ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2022


ზღვარი 32

ოცდამეთერთმეტე თავი

    დილაუთენია გავიდა ვენახში. აცლიდა ვაზს ზედმეტ ფოთლებს და თან საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. არა, დამიანეზე არ ბრაზობდა, სხვა რა გზა ჰქონდა? სხვა რა მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა მათ ურთიერთობას? როდემდე შეძლებდნენ ამ ტყუილში ცხოვრებას? არა, მისი წასვლა კი არ წყვეტდა გულს, ის სტკიოდა, რომ ამდენი სიტყვა დარჩა უთქმელი, რამდენი რამე უნდოდა ეთქვა. ახლა კი ისე წასულიყო დამიანე, რომ უკან დასაბრუნებელი ყველა გზა გადაეჭრა. ისე წასულიყო, რომ ევისთვის ოცნების უფლება წაერთმია. დაეტოვებინა სრულიად მარტო - მარტო და ცარიელი, გამოფიტული, გამოშიგნული. ვენები გადაეხსნათ და სისხლი წვეთ-წვეთად სდიოდა. კვდებოდა ევი ნელი და მტკივნეული სიკვდილით.  იღუპებოდა და არც სიკვდილს შეეშინებინა იქნება, რომ სცოდნოდა, სადღაც ის უყვართ და ელოდებიან, რომ სადღაც, ვიღაცისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია, ისეთივე ძვირფასი... მერე ფიქრი წყდებოდა და აკვიატებული მელოდია ახშობდა ხმებს.
- მაინც რას ელოდი, ევი? - ეკითხებოდა ვიღაც.
  ქალს არ ჰქონდა პასუხი. ახლა სუსტი იყო, უსუსური, ეს უსუსურება სტკიოდა, საკუთარ თავზე ბრაზი ეძალებოდა.
- სასწაულის გჯეროდა? - ისევ ეკითხებოდა მონოტონური ხმა.
  არ იცის ევიმ რისი, მაგრამ რაღაცის სწამდა, დარწმუნებული იყო, რომ ასეთი ძალით მოსული სიყვარული, ასეთი ყოვლისმომცველი და უსაზღვრო, ასე უბრალოდ ვერ დასრულდებოდა. შენი დასრულება ვინ თქვაო, აკი უთხრა ერთხელ დამიანემ. მასზე ფიქრი არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას.
- წადი, როცა მოგინდება, მაგრამ მანამდე დარწმუნდი, რომ იქ საითკენაც მიდიხარ, უფრო დიდი და ბრწყინვალე სინათლეა, - ეუბნებოდა ევი და ახლა არ იყო დარწმუნებული, რომ დამიანე სინათლისკენ მიდიოდა, არ სჯეროდა დამიანეს კარგად ყოფნის, არ სწამდა მისი მოჩვენებითი ბედნიერების.
  ევი ყოველ დღე ელოდა, რომ დამიანე წავიდოდა, მაგრამ არ ეგონა, თუ კაცი წასვლისას ხელს გაუშვებდა. არ ეგონა, ეს წასვლა, თუ მიტოვების ტოლფასი იქნებოდა.
- ჩვენ უბრალოდ ვერ ვიცხოვრებთ. არ ვიცი რამდენი ხანი გავა, სანამ ჩვენი გზა სხვა სივრცეში გადაიკვეთება, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი გარდატეხა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი გველოდება და თუ ეს მნიშვნელოვანი არ მოხდება, მაინც არ იდარდო, რადგან ცხოვრება, ბოლო ამოსუნთქვამდე, გამოუცნობზე ოცნება და მოლოდინი იქნება, - ეუბნებოდა ევი და ძალიან უნდოდა, ცხოვრების ბოლომდე ჰქონოდა იმედი, მოეტყუებინა საკუთარი თავი, მაგრად დაეხუჭა თვალები და არ დაენახა რეალობა, არ შეგუებოდა მიწაზე არსებულ წესებს და დალოდებოდა, დალოდებოდა დაუსრულებლად. ყოველ ღამე წვებოდა იმ განცდით, რომ ახლა, სწორად ამ ღამეს იპოვნიდა გზას, დედამიწის ისრებს უკან დააბრუნებდა და სულ სხვა სამყაროში, სხვაგვარ ცხოვრებას დაიწყებდნენ.
  ევის საუბარი არ უყვარდა საკუთარ თავზე, როცა ცუდად იყო, ის წყვეტდა ლაპარაკს და ცდილობდა, ფიზიკური შრომით დაეძლია სულიერი ტკივილი. ახლაც დილაუთენია გასულიყო ვენახში. ბრაზი და ტკივილი ევის ხელებს ნამზეურივით მოსდებოდა და ისინიც მუშაობდნენ სწრაფად, თითქოს გაუცნობიერებლად, მუშაობდნენ და ცდილობდნენ დაევიწყებინათ ის ბოლო, სიკვდილზე უნდობელი სიტყვები: დასრულდა და მაპატიე. მაგრამ ახლა დამიანეს წასვლა, მისი ერთადერთი პრობლემა არ იყო. წინ უფრო დიდი უსიამოვნებებიც ელოდა და იმ სხვა სირთულეებზე სასაუბროდ მოსდგომოდა აღდგომელაშვილების კარს გუბერნატორი. კაცები შინ არ იყვნენ, სახლში მხოლოდ ნინა და ევი დაუხვდნენ.
  ბოლო დღეები უცნაურად ეჩვენებოდა ნინას ევის საქციელი და ხვდებოდა, ყველაფერი რიგზე არ იყო. თვალს ადევნებდა ქალი ევის და ის მკერდი სტკიოდა, რომლითაც ძუძუ არ ეწოვებინა, მაგრამ მის მიღმა დედის გული ფეთქავდა. უნდოდა მისულიყო, მოჰფერებოდა, ყველაფერი ეკითხა და თანაეგრძნო. იქნებ ევისაც სურდა, თავი დაედო ნინას კალთაზე და ეტირა. იქნება უნდოდა, ყველა ცოდვა-მადლი გაემხილა, დამსუბუქებულიყო, გათავისუფლებულიყო, მაგრამ სანამ მას სტკიოდა, ვერ იტყოდა, ვერაფერს იტყოდა. ჯერ თავად უნდა გაესინჯა სიგრძე-სიგანე, ჯერ თავად უნდა მოესინჯა ფონი, გაღმა გასულიყო ადიდებულ, მძვინვარე მდინარეზე, იქნება მორევს ჩაეთრია კიდევაც და დიდხანს ეტრიალებინა, იქნება ძლივს გადარჩენილიყო, მაგრამ ნაპირზე რომ დაჯდებოდა, უკვე სამშვიდობოს გასული, იმ სველ ტანსაცმელსაც გაიშრობდა მზეზე და ნაყლაპ წყალსაც ამოაფურთხებდა, მხოლოდ მას შემდეგ, ისე, ყოველი შემთხვევისათვის იტყოდა ორიოდ სიტყვას და სულ ეს იყო. იცოდა ხოლმე ნინამ, რომ მაშინ უკვე ჩამდგარი იყო ქარიშხალი, ევი რომ სასხვათაშორისოდ, რაღაცას გაანდობდა. იცოდა, აღარც რჩევას ჰქონდა აზრი და არც გამხნევებას, საკუთარი თავისთვის უკვე რჩევაც მიეცა და გაემხნევებინა კიდევაც, მხარშიც ამოსდგომოდა და კარგა გვარიანი სილაც გაეწნა იქნება.
  მამას გავდა, მუდამ დაფიქრებული, მოწყენილი დადიოდა. განა რა ხდება, რომ ვერ ამოისუნთქა, ვერ დაისვენაო, განა რა ხდება, რომ ერთხელ მაინც საცინრად ვერ გაუხდა საქმეო, დარდობდა ნინა. გაჩუმდებოდი თუ არა, თავს მარტოხელად დაიგულებდა და ისეთი დარდი ჩამოაწვებოდა თვალებში, ნინას გული შეეკუმშებოდა. ევი მამაზე კიდევ უფრო სევდიანი იყო, თავის დარდს მამაზე ნაფიქრი და ნატკენიც ემატება, მაგრამ უფრო ძლიერი ჩანდა გარეგნულად, ახერხებდა, შეგეხედა და გეფიქრა ცას სწვდებაო მისი ბედნიერება, არა და ხან ბალახისა სტკიოდა და ხან - ცისა.
  უსმენს ხოლმე ჩუმად ნინა ევის მუსიკას. მხოლოდ მაშინ უკრავს, როცა ჰგონია, რომ მარტოა, უკრავს და სახლს მწუხრის ხილაბანდი ეხვევა თითქოს, ისეთი სევდა მოდის, საიდან ამხელა დარდიო, მარტომყოფი ნინა კი ფიქრობს, მაგრამ ვერ ეხმარება, არ შესწევს მისი დახმარების უნარი.
  იცის ნინამ, რომ ახლა ევის ძალიან რთული დრო უდგას. იმდენად რთული, რომ ცრემლის დამალვაც უჭირს, იცის ნინამ, რომ ამ დროს მასთან საუბარი არაა კარგი აზრი, მაგრამ გუბერნატორმა დაჟინებით მოითხოვა მასთან შეხვედრა. ნინა ვენახისაკენ წავიდა, ზაური უკან გაჰყვა.
- ევი, - შორიდანვე დაიძახა ნინამ. პასუხი არავის გაუცია, - ევი, შენთან სტუმარია, - გაუმეორა ნინამ, როცა გოგოს მიუხალოვდა. პასუხი ისევ არ მიუღია.
  ზაური გაოცებული უყურებდა ევის, ის მართლაც არავის გავს, საოცრებააო, უთხრა საკუთარ გულს. მაგრამ მალევე გაახსენა, რომ სენტიმენტების დრო არ იყო, დღეს მკაცრი და მომთხოვნი უნდა ყოფილიყო.
- ქალბატონო ევი, - შეძლებისდაგვარად ომახიანად უთხრა ზაურმა და მკლავზე ხელი შეახო. ევი შედგა, ფოთლებს ხელი უშვა და სტუმარს შემოხედა, სულ რამდენიმე წამი დუმილი ჩამოდგა, ამ რამდენიმე წამში ზაურმა ირწმუნა, რომ ქალი უყურებდა და ვერ ამჩნევდა, თითქოს რაღაც მოჩვენება დაენახოს, თითქოს მიწაზე საერთოდ არ იყო, არეული მზერა ჰქონდა, დაბნეული თვალები.
- გამარჯობა, - გატეხილი ხმით უთხრა ზაურმა, მისი წეღანდელი სიმტკიცე და თავდაჯერებულება სადღაც გაფანტულიყო. საკუთარ თავს კი გაანდო, მგონი, ეს ქალი არაა, გრძნეულია, მართლა ერთი შემოხედვით გაჯადოვებსო.
  ევი გამოფხიზლდა, ახლა მას სრულიად საღი ადამიანის თვალები ჰქონდა, მაქცია ადამიანად ქცეულიყოს გეგონებოდა.
- აჰ, თქვენ? - იკითხა და ისევ ვაზებს მიუბრუნდა, - რას შეუწუხებიხართ? მეგონა, რომ ჩვენ უკვე ყველაფერზე ვისაუბრეთ.
- როგორ ბრძანდებით? - ქალის მოლბობა სცადა ზაურმა.
- რა ვიცი, როგორ ვიქნები, ცუდი დრო დაგვიდგა, ვირთხები შემოპარულან ვენახში და ხასიათს მიფუჭებენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თადარიგი წინასწარ დაჭერილი მაქვს, დიდი ხნის წინ მოვწამლე აქაურობა მომაკვდინებელი შხამით.
  ერთი ხანობა ვერ მიხვდა გუბერნატორი ქალის ირონიას. ლამის შეშფოთება გამოთქვა, ზვრებში ვირთხას რა უნდაო, მაგრამ ევიმ დამცინავად რომ შეჰღიმა, იმ გაურკვეველი წარმოშობის ინვესტორის საქართველოში ჩამოსვლის დღე კიდევ ერთხელ დასწყევლა გუბერნატორმა - სწორედ მისი წყალობით ვარო ახლა ასეთ სულელურ მდგომარეობაში.
- აბა რამ შეგაწუხათ? იმედს ვიტოვებ იმდენად გონიერი ბრძანდებით, რომ ისევ ვენახის გაყიდვის საკითხზე არ მაკარგვინებთ დროს, - თქვა ევიმ და ვაზებს თავი ანება, შედგა და სტუმარს დაჟინებით მიაჩერდა.
  ზაურმა საჭირო პასუხი ვეღარ იპოვნა. ის წინასწარ დაზუთხული ტექსტები სულ ერთმანეთში აიბლანდა, ვეღარც თავი მოუძებნა, ვერც - ბოლო. ამაზე უარესი რა იქნებაო, უთხრა საკუთარ თავს და ქალს თვალი გაუსწორა. კიდევ უფრო დაიბნა: რა ლამაზია, ეს ვერანიო, გაიფიქრა. რა რთულია მისი გამეტებაო და უცნაური თანაგრძნობა დაეუფლა. მისი დახმარება მოუნდა.
  ევის გამოცდილი თვალი ჰქონდა, ზაურის მზერაში გულწრფელობის სხივი მოძებნა. წამოდი ეზოში დავსხდეთო, - უთხრა ქალმა და წინ წაუძღვა.
  მაგიდას მიუსხდნენ, ნინამ ყავა და შოკოლადი მოუტანა და თავად სამზარეულოში შებრუნდა. ცოტა ხანს ორივე ჩუმად იყო, მერე ზაურმა უთხრა:
- სიმართლე რომ გითხრა, ეს თემა ჩემს ინტერესებში საერთოდ არ შედის. ვიცი, წინა შეხვედრაზეც გაწყენინეთ, მაგრამ დავალება მქონდა. ხომ გესმის ჩვენთვის, თანამდებობის პირებისათვის, კიდევ სხვა წესებია, ჩვენ სხვა კუდით ვყავართ დაჭერილი. მეც მათ წევრად მოვიაზრები, მაგრამ ამ თანამდებობაზეც იძულების წესით გამიშვეს. ამათთან ხუმრობა არ ღირს. მე დიდი ბიზნესები მაქვს, მისი წართმევით დამემუქრნენ. შენნაირი პრინციპული ქალი, ვიცი, იფიქრებს მორალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფულიო და ასეცაა, მაგრამ მე ფულის წართმევას არ შევუშინებივარ, შეურაცხყოფილები დარჩებოდნენ, იმ ბიზნესში რაღაც ხელწამოსაკრავს მოძებნიდნენ, თუ ვერ იპოვნიდნენ, შექმნიდნენ და ვინ იცის მთელი ცხოვრება ციხეში გამეტარებინა. ახლა ვხვდები, რომ გარისკვად ღირდა, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, ცოტა ხანს ვიქნები ეს გუბერნატორი, დიდი საქმის კაცი მე არ ვარ, მომიბეზრებენ და თავადვე მომისვრიან-მეთქი, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დადგა.
    ზაურმა ღრმად ამოისუნთქა და საკუთარ ხელებს დაუწყო ყურება. ევიმ ყავა მოსვა და შოკოლადის ლამბაქი სტუმრისკენ მიაჩოჩა, მიირთვიო. თითქოს მის მიმართ თანაგრძნობითაც კი განეწყო. გაცივდებაო, შეახსენა ყავა. ზაურმა ფინჯანი აიღო, მაგრამ არ დაულევია, ისევ უკან დააბრუნა მაგიდაზე.
- არ შევხვედრილვარ იმ ინვესტორს, ნორმალურად არც ვიცი ვინაა. არ ვიცი, რა მიწაა, ან რა პროექტია ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ბევრი ადამიანია დაინტერესებული. რაც უფრო ჯიუტობ, მით უფრო ზევით-ზევით მიიწევს ეს ამბავი.
  სტუმარი ცოტა ხანს გაჩუმდა და ისევ განაგრძო:
- დაივიწყე, რომ გუბერნატორი ვარ, როგორც მეგობარი ისე გირჩევ: ფრთხილად იყავი, ყველაფერზე წამსვლელები არიან, საფრთხე გემუქრება. თუ რამე შეგიძლია, ყველაფერი სცადე, თავი გადაირჩინე. იცოდე, არ ხუმრობენ, - ზაური წამოდგა და დაუმშვიდობებლად დატოვა აღდგომელაშვილების სახლი. ევი არ განძრეულა, იჯდა დაბნეული და გახარებული:
  ჯერ ისევ შემორჩენილანო მათ შორის ისეთები, ადამიანობა რომ მთლად არ დაჰკარგვიათ და თურმე ისევ შეიძლება მათში მძინარე სინდისის გაღვიძებაო. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეუმჩნეველი წვეთი იყო ზღვაში - ევის მოეხსენებოდა, რომ ზაურის სიტყვები ხელწამოსაკრავი არ იყო: მისი ოჯახი სისტემას უპირისპირდებოდა, სახელმწიფოს წინ იდგა და ლელოს გატანას ცდილობდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები