ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
19 სექტემბერი, 2022


ზღვარი 30

ოცდამეცხრე თავი

  არ არსებობს ბედნიერება, ეს მიწა ბედნიერებისათვის არაა შექმნილი, - ახსენდებოდა დამიანეს სიტყვები ევის. ზამთრის სუსხი სტკენდა ხორცს. მაინც არ უნდოდა სახლში შესვლა. ჰაერი ეცოტავებოდა. უმისო დღეები ყელში უჭერდა და ახრჩობდა. ყველა სიტყვას დაეკარგა ფასი. სამყარო, თითქოს, სულაც აღარ არსებობდა. დადიოდა ყინულისაგან ლურჯად აპრიალებულ ქვაფენილზე ევი. დადიოდა ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით, წაქცევას უფრთხოდა. რატომ ცოტა ადრე არ გამოვიჩინეო სიფრთხილე, საყვედურობდა საკუთარ თავს. სიყვარული კი მხოლოდ იმიტომ არის ძლიერი და სულისშემძვრელი, რომ ის მტკივნეულია. სიყვარულის ხარისხს ტკივილი განსაზღვრავს. მკერდი სტკიოდა, ვიღაც სწიწკნიდა ხორცს. ევის არავისი დადანაშაულება არ შეეძლო. არავინ იყო დამნაშავე, დამიანე ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. დამიანე ვალდებული იყო წასულიყო. „მაპატიე“, - უთხრა წასვლამდე. რამდენი რამ ჰქონდათ ერთმანეთთან სათქმელი და მხოლოდ ერთი სიტყვა.
  ევი გათენებამდე წერდა ქარიშხლიან მელოდიებს, ანგრევდა მინებს მისი მუსიკა. შეშლილი ეხეთქებოდა კედლებს. ყველაფრის განადგურება უნოდოდა. ყველაფრის მიწასთან გასწორება... და ფიქრობდა:
  უკანასკნელი სიტყვა უნდა იყოს „დროებით“ - მართალია, ის იქნება უკანასკნელი, მაგრამ მაინც დატოვებს იმედს, ფანჯრის ღრიჭოდან შემოსული ნიავივით სუსტს. იმედს, როგორც დამჭკნარი იების კონას, ყვავილები რომ აღარ ეთქმის, მაგრამ მაინც საგულდაგულოდ შეგინახავს ძველ რომანებში, წლების შემდეგ რომ გადაშალო და უკვე შებერებული თითებით მოეფერო. მოეფერო და ღიმილი მოგადგეს, იმ დღეების გამო, როცა ჯერ კიდევ ყვავილების დედოფალი იყავი, როცა ყვავილებს შენი სიყვარულისთვის ყიდულობდნენ და არა შენს სამარეზე დასაგდებლად, ვალმოსახდელად.
  უკანასკნელი სიტყვა უნდა იყოს „მიყვარხარ“ - თუ კი გტოვებენ, აბა, რაღა სიყვარულია, მაგრამ მაინც უძილო ღამეებში ფეხარეული რომ გაუყვები სანაპიროს და შეციებული, ავი ტალღები მონატრების შხეფებს მოგაყრიან ფეხებზე, შენ მხრებში გასწორდები, თვალებში ამაყად ჩახედავ და გაახსენებ იმ ბოლო სიტყვას: „მიყვარხარ“ - გაახსენებ და უკან გააბრუნებ შენ დასახრჩობად მოსულ მოგონებებს.
  უკანასკნელი სიტყვა უნდა იყოს „დავბრუნდები“ - როცა დიდი ქალაქების აეროპორტებს ჩაუვლი გვერდით, ათასობით მომსვლელს შორის იმ ერთადერთის ძებნას დაიწყებ და იფიქრებ, რომ ის დაბრუნდება, უბრალოდ შენ მისი პოვნა ვერ შესძელი. თქვენ გზა აგებნათ და შემთხვევით ასცდით ერთმანეთს.
  უკანასკნელი სიტყვა უნდა იყოს „მჭირდები“ -გაზაფხული რომ მოვა და მოიტანს ახალ ფორიაქს, მარტოობა რომ გაიზრდება, გასუქდება, შენს სისხლში ვეღარ გაივლის და გულში გაიჭედება, მერე უჟანგბადობასავით, რომ გაგეჩხირება უმისობა ყელში, საკუთარ თავს შემოუძახებ იმ ბოლო სიტყვა, ანდერძივით დაბარებულს: „მჭირდები“ და თითქოს იგრძნობ კიდევაც მასაც როგორ ეხუთება სული უშენოდ, იგრძნობ, როგორ სჭვალავს გული შენი სახელის გახსენებაზე, იგრძნობ და შვებით ამოისუნთქავ, რადგან როცა იცი, რომ ვინმეს სჭირდები, მანძილი ფერფლივით იფანტება და რჩება უწონო, იისფერი სივრცე, სადაც ფრთები გაქვს და შეგიძლია მთელ სამყაროს გადაუფრინო.
