ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2022


ზღვარი 34

ოცდამეცამეტე თავი

- ნუ გეშინია, - უთხრა ერთ საღამოს დამიანემ.
- არ მეშინია! - თავი გამოიდო ევიმ.
- შენ გეშინია... უჩემობის, - უთხრა მცირედი ყოყმანის შემდეგ.
- ეგ ჰო, - გაეღიმა ქალს.
- ჰოდა, ნუ გეშინია..
- უბრალოდ იყავი... მე შენი არსებობა მჭირდება, - გაუღიმა ევიმ.
- ლოგიკურად ხვალინდელი დღე ძალიან პრობლემურია, ამ ტემპით თუ ვიცხოვრეთ, დროში ვერ ვიმოგზაურებთ, მაგრამ გავაჩერებთ...ჩვენი გზა კულმინაციასთან მიდის, სადაც ბევრ ადამიანს ეტკინება... მე შენ მინდა გაგიფრთხილდე და არ გატკინო გული... უბრალოდ არ ვიცი, ეს დარჩენით უფრო შესაძლებელია თუ წასვლით, - უთხრა დამიანემ და ყურს უკან გადაუწია თმა, თავზე პატარა ბავშვივით მოეფერა.
- ზოგჯერ უნდა წახვიდე, რომ სამუდამოდ დარჩე... - გაეღიმა ევის.
- ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ... ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასია... ეს ის სიტუაციაა, როცა გონება ნელ-ნელა მღალატობს, და სანამ აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შემრჩა... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩახლეჩილი ხმით თქვა დამიანემ.
  ევის მზერა გაეყინა. მის თვალებში ზამთრის ღამესავით ჩამოდგა ყინვა. ცივად შეუშვა ხელი დამიანეს თითებს და შეცვლილი ხმით უთხრა:
- ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია, მეც ვეცდები, ისე მოვიქცე, როგორც საჭიროა.
- სადამდეც და როგორც შევძლებთ... - გაეღიმა დამიანეს და ისევ სცადა ევის თმას მიჰფერებოდა, მაგრამ ქალმა სახე აარიდა. დამიანე მავედრებელი თვალებით შეჰყურებდა ქალს, მაგრამ ღიმილი ვერ მოჰგვარა. კაცმაც აარიდა თავი და ნაწყენმა უთხრა:
- ჩვენი ამბავი ჩემს სიკვდილს რომ მოითხოვდეს, ამ წამში დავთმობდი, მაგრამ ახლა სასწორზე ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება დევს და როგორც უნდა იყოს ტკივილი, უნდა გავუძლო... ვიცი, საბედისწერო შეცდომას ვუშვებ... დანარჩენი სამყაროსა და ღმერთისთვის მიმინდია... თუ შესაცვლელია, შეიცვალოს...
- იცოდე, რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა იყოს ხვალინდელი დღე, ის რასაც ახლა ვგრძნობ, არასოდეს შეიცვლება! - დაამატა კაცმა მცირე ხნის შემდეგ.
  ევიმ ძალა იპოვნა საკუთარ თავში და სიმშვიდე მოიხმო.
- ამ სიყვარულის სახელით გთხოვ, უარი არ თქვა საკუთარ თავზე, ამ სიყვარულის გამო წერე, - სთხოვა ევიმ.
- გპირდები... და როგორც დალის ყველა ნახატში იყო გალა, ისე ჩემს ყველა ლექსში იქნება შენი თვალები... შენ ამ სამყაროს საზღვრებში მოქცეული ყველაზე უსაზღვრო ადამიანი ხარ! შენ ჩემი უკვდავება ხარ...
  ევი დამიანეს მიუახლოვდა, მკერდზე ხელისგული დაადო და თვალებში ჩახედა. სიცხიანი ჰქონდა კაცს მზერა და გამალებით ცემდა გული.
- არ გაბედო სხვა ქალის შეყვარება! - უთხრა ევიმ.
- როცა შენ მეგულები აქ, ამ პლანეტაზე... რომც ვეცადო... არ დაიჯერო.
  ეს იყო ერთ საღამოს, განშორებამდე. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ემზადებოდნენ მარტოობისთვის, ეს წამი როცა დადგა, სრულიად უმწეონი აღმოჩნდნენ. თითქოს ვიღაცამ უფსკრულის პირას თვალი აუხვია და ახლა აღარ იცოდნენ საით გადაედგათ ნაბიჯი, საით წასულიყვნენ რადგან აღარსად არაფერი ელოდებოდათ.
  იმ თვის ბოლოს კონფერენცია იყო დაგეგმილი, ხელისუფლების ორგანიზებით იმართებოდა შერატონში შეხვედრა, ევროპელი ინვესტორები ესწრებოდნენ. მაინცადამიანც საინტერესო არ იყო ეს შეხვედრა ევისთვის, მეტიც, არც კი ეხებოდა, მაგრამ მაინც წავიდა. ეს შესაძლებლობა იყო, საყვარელი კაცისთვის კიდევ ერთხელ მოეკრა თვალი. დამიანესაც ინტუიციამ თუ უგრძნო, რომ ევი მივიდოდა და დარბაზში პირველი გამოცხადდა. ქალს დერეფანშივე შეეგება დამიანეს სუნამოს სურნელი. ნაბიჯს აუჩქარა, საკუთარ სხეულზე ფლობის უნარი დაკარგა. კარი რომ შეაღო და დამიანე დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ აქ მის სანახავად იყო მოსული, ისე დაიბნა, შეეშინდა, გონება არ დავკარგოო. სიტყვები ვერ იპოვნა. არ იცოდა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო, ამიტომ უხმოდ ჩამოართვეს ხელი და მერე დაენანათ თითებს ერთმანეთის დათმობა. ყინულივით ცივი ხელი ჰქონდა ევის და ცეცხლივით გავარვარებოდა ხელისგული დამიანეს. თითქოს ყველა სიტყვა უთხრეს ხელებმა ერთმანეთს, ყველა სიტყვა, რომლის თქმაც უნდოდათ და დუმდნენ.
  ყველას საკუთარ ხელისგულში ჩაგვიმწყვდევია სევდა და სიხარული. ყველას თითის ბალიშებში გვაქვს ჩატეული საჩვენო წყენა და ტკივილი. ყველას ხელებში გვაქვს მოქცეული ჩვენი სითბო და იმედები. ხელისგულებზე გვაწერია საკუთარი ბედი და უბედობა. ვისი ცხოვრება წყდება შუაზე და ვის გრძელი და ოღროჩოღრო გზა გველოდება.
  როგორ ხელს არ შეხვდები სამყაროში, ზოგს ისეთი დაძარღვული, ისეთი ბრაზმორეული ხელები აქვს, თითქოს მუჭში მოუქცევია სიძულვილი. მისგან შორს დადექი, ამ ხელებს ტკივილის მოყენება შეუძლიათ.
  არის ხელები - უმწეო, შენგან დახმარება სჭირდება. ზურგი არ აქციო. იმედი არ გაუცრუო. თუ ხურდა არ გაქვს, ხელი მაინც შეახე, აგრძნობინე, რომ მარტო არ დარჩენილა ამხელა დედამიწაზე;
  არის ხელები მზრუნველი, ჯერ ისევ ცხელი სადილის სუნი ასდის მის ხელისგულებს;
  არის ხელები წვიმის წვეთებს რომ აგროვებენ, ფრთხილად აუარე გვერდი, ფრთები არ ატკინო;
  არის ხელები ვალმოხდილი ჯარისკაცივით ძლიერი და სევდიანი. არის ხელები დაღლილი, აღარაფრისმომლოდინე...
  როგორ ხელებს არ შეხვდებით, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია ტყუილის თქმა. არ სცნობენ სიყალბეს თითები.
  არ შეუძლიათ ტყუილის თქმა მამის ხელებს - ვაზის გასხვლისას გაუხეშებულ, დაკოჟრილ თითებს, ყველაზე ძლიერსა და სანდოს, ყველა საშენო ტკივილს რომ დაეჭიდებიან;
    ვერ მოიტყუებიან დედის ხელები - თბილი და ნაოჭშეპარული, მალულად რომ იწმენდენ თვალებში შენი მონატრებისაგან გაჩენილ ცრემლს;
    ვერ მოგატყუებენ ბავშვის ხელები, ერთი ციდა თითებით რომ გეჭიდებიან. შენი იმედი აქვთ, მათ ხომ ჯერ არაფერი სმენიათ ღალატისა და ბოროტების შესახებ;
    არ იტყუებიან ობოლი ბავშვები, როცა სანახევროდ გართმევენ ხელს და განიშნებენ, რომ ისინი ზღაპრებს უკვე აღარ კითხულობენ. მათთვის სამყარო შავ-თეთრია და როგორი თბილიც უნდა იყოს შენი ხელისგული, მაინც გაყინული თითები ექნებათ, რადგან მათი წილი მზე მიწას მიეფარა და პატარა ყოჩივარდებს უთბობს ფესვებს;
    არ იციან ტყუილი მოხუცებმა, როცა ძალაწართმეული, გაძველტყავებული ხელებით გეჭიდებიან, თითქოს საკუთარი ახალგაზრდობის დაბრუნებას ცდილობდნენ;
    მხოლოდ ხელები არ იტყუებიან. მხოლოდ თითებს არ შეუძლიათ ტყუილის თქმა. შემთხვევით შეეხებიან ერთმანეთს და ჟრუანტელი დაუვლით, გეგონება შეპყრობილები იყვნენ. ხელებს ყველაზე უკეთ ესმით ერთმანეთის. მათ სულ სხვა ენა აქვთ, გულისკარსმიღმიერი სათქმელის გადმოცემა შეუძლიათ.

    და რამდენი ტყუილიც უნდა თქვას თვალებმა, რამდენი სიტყვაც უნდა გამოიგონონ შენს გასაბითურებლად, ოდნავ შესამჩნევად შეეხე შეყვარებული კაცის ხელებს და იგრძნობ, როგორ გადმოიღვრება მილიონი სხივი შენს ძარღვებში, როგორ ქურდულად და მფრთხალად შეეხებიან მისი თითები შენს კანს და შენს დამახსოვრებას შეეცდებიან. როგორ მოგარიდებენ თვალებს, როგორ გეტყვიან რამდენიმე უსულგულო სიტყვას, ამინდისა თუ პოლიტიკის შესახებ, როგორ მოგიბოდიშებენ და წავლენ, თითქოს მართლა სადმე ეჩქარებოდეთ, თითქოს მართლაც სადმე მიელოდნენ...
  მაგრამ წასვლამდე, დამშვიდობებისას, ხელებს მაინც გაუჭირდებათ შენი დათმობა. ხელები მაინც გეტყვიან, როგორ ენატრები და მერე ნაჩქარევად დააფარებენ მეორე ხელისგულს შენსსითბოაყოლილ თითებს, თითქოს მისი შენახვა, მისი დაცვა, მისი მოფერება მოსდომებოდეთ...
  მხოლოდ ხელები ვერ იტყუებიან, ხელისგულებზე ყველას საკუთარი ჭრილობა გვამჩნევია - საკუთარი ჯვარცმის დასტური... და თქვეს ხელებმა საკუთარი ტკივილის შესახებ. გაანდეს დარდი.
  დამიანემ რაღაც ჰკითხა, არ ახსოვს რა, არც ის ახსოვს გაეპასუხა თუ არა თავად. მის პირდაპირ იჯდა ევი და ნერწყვის გადაყლაპვა უჭირდა. ერთი კია, რამდენჯერმე თვალი შეჰკრა დამიანეს მზერას, ამღვრეული, სევდიანი თვალები ჰქონდა კაცს. არც თავად ყოფილაო კარგად, თითქოს სიმშვიდე მოუტანა ამის გაფიქრებამ.
  სოფლის მეურნეობის მინისტრი საუბრობდა ტრადიციულ ჯიშებსა და პრიორიტეტებზე, პრეზენტაცია წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმაც. ევი თითქოს მინის მიღმა იდგა, არაფერი ესმოდა. გული აუჩქარდა, კისერი დაეძაბა, ჯერ ხელები დაუბუჟდა, მერე ტუჩებს ვეღარ გრძნობდა. მხოლოდ საკუთარი გულის ბაგა-ბუგი ესმოდა. ფიქრი კი შორს გაქცეულიყო და ახლა ისეთი ცარიელი იყო, ტკივილი ქარს გავდა, ორპირში ცარიელ ოთახს ეხეთქებოდა თითქოს.
  დარბაზიდან ყველაზე ბოლოს გამოვიდა ევი, კართან დახვდა დამიანე, კარგად იყავიო, ხელი გამოუწოდა, თითები გაუაზრებლად გაუწოდა ქალმა და მერე ჩაეჭიდა ამ ხელს. გაშვება აღარ უნდოდა. ცოტა ხანს კიდევ უნდოდა, რომ მისი სითბო შერჩენოდა. თვალებში არ შეუხედავს, მის არსებობას სხეული გრძნობდა. ჯერ შიში დაეუფლა ევის, მერე სიხარული და ბოლოს სასოწარკვეთა. შეუძლებელიაო, უთხრა საკუთარ თავს და უნებურად გადაისვა მარჯვენა ხელისგული მუცელზე. ისევ სიჩუმე ჩამოდგა, ევიმ კი გული მაინც ვერ დაიმშვიდა. დარბაზიდან ფეხარეული გამოვიდა და მფრთხალი ნაბიჯით დაუყვა საფეხურებს.
  სასტუმროს მისაღებში განთავსებულ კაფეში ჩამოჯდა, ფორთოხლის წვენს დავლევო. საკუთარ თავზე გაეცინა, რა სიგიჟეაო და ისევ ძლიერი, უშაქრო ყავა შეუკვეთა და სანამ მიმტანი შეკვეთას მოუტანდა, ფიქრობდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეჭვი რომ გამართლებულიყო. ისეთი შიში იგრძნო, რომ შეაჟრჟოლა.
  ხელისგულები წამოხურებულ ლოყებზე მოისვა და ფიქრის მოშორება სცადა. სანამ ევი ავი ძაღლივით კუდში ადევნებულ აზრს ებრძოდა, დამიანემ სკამი გამოსწია და ქალის გვერდით ჩამოჯდა. სევდიანი თვალები ჰქონდა დამიანეს. ტკივილიანი. გაუცხოებული ეჩვენა, გადაჩვეული. ეტკინა.
- ეს მოვალეობები დაგღუპავს შენ, - უთხრა ევიმ.
- თუ უკვე არ დამღუპა, - გაეღიმა დამიანეს.
- არ ღირს, - გაღიმება სცადა ევიმაც, - არაა საჭირო ეტიკეტის დაცვა, წადი.
- და რა იქნება მერე?
- ამის შემდეგ იქნება სულ შავ-თეთრი ზაფხულები, უყვავილო, უწვიმო და უზღვო დღეები. მე მიმაქვს შენი ცხოვრებიდან საწვიმარი ცა, აღელვებული ზღვა და ყვავილები. მიმაქვს სიზმრები და გიტოვებ გამომშრალ მიწას, ჰაერში გამოკიდებულ, შინაბერასავით მარტოობისაგან სისხლდაშრეტილ მზეს და მილიონ ოცნებას. ოღონდ ფრთებდამტვრეულს, დასახიჩრებულს, მომაკვდავ ოცნებებს. ჩაიცვი ის თეთრი პერანგი, ჩემთვის რომ უნდა გეჩუქებინა და დაგენანა, დაიკაპიწე მკლავები, გულისჯიბეში ჩარჩენილი კაპლი მოიმარჯვე და ჩაიმუხლე შენს ავადმყოფ ოცნებებთან. ეცადე ერთი მაინც გადაარჩინო. მე კი წავალ და წავიღებ საწვიმრად მოწეულ ცას და შემოდგომის ყვავილებს, წავიღებ ფერებს შენი ცხოვრებიდან და დარჩენილი წლები ნახშირით შესრულებულ ნატურმორტებს დაემსგავსება, მათსავით ყალბი და უსიცოცხლო იქნება.
  წავალ, მაგრამ არ დაგტოვებ! წამითაც არ დაგტოვებ მარტო! ყოველ ღამე შენს უსიზმრო ღამეებში მოვალ, საწოლში შემოგიწვები და გაყინულ თითებს მკერდზე ისე დაგაწყობ, რომ სისხლის ყველა წვეთმა იგრძნოს უჩემობის სიცივე! მოვალ, ჩემი უიმედო სხეულით ჩაგეხუტები და იძულებულს გაგხდი, ფართოდ გაახილო თვალები და დამინახო! დაინახო ჩემი უთვალო სახე და თოვლშერეული თმა! დაინახო და ყელში გაგეჩხიროს ფერადი ზაფხულები, შხაპუნა წვიმები, ფეხქვეშგათელილი გვირილები... მოვალ და დავრჩები შენთან სამუდამოდ და ჩემი ლანდადქცეული არსებობა არასდროს გაპატიებს... მე არ გპატიობ! პატიება ღმერთის ფუნქციაა, ჩემი გაღმრთობა კი შენს სიყვარულს ვანაცვალე და ახლა უღმერთოდ ვარ დარჩენილი. მე არ გპატიობ, მოგიტევოს იქნება კიდევაც ცამ, უღრუბლო ცამ... ღრუბლები მე მიმაქვს, ორსულ მუცლებზე უნდა ჩამოვადო ატკივებული თავი და გავწვიმდეთ!...
  დამიანე ადგილიდან არ განძრეულა. ევის ზვერავდა.
- შენ არ იცი, როგორ... - სიტყვა გაწყვიტა დამიანემ და სიგარეტს გაუკიდა.
- რა არ ვიცი? - დაეკითხა ევი.
- არაფერი...
  ევი გულში გაეპასუხა: ვიცი, საყვარელო, ვიცი... თქმით კი არაფერი უთქვამს. კედლეზე გაკრულ სარკეებში დააკვირდა საკუთარ გამოსახულებას, მერე დამიანე შეათვალიერა. ვუხდებითო ერთმანეთს, გაიფიქრა. მერე ამ ფიქრისა და რეალობის აბსურდულობაზე გაეღიმა. დამიანეს ანარეკლმაც შეჰღიმა. მიხვდა ქალი, რომ კაცი ცდილობდა მასზე ფიქრი სხეულში არ შეეშვა, დამიანე თავგანწირული იბრძოდა ამ სიყვარულის წინააღმდეგ. კაცისთვის არ შეუხედავს, ისე უთხრა სარკისმიღმა მომზირალ დამიანეს:
- ვამსხვრევ სარკეებს!
  გაიტანეთ ყველა სარკე დარბაზებიდან. დღეიდან აღარ დავიწყებთ საკუთარი ანარეკლის თვალიერებას კედელზე გაკრულ, გაჩირაღდნებულ ზედაპირებზე.
  სარკეებმა არ იციან სიმართლე. სარკეები გვატყუებენ, გვაბითურებენ, დაგვცინიან.
  ვამსხვრევ სარკეებს!
  უნდა დაიმსხვრეს ყველა სარკე! აქამდე არეკლილი ყველა გამოსახულება ტყუილი იყო. სარკეებში მხოლოდ თვალებთან შემოწყობილი ნაოჭების დათვლა შეიძლება; სარკეებში შეიძლება მოდურად დავარცხნილი თმა შეისწორო; სარკეებმა შეიძლება შენი ბრწყინვალე მაკიაჟი აირეკლონ; სარკეებმა შეიძლება გითხრან როგორ ძალიან გიხდება ეს შავი კაბა; სარკეებმა შეიძლება შეგახსენონ მომატებული კილოგრამები; სარკეში შეიძლება პირველი ჭაღარის დანახვა; სარკეს შეგიძლია გაუღიმო და უთხრა ორეულს, რომ არ შეშინდეს, ჯერ არაფერი დასრულებულა; იქნება იყოს კიდევაც სარკე ყველაზე კარგი მსმენელი, შენი წუხილის კარგი თანამოზიარე; სარკეებში საკუთარი თავის თანაგრძნობა და შებრალებაც შეიძლება; სარკეებს შეგიძლია გაანდო შენი პირველი გაურითმავი ლექსები; სარკის წინ შეგიძლია დადგე და პირველი პაემნისათვის იმეცადინო; სარკეებთან შეგიძლია გაშიშვლდე და საკუთარი თავი შეათვალიერო; სარკეებში შეგიძლია სტრიები დაითვალო ახალნამშობიარებ სხეულზე; სარკეში შეგიძლია საკუთარ თავს ენა გამოუყო და მერე დიდხანს და გულიანად იცინო... მაგრამ სარკეებმა არაფერი იციან. სარკეებს მაინც არ შეუძლიათ სიმართლის თქმა. სარკეები გაარჩევენ შენი თვალის ფერს, მაგრამ ისინი ვერ გაზომავენ შენს ტკივილს, მთელს სხეულს რომ მოსდებია და სუნთქვის საშუალებას აღარ გაძლევს; სარკეები ვერ დაინახავენ დაუმთავრებელი რომანების წუხილს; ვერ გაიგონებენ დაუწერელი მუსიკის ჰანგებს; ვერ გაარჩევენ პალიტრაზე ჩამხმარი საღებავების ფერებს; ვერ ამოიკითხავენ უთქმელ სიტყვებს; ვერ იგრძნობენ საყვარელი ადამიანის წასვლის გამო მიყენებულ იარებს;
  სარკეები ვერ დაინახავენ გიხდება თუ არა მისი პერანგი, რადგან ის შენ არასოდეს გცმია, მხოლოდ ზმანებებში გითბობდა სხეულს...
  სარკეებმა არაფერი იციან! უნდა დაინგრეს სარკეებიანი დარბაზები! უნდა დაიმსხრეს ყველა ზედაპირი, სადაც ანარეკლის გარჩევა შეიძლება! და ჩვენ, როცა საკუთარი თავის ხილვა მოგვენატრება, უნდა მივიდეთ, დავდგეთ საყვარელი ადამიანის წინ და თვალებში დიდხანს და ღრმად ჩავხედოთ, რათა დავინახოთ, ვინ ართ და რას წარმოვადენთ სინამდვილეში. რათა დავინახოთ საკუთარი თავები რუხი პიჯაკებისა და ყალბი ღიმილების მიღმა, რათა დავინახოთ როგორ ვიშლებით ნაწილებად, როგორ ვნამცეცდებით, როგორ ვტყდებით... რათა გავიხსენოთ ვინ ვიყავით სინამდვილეში, სანამ ქავაზე მტრის მოკვეთილი მკლავებივით გამოვფენდით ჩვენს დახვრეტილ ოცნებებს და საკუთარ თავს ვაქცევდით სარკოფაგად - სურვილების უსასრულოდ ბნელ სასაფლაოდ.
უნდა დავამსხვირო სარკეები!
  სარკეები გვატყუებენ! სარკეებმა არ იციან, როგორია ცხოვრება საკუთარი თავის მიღმა...
  დამიანე გადაიხარა და ევის სახე ხელისგულებში მოიქცია, ერთხანს თვალებში ჩაჰყურებდა და მერე უთხრა:
- ძალიან მენატრები!
- როცა მოგენატრები დახუჭე თვალები და ეცადე, შენივე გულს სიტყვების თქმის საშუალება მისცე, - უთხრა და სახე გაითავისუფლა ევიმ.
- ეეჰ, - ამოიხრა დამიანემ, - უკვე გვიანია, ჩემო, საკუთარი თავის მოსმენა. ძალიან გვიანი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები