ოცდამეათე თავი
ღამის 2 საათი იქნებოდა ევიმ რომ ავტოსადგომზე მდგარ მანქანასთან მიიყვანა დამიანე და დაემშვიდობა. დილით მოგწერო, პირობა მისცა კაცმა. რაღაცნაირად სავსე იყო დამიანე, როგორ მაკლდაო ეს გოგო ამდენი წელი, რა უცნაური იქნებოდა ცხოვრება მასთან, საინტერესო და არმოსაწყენი დღეები არ მოგვაკლდებოდა. სხეულზე ევის სითბო და სურნელი შერჩენოდა. ღიმილით მიადგა სადარბაზოს. სახლს ახედა. სინათლე არ ჩანდა. დაუძინიათო და გაუხარდა, ახლა ეკასთან კამათი ძალიან ეზარებოდა. ჯიბეში გასაღები მოძებნა და კარი გააღო. ფრთხილად შევიდა, უცნაური სიჩუმე იგრძნობოდა. ბავშვების ოთახთან შეჩერდა, კარი შეღებული იყო, საწოლები გასწორებული. - ბავშვები სად არიან? - გაიკვირვა და ახლა საკუთარი საძინებლის კარი გამოაღო. დაუდევრად ეყარა ტანსაცმელი, ეტყობოდა დიასახლისი სახლიდან გასვლამდე ჩქარობდა. დამიანემ ტელეფონი მოძებნა, ახლაღა გაახსენდა, რომ გამორთული ჰქონდა, ჩართო და სანამ ეკასთან დარეკავდა, უამრავი გამოტოვეული ზარი მოვიდა. - ეკა... - სიტყვის დამთავრება ვერ მოახერხა, რომ ყურმილიდან ცოლის კივილი მოესმა: - ახლა გაგახსენდით, ახლა გაგახსენდა ოჯახი? სად იყავი, როცა შენი შვილი ასეთ დღეში იყო?.. - რა? ვინ შვილი? - სად იყავი, როცა ჩვენ გვჭირდებოდი? - განწირული კიოდა ეკა, მაგრამ დამიანემდე სიტყვები აღარ მიდიოდა. „ბავშვები, ბავშვები, ბავშვები“- ვიღაც მონოტონურად იმეორებდა მის სხეულში. მერე მილიონი ხმა არაკუნდა ერთდროულად, დედამიწამ წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყო ტრიალი და დამიანემ სიცივე იგრძნო. თითქოს სისხლი აღარ მოძრაობდა, თითქოს ყინულის ლოდად ქცეულიყო თავადაც. რამდენიმე წამი დასჭირდა გონს მოსასვლელად. ახლა თავად ღრიალებდა ისე, რომ საკუთარი ხმა აკრთობდა. - სად არიან ჩემი შვილები? რას სჭირთ, ბავშვებს? - ყვიროდა და ისე იმეორებდა მის ექოს სახლი, ძლივს შეძლო ეკამ გაეგებინებინა, რომ სერგი აივნიდან გადმოვარდა და ახლა საავადმყოფოში იყვნენ. არ ახსოვს დამიანეს, როგორ მიაღწია კლინიკამდე. ღმერთო, ცოცხალი იყოს, ღმერთო, ცოცხალი იყოს და არასდროს, არასდროს დავტოვებ მარტოს, ეხვეწებოდა ღმერთს. ცარიელ ქალაქში შუაღამე იდგა, სწრაფად მიაღწია საავადმყოფომდე. სერგის ოპერაციას უკეთებდნენ. განთიადამდე გაიწელა მოლოდინი, დრო იდგა და აღარ გადიოდა. ეკა მთელი ღამე ტიროდა, უყვებოდა, როგორ აიწია თითისწვრებზე სერგი, რათა ეზოში გადაეხედა, შენ გელოდებოდაო, მანქანის ხმა გაიგო და იმიტომ გადმოიხედაო და მერე აღარ ახსოვს ეკას, როგორ ჩაიარა საფეხურები, როგორ ან ვინ გამოიძახა სასწრაფო. არ იცის, როგორ იყო სერგი, სუნთქავდა თუ არა, უთხრა რამე დედას თუ არა, არაფერი ახსოვს ეკას და ახლა, აღარც დამიანეს ესმოდა სიტყვები, იჯდა და შეჰყურებდა საავადმყოფოს გამოშიგნულ, უტყვ კედლებს და ვერ ფიქრობდა. დილის 6 საათისათვის დასრულდა ოპერაცია. დაღლილი იყო ექიმი, შუბლზე ოფლის წვეთები შერჩენოდა, სვენებ-სვენებით საუბრობდა, ომიდან დაბრუნებული მებრძოლივით იყო დაქანცული. - ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მოტეხილი აქვს მენჯ-ბარძაყის ძვალი. დაზიანებულია თავის ქალა, თუმცა მაგნიტორეზონანსულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაზიანება მხოლოდ გარეგნულია. ყბის ძვალია გატეხილი. დაჟეჟილობები აქვს გულ-მკერდის არეში. ამ ეტაპისათვის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დაველოდოთ, ვნახოთ, როგორ ჩაივლის პოსტ ოპერაციული პერიოდი, - უთხრა ექიმმა და საავადმყოფოს ცუდად განათებულ დერეფანს გაუყვა. დამიანემ ღრმად ამოისუნთქა, ეკამ კი ტირილს უმატა. - მოგიკვდეს შენ, დედა, - ტიროდა და თან დამიანეს ეხუტებოდა, თითქოს ახლა ამ უბედურებისაგან მხოლოდ დამიანეს შეეძლო ეხსნა. აღარც კი ახსოვდა, გუშინ რომ დამიანე მასთან არ იყო, მთელი საღამო, რომ ამაოდ ცდილობდა ქმართან დაკავშირებას. სამაგიეროდ, დამიანეს ახსოვდა გუშინდელი საღამოს ყველა დეტალი: ახსოვდა ევი, ახსოვდა თავისი სიყვარული, ახსოვდა, როგორ სთხოვდა ქალს, ყველაფერი მივატოვოთ და საკუთარ ცხოვრებას მივხედოთო და ხვდებოდა, რომ საკუთარი, სახელისა და გვარის გარდა, აღარაფერი ჰქონდა. ახლა ის საკუთარ თავსაც კი აღარ ეკუთვნოდა, ის ოჯახის ნაწილი იყო, მისი ცხოვრება დასრულებულიყო. თითქოს ევის სიყვარულს მისთვის ფრთები გამოება და ძალიან მაღლა აფრენილიყო, ახლა კი ვიღაცას ძირში გადაეჭრა ეს ფრთები და მიწაზე დაეხეთქებინა. ევის შეტყობინება წაუკითხავად წაშალა და მოგვიანებით პასუხი დაუბრუნა: „დასრულდა... მაპატიე!“ ევი კი ერთხანს იდგა უფიქროდ, თითქოს სხეულიდან გამოსულიყოს და ახლა, საკუთარი ორეულის გაფართოებულ, გაოცებისაგან შემკრთალ თვალებს უყურებდა. ეს ვიღაც სხვა მის სხეულში, ნელი, მძიმე ნაბიჯით წავიდა საჯინიბოსკენ. ცხენი სადავით გამოიყვანა, ერთხანს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მერე ფეხსაცმელი გაიხადა და გზაზე მიყარა. ფეხის გულები გრძნობდნენ მიწის სიცივეს. ტკივილს გრძნობდა და ეს ტკივილი ახლა თითქოს დასტური იყო, რომ არ მომკვდარიყო, რომ ჯერ არ მომკვდარიყო და არც მოკვდებოდა! არ მოკვდებოდა! - ისეთი მტკიცე და მჭრელი იყო ფიქრი, თითქოს ღრმა ძილიდან გამოაღვიძა. ქალი მოხერხებულად შეახტა ცხენის ჟღალ სხეულს და ფაფარში ჩასჭიდა გაოფლილი ხელისგულები. ცხოველი მიუხვდა ქალს და ჯერ ჩორთით წავიდა, მერე ჭენებას უმატა და ბოლოს, ქარს აჰყვა მისი სხეულიც. იწვა ევი მიწაზე გულაღმა და უღრუბლო ცას შეჰყურებდა. იწვა და ვერ ფიქრობდა. მხოლოდ გრძნობდა სხეულში, რაღაც უცნობს, რაღაც უსახელოს, რაღაც სხვა ძალას, ჯერ არგანცდილსა და არშეცნობილს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რთულია ცხოვრება. არავინ იცის, სად რა გამოცდას მოგიწყობს, როდის შეგასხამმს ფრთებს და როდის დაგანარცხებს მიწაზე. შემეცოდა ევიც და რაღაცნაირად დამიანეც. 5 რთულია ცხოვრება. არავინ იცის, სად რა გამოცდას მოგიწყობს, როდის შეგასხამმს ფრთებს და როდის დაგანარცხებს მიწაზე. შემეცოდა ევიც და რაღაცნაირად დამიანეც. 5
1. ვერ მოასწრო ევიმ თავის ცოდვების მოყოლა და უცბად დაემშვიდობა დამიანე, აბას რა ეგონა ევის, ცოლიანი კაცის შეყვარება ძნელია, მაგრამ ეს ოხერი სიყვარულიც, ხო ძნელია, ვუთანაგრძნობ ევის ისევ მოვა გაზაფხული, ისევ აყვავდება ალუბალი, ისევ მოვა სიყვარული უფრო ჭეშმარიტი და ამაღლებული. ვერ მოასწრო ევიმ თავის ცოდვების მოყოლა და უცბად დაემშვიდობა დამიანე, აბას რა ეგონა ევის, ცოლიანი კაცის შეყვარება ძნელია, მაგრამ ეს ოხერი სიყვარულიც, ხო ძნელია, ვუთანაგრძნობ ევის ისევ მოვა გაზაფხული, ისევ აყვავდება ალუბალი, ისევ მოვა სიყვარული უფრო ჭეშმარიტი და ამაღლებული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|