  უკანასკნელი სიტყვა უნდა იყოს „დამელოდე“. შენ ჩაიწნავ თმას ყოველ დილით, ჩაიბნევ ნაწნავებში პატარა კესანებს, მოირთვები სისხლისფერ კაბაში და ფანჯარასთან დაჯდები. დაჯდები და დროის ათვლას დაიწყებ. დრო ხომ სხვა არაფერია, თუ არა უერთმანეთობის ტკივილის ციფრებით გაზომვა. ჰოდა, შენც შექმნი ახალ დროს, დროს წასვლიდან-დაბრუნებამდე, ანუ სიკვდილამდე, რადგან გულის სიღრმეში მშვენივრად მოგეხსენება, რომ ის აღარასდროს დაბრუნდება, მაგრამ შენ თილისმასავით გექნება ხელისგულში ჩამწყვდეული ის უკანასკნელი სიტყვა „დამელოდე“, ამიტომ ყოველ დილით მოირთვები სისხლისფერ კაბაში და ლოდინისფერ თვალებს მიაჩერებ გზას, რომელზეც უნდა გამოჩნდეს და იქნება ამ მოლოდინის ხათრით, საკუთარ თავს სიკვდილის უფლებაც კი აღარ მისცე.
  უკანასკნელი სიტყვა არ უნდა იყოს „მაპატიე“ - ეს სიკვდილს უდრის, ნელსა და მტკივნეულს, ეს განაჩენია. ეს პატიება, შენთვის არ უნდა, საკუთარი თავისთვის სჭირდება, რომ იმ სხვა, უშენო ცხოვრებაში - შემოდგომის არყისფერ საღამოებში - ნისლივით არ მოეხვიო მხრებზე და იმ საკოცნელ თვალებზე დარდად არ დააწვე...
  და თუ წასვლისას, მაინც გთხოვა პატიება, აპატიე, აპატიე შენი სიყვარულის სახელით, აპატიე, რათა გჯეროდეს, რომ მან მაინც შესძლო ცხოვრების გაგრძელება, თორემ შენი ცხოვრება რაღაა - ერთი გრძელი, სევდიანი მელოდია - სიკვდილის მოლოდინი.
  წასვლამდე კი ისინი ქალაქის განაპირას მდებარე პატარა აივნიან კაფეში ისხდნენ და უშაქრო ყავას სვამდნენ. აივანი ლაჟვარდისფერი იყო. ხის მოუხერხებელი სკამები იდგა და პატარა მაგიდა. ევი ერთმანეთის მიჯრით აშენებულ სახლებს შეჰყურებდა, დამიანე ქალს აკვირდებოდა, თითქოს მის დამახსოვრებას ცდილობდა.
- დღეს ძალიან რაღაცნაირად მიყვარხარ, - უთხრა ღიმილით.
- როგორ რაღაცნაირად?
- არ ვიცი, ყველაზე უცნაურად.
- ეს უცნაური სიყვარული მაბედნიერებს და მაპატიე, ეგოისტი ვარ, მაგრამ მინდა, რომ სულ ასე გიყვარდე, სიცოცხლის ბოლომდე.
- რაც უნდა მოხდეს სულ მეყვარები, იცოდე, რომ ეს სიყვარული არასდროს გაქრება.
  თითქმის მთელი საათი ისხდნენ კაფეში, მაგრამ მაინც მოეჩვენა ქალს, რომ დრო დაუნდობლად სწრაფად გავიდა. საათს დახედა, ჩემი წასვლის დროაო, შეხვედრაზე აგვიანდებოდა ევის.
  მერე სანამ ადგებოდა დამიანეს სერიოზულად ჰკითხა:
- რატომ ვცხოვრობთ სულ ვალდებულებებით? როგორ არ გვახრჩობს ეს სხვისი განსაზღვრული ყოფა? ამ სტეროტიპების დედაც, რატომ გტოვებ ახლა, როცა შენგან წასვლა არ მინდა?
- სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ვერ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვინდა.
- თუ ერთ დღეს ფეხების ნაცვლად ხელებით დაიწყებ სიარულს, შეიძლება დედამიწამ დაიჯეროს, რომ ეს ნორმაა.
- ახალ თეორიას იგონებ?
- ისე რომ იცოდე, ყველაფერი, რაც დღეს ჭეშმარიტებად მიგვაჩნია, ღმერთის გარდა, ძალიან პირობითია. ის, ოდესღაც, ჩვენმა მსგავსმა ადამიანებმა მოიგონოს და სულაც არ ვფიქრობ, რომ მათ შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდათ.
- ამიტომაც არის, რომ რაღაცები მუდმივად იცვლება, მაგრამ ამ ცვლილებებს სჭირდება მსხვერპლი.
- მსხვერპლად ყოფნა მირჩევნია, მუდმივ მონობას! - ისე გაბრაზდა ევი, თითქოს მართლაც ჰქონდა არჩევანი, თითქოს მართლაც ჰქონდა იმდენი გამბედაობა, რომ საკუთარი გულისთქმით ეცხოვრა:
- საერთოდ რატომ უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც საჭიროა? ვინ გადაწყვიტა, რომ თავდაყირა სიარული არ შეიძლება?
- კარგი, ნუ ბობოქრობ, - გაეხუმრა დამიანე.
- მხოლოდ აღელვებული ზღვაა საინტერესო.
- შენ ხარ ჩემი ზღვა, ჩემი აღელვებული ზღვა, - შეაწყვეტინა დამიანემ სიტყვა.
  ევის სინანულის ღიმილი გაუჩნდა ბაგეზე, ჯერ დამიანეს ჩაჰყურებდა თვალებში, მერე ისევ ქალაქს გადახედა და თქვა:
- მართალი ხარ: ადამიანიც ზღვაა. მასავით აქვს მიქცევისა და მოქცევის პერიოდები, ხან ღელავს და ხან სიმშვიდე დაისადგურებს. ერთი კია, როცა ზღვას უყურებენ, მხოლოდ მის ჰორიზონტზე კი არა, სიღრმეზეც ფიქრობენ - იმ ტალღებსქვეშა იდუმალ სამყაროზე. ადამიანში კი, მხოლოდ ზედაპირის დანახვა შეუძლიათ. არა და ღმერთმა იცის, რა საიდუმლოს მალავს თითოეული კაცის გულის ფსკერი. და კაცს ხანდახან, როგორ გულისგახეთქვამდე უნდა, თვალებში ჩახედონ და მისი სიმშვიდის მიღმა დამალული აზვირთებული ტკივილები დაინახონ. დაინახონ და თანაუგრძნონ.
- შენ ზღვაზე უფრო უძირო ხარ... - უთხრა დამიანემ, ევის პასუხი აღარ დაუბრუნებია, წამოდგა, ლოყაზე აკოცა და თითქმის სირბილით გავიდა კაფედან.
  კაცი კი დატოვა ლაჟვარდისფერ აივანზე. სიყვარულით სავსე მზერა გააყოლა დამიანემ, სითბო იგრძნო გულში მისი არსებობის გამო. ეს ქალი სამყაროსაც ავიწყებდა და საკუთარ თავსაც, მის გამო სამყარო სულ სხვა ფერი ხდებოდა, სულ სხვა სურნელი ჰქონდა სიტყვებსაც.
  ფიქრში იყო გართული, როცა ხმაურით გამოსწია სკამი და დამიანეს პირისპირ ევი დაჯდა. გაოცებულმა შეხედა დამიანემ. ქალს გაეცინა:
- გადადებას აღარ ვაპირებ, აქედან ვიწყებ ბრძოლას. მორჩა! არ მინდა იქ ვიყო და ის ვაკეთო, რაც საჭიროა, ჩემი თავი და ჩემი გზა უნდა მოვძებნო.
  დამიანეს სხეულში სითბო ჩაეღვარა, წამოდგა, ევის ჩაეხუტა. ერთ ხანს ასე იდგნენ, მერე ხელკავი გამოსდო ქალმა და ქუჩაში გავიდნენ.
- სად წავიდეთ? - შეეკითხა ევის, ქალმა რომ ძრავა ჩართო.
- ნუ ხარ სულსწრაფი, ვააჰ, - ეშმაკურად აუელვარდა თვალები ევის.
- ოოხ, შეენ რა გაიზრდები! - გაეცინა დამიანეს.
- აწი სიგანეში თუ გავიზრდები თორე, - გაეცინა ევისაც.
  დამიანეს თავი ასტკივდა. გვიან მიხვდა, რომ ის საშინელი მუსიკა აწუხებდა, მანქანაში, რომ მთელი ხმით ჟღერდა.
- გოგო, რას უსმენ, არ გრცხვენია?
- შენ უნდა გრცხვენოდეს, რომ ერთი დისკი ვერ ჩამიწერე, ორი წელია ამას ვუსმენ.
- კომპოზიტორი ქალი მე მეუბნება, მუსიკა ჩამიწერეო?! - გაოცდა დამიანე.
- ბიჭო, მე შენი გემოვნებით მინდა შევარჩიო, თორემ დისკის ჩაწერას რა უნდა?! მარტო რომ ვიქნები მოვუსმენ და დავიჯერებ, რომ შენს მხარზე მიდევს თავი და მშვიდად მძინავს.
  დამიანემ გამომცდელად შეხედა, ამ გოგოს აზრს თავი და ბოლო ვერ ვუპოვნე, აბურდულ ძაფს გავსო, - იფიქრა და შეჰპირდა: კარგი ნუ ბუზუღუნებ, ახალი დისკი გექნებაო, მაგრამ ყველაფერი ისე მიეწყო, რომ ეს პირობაც შეუსრულებელი დარჩა.
  ევიმ მანქანა ქიმზე დააყენა. წინ გადაჭიმული მინდვრები იყო, სადღაც, სიღრმეში, პატარა ტბა ჩანდა. მანქანიდან გადმოვიდნენ და ქიმის კიდეზე დასხდნენ. დამიანემ მხარზე მოხვია ხელი, არ გადავარდეო. ევის, რასაკვირველია, გადავარდნის შიში არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ესიამოვნა კაცის ზრუნვა და ნებას დაჰყვა, უკან დაიწია.
  ტელეფონი აწკრიალდა, კაცმა ნომერს დახედა და გათიშა. ევიმ შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ცოტა ხანში ისევ განმეორდა ზარი, დამიანემ ერთხანს უყურა ტელეფონს და ისევ გათიშა. მესამედ რომ დარეკა, ტელეფონი საერთოდ გამორთო და დაუდევრად მიაგდო ბალახზე.
- ეკაა? - ჰკითხა ევიმ.
- ჰო.
- უპასუხე, იქნება რა უნდა.
- ზეპირად ვიცი. დამღალა მისმა ეჭვიანობამ, - ამოიოხრა დამიანემ.
- მიზეზიც აქვს და უფლებაც, ეჭვიანობდეს, - თქვა ევიმ, მაგრამ იფიქრა: ჩემი ქმარი რომ იყო, არც და ვერც გაივლებდი გულში ღალატსო.
- სანამ მიზეზი ექნებოდა, მანამდეც იყო ძალიან ბევრი რამე.
- რატომ დაქორწინდი? - ჰკითხა ევიმ.
- არ ვიცი.
  დამიანემ მიწას მიანდო ზურგი და ხელები თავქვეშ ამოილაგა. ევიც გადაწვა და თავი ჩამოდო კაცის მკერდზე. როცა ასე ახლოს იყო ევი, კიდევ უფრო სტკიოდა კაცს მისი არსებობა. კიდევ უფრო სტკიოდა, რადგან ეს ქალი მისი არ იყო. მის ნაწილად, მის ცხოვრებად ვერ იქცეოდა. მის წლებს ვერ გაიყოფდა.
- ძალიან არეული წლები იყო, წლებიც და მეც. მე და ეკა ერთ სკოლაში ვსწავლობდით, არც ვიცი რატომ, მაგრამ გოგოებში დიდი პოპულარობით ვსარგებლობდი. ეკასაც ვუყავრდი, მაგრამ ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ლამაზი გოგო იყო, ბევრ ბიჭს მოსწონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენჯერმე გადავაწყდი ქუჩაში, ერთი-ორჯერ ყავაზე დავპატიჟე. არ ვიცი რა, ისე აეწყო ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი, დავქორწინდით. მერე ჯერ ერთი შვილი, მერე - მეორე... სხვადასხვა წარმოდგენა გვქონდა ოჯახზეც, ბედნიერებაზეც და მოკლედ, ყველაფერზე რა. მიყვარს, მაგრამ...
- მაგრამ ის შენ არ გიცნობს.
- ჰო, არ მიცნობს.
  ისევ სიჩუმე ჩამოდგა, ევი შეციებული ბეღურასავით მიიყუჟა დამიანეს მკერდზე. დამიანემ ძლიერი ხელები შემოაჭდო და ერთ ხანს ასე იწვნენ.
- ძალიან მინდა, ყველაფერი მოგიყვე. აღსარება ჩაგაბარო, - უთხრა დამიანემ.
- თუ იცი, რომ ჩემთან საუბარი უკეთ გაგრძნობინებს თავს, მომიყევი. მზად ვარ, შენს მოსასმენად.
- არა, მაგისთვის არა, რომ უკეთ ვიგრძნო თავი, უბრალოდ მინდა, რომ ჩემი ყველა ცოდვა გაგანდო.
- გამანდე და იქნება მოვიდეს ისეთი დროც, რომ მეც ყველაფერი მოგიყვე.
- აუცილებლად.
- მოდი, სიკვდილის შემდეგ ცოდვები გავცვალოთ, - ოცნებაში წავიდა ევი.
- შენ რა ცოდვა გაქვს?
- მე?! - ევი მცირე ხანს დუმდა და მერე თითქმის ჩურჩულით დაამატა: მე შემიყვარდა...
- გოგო, ნუ ხარ ასეთი კარგი, ნუუ... - შუბლზე აკოცა დამიანემ და მერე სიბნელემოძალებულ ცას გაუშტერა თვალი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს