ოცდამეექვსე თავი
ქუჩის კუთხეში შედგა დამიანე. ასანთი სთხოვა საბას. გააბოლა. ერთ ხანს შუა ტროტუარზე გახიდულიყო საბა და მერე მოთმინებამ უღალატა: - ჰა, არ წავიდეთ? - მაცალე რა! - სიგარეტი დაანახვა მეგობარს. - სიარულის დროს ვერ აბოლებ? - გაღიზიანდა საბა. - გეჩქარება? - დაიღრინა დამიანეც. - არა, მაგრამ რა ბირჟავიკივით ჩამომაყენე ქუჩაში? - ცოტა ხანი... სიგარეტი ძალიან სწრაფად ჩაიწვა და ახლა ტელეფონს ჩასჩერებოდა, ნაძალადევად მიღებული საქმიანი იერით. მიხვდა საბა, რომ რაღაც ხდებოდა, დროს განგებ აჭიანურებდა დამიანე. ინტერესმა სძლია. პარფიუმერიის მაღაზიის კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და მოლოდინად იქცა. შუადღის მზე სწვავდა ქალაქს. ხმაურით, ნაჩქარევად მოდიოდნენ მგზავრები - მოქანცულები, დაღლილები. დამიანე ნერვიულად ბორგავდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. საბა კი ხალხს აკვირდებოდა. ყველა მათგანს სევდა აწვა თითქოს მხრებზე. ზამბარასავით ჰქონდათ დაჭიმული სახის კუნთები, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებულიყვნენ. ჩხუბის დაწყების მიზეზს ეძებდნენ. რისხვას სხეულებში ვეღარ აოკებდნენ. ორ ათწლეულში გადავლილი სამი ომი, ასეულობით დევნილი, მოკლულები, ქვეყნიდან გადახიზნულები... ბევრი იყო ძმათმკვლელი ომი ამ ერთი მუჭა ქვეყნისთვის. იმპერიის ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობებიდან ისევ წვეთავდა სისხლი. სოციალურ კატასტროფამდე მისულიყო ერი, ან კიდევაც როგორ ვართო, ფიქრობდა საბა. მოდიოდა რისხვაშერეული ქუჩა; მოდიოდნენ ცხოვრების საწუხარით ნაოჭგაჩენილი ადამიანები; მოდოდა ქალი, მძიმე ტვირთით, მოდიოდნენ ბიჭები, ვენებგადახსნილი, წამლისაგან მზერაარეულნი; აგერ ბავშვები, ახალფეხადგმულნი; ახალგაზრდები, საკუთარი დედის მაგინებელნი... ამ ხალხის ნაკადს შორის ქალი გამოჩნდა. მოდიოდა და ქუჩა ღელევდა, ქუჩა მოჰყვებოდა თითქოს. მოდიოდა და გაყინულიყო სამყარო და მხოლოდ ეს ერთი ქალი დარჩენილიყო, დედოფალივით ამაყი და შეუდრეკელი, თავდაჯერებული ნაბიჯით. საბამ თვალი ვერ მოსწყვიტა. ფეხზე წამოდგა. თითქოს რაღაც მომხდარიყო. რაღაც ახალი შეეცნო. ქალღმერთივით ქალი კი მათ წინ შედგა და სანამ საბა მდგომარეობის გააზრებას შესძლებდა, დამიანეს თბილად გადაეხვია. და ცხრა ცა გაიხსნაო თითქოს, ისეთი ნათელი თვალები ჰქონდა ახლა დამიანეს. და მერე, ვითომ შემთხვევით შეხვედრილი ქალი, ასევე, ყოველი შემთხვევისათვის გააცნო მეგობარს. - ევი! - გამოუწოდა ხელი ქალმა და მეგობრულად გაუღიმა, საბამ იგრძნო რაღაც მეტი დამიანესა და მას შორის, ვიდრე შეიძლებოდა უბრალოდ ლამაზი ქალის მიმართ ეგრძნო კაცს. რამდენიმე არაფრისმთქმელი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და ქალმა გზა განაგრძო, დამიანე კი კიდევ რამდენიმე წუთს გაჰყურებდა ქუჩას, რომელსაც ევი მიჰყავდა. ახლა საბამაც გააბოლა. ცოტა ხანს უსიტყვოდ იდგნენ, მერე მანქანაში რომ ჩასხდნენ, მეგობარმა საიდუმლონარევი ღიმილით შესცინა. - ვინაა? დამიანემ უსიტყვოდ გაუღიმა. - ჭკუით იყავი შენ! - დამიანეს გაეცინა და პასუხი ისევ არ დაუბრუნა. - ის ჩვეულებრივი ქალი არაა! - თქვა ცოტა ხნის შემდეგ. - მაგას მივხვდი. ერთ ხანს ჩუმად იყვნენ. მერე თქვა დამიანემ: - ძალიან მჭირდება! - ასეთი ქალი, ძმაო, ვის არ სჭირდება?! - გაეცინა საბას. - არა, არ გესმის. ევი მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალი, ამის მიღმაა კიდევ რაღაც. მგონია, რომ არავის ისე არ ესმის ჩემი, როგორც მას. ყველაფერი ესმის... - ჰო, მაგრამ ეკა არ დაგავიწყდეს შენ! - სამწუხაროდ, წამითაც არ მავიწყდება. - ჰოდა... - ვიცი! ევიმ კი გააგრძელა გზა და გაიყოლა ფიქრი, რომ დამიანეს ძალიან უნდოდა მთელი ხმით ეყვირა და მთელ სამყაროს გაეგო ევის შესახებ. დამიანეს სჭირდებოდა, მათი ამბავი ყველას სცოდნოდა, თითქოს სხეულში ვეღარ ეტეოდა ეს საიდუმლო, თითქოს საკუთარ თავს პირზე ხელს ვეღარ აფარებდა. ეს სიყვარული თავადაც უსაშველოდ ავსებდა. უნდოდა ევისაც, რომ ასეთი დიდებული და ყოვლისმომცველი გრძნობა სიზმრების ანაბარა არ დაეტოვებინა. ქუჩაში ჩახუტება სურდა. სახალხოდ ხელჩაკიდებული სიარული... ეს სიჩუმე გულს უხეთქავდა, ეს სიჩუმე დაუტეველი ხდებოდა. მიას დაურეკა, რომელმაც დიდი ხანია იცოდა, მეგობრის ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი რომ ხდებოდა, მაგრამ ევი ჯიუტად დუმდა. ახლაც ისხდნენ, ყავა თითქმის ბოლომდე დაელიათ უკვე და ევი სიტყვებს ვერ პოულობდა, საუბრის დაწყება უჭირდა. - მოკლედ... - დამაწყდა უკვე ნერვები, დაიწყე რა! - რაღაც ხდება... - ეგ ვიცი და გელოდები, როდის მეტყვი რა ხდება. - ერთი კაცია. - მერე? - არაფერი... - ჰა? - არაფერი... მგონი მიყვარს... - ვაააა, რას მოვესწარი. თავად ყინულის დედოფალს შეჰყვარებია. და ახლა არ გეშინია, რომ გალხვე? ევიმ გულსგარეთ გაიცინა. - დაიწყე რა. - არ დამიწყო ახლა ჭკუის სწავლება, ძალიან გთხოვ. - თქვი! - ცოლ-შვილი ჰყავს. - რა? - ჰო. - მერე? - არაფერი. - რა არაფერი? ხვდები? ევის პასუხი აღარ დაუბრუნებია. ერთ ხანს მიაკოც ჩუმად იყო, მერე ზურგი აქცია ევის და ცრემლი მოიწმინდა. ის დღეები წამოაგონდა, ქმრის ღალატის შესახებ რომ გაიგო, ის გულისგახეთქვამდე ტკივილიანი დღეები, ის შეურაცხყოფა და ბრაზი გაახსენდა, რასაც გრძნობდა იმ ქალის მიმართ. არა, მხოლოდ მიიძინა, თორემ ის ტკივილი ახლაც არ განელებია მიას. ნაღალატევი ქალები ვეღარასოდეს უბრუნდებიან ჩვეულ მდგომარეობას, როგორც უნდა მოგაჩვენონ თავი, როგორც უნდა ამტკიცონ, აღარ მახსოვს, არც რას ნიშნავდაო ჩემთვის, მაინც არ ავიწყდებათ, რომ ოდესღაც მისი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელეს. არ ავიწყდებათ სხვა ქალის სუნი, მათ კუთვნილ კაცებს რომ აჰყოლოდათ და აღარასოდეს, აღარასოდეს სჯერათ საკუთარი თავის. მუდმივად ამტკიცებენ ქალი ვარო, სულ უმტკიცებენ სამყაროსაც და საკუთარ თავსაც უნაკლონი ვართო, მაგრამ ვეღარ ახერხებენ მოტყუებას, ვეღარასოდეს ახერხებენ რწმენის დაბრუნებას. აღარ შეუძლიათ სარკეში თამამად ჩახედვა, აღარ შეუძლიათ სჯეროდეთ საკუთარი თავის. სულ თავდახრილნი დადიან. გული ჩამოეწურა მიას. ახლა თითქოს კიდევ ერთხელ უღალატეს, ახლა თითქოს კიდევ ერთხელ მიატოვეს... - ყველაფერი ვიცი, მია. უბრალოდ თავს ვერ ვაკონტროლებ. მოვძებნი ძალას და წავალ, მაგრამ ახლა ისე ვარ, რომ მინდა ცოტა ხანი ბედნიერი ვიყო. - და მის ცოლზე თუ ფიქრობ? მას არ უნდა ბედნიერება? - არაა მასთან ბედნიერი დამიანე, ცუდადაა! - ჩემთან მაინც ნუ ამბობ მაგას! ისევ დუმილი ჩამოწვა. - რას აპირებ? - ცოტა დრო მჭირდება და დავასრულებ. - მაგას დრო აღარ უნდა! მაგას ახლავე, ამ წუთასვე სჭირდება წერტილის დასმა. - ხომ იცი, ასეთი ადვილი არაა სიყვარულზე უარის თქმა? შენ ხომ მაინც იცი... - ჰო, სამწუხაროდ, ვიცი და შენ თავს ჩემს მდგომარეობას ნუ ადარებ, თუ კარგად გახსოვს მე მაშინ ჩვიდმეტი წლისაც არ ვიყავი, შენ ოცდაათის ხარ. და ყველაზე მთავარი: მას ცოლ-შვილი არ ჰყოლია! - ვიცი, მია, ვიცი. - ცოდნა არ უშველის მისი ცოლისა და შვილების ტკივილს. - და ჩემს ტკივილზე რას იტყვი? - შენ არაფერი გიჭირს. - რატომ, მია? რახან ფეხზე მყარად ვდგავარ, რახან ვიღიმი, ფიქრობ, რომ კარგად ვარ? სიმართლე თუ გინდა, მე ვკვდები. მე ნაწილ-ნაწილ ვკვდები. არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი შევძლებ ცხოვრებას, მაგრამ იცოდე, რომ მე ახლა სულს ვღაფავ, ეს ჩემი დასასრულია! - ჩანთას ხელი წამოავლო და დაუმშვიდობებლად დატოვა მეგობარი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დაიღრინა დამიანეც. <--- მე მგონი გაუმართავი წყობაა, რა ვიცი ის დღეები წამოაგონდა, <---- რავი იქნებ კარგი სიტყვაცაა ეს წამოაგონდა, მაგრამ მე წა-ს გარეშე უფრო მომწონს
როცა ასეთი სატანჯველია ეს ყველაფერი ერთერთმა უნდა გადაწყვიტოს და უარი თქვას
ის ქუჩის შეხვედრა ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს :)
წარმატებები და ველოდები მომდევნო თავებს დაიღრინა დამიანეც. <--- მე მგონი გაუმართავი წყობაა, რა ვიცი ის დღეები წამოაგონდა, <---- რავი იქნებ კარგი სიტყვაცაა ეს წამოაგონდა, მაგრამ მე წა-ს გარეშე უფრო მომწონს
როცა ასეთი სატანჯველია ეს ყველაფერი ერთერთმა უნდა გადაწყვიტოს და უარი თქვას
ის ქუჩის შეხვედრა ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს :)
წარმატებები და ველოდები მომდევნო თავებს
1. - ცოდნა არ უშველის მისი ცოლისა და შვილების ტკივილს. - და ჩემს ტკივილზე რას იტყვი? - შენ არაფერი გიჭირს. მართლა არაფერი ჭირს, სიყვარული სახადია, წითელა-ბატონებისავით. მივდივარ ზღვართან ახლოს? - ცოდნა არ უშველის მისი ცოლისა და შვილების ტკივილს. - და ჩემს ტკივილზე რას იტყვი? - შენ არაფერი გიჭირს. მართლა არაფერი ჭირს, სიყვარული სახადია, წითელა-ბატონებისავით. მივდივარ ზღვართან ახლოს?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|