სხივები შემოიკრიბა, მოიქუფრა, თვალები დახუჭა და ცრემლები გადმოყარა. მის ყურს სიხარულის ჟრიამული მისწვდა.- წვიმა, წვიმა მოდის! - ხარობდა დიდ-პატარა. „ასე ხომ? არ მინდა თქვენთან, გყავდეთ წვიმა - წამოიძახა გაბუტულმა მზემ და ზღვაში ჩაიძირა.
გადიოდა დღეები. ამ ქვეყანაში კი სულ წვიმდა და წვიმდა. ყველგან გუბეები იდგა. ჰაერში ნესტის სუნი ტრიალებდა. მიწა ისე გაიჟღინთა წყლით, ფეხის დადგმაზე სულ ჭყაპაჭყუპი გაუდიოდა.
- მზეო, სად დაგვეკარგე, რატომ მიგვატოვე? - წუხდნენ ადამიანები.
- მზეო, გაგვათბე - შესჩიოდნენ მცენარეები.
- მზეო, მოგვენატრე. -  ფრუტუნებდნენ, ღმუოდნენ, წკმუტუნებდნენ ცხოველები.
- უშენოდ ჭიკჭიკიც გვეზარება. მოგვაბეზრა წვიმამ თავი - წიკვინებდნენ, ჩხაოდნენ ფრინველები, მაგრამ გაბუტული მზე შორს, დედამიწის მეორე მხარეს იყო და მათი ხმა არ ესმოდა.
- რა ვქნათ, როგორ შემოვირიგოთ გაბუტული მზე? როგორ მოვულბოთ გული? როგორ დავიბრუნოთ ჩვენი საყვარელი მნათობი? - წუხდა დიდი და პატარა. ხან რა მოიფიქრეს და ხან რა, მაგრამ ვერც ერთმა იდეამ საერთო მოწონება ვერ დაიმსახურა.
- მე გავფრინდები მზესთან, მე მოვუხდი ბოდიშს ყველას სახელით და დავაბრუნებ - განაცხადა ერთმა პატარა, თითქმის შეუმჩნეველმა ჩიტუნამ.
- შეეენ? - გაუკვირდა ყველას - შენ, ასეთი პატარა და შეუხედავი დაგვიბრუნებ მზეს?
- დიახ. პატარა ვარ, მაგრამ სიყვარულით სავსე. შეუხედავი, მაგრამ სულიერად ლამაზი - ამაყად მიუგო ჩიტუნამ და ზეცაში აიჭრა.
გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს შეგროვილებმა და გადაწყვიტეს, დალოდებოდნენ , თუ რას იზამდა ჩიტუნა. წვიმა ისევ გულისგამაწყალებლად ასხამდა და ასხამდა.
ცოტა იფრინა თუ ბევრი იფრინა პატარა ჩიტუნამ და მიადგა მზის სამფლობელოს. მზეს ეძინა, მაგრამ მაინც ისეთ სიმხურვალეს გამოსცემდა უცებ შეაშრა გალუმპული ბუმბული.ფიქრობდა,  როგორ მიეპყრო მზის ყურადღება?  ნისკარტი გააღო თუ არა, თავისდაუნებურად, ისეთ საამური გალობა დაიწყო, თვითონაც გაუკვირდა. უგალობდა, ეფერებოდა, ებოდიშებოდა, ეხვეწებოდა მნათობს. ამ საოცარ გალობაზე მზეს გაეღვიძა. კარგა ხანს უსმინა, ძალიან ესიამოვნა გალობაც და მისი სიტყვებიც. ადგა და კარი გააღო. შორიახლო პატარა, უფერული ჩიტი შენიშნა, რომელიც თავდავიწყებით უგალობდა მას.
- საიდან გაჩნდი ჩემს სამფლობელოში - ალერსით შეეკითხა მზე და ხელით მოუჩრდილა, რომ თვალი არ მოეჭრა მისთვის.
- იმ ქვეყნიდან, მოკაშკაშე მზეო, რომელიც ასე უგულოდ მიატოვე.
- იქ მე არავის ვუყვარვარ - ნაწყენი ხმით შეეპასუხა მზე.
- როგორ არა, მნათობო, შენ ყველას ძალიან უყვარხარ, ყველას ენატრები, სჭირდები...
- მაშ, ასე რატომ მსაყვედურობდნენ? - შეაწყვეტინა მზემ
- იმიტომ, რომ შენი სიმხურვალეც საჭიროა და წვიმის ტირილიც, ქარის სიცელქეც და ფიფქების ცეკვაც - მიუგო ჩიტმა.
- შენ რა გქვია? როგორი გაბედული და ჭკვიანი ხარ - გაიკვირვა მზემ.
- მე... ერთი უჩინარი, უსახური ჩიტი ვარ - მოწყენით მიუგო პატარამ - მაგრამ სიყვარულითა ვარ სავსე - გაიღიმა ჩიტუნამ.
- არა, შენ უჩინარი და უსახური კი არა, ძალიან თვალსაჩინო და ლამაზი იქნები - მედიდურად ჩაილაპარაკა მზემ და კვერთხი აიქნია. ჩიტუნა მზისფერი გახდა. საოცრად გალამაზდა. გახარებულმა ჩიტმა კიდევ უფრო ხმამაღალი გალობა გააბა.
- იასავით მორცხვი ხარ და სიკეთის მდომი, ამიტომ იასმდომს დაგარქმევ.
- იადონს? - კარგად ვერ გაიგო მზის შერქმეული სახელი ჩიტუნამ.
- იადონი - გაიმეორა მზემ - იყოს იადონი, უფრო კეთილხმოვნად ჟღერს - წავიდეთ იადონო, წავიდეთ შენს ქვეყანაში. შენმა გამბედაობამ და პირდაპირობამ ბევრ რამეს მიმახვედრა. რომ თუ გული სიყვარულით სავსე გაქვს და მიზანს დაისახავ, შეუძლებელს შეძლებ.რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. რომ ზედმეტი მხურვალება დაგწვავს და ზედმეტი სიცივე გაგყინავს.
მზემ ხელში აიყვანა მზისფერი ნათლული და სულ მალე იმ ულამაზეს ქვეყანას მზის სხივები იადონის საოცარ გალობასთან ერთად მოეფინა.
ყველანი ხარობნენ, მადლობას სწირავდნენ პატარა ჩიტუნას მზის დაბრუნებისთვის, მოსწონდათ მისი სამოსელი და ნანობდნენ, რომ მას შეუხედავი უწოდეს და დაეჭვდნენ მის შესაძლებლობებში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები