ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2022


ზღვარი 26

ოცდამეხუთე თავი

  სამსახურში კარგად მიდიოდა საქმეები. ახერხებდნენ რეალური და ირეალური ცხოვრების შერწყმას. ევი მამას ეხმარებოდა ვენახში. ახალი ვაზის ჯიში გამოჰყავდათ. დამიანე ყიდდა ღვინოს. დადიოდა ახალი მარნების აღმოსაჩენად. ხვდებოდა უცხოელ კოლეგებს. მიდიოდა სახლში, მეუღლესა და შვილებთან ატარებდა საღამოს და დგებოდა გრძელი და ნათელი ღამეები, ევი დამიანეს ჩაჰკიდებდა ხელს და ისინი თავის პლანეტას აფარებდნენ თავს.
  მათი ამბავი არც მიწის იყო და არც ცის. მათი ისტორია, სხვა სივრცესა და განზომილებაში წყდებოდა. ამ სამყაროს არ ეკუთვნოდნენ. ის, რაც მათ აკავშირებდათ, უფრო მეტი იყო, ვიდრე სურვილი ან სიყვარული. ეს თავდავიწყება იყო, უსაზღვრო და უშეღავათო არსებობა. უყვარდათ და სურდათ; სტკიოდათ და ახარებდათ ერთმანეთის არსებობა; უნდოდათ არასოდეს არსად წასულიყვნენ და ამავე დროს, ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს გაქცეულიყვნენ. ძალიან ბევრი გადაიტანეს ერთად. თითქოს ეს უბრალოდ რამდენიმე დღე იყო და მეტი არაფერი - უშინაარსო, უსიტყვო რამდენიმე დღე და ყველა სიტყვა უთხრეს ერთმანეთს, ყველა ამბავი მოუყვნენ, ყველა სურვილი გაუზიარეს. სამყაროსგან კი, რომელმაც ბედნიერების შანსი წაართვა, მხოლოდ ერთ სრულყოფილ დღეს ითხოვდნენ: 24 საათს ზღვისპირას, პატარა სახლში, იქ სადაც კაცობრიობას მათი არსებობა დაავიწყდებოდა, მაგრამ დამიანეს და ევის არ მიეცათ განცალკევების ერთი დღე, ამიტომ მათ ყველაფერი ნახეს და განიცადეს. იყვნენ: ფლორენციაში, სადაც ერთად გაეცნენ მიქელანჯელოს დაუსრულებელ ნამუშევრებს; ისეირნეს ელისეს მინდვრებზე; სვანური კოშკის აივნიდან გაუსწორეს თვალი ჭაღარაშერეულ მთებს; დაიპყრეს ალპები; ეზიარნენ ინდოეთის ფერად სამყაროს; გადაურჩნენ აფრიკის ჯუნგლებს; შეუერთდნენ ბრაზილიურ კარნავალს... და ყველგან დატკბნენ ერთმანეთით: საძინებელში, სამზარეულოში, სამუშაო მაგიდაზე, ბუხრის წინ, იატაკზე, გაჭედილ ლიფტში, მანქანის უკანა სავარძელზე, აბაზანაში... ყველაფერი განიცადეს, იყვნენ ყველაზე ნაზები და უხეშები, უყვარდათ და სჭირდებოდათ ერთმანეთის სხეულები, ის რაც მათ ჰქონდათ სექსზე მეტი იყო, ყველა სიამოვნებას აღემატებოდა. და ეს მაშინ, როცა ასეთი შორი იყო მათი სხეულები, ასეთი ვერმისაწვდომი და ვერშესახები...
    და ფიქრობდნენ: ნუთუ ეს გასაოცარი სიყვარული შესაძლოა, შეცდომა ყოფილიყო? და თუ შეცდომაა, მაშინ, რატომ შეხვდნენ ერთმანეთს? იქნება ერთმანეთი უნდა გადაერჩინათ, ერთმანეთი ჭაობიდან უნდა ამოეთრიათ, რათა უფრო ღრმად ჩაძირულყვნენ?
    სანამ დამიანე ევის შეხვდებოდა, არც  იცოდა თუ ყველაფერი ასე ცუდად იყო და მერე, როცა ცხადი გახდა უშეღავათო ყოფა, მთელი დარჩენილი ცხოვრება კითხვებზე პასუხების ძიება უნდა ყოფილიყო. და დამიანეს თავს ესხმოდნენ კითხვები, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ ჰქონდა პასუხი.
    და მერე, ყველაზე მეტად ის დღეები ენატრებოდა დამიანეს, თევზის საღამოები რომ დაარქვა ევიმ. არა და განთიადები იყო, მაგრამ ამოიჩემა, საღამოებიაო. ასეთი იყო, უცნაური, ყველაფერს თავის ჭრილში ხედავდა და აზრიც არ ჰქონდა შეკამათებას, ან რა მნიშვნელობა აქვს საღამოებსა და დილას, როცა სამყარო სიყვარულითაა გაჟღენთილი.
    იმ ხანად მთაში დასახლდნენ. სახლის უკან ტყე იყო, წინ პატარა მდელო და იქვე მდინარე მოდიოდა. აი მდინარე კი ნამდვილად არ იყო პატარა, მთელ დღეს გრუხუნი გაუდიოდა, გაჰკიოდა და არ ჩუმდებოდა, წამითაც კი არ წყვეტდა თავაწყვეტილ ყოფას.
  პატარა სახლი ჰქონდათ, ძველებურად მოწყობილი. რა უდგებოდა წინ დიდი სახლის აშენებას, ციხე-კოშკივით ქვაშემოვლებულს, მარმარილოს კიბეებით, შადრევნებითა და რენესანსის დროინდელი ქანდაკებებით, მაგრამ არ დაანება ევიმ და მათ პატარა სახლი ჰქონდათ, ხის კიბით. მესამე საფეხური ჩამტვრეოდა კიბეს, არც ეს შეაკეთებინა, ასე მოსწონდა, პატარა აივანი და ახალფეხადგმული ბავშვივით არამყარად მდგარი მოაჯირი. დილაობით, ყავის სმისას, მაინც ამ მოაჯირს ეყრდნობოდა და არას დაგიდევდა თხოვნას, ფრთხილად იყავი, არ გადავარდესო...
  აივანზე პატარა, მრგვალი მაგიდა და ორი სავარძელი იდგა. მაგიდაზე თეთრი, კესანებმოჩითული სუფრა ეფარა, ზედ კი ძველებური თიხის საყვავილე იდგა. მინდვრის ყვავილებს არ აკლებდა დამიანე. ყოველ ჯერზე ისე უხაროდა ყვავილები ევის, თითქოს მთელი სამყარო ეჩუქებინოს დამიანეს, აიწეოდა თითისწვერებზე, შემოეხვეოდა ყელზე. ედებოდა აქეთ-იქით ყველაფერს, სანამ წყალს მოიტანდა. ყვავილებს თავისებურად შეასწორებდა, ღერა-ღერა ჩადებდა საყვავილეში. დასტრიალებდა თავს, ეფერებოდა. მაგრამ გადაყრით არა, არც ერთ შემთხვევაში არ გადაყრიდა დამჭკნარ ყვავილებს. დამეხოცნენო, დარდობდა თითოეულ ფოთოლზე. სხვა გზას არ უტოვებდა, დამიანეს უნდა გადაეყარა ისე, რომ არ დაენახა ევის, გული არ დასწყვეტოდა. ამ აივანზე უყვარდა დილაობით ყავის დალევა ევის.
  ღარიბული სახლი ჰქონდათ. ერთი მისაღებითა და ბუხრით, რომელიც ცოტა ბოლავდა, მაგრამ მას გათბობაზე მეტად ის ფუნქცია ჰქონდა, რომ ცეცხლი უნდა აენთოთ და შეშის ტკაცა-ტკუცი მოესმინთ. ევის იქვე, ბუხართან მიმჯდარს დაელია ერთი ჭიქა შავი ღვინო. იატაკზე ჯდომა უყვარდა. დამიანეს ეს დიდად არ ხიბლავდა, მაგრამ, მისი ხათრით, ჩუმად იყო. ისხდნენ იატაკზე, ბუხარი ენთოთ, ევი კაცის მკერდს ეწებებოდა ზურგით და სვამდა. არც ლაპარაკი უნდოდა ამ დროს, სიმართლე ითქვას, არც სითბო, არც დალევა... ეს პროცესი მოსწონდა - ბუხრის წინ ჭიქით ხელში ჯდომა.  რამდენიმე წუთს კი უძლებდა კაცი, მაგრამ მერე წელზე ხელს მოხვევდა, გაბოჭავდა და სანამ გათავისუფლებას ცდილობდა ევი, დამიანე ყურის ძირში ჰკოცნიდა. ამით მთავრდებოდა ქალის წინააღმდეგობა, შეწყვეტდა პროტესტს, ჭიქასაც მიდგამდა თითქმის დაულეველს, და იყო ხოლმე ღამეები, რომლის გაუთენებლობასაც ნატრობდა დამიანე, რომელიც უნდოდა საუკუნესავით გაგრძელებულიყო.
  იქვე ბუხრის ოთახში მაგიდა ედგათ, ფანჯარაზე მიბჯენილი, ერთი ხის კარადა ჰქონდათ, მინიანი. ძალიან ჭირდა მინის გაწევ-გამოწევა, იჭედებოდა, თან ნათითურები ეტყობოდა და ახლა ამის წმენდაზე წვალობდა ევი. ასჯერ შესთავაზა დამიანემ, ეს მაინც შევცვალოთო, მაგრამ არ ქნა, ამას აქვს სილამაზეო. სილამაზესაც თავისებური აღქმა უნდა, ალბათ, დამიანეს ძალიან ულამაზოდ მიაჩნდა ეს კარადა. პირმოტეხილი, დაბზარული ჭურჭელი ეწყო ჭიებისაგან გამოხრულ თაროზე. თავად ყურმოტეხილი ჭიქა ჰქონდა ერთი - წითელი, ბუთქუნა... იმით სვამდა ყავას. გადაგდება დაუპირა დამიანემ და მერე საღამომდე ეხვეწა ევის შემირიგდიო. იწყინა, ჯერ ერთი, მოტეხილი რომ აქვს ყური, უკეთ ვაჭდობ თითებს და გასათბობად კარგიაო და მეორეც, ახლობელი, რომ ბერდება, ან ცუდად ხდება, აღარ გვიყვარსო? ასეთი გასაოცარი ლოგიკა ჰქონდა, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებდი და იძულებული ხდებოდი, დაგეთმო.
  პატარა საძინებელში იწვნენ, ხის ტახტზე. გაჭირვებით თავსდებოდნენ. ძალიან მოუხერხებელი იყო, ხმელი და თან ყველა გადაბრუნებაზე ჭრიალებდა. დამიანესა და კედელს შორის ჩაიჭეჭყებოდა ევი, თავიდან მოკრძალებით, მერე ნელ-ნელა კაცისკენ მიიწევდა და ბოლოს, ის იწვა ბედნიერად, დამიანეს კი ერთი ხელი ტახტის კიდისთვის ჰქონდა ჩავლებული, რომ იატაკზე არ გადმოვარდნილიყო.
  ჰოდა, იმ სახლში, სადაც საღამოობით მხოლოდ ბუხარი ან სანთელი ენთოთ და მაინც გასაოცრად ბრწყინავდა ყველაფერი, სადაც თან არაფერი ჰქონდათ და თან - ყველაზე მდიდრები იყვნენ, თევზის დღეები დააწესეს. დილა უთენია დგებოდნენ. მთაში, მით უფრო მდინარის პირას, ყოველთვის ცივა. სათევზაოდ გასვლამდე სთხოვდა დამიანე თბილად ჩაიცვიო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ევი მიდიოდა თხელი კაბით, მდინარის ნაპირთან მისვლისას, უკვე იწყებდა კანკალს და, შესაბამისად, ის იჯდა მთელი დილა დამიანეს მაისურში გახვეული, კაცი კი - თითქმის შიშველი. ისინი ანკესით იჭერდნენ კალმახს და სანამ დამიანე ელოდა, როდის წამოეგებოდა თევზი სატყუარას, ევი ღიღინებდა თავის დაწერილ მელოდიებს, რომელსაც ჰქონდა სევდა. და დამიანეს სიგიჟემდე უყვარდა ეს მუსიკა, რადგან იცოდა, რომ თითოეულ ნოტში მისი ხმა ჟღერდა, ამ მუსიკაში იყო თავად, თუ მუსიკად განივთებულიყო დამიანე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები