ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2022


ზღვარი 29

ოცდამერვე თავი

  დამიანე ბუნებით ხელოვანი, იყო ანუ ცოტათი შეშლილი. ის ქარიან ამინდებში ფართოდ აღებდა კარს, რათა მარტოდ დარჩენილი ნაღალატევი ქარი ოთახში შემოეშვა და გაეთბო. პატარა დამიანე სახლში შესვლამდე აკაკუნებდა კარზე, რათა ნივთებისათვის მიეცა საშუალება საკუთარ ადგილებს დაბრუნებოდნენ. ესაუბრებოდა კედლებს, როგორც წარსულის უტყვ მემატიანეებს... წლები შემოდგომის ფოთლებივით მიმოიფანტა ნაწვიმარ ქუჩებში. ახლა მას უკვე აღარ სჯერა დროის მანქანის არსებობის და სულ უფრო იშვიათად ესიზმრება ქალი პარალელური სამყაროდან, რომელიც წლების წინ წვიმის წვეთებს მოჰყვებოდა და დამიანე მთელი ღამე დადიოდა ქუჩებში თავდაღუნული, რათა გასაოცარი პლანეტიდან მოსული გოგონასთვის მიმეცა საშუალება, კოცნის კვალი დაეტოვებინა კისერზე. სადაცაა ორმოცს მიუახლოვდება.
  ბოლო წლებია პატარა ქალაქის მზიან უბანში ცხოვრობს. დაქორწინდა, როგორც მისი მეზობელი გოგიტა. შვილები ჰყავს, ორი. მეზობელ გოგიტასაც ჰყავს შვილები. სამსახური აქვს, ნორმალური ანაზღაურებით. მისი მეზობელი გოგიტაც მუშაობს, აგურის საწარმოში. კმაყოფილია, რომ დასაქმებულია.
  ხანდახან საღამოობით უყურებს ფეხბურთს და მეგობრებთან ერთად სვამს ლუდს. მეზობელი გოგიტაც ბრუნდება პარასკევ საღამოს ნასვამი. დამიანეს მსგავსად მეზობელ გოგიტასაც გაურბის თვალი ლამაზი ქალებისაკენ. ეკას მსგავსად, მეზობელი გოგიტას ცოლიც ეჭვიანობს. გოგიტაც ხშირად უბრაზდება ბავშვებს.
  კვირაობით მეზობელი გოგიტა სოფელში მიდის მშობლებთან, უქმეებზე დამიანეც დადის ასაკმოძალებული ბებიის სანახავად. დილაობით დამიანე და მეზობელი გოგიტა ერთდროულად აბოლებენ სიგარეტს აივანზე. საღამოობით კიბეზე ამოსვლისას ორივეს უხშირდება სუნთქვა, ასაკისა თუ მომატებული კილოგრამების გამო. მეზობელ გოგიტასაც უყვარს ბატკნის ჩაქაფული და ყოველ საღამოს ისიც უყურებს საინფორმაციო გამოშვებას.
  ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებიან დამიანე და მისი მეზობელი გოგიტა. ერთი ესაა, დამიანეს უკეთესი მაჯის საათი უკეთია, მაგრამ ღამღამობით ბინდი რომ შარავანდედივით დაადგება პატარა ქალაქს, ბავშვებს უკვე ღრმად სძინავთ და დამიანეს ლამაზი მეუღლეც სიზმრების სამყაროს აფარებს თავს, ფეხაკრებით ეპარება სევდა და მკერდზე აწვება მეძავივით. მერე კი განთიადამდე ებრძვის საკუთარ თავს...
  და ფიქრობს ქარზე, რომელიც ფეხმძიმე საყვარელივით მიატოვა მუცელწამოზრდილი და სახეზე ჭორფლამოყრილი. ფიქრობს ძველ საწერ მაგიდაზე, რომელიც, ალბათ, მის არყოფნაში საძინებლის შინდისფერ ფარდასთან ცეკვავს ტანგოს. ფიქრობს დაუწერელ ლექსებზე, გამხმარი პურის ლუკმასავით რომ გასჩხერვია ყელში. და მაშინ, როცა დამიანე ტკივილის დამარცხებას ცდილობს, მეზობელი გოგიტას ხმაურიანი სუნთქვა კედელში ძვრება და სახლში გაბატონებულ სიმშვიდეს კაწრავს.
  არა და ისინი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ერთი ესაა - დამიანეს უკეთესი მაჯის საათი აქვს ანუ მათი დრო სხვადასხვაგვარად გადის.
  დამიანეს კი, დიდი ხანია, დრო სასჯელად ექცა. ყოველ ახალ წუთს უფრო მეტი ტკივილი მოაქვს, დაუწერელი ამბების სიმძიმე კი უკვე გაუსაძლისი ხდება. მისი ტარების ძალა აღარ შემორჩა. და როცა უძილო ღამეების შემდეგ დაღლილი დგებოდა და იწყებდა ზუსტად ისეთსავე დღეს, როგორიც იყო გასული დღე, სევდას გრძნობდა და არავისთვის შეეძლო ამ სევდის მიზეზებზე საუბარი, რადგან დამიანეს ცხოვრება, საყოველთაოდ მიღებული აზრის თანახმად, იდეალური იყო და ასეთ დროს, ფიქრობდა, რომ ამ დალაგებულ ქვეყანაში ერთადერთი არანორმალური იყო. მერე კი მოვიდა ევი, ის ქალი, მისი ღამეული მეგობარი, სხვა პლანეტიდან რომ მოდიოდა ხოლმე ევის გაცნობამდეც. მოვიდა და ყველა უსიტყვო, ბუნდოვანი აზრი ცხადი გახადა. ყველა სიბნელეს მოჰფინა ნათელი. მოვიდა და დამიანემ იგრძნო, რა აკლდა, რა აწუხებდა ამდენი წელი. იგრძნო, თურმე რა სურდა სინამდვილეში. მოვიდა და ეს დანაწევრებული, დაშლილი სამყარო ერთ დიდ სრულყოფილებად აქცია და ახლა, როცა დამიანე დიდი ძილიდან გამოფხიზლებას იწყებს, როცა საკუთარ თავს უბრუნდება, როგორ უნდა გაუშვას ხელი ევის, როგორ მისცეს წასვლის ფლება? ევი სჭირდება სიცოცხლისათვის, სჭირდება, რათა დარჩეს საკუთარ თავად და დამიანემ დაარღვია დუმილი, დაამსხვირა კიდევ ერთი პირობა და მისწერა:
„როცა ადამიანს ასე ადვილად მიუშვებ გულთან და გულში, ასე ადვილად აღარ და ვეღარ გაუშვებ!!!“
ევი: „აი რა ხდება, როდესაც ადამიანები არღვევენ პირობას!“
დამიანე: „ადამიანები მხოლოდ იმ პირობებს დებენ, რომელიც უკვე დარღვეულია.“
ევი: „თუ პირობას დაარღვევ, უკანმოუხედავად უნდა გაიქცე.“
დამიანე: „რამდენჯერაც და სადაც უნდა გაიქცე, საკუთარ გულს ვერ გაექცევი.“
ევი: „თუ გაქცევა არ შეგიძლია, მაშინ შეეგუე, რომ მოკვდი!“
დამიანე: „გააჩუმე ენა!“
ევი: „ხომ გავაჩუმე, რატომ ცდილობ ჩემს ალაპარკებას?“
დამიანე: „იმიტომ, რომ ადამიანებს მონატრებაზე გამარჯვების ძალა არ შესწევთ.“
ევი: „გენატრება ნიშნავს, რომ გიყვარს, გიყვარს, ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ. ცოცხალი ხარ, ესე იგი ჯერ კიდევ შეიძლება ყველა ზღაპარი ახდეს.“
დამიანე: „ზღაპრები მხოლოდ ზღაპრებში შეიძლება ახდეს, ცხოვრებაში მხოლოდ სიცოცხლეა გარანტირებული.“
ევი: „სიცოცხლეში გარანტირებული მხოლოდ სიკვდილი გვაქვს, სხვა ყველაფერი ბაგირზე თვალახვეული სიარულია. გვაქვს არჩევანი დაველოდოთ სიკვდილს, ან ვცადოთ ცხოვრება.“
დამიანე: „ცხოვრებაში ორ მთავარ შეცდომას ვუშვებთ: საბედისწერო შეხვედრასა და საბედისწერო დამშვიდობებას.“
ევი: „არავის დაემშვიდობო, თუ მისი წასვლა მართლა არ გინდა, თორემ ვინ იცი, ყველა ადამიანს აქვს თავისი ზღვარი და იქნება მართლა წავიდეს...“
დამიანე: 
ევი: „ამ ღიმილისთვის შეიძლება, მოგკლა!“
დამიანე: „იცი, როგორ მომენატრე?“
ევი: „იცი, როგორია ცხოვრება, როცა საკუთარი თავის დავიწყებას ცდილობ?“
დამიანე: „ვიცი! მე ეს გამოვიარე, მაგრამ ვერ შევძელი. და შენთვის როგორია უჩემო დღეები?“
ევი: „უშენო დღეები ყავის გარეშე ჩამომდგარ დილებს ემსგავსებიან, გამოფიტულსა და ძალაგამოლეულს;
უშენო დღეები მოურწყველი მიწასავით დამშრალი და გაბერწებულია;
უშენო დღეებს არც სუნი აქვთ და არც ფერი, ისინი არც იწყებიან და არც დასასრული აქვთ;
უშენო დღეები შემოდგომის არყისფერი ცასავით სევდიანია;
უშენო დღეებს თავისი დრო აქვთ, არ ღამდებიან, რომ თვალები დავხუჭო და მეზმანო;
უშენო დღეები სველ ფარაჯას გვანან, მხრებზე იხვევ, მაგრამ არ გათბობენ;
უშენო დღეები ვერაფერს ხედავენ, თვალები აქვთ დათხრილი;
უშენო დღეები მკვლელები არიან, ნაწილ-ნაწილ იპარავენ ჩემს სიცოცხლეს;
უშენო დღეები როსკიპი ქალებივით ურცხვები არიან, ყოველ დილით თავზე მადგებიან და შიშველი მკერდივით ამზეურებენ მონატრებას;
უშენო დღეები ბოშა ქალებივით მკითხაობენ ხელისგულზე და მეუბნებიან, რომ ჩემი სიცოცხლის ხაზი, ეს-ესაა, გაწყდება;
უშენო დღეებს დაუზამთრდათ, თმაზე ყოველ დღე მათოვენ დარდს;
მაგრამ მე მაინც მადლობელი ვარ უშენო დღეების, ისინი საყდრის ზარივით ჟღარუნობენ და მახსენებენ, რომ სანამ ისინი მოვიდოდნენ და ავი ძაღლებივით დაუდარაჯდებოდნენ ჩემს სიყვარულს, იყო შენით პირთამდე ავსებული წუთები...“
  ფიქრი მოშიებული ძაღლივით აედევნა ფეხებთან და მოსვენება დაუკარგა. მისი ხმა ჩაჰყვა ხსოვნას, ახლა მისი თბილი, სურვილშეპარული ბგერები სისხლში დაძვრებოდნენ და სწვავდნენ. სურდა. არცნობილი და არმისაღები იყო სურვილი. ის ხელს უშლიდა სწორხაზოვან გზას, აიძულებდა გადაეხვია, სხვა ბილიკი ეპოვნა.
  ატირებული ბავშვებივით შესაბრალისნი იყვნენ ღამეული მეგობრები, საწოლის კიდესთან რომ ჩამომდგარიყვნენ და განთიადამდე ელოდნენ, როდის გადაწევდა საბანს და უფლებას მისცემდა, გაოფლილ სხეულს მიჰკრობოდნენ.
  დილამ მოიტანა საღი აზრი და თავს პირობა მისცა, ამ ნაბუშარივით შემოტყუებულ აზრებს კარს ცხვირწინ მიუკეტავდა და მშვიდსა და აუღელვებელ ცხოვრებას განაგრძობდა. მცდელობა, წაეშალა გულში ფანჯრის ღრიჭოდან შემომძვრალი ქარივით თავაშვებული ოცნებები, კრახით დასრულდა.
  დამიანეს ტყუილი ახრჩობდა. ფეხაკრებით ჩაუარა გვერდი საკუთარ თავს, მაგრამ მთვლემარე ორეულს არ გამოჰპარვია, შიშჩამდგარი ნაბიჯები. წამოიმართა, წელში გასწორდა და მის ნაკვალევს მიჰყვა. დამიანე ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ წინ ვერ მიდიოდა. საკუთარმა თავმა მხარზე ფრთხილად შეახო გაყინული თითები. მობრუნდა. მზერა აირეკლა, ვერაფერი გაარჩია, თითქოს საღამოს მზე სჭრიდა თვალს და გამოსახულებები ხან საერთოდ უჩინარდებოდნენ, ხან კი ფურცელზე დაღვრილი მელანივით გადღაბნილი სახეები კრთებოდნენ. დამიანემ თვალები მაგრად დახუჭა, მაგრამ მაინც ვერ შესძლო სიცარიელის დანახვა. სიბნელეში, გვირაბში ჩამოკონწიალებული მტვრიანი ნათურასავით ბჟუტავდა ჯერ კიდევ სულამოუხდელი სინამდვილე.
  დამიანეს ეტკინა ვერთქმული სიტყვები, გაურითმავი ლექსები, დაუსრულებელი პოემები. ქურდის სიფრთხილით შეეხო ფურცლებს. კალმისტარი ანკესზე წამოგებული კალმახივით ფართხალებდა თითებს შორის. დამიანემ ფიქრი შეწყვიტა და გულს მისცა საშუალება უფორმო, უშინაარსო ასოები მოეხაზა. ფურცელი ნელ-ნელა შობდა ბგერებს: მეომრებივით ძლევამოსილთ, ქალწულივით მორცხვთ, ფეხმძიმე ქალივით მუცელწამოზრდილთ...
  ევიმ მოულოდნელად შეაღო კარი. დამიანეს მოეჩვენა, რომ შიშველი იდგა და ისე სწრაფად გადამალა ნაწერები, თითქოს მოწმენდილ ცას საწვიმრად მოწეული ღრუბლები მოსდგომოდნენ. ევისთვის კი სულ არ ჰქონდა მნიშვნელობა სიტყვათა წყობას, არც აზრს, არც ფორმას, მთავარი იყო, რომ დამიანე კალამს მიბრუნებოდა. ჯერ კიდევ გაუხედნავი რაშივით დაუმორჩილებელი ჩანდა სათქმელი, მაგრამ ქალს ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ კაცი შესძლებდა ეთქვა გულში ვერდატეული და თვალებიდან ნიაღვარივით გადმომავალი სევდა. და ევის დაავიწყდა ძილგატეხილი ღამეების ტკივილი და ქვიშის საათივით ჩამოიცალა სხეულიდან წყენა.
  იყვნენ ადამიანები, რომელთა არსებობა დამიანეს სულს უტლანქებდა. ქვად აქცევდა. მოვიდა ევი და თითქოს მის ხელში თიხად იქცა, მიენდო და მისცა  საშუალება, რაც უნდოდა, ეკეთებინა. მისცა საშუალება, მისგან სასურველი შეექმნა. დაჰყვა ქალის ნებას. და ევი შეჰპირდა, რომ არასდროს გაუცრუებდა იმედს და მერე სულში ჩაუძვრა და ახლა მის წინ შიშველი იდგა დამიანე, ყველა ცოდვა და მადლი გამოეფინა და არ სცხვენოდა.
- მინდა, გაგახსენო ვინ იყავი და რა გსურდა, - ეუბნებოდა ევი და აიძულებდა ეწერა.
  ქალი ყოველღამე მოდიოდა და ისე აღებდა დამიანეს გულის კარს, თითქოს სამუდამო პატიმრობამისჯილთა საპყრობილის ჟანგმორეული ბოქლომი გაეხსნას. და გამოდიოდნენ რითმები გარეთ, ღაწვებგაფითრებულნი, ისეთი სუსტნი, ისეთი გადაჩვეულნი სამყაროსა და ადამიანებს, ისეთი უნდონი... ნელ-ნელა ფილტვები ევსებოდათ ჟანგბადით, ძალას იკრებდნენ. სიმსუბუქეს გრძნობდა დამიანე. აღარ იცოდა, ეს იმ ხუნდებახსნილი სიტყვების სიხარული იყო თუ ბედნიერებას ის ჰგვრიდა, ევი მისი ნაწერების რომ განიცდიდა.
  მათ ბევრი დრო არ ჰქონიათ, მაგრამ მაინც ხვდებოდა, რომ ქალმა ყველაფერი იცოდა მის შესახებ. და უყვარდა გაგიჟებით, თავდავიწყებით. თავად კაცი იყო და მიაჩნდა, რომ მეტი მოთმინება მართებდა, მეტი მოეკითხებოდა, მაგრამ თავს ვერ იკავებდა. ევის თვალებს ვერ უძლებდა. იმდენი ვნება და სიყვარული იყო ამ თვალებში, თითქოს სთხოვდნენ არასოდეს მიმატოვოო. დამიანემ იცოდა, რომ არც მასთან ყოფნა შეეძლო და არც მის გარეშე. მათ წარმოუდგენლად ბევრი ვარიანტი განიხილეს და ზოგიერთი მათგანი იქნება ურიგოც არ იყო, მაგრამ გამოსავალი მაინც არ არსებობდა. ყველა გზა წყდებოდა, ყველა გზა ჩაეხერგათ, ყველა გასაქცევი წაერთმიათ თითქოს.
- რატომ გიყვარვარ? - ჰკითხა დამიანემ ერთ დღეს.
- შენ ჩემი ნაწილი ხარ და განა ვინმეს საკუთარი თავი არ უყვარს?
  და მიხვდა დამიანე, ევი თავიდან გამოძერწავდა. სხვას ვეღარასდროს მისცემდა სულში ფათურის უფლებას, ის კი მოვიდოდა და მოუტანდა მილიონ ოცნებას, უთვალავ გამოცანას...
  მათ ჯიბრზე წვიმდა და სულ მისფერი ამინდები იყო, თუ თავად ევი იყო ამინდი, ვეღარ გაეგო. კიდევ უფრო დიდ სევდას გრძნობდა. ჯერ ართქმული სიტყვები ახრჩობდა, უყვარდა და ვერაფერს უხერხებდა ამ სიყვარულს, უყვარდა და უნდოდა მასთან ერთად რაც შეიძლება შორს ყოფილიყო. როგორი შორი იყო მის გვერდით ყველა დაბრკოლება, ყველა ტკივილის გაძლება შეეძლო, ყველა ქარიშხლის გამკლავება. მის გამო შეეძლო სიკვდილი. მის გამო სიცოცხლესაც სხვა გემო ჰქონდა. მისთვის დაბადებულიყო, მის გამო გაევლო თითქმის ნახევარი საუკუნე.
  გატეხილი ფინჯანი იყო, რომელიც სხვა ფინჯნის ნაწილებთან შეაერთეს და როგორი სრულყოფილიც უნდა ყოფილიყო ეს შეერთება, მაინც ვერ გახდებოდა სრული, მაინც არ შეეძლებოდა წყლის შეკავება. დამიანე ფიქრობდა, რომ მხოლოდ ევისთან უნდა შეერთებულიყო, მხოლოდ ეს ერთადერთი სჭირდებოდა და მაინც, შეუძლებელი იყო მათი ერთიანობა, ორი სხვადასხვა საწყისი იყვნენ, ცხოვრების სხვადასხვა ბოლოს წარმოადგენდნენ და რამდენი ნაბიჯიც უნდა გადაედგათ ერთმანეთისკენ, იმდენად განიზიდავდათ სამყარო, მიწა არ იყო მზად მათი სიყვარულისთვის. დედამიწა ძალიან პატარა აღმოჩნდა მათი სურვილების დასატევად. ალბათ, ამიტომ გახდა საჭირო სხვა მიწასა და სხვა ცის გამოგონება.
    იმხანად დამიანე გულს ვერაფერს უდებდა, დადიოდა არეული, არსადმიმავალი ნაბიჯით და ფიქრობდა მოსახდენსა და ვერმომხდარ თავგადასავლებზე. ერთ მხარეს სიცოცხლე იყო, მეორე მხარეს - მოვალეობა.
  დამიანე არც ისეთი ეგოისტი იყო, საკუთარი თავი აერჩია, ან შესძლებდა კი ბედნიერებას, როცა მის გამო სხვა ადამიანების თვალზე ცრემლს დაინახავდა? დამიანეს ერთხელ უკვე ჰქონდა არჩევანი საკუთარ თავსა და მოვალეობას შორის, მაშინ ეს უკანასკნელი აირჩია და წერა შეწყვიტა. ახლა? ისევ ამ კითხვისთვის ცდილობს პასუხის პოვნას, თითქოს დედამიწა ერთი დიდი წრე ყოფილიყოს და ჩვენ საკუთარ თავს ვუვლიდეთ გარშემო. მიდიოდა დამიანე და წინ ის დამშრალი წყაროები ხვდებოდა, გვერდი რომ აუარა წლების წინ და მისი დინება არ შეაჩერა. ის გადამხმარი ყვავილები ხვდებოდა, რომელიც არ მორწყა. ცხოვრება ჯირითს გავს, როგორი თავდავიწყებითაც უნდა მიქროდე, ბოლოს მაინც იღლება მიწა შენი ტარებით და მოგიწევს შეჩერება. უფრო დიდხანს მიდიან ისინი, ვინც ცხენს გვერდით, ფეხდაფეხ მიჰყვებიან, მაგრამ რა აზრი აქვს გზის სიგრძეს ან ცხოვრების ხანგრძლივობას თუ კი ის ყვავილებს გვაშორებს, - ფიქრობდა დამიანე უკან ჩამოტოვებულ გაზაფხულზე. მაგრამ, რამდენიც უნდა ვცადოთ, საკუთარი თავისგან გაქცევას ვერ მოვახერხებთ და მასაც არ შეეძლო ყურებზე ხელისგულების მიფარება, დიდი კივილის ჩახშობა.
    და მერე, ყველაფერი თავიდან დაიწყო. ახლა მათი ამბავი მოზღვავებულ მეწყერს ჰგავდა. ისინი ვეღარც საკუთარ თავს აკონტროლებდნენ, ვეღარც სიტყვებს და ვერც ქმედებებს. ახლა მათი კავშირი მხოლოდ სიყვარული აღარ იყო, არც მხოლოდ მეგობრობა, არც მხოლოდ ვნება, სინთეზი იყო ყველა მიწიერი გრძნობის. ატომურ ბომბს ქმნიდნენ და თავადვე შეეშინდათ, მაგრამ შეჩერება აღარ შეეძლოთ. მათ ყველა პირობა დაარღვიეს, ყველა საზღვარი გადაკვეთეს, ყველა ჩარჩოდან გამოვიდნენ და სულ სხვა რეალობა შექმნეს, სხვა ცხოვრება. და იყო ღამე, იყო ღამე ისეთი მწველი და ისეთი ყოვლისმომცველი, ერთდროულად ყველა სიტყვას იტევდა, თან ისეთი მფრთხალი, ჩუმი და უსიტყვო... იყო ძალაგამოლეული, გათანგული, სურვილისაგან ათასფრთაშესხმული, არდასავიწყებელი, ვერგასამეორებელი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები