ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
12 აგვისტო, 2022


ზღვარი 21

მეოცე თავი

  ევი ცდილობდა, დამიანესთვის უსიამოვნებები აერიდებინა და ვენახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე არ საუბრობდა, მაგრამ კაცს უკვე ისე კარგად ესმოდა ქალის, მისი სუნთქვითაც კი გრძნობდა: რას ფიქრობდა, რა სტკიოდა, რა დარდს ეჯახირებოდა. სწყინდა, რატომ მიმალავ, მე ხომ იცი, შენი უხილავი სიზმრებიც კი მჭირდება ვიცოდეო. ევიმ კი იცოდა, რომ დამიანეს უამისოდაც არ აკლდა დარდი და როგორღაც მის დაცვას ცდილობდა.
  მერე მაინც ყველაფერი გაიგო და ჩაერია დამიანე - იქ თავისი მეგობარი მიგზავნა, საელჩოდან. ცხადია, შედეგს ვერ მიაღწია. თავად შეხვდა კახას, დაემუქრა, ამ ქალს ახლოს არ გაეკაროო, მისი შეშინება სცადა, მაგრამ რა შეაშინებდა, კახას უკან სახელმწიფო იდგა დაფჩენილი პირით. მალევე დაიბარეს დამიანე პროკურატურაში. მარტივი საუბარი არ ყოფილა, დამიანემ თავადაც იცოდა, მაგრამ უკეთ გაიაზრა რა საფრთხეების წინაშეც იდგა ევი. უკან დახევა სთხოვა.
- საკმარისია, რას აკეთებ? - ჰკითხა ერთ დღეს დამიანემ.
- რა ვქნა? ვითომ არაფერი ხდება ირგვლივ და შევეგუო?
- ვიცი, მესმის შენი, მაგრამ აზრი?
- რა აზრი გინდა, დამიანე?
- მაინც ვერაფერს შეცვლი, ვერაფერს გააწყობ ამ გაფუჭებულ ცხოვრებაში.
- უბრალოდ გვერდზე გადგომა არ გამოვა, ან უნდა შევებრძოლო, ან მათსავით დამნაშავე გავხდე.
- ახლა არაა მაგის დრო, შეეწირები.
- არაუშავს, დამიანე. საკუთარი თავის პატივისცემას შევინარჩუნებ. ჩემი თავი არ შემძულდება.
- ვერაფერს შეცვლი, ეგ უაზრო მსხვერპლი იქნება, შედეგს ვერ მოგიტანს.
  ერთ ხანს გაჩუმდნენ და მერე ჩაფიქრებულმა უთხრა:
- არ შემიძლია, დამიანე! არ შემიძლია! მოვკვდები, თუ ახლა ყველაფერს არ ვცდი, მოვკვდები, თუ დავნებდები!
- არასოდეს ეომო შენზე პატარას - შერკინებისას დახრა მოგიწევს, მასთან გატოლება და იქნება არც ერთი გამარჯვება არ ღირდეს მუხლმოყრად. არც შენზე გაცილებით დიდთან დაიწყო ბრძოლა, მკერდამდე მახვილს ვერ მიაწვდენ და აბა ქუსლებში ცემა რა საკადრისია. პირველს გადააბიჯე და გზა გააგრძელე. ციცქნა მტერი საკუთარ თავს თავად გაანადგურებს. მეორესთან კი უკან დაიხიე, მაგრამ არ დაივიწყო, რომ მტერია. უკუსვლა დანებებას არ ნიშნავს, ხანდახან ტრამპლინია. სწორ დროს დაელოდე, ჯერ გაუტოლდი და მერე წადი მისკენ, ისე რომ თვალებში უყურებდე. ზურგიდან ლაჩრები ეპარებიან მოწინააღმდეგეს, არარაობანი კი მაგასაც ვერ გიბედავენ, მიწაზე გართხმულნი ცდილობენ, საყრდენი გამოგაცალონ. ეს უკანასკნელნი, უბრალოდ შეიბრალე, მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია ჭინაჭველასავით დასრისო. მათთან არაფრის დამტკიცება გჭირდება, თავად აღიარებენ შენს უპირატესობას, როცა ჩრდილქვეშ გეგმავენ, როგორ მოგაყენონ ზიანი.
- მართალი ხარ, დამიანე, მაგრამ ეს ამბავი პიროვნულ ბრძოლას სცდება. აქ სასწორზე სხვა ღირებულებები და ფასეულობები დევს.
- ეს არაა თამაში, ევი!
- როგორ ფიქრობ, მე ახლა ვთამაშობ?!
- ბავშვივით იქცევი... გაბრაზებული წამოდგა დამიანე და აივანზე რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა, მერე გაჩერდა, ხელისგულები მაგიდას დააყრდნო, ქალისკენ გადაიხარა და კბილებში გამოსცრა,- მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდე! ამ სამყაროში შენ მარტო არ ხარ და არ შეგიძლია, არ გაქვს უფლება ყველაფერი შენს ჭკუაზე აკეთო.
  დამიანე მძიმედ სუნთქავდა. მკერდი გახშირებით უცემდა, შუბლი ოფლისგან დასცვაროდა. ევი ერთ ხანს კაცს უყურებდა, მერე ისეც ფეხზე წამოდგა, მანაც ხელისგულები დააყრდნო მაგიდას და დამარცვლით უთხრა:
- პრობლემა ის კი არაა, რომ მე ვიბრძვი, პრობლემა ისაა, დანარჩენები რომ არ იბრძვით ჩემთან ერთად!
- აჰა, მოდი! - დამიანე გაიმართა და მკერდი მიუშვირა, - მოდი და მესროლე, თუ ჩემი სიცოცხლე რამეში წაგადგება!
- მე შენ არაფერს გთხოვ!
- აბა რას ამბობ? ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა!
- არაფერს! უბრალოდ მე ახლა არჩევანი არ მაქვს, ვისაც აქვს ისე მოიქცეს, როგორც საკუთარი ღირსება უკარნახებს.
- აუ ჩემი! - თავზე შემოიწყო ხელები დამიანემ და ზურგი აქცია.
  ევიც სკამს დაუბრუნდა. თავი ასტკივდა, ეგონა საფეთქლები უსკდებოდა. საშინლად ბრაზობდა, ვისზე და რაზე კარგად თავადაც არ იცოდა. დამიანე რამდენიმე წუთში დაბრუნდა, გარეგნულად შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ ევიმ მის თვალებში ჩამოწოლილი ბრაზი და შიში შეამჩნია.
დამიანემ მიმტანი იხმო:
- არაყი, თუ შეიძლება, - უცხო იყო კაცის ხმა ახლა.
  ორი ჭიქა უსიტყვოდ დალიეს. ერთმანეთს თვალს არიდებდნენ. ერთ ხანს ხელსახოცს კეცავდა და ისევ შლიდა დამიანე. მერე თეფშზე მიაგდო. თეფშიც და ჭიქაც გვერდით გასწია. ევის ხელი დაუჭირა, თვალებში ჩახედა და უთხრა:
- მე გმირი არ ვარ და ვერც შენსავით შემიძლია, ალბათ, თავგანწირვა ღირებულებებისთვის, მაგრამ შენ გამო... შენთვის... ყველაფერს გავაკეთებ... შენ გარდა არც არაფერი გამაჩნია... თუ ჩემი სიცოცხლე დაგჭირდება, არც დავფიქრდები, ისე გავიღებ, მაგრამ, ევი, მისმინე, ახლა რაც ხდება არ გავს წიგნებში აღწერილ რომანტიკულ თავგანწირვებს.
  ევიმ სახე აარიდა, არაფერი უთქვამს, ასე იცოდა ყოველთვის, როცა რაღაცაში არ ეთანხმებოდა, მაგრამ დავა არ სურდა.
- შენ არ იცი იმ საუბრის შესახებ, რაც ჩვენ გვქონდა...
- სწორად ვერ გაიგე, დამიანე, - სიტყვა არ დაასრულებინა ქალმა, - მე შენგან არაფერს ვითხოვ! კარგად იცი, რომ საერთოდ არაფრის თქმა მინდოდა შენთვის. აქ ჩემი და შენი სიყვარული არაფერ შუაშია. მე რაც ვთქვი, ეს სხვა რამე იყო, ჩემ წინაშე კი არ ხარ ვალდებული, ან შენ და ან ვინმე სხვა, საკუთარი თავის წინაშე მოგვეთხოვება.
- გოგო, ვერ ხვდები? ეს მე კი არა, შენ გეხება! შენ გამო მეშინია, შენთვის ვამბობ. შენ რომ... შენ რომ რამე... ხელი გაუშვა დამიანემ და კიდევ ერთი ჭიქა დალია.
- დამშვიდდი, დამიანე! არაფერი მომივა, არაფერი მემუქრება, ეს მათ ეშინოდეთ ჩემი რისხვის, - ღიმილით თქვა ევიმ და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.
- შენ ის მოჭიდავე იცოდი რამდენიმე წლის წინ რომ გარდაიცვალა? გაგებული გექნება „დამარცხებულს“ ეძახდნენ, - ევიმ თავი დაუქნია, გამიგიაო,- იცი, როგორ დაიღუპა?
- რაღაც მახსოვს თითქოს, მაგრამ დეტალები არ ვიცი.
- რეკორდსმენი იყო - საერთაშორისო მედლების რაოდენობით. ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი! მთელი მსოფლიო იცნობდა და პატივს სცემდა. არჩევნების დროს მისი მეგობრები ოპოზიციაში იყვნენ, გვერდით დგომა სთხოვეს. რაის პოლიტიკა ესმოდა ამ საწყალს, ბავშვობის მეგობრებს ვერ აქცია ზურგი - დამიანემ კიდევ ერთი ჭიქა დალია და გააგრძელა, - ცინკის კუბო გაგიგია? ომის დროს, ნაფლეთებად ქცეული მეომრებისათვის იყენებდნენ,აი მასეთი ცინკის კუბოთი მიუსვენეს, დახუფული. საცოდავ დედამისს უკანასკნელად შვილის ნახვის უფლებაც არ მისცეს, კაცმა არ იცის, ვინ და როგორი წამებით ამოხდა სული! კაცი მსოფლიო დონის სპორტსმენი იყო და არც დაფიქრდნენ, ისე გააქრეს... და გივი? ყველაზე მდიდარი ქართველების ხუთეულში იყო, მოწამლეს! სიცოცხლე ფულმა ვერ დააზღვია, ის ბავშვი...
- მერე, დამიანე?!
- რა მერე, გოგო?
- შენ რა გგონია, მე არ ვიცი ვინ არიან და რაზე შეიძლება წავიდნენ?
- არა, არ იცი! არაფერი გესმის!
- მაშინ იქნებ ნებაყოფილობით გამოვაცხადოთ მონობა?
- მაგას არავინ გეუბნება!
- აბა რას მეუბნები, ვერ გავიგე, რა გგონია, რომ მე მიხარია? მე მომწონს რაც ახლა ხდება? მე გამოვიწვიე საბრძოლველად? თავს მესხმიან და საკუთარი თავი არ დავიცვა?!
  დამიანემ ღრმად ამოისუნთქა, სახეზე ხელები მიიფარა, ერთ ხანს ასე იყო. ევი ადგა, მიუახლოვდა, ზურგიდან ჩაეხუტა, ხელები ყელზე მოხვია და ყურში უთხრა:
- ნუ გეშინია, დამიანე, არაფერი მომივა, ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან!
  დამიანე მოჩვენებითი სიბრაზით ცდილობდა ქალის ხელებისაგან გათავისუფლებას, მერე მისი თითები დაიჭირა, აკოცა და დაღლილი ხმით თქვა:
- რა მოგიხერხო, აღარ ვიცი, რა მოგიხერხო.
  ცოტა ხანს ასე იყვნენ. მერე ისევ საკუთარ ადგილს დაუბრუნდა ევი, ახლა ქალს საოცრად უბრწყინავდა თვალები, აფორიაქებული იყო, ბედნიერი!
- ყველა შიშმა გადამიარა, ახლა აღარაფრის მეშინია! ახლა ვიცი, ესენი კი არა, მთელი სამყაროც ვერ მომერევა.
დამიანესაც გაეღიმა.
- შენ ოდესმე რამის გეშინოდა? რაღაც მაგის არ მჯერა.
- კი, დამიანე, ძალიან მეშინოდა, - ევის სახეს ღრუბლები დააწვა. თვალებში ცრემლი ჩაგუბდა, ხმა აუთრთოლდა. ღმერთო, წუთში რამდენჯერ შეუძია ამ ქალს სახეცვლილება, - შიშით გაიფიქრა დამიანემ.
ევიმ კი ტკივილით ავსებული ხმით თქვა:
- ძალიან მეშინოდა! მეგონა, რომ სადაც იყო ყველაფერი დასრულდებოდა, მე კი ვერაფერს ვასწრებდი, ვერაფერს ვაკეთებდი... ხან ჰოლივუდს ვეპოტინებოდი, ხან ოსკარზე ვოცნებობდი, რაღაცებისთვის ვიბრძოდი... ტყუილი აღმოჩნდა ყველაფერი, ილუზია... სარკესთან დავდგებოდი და საკუთარ თავს ვუმეორებდი, ვაჯერებდი: მე ვარ ევი აღდგომელაშვილი, მე ვარ ევი აღდგომელაშვილი! მაგრამ არ მჯეროდა! თითქოს მე ვიყავი და არც ვიყავი... თითქოს სხვის სხეულში ვცხოვრობდი, საკუთარ თავს ვერ ვპოულობდი...
  დამიანე წარბშეკრული უსმენდა. დაფიქრებული. მერე გაიცინა:
- ვაჰ, ბიჭო, შენ მე გამაგიჟებ, - ევის კი კაცის სიტყვებისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო:
- ყველაფერში ეჭვი მეპარებოდა, ვერაფრის არსს და ფუნქციას ვერ ვგრძნობდი... შენი სიყვარული... ჩვენი ამბავი რაც დაიწყო... რაც შეგხვდი ყველაფერი საკუთარ თავს დაუბრუნდა, მეც ვიპოვნე ჩემი თავი, საკუთარი თავი აღმოვაჩინე, თითქოს ცხოვრება მაშინ დაიწყო, რაც შენ გამოჩნდი... ახლა აღარაფრის მეშინია, ახლა...
  დამიანემ ხმაურით გასწია სკამი, ქალს მაჯაში წაავლო ხელი, ფეხზე წამოაყენა და გულში ჩაიკრა მთელი ძალით და ცხოვრებაში პირველად იგრძნო როგორ აავსო შიშმა მისი სხეული, როგორ მისწვდა თავისი ბნელი და ცივი თითებით სულს და როგორ გაუჭირდა ამოსუნთქვა:
- ამ ქალის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, მის გარეშე მოვკვდები! - იფიქრა დამიანემ და თავი ევის თმაში ჩარგო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები