ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2022


ზღვარი 28

ოცდამეშვიდე თავი

  გზა უსასრულოა. სულ იყო და სულ იქნება. არასოდეს შეწყდება. ვერაფერი შეაჩერებს. გზა არ მიდის ქალაქებთან და სოფლებთან. დასახლებები, შენობები და ადამიანები მიდიან და იწყებენ არსებობას გზაზე და გზასთან. გზა ერთია, უბრალოდ ყველა ადამიანი სხვადასხვა დროს ვუერთდებით და ვტოვებთ. ის არც ქვა-ღორღიანია და არც ეკალბარდებიანი, არც ყვავილებს გვახვედრებს და არც ტალახს, ეს შენ მიგაქვს შენი წილი ყვავილებიცა და ჭუჭყიც. თავად გზა კი მტრედისფერია. მას არც აღმართები აქვს და არც დაღმართები, არც ჯებირები აქვს და არც მოაჯირები. გზა ერთია: დიდი, სუფთა, თვალშეუდგამი სინათლისაკენ მიმავალი, სხვა ყველაფერი ჩვენი - ადამიანების ნახელავია. გზა სულ იყო და სულ იქნება. გზას რა შეაჩერებს. ის დროსავითაა, მუდმივია, გაუცვეთავი, დაუღალავი... გზას არასოდეს ავიწყდება საით მიდიოდა. არასოდეს იღლება, არ ხუჭავს თვალს... ამ გზაზე შედგომაა რთული, ეჭვგარეშე ნდობა. მერე კი შენ დგახარ და გზას თავად მიჰყავხარ. და როცა გგონია, სადაცაა და დასრულდება, მაშინ იწყება ახალი, უფრო ფართე, უფრო ნათელი, უფრო სანდო გზა...
  და შესდგომოდა ამ გზას დამიანე. ეპოვნა თავისი გზა. სიხარულს შეეპყრო. ევი შესახლებოდა სულში. ეს იყო ქალი, რომლის გამოც დაბადებულიყო. რომლის გამოც ღირდა სიცოცხლე. ამ ახალ გზაზე ფიქრი აჰყვა დამიანეს. საკუთარ თავს შეჰპირდა, ეკას ყველაფერს ვეტყვიო. აღარ სურდა ტყუილში ცხოვრება. აღარ უნდოდა ამ სახლში დაბრუნება. რომელიც მისი არ იყო, რომელიც მისად ვერ იქცეოდა. გათენებისპირს შეაღო კარი. ეკა ისევ გაუხდელად იჯდა და შიშჩამხრჩვალი თვალებით ელოდა. კარი შეაღო დამიანემ და თითქოს გაუთენდა ეკას. ბრაზი იგრძნო კაცმა: არ უნდოდა, არ სჭირდებოდა ამ ქალის ასე უპირობო სიყვარული. ამ სიყვარულისთვის ადანაშაულებდა საკუთარ თავსაც და მეუღლესაც. რა ირონიულად ჟღერდა ეს სიტყვა ეკასთან მიმართებით, რომელიც უღლის გამწევი, მეგობარი და თანასწორი, არც იყო და ვეღარც როდის იქცეოდა.
    ეკა სულ ზურგშექცევით იდგა. ვერასოდეს შეძლებდა დამიანეს თვალით დაენახა ცხოვრება. იცოდა დამიანემ, დიდი ხანია იცოდა, ეს ქალი არ იყო მისი და მისთვის არ შეექმნა განგებას. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდა, ვერ შეძლო და არც იცოდა, როგორ მოეტანა ეკასთვის სიხარული. და მაინც როგორ უყვარდა ეკას ასეთი ძალით, ასეთი შემართებით, ასეთი მორჩილებით.
  ადრევე მიხვდა დამიანე, რომ ამ ქალს მისი გაგება არ შეეძლო, რომ სულ სხვადასხვა გზით ივლიდნენ და მათი გზები არასდროს არსად გადაიკვეთებოდა. სულ სხვადასხვა მიმართულებით იმოძრვებდნენ, ეს მაშინ გაიგო, როცა რითმებით გავსებულ ღამეებში თავზე ადგა და ძალდაძალ ასმევდა ძილის წამლებს, თითქოს დამიანეს მუზებს ღრმა ძილი დააფრთხობდა. თითქოს ეს უბრალოდ გატეხილი ღამეები ყოფილიყოს და სხვა არაფერი. უნდოდა აეხსნა ცოლისთვის, რომ ეს ზმანებები თავს არასოდეს დაანებებდნენ, რომ მუდმივად გააგრძელბდნენ მასში არსებობას და როგორ ძლიერადაც უნდა მიეჭირა ხელისგულები ყურებზე, ეს ჟღალთმიანი გოგოები და უკბილო მოხუცები, ეს ცელქი ბავშვები და სიყვარულის ქალღმერთები, ეს დამპყრობლები და მოძალადეები... არასოდეს დაეხსნებოდნენ და მუდმივად განაგრძობდნენ მასში ცხოვრებას და თუ ვერ შეძლებდა მათი ამბების რითმებში გამომწყვდევას, ამის შემდეგ ყველა ღამე მათი იქნებოდა, რადგან არასოდეს შეწყვეტდნენ გაჩუმებას. უნდოდა აეხსნა ცოლისთვის, რომ ეს არჩევანი არ იყო - ეს სასჯელი იყო, არც კი იცის რომელი ცოდვის საფასური, არც კი იცის, რისთვის სჯიდა ზეცა დამიანეს, მაგრამ მოსახდელი იყო ბატონებივით მისი ლექსები. უნდოდა როგორმე გაეგებინებინა, რომ ამ ლექსების გარეშე ის ვერასოდეს იარსებებდა, რადგან ლექსები იყო თავად. მაგრამ ეკას დამიანეს ენა არ ესმოდა და რამდენი ენაც უნდა ესწავლა კაცს, რამდენი ფორმაც უნდა მოეძებნა, მაინც ვერაფერს გააგონებდა. და დანებდა.
  დანებდა და ზურგი აქცია საკუთარ თავს. მრავალჯერ გადაწყვიტა, მასთან მისულიყო და ეთქვა: არ შეგვქმნაო განგებამ ერთმანეთისთვის, არ შეგვწევსო უნარი, ბედნიერნი ვამყოფოთ ერთმანეთი, მაგრამ ვერ თქვა სიტყვები, რადგან ახლა იჯდა ეკა და ისეთი უმწეო და მიმნდობი თვალებით შეჰყურებდა კაცს, თითქოს ლოცულობსო მასზე. და იყო ქალი ისეთი უსუსურობამდე მორჩილი, ყველა ბგერა დაეფანტა კაცს.
  სიცხით გათანგულს გაეღვიძა დილით დამიანეს. გაეცივებინა გასულ ღამეს მდინარიდან მონაქროლ ნიავს. ახლა დამიანე იყო პატარა ბავშვივით უმწეო და ეკას შიშისგან გაფართოებოდა თვალები, დავიწყებოდა შვილებიცა და საკუთარი თავიც და ისეთი მზრუნველობით უვლიდა, ისე წუხდა, საკუთარი თავი სძულდა დამიანეს გასული ღამის ფიქრის გამო.
  ეჭვი ჭიანჭველასავით დააცოცავდა კაცს მკერდზე, ებრძოდა. ბოლო დროს ევის სულ უფრო უკეთ ესმოდა კაცის. თითქოს მართლა მის ნაცვლად უფეთქავდა გული, თითქოს მართლა მის ნაწილად ქცულიყო. ახლაც იგრძნო დამიანეს ღელვა და ეჭვი. და თქვა კაცის ნაცვლად სათქმელი: ყველა ზღაპარი სრულდება და დრო მოვიდა, ჩვენც დავსრულდეთო. იცოდა ევიმ რომ არ და ვერ იქნებოდა მათი დასრულება. თუ კი ადამიანებს დასრულება შეუძლიათ, რაღა სიყვარულიაო ეს. გრძნობა არც აზრს ემორჩილება და არც წეს-კანონებს. მაგრამ ევის ისიც მოეხსენებოდა, რომ კარის დაკეტვით, ადამიანებს ვერ შეაკავებ. „თუ მგალობელი ჩიტი დიდხანს გინდა გყავდეს, გალიას ნუ დაუკეტავ, თორემ აფართხალდება და იქნება გისოსებთან შეჯახებას ემსხვერპლოს. ფართოდ გაუღე კარი და მიეცი საშუალება სჯეროდეს, როცა უნდა გაფრინდება. მიეცი თავისუფლება, რათა გაქცევაზე ფიქრი შეწყვიტოს“, - სჯეროდა ევის და ახლა დრო მოსულიყო, თავისი სიყვარულისათვის გაეღო კარი, რადგან მიაჩნდა, რომ სიყვარული იყო მხოლოდ სრული თავისუფლება. ამ გრძნობას ჩარჩოები არ სჭირდებოდა. მისთვის არც ფორმა უნდა მიგეცა და არც ფერი. ის თავად იყო ახალი ძალა და უკვე ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა მას ვერ გამოხატავდა, სიყვარულს ახალი სიტყვები სჭირდებოდა - სიტყვები, რათა შეექმნა საკუთარი თავი, შეექმნა ახალი სამყარო.
  „იმ სხვა სამყაროში გაგრძელდება ჩვენი ამბავი“, ამხნევებდა კაცი. დავსრულდითო, პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებდა დამიანეს, მაგრამ ღიმილით ფიქრობდა: „არ მეშინია! სულ ტყუილად ფიქრობ, რომ მე უშენობა შემაშინებს! არ მეშინია, სანამ ასე ცდილობ ჩემგან გაქცევას! არ მეშინია, სანამ შენ ჩემს გზებს ასე ერიდები, ასე გამირბიხარ! არ მეშინია, სანამ ასე მარიდებ თვალს!“
    დამიანემაც იცოდა, რომ ადამიანები, რომლებსაც უნდათ წასვლა, გამოსამშვიდობებელ სიტყვებს არ ტოვებენ. ისინი უსიტყვოდ მიდიან და გტოვებენ სანაპიროზე, მომლოდინეს. დღეები ოკიანესავით ვრცელი და იდუმალი ხდება და შენ ვეღარ პოულობ ნაპირს, იხრჩობი. უთქმელი სიტყვები წყალივით გუბდება და გძირავს საკუთარ მარტოობაში. უსაზღვრო იყო მონატრება, ჯიუტად დუმდნენ. დამიანე ლექსებს მიუბრუნდა. ახლა სხვა ძალა ჰქონდა მის რითმებს, ისეთი ნაღდი იყო ტკივილი. არც უფიქრიათ, უერთმანეთოდ ცხოვრებას რომ შესძლებდნენ. იცდიდნენ, რომელი დაარღვევდა დუმილს.
    მოლოდინს რა სჯობია, სანამ ელოდები იმედი არ დაგიკარგავს, ელოდები - ნიშნავს, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ძვირფასია, ვის გამოც ღირს უძილო ღამეების ზურგით ტარება აღმართისაკენ - დილის პირველი სხივისაკენ.
  მოლოდინს რა სჯობია, ღელავ, ბორგავს გული, სისხლის ყველა წვეთი გრძნობს ტკივილს - ანუ ხვდები რომ ცოცხალი ხარ. 
  მოლოდინს რა სჯობია, ხანდახან უნდა ალოდინო, რათა იგრძნო შეხვედრის სიხარული, უნდა ალოდინო, რომ მერე დაბრუნდე, თვალებში ჩახედო და კოცნით ამოუშრო მზერის ფსკერზე ჩაყურყმელავებული საყვედურები.
  მოლოდინს რა სჯობია, უნდა ალოდინო, თუ უყვარხარ ფეხსაც არ მოიცვლის, იდგება დაუსრულებლად, იდგება გაუნძრევლად, იდგება მაშინაც კი თუ ყველა მატარებელი ჩავლილი იქნება უკვე....
  და იდგა უსაშველო მოლოდინი. ღამეები იყო სქელი და ამღვრეული. სულში კი სიცივე ილექებოდა. ისეთი მჭრელი იყო მონატრება, სული იფლითებოდა - თითქოს დამსხვრეულ ლარნაკში დამჭკნარი ვარდების წამება ელაგა. და გრძნობდა ევი, რომ მასში მთელს სამყაროს ტკივილს მოეყარა თავი, ნისლივით დასწოლოდა ერთდროულად ყველა ქალის წუხილი, თითქოს ის ქალი, უკლებლივ ყველა კაცისგან ნასესხები ჩამსხვრეული და წართმეული თითო ნეკნისგან შედგებოდა... და მერე, ცაც რომ მიიცვლებოდა დასავლეთის სიმეწამულედ და ბედისწერად გადაექცეოდა დამიანეს ცხოვრება, როცა ღამე კივილით თავს იკლავდა განთიადის სისხლიან მკლავზე, ევი საკუთარ გულში მბორგავ დამიანეს ანამუსებდა: არც ერთი წუთი არ მაჩუქო თუ გენანება. არც ერთი წამი არ დახარჯო ჩემზე ფიქრებში. მე უშნოდაც დაუღლელად, უმტკივნეულოდ, არავის მსგავსი და ერთადერთი ქალი ვიქნები. მაგრამ განთიადს მოჰყვებოდა ახალი ფიქრი, რომ სწორედ დღეს ამოხდებოდა სული ამ უსაშველო მოლოდინს და ის მოვიდოდა. დილას მოჰქონდა იმედი.  და თითქოს ევის მკერდი ამ იმედით იწყებდა სუნთქვას და ეშვებოდა ფარდასავით განუზომელი სიმშვიდე. და ჯდებოდა აივანზე, რათა მარტოობისფერი საათები უკვე მერამდენედ უნდა გადაეგორებინა. ჯდებოდა და უხმოდ სთხოვდა: მოდი და მიამბე შენს ვნებებზე, იმ პირველ ქარიშხლებზე ანდაც იმ ღელვის სიმშვიდეზე, თან რომ დაგეღვარა ათასჯერ ნავნებარს. მიამბე, რომ შევძლო საჭრეთელით გლუვი ქვის მიღმა შენი სხეულის გამოქანდაკება, მოდი, მომიყევი შენი ვნებების შესახებ, სანამ თავად მე ვქცეულვარ ქვად. ქუჩამ მოიყვანა. შილიფად ეცვა ქალს.
- გაცივდები, ჩაიცვი, - უთხრა დამიანემ მზრუნველი ხმით და სიგარეტს გაუკიდა.
- არაო, - უპასუხა ევიმ და ღრმად შეისუნთქა მისი სუნამოს სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. ჰაერს სურვილი მოჰყვა, ფართო ნაბიჯით შეაბიჯა სხეულში და თავის გასაოცრად დიდ ხელისგულებში მოიქცია გული. გული ახლა თითქოს ქვიშის საათი ყოფილიყოს, სისხლი წვეთ-წვეთად იცლებოდა და ცარიელ სხეულზე სულ უფრო ნაკლებად შესწევდა ზემოქმედების ძალა.
  ფეხი წამოჰკრა მხართეძოზე წამოწოლილ მენატრების, გვერდი აუარა მჭირდებისა და მიყვარხარს. არც კი იცის, მისი ზიდვა ემძიმა თუ პირიქით, მეტისმეტად ეპატარავა აქამდე ნათქვამი, კაცობრიობისათვის ცნობილი ყველა სიტყვა ერთად აღებული. ქარი ამოუდგა მხარში, მის გაყინულ სხეულს მიეყრდნო. სამყარო უყვებოდა ძველისძველ ზღაპარს, ქარს ოქროსფერი კაბის კალთა აეწია და შემოდგომის ფოთლებივით აგროვებდა ყველა წყენას, ყველა საყვედურს, ყველა იმედს, ყველა მოლოდინს და გაზაფხულზე ამობიბინებული ბალახივით ედებოდა ქუჩებს სითბო. შორს კი ტყის განაპირას მდგარი ერთადერთი გაშიშვლებული ხესავით დარჩენილიყო მხოლოდ სიყვარული და მიუხედავად იმისა, რომ მას არც ფოთლები ჰქონდა, წვიმის დროს თავი შეგეფარებინა და არც ნაყოფი, რომ მშიერსა და მწყურვალს პირი გაგესველებინა, ის მაინც იყო განუზომელი მნიშვნელოვის, რადგან ყინვისაგან შეციებულ ბეღურას უწონო სხეულის დასვენება შეეძლებოდა. და რადგან სიტყვები იყო თან ძალან ბევრი და თან მეტისმეტად ცოტა, რომ რაიმეს თქმა შესძლებოდათ, კაცმა ისევ გაიმეორა ახალფეხადგმული ბავშვივით არამყარი: გაცივდები და ჩაიცვი.
  ევის კი უმისობა უწყლობასავით აწუხებდა და გამშრალი პირით ვერ შესძლო პასუხის გაცემა, თორემ ეტყოდა:
- მზე რომ მოკვდეს და ყველა სხივი დამარხონ ქარიშხლებმა, როცა ჩემთან ხარ, ვერაფერი შემაცივებს, - მაგრამ ქალს ჰქონდა მონატრებისაგან დამშრალი სხეული და მხოლოდ ღიმილი ჩამოჰკიდა გაძარცვულ ხეს, როგორც ობლის ნაძვის ხეზე ჩამოკონწიალებული ერთადერთი სათამაშო.
  და მერე დაბრუნდა... ის დაბრუნდა სულშენაბერი ბაბუაწვერას მოგზაურობის დასასრულივით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები