ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2022


ზღვარი 35

ოცდამეთოთხმეტე თავი

- ახლა რა უნდა ვქნა? ახლა როგორ უნდა მოვიქცე? - ეკითხებოდა ევი საკუთარ თავს და სახლისკენ მიდიოდა. ქალაქიდან სანამ გავიდოდა, შენიშნა, რომ ვერცხლისფერმა მერსედესმა რამდენჯერმე გადაუსწრო და მერე ისევ ჩამორჩა. მგონი, ეს მე ამედევნაო, გაიფიქრა, მაგრამ მერე საკუთარ თავზე გაეცინა, პარანოია დამეწყო უკვე ამათი გადამკიდეო. სანამ დაბურულ, ტყიან გზას შეუდგებოდა მერსედესმა გადაუსწრო და თვალს მიეფარა.
  სოფლამდე დაახლოებით ორ კილომეტრიანი მონაკვეთი უასფალტო იყო, ქვა-ღორღიანი. ამ გზას მიუახლოვდა თუ არა, სვლა შეანელა, იმ ვერცხლისფერმა მანქანამ მარცხენა მხრიდან გზა გადაუჭრა და ევი იძულებული გახდა შეჩერებულიყო. შიში არ უგრძვნია, კრიტიკულ სიტუაციებში ევი ყველაზე კარგად აზროვნებდა და ახლაც რამდენიმე წამში უთხრა საკუთარ თავს, რომ ისე მოქცეულიყო, თითქოს ვერ ხვდება, რა შარშიც გაეხვა.
- უკაცრავად, გზა გამითავისუფლეთ, თუ შეიძლება, - მანქანიდან არ გადმოსულა, ისე გადასძახა მძღოლს, რომელიც ასე 26-27 წლამდე იქნებოდა. სუსტი იყო, ღია ცისფერი პერანგი ეცვა, შავი სათვალე და ძალიან გამაღიზიანებელი ღიმილი ჰქონდა.
- არა, ამისი მართლა არ მეშინია, - გაიფიქრა ევიმ, - ამ ნაბიჭვარმა რომ მომკლას, მართლა ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს.
  მანქანიდან გადმოხტა, მძღოლის კარს ხელები ჩამოაყრდნო, სახეში შეხედა და დამარცვლით უთხრა:
- გზას რომ კეტავ, ვერ ხვდები?
- მართლა? რაღაც ვერ შევამჩნიე, - თქვა და ისე გაიცინა, ევიმ ერთი ხანობა იფიქრა, ბავშვობაში გავლილი კრივის გაკვეთილები ხომ არ გავიხსენო, მაგრამ გადაიფიქრა, ღრმად ამოისუნთქა და უთხრა:
- მაშინ მეც ვერ შევამჩნევ შენს უბედრუკ არსებობას და ზედ გადაგივლი!
  ევი მტკიცე ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ და თან პიკაპს შეხედა, ჰა, გადავლით არა, მაგრამ კარგად გალამაზება კი შემიძლიაო და არც დაფიქრდებოდა ისე დაეჯახებოდა შუა გზაზე გახიდულ მანქანას.
- ევა, საჩხუბრად არ ვარ მოსული, სალაპარაკო მაქვს.
- ევი!
- რა?
- ევი მქვია, ევი, - გაღიზიანებულმა უთხრა ქალმა და შეჩერდა, - ძალიან ცუდად დაიწყე. სალაპარაკოდ ასე არ მოდიან, ჩუმად არ ედევნებიან და ტყეში არ უსაფრდებიან, - ევი მანქანაში ჩაჯდა და გასაღები გადაატრიალა.
  მანქანიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა. ნელი, გამაღიზიანებელი ნაბიჯით წავიდა ქალისკენ და შორიდანვე დაანახვა საშვი.
- როდის შემდეგ დასდევენ შსს-ს მაღალჩინოსნები მოქალაქეებს ასე? - ირონიულად დაეკითხა ევი.
- სალაპარაკო მაქვს!
- გამატარე, სახლში მეჩქარება. ოდესმე, სხვა ფორმას თუ გამონახავ ჩემთან საუბრის, იქნება კიდევაც მოვიცალო.
- სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საქმეა და ნუ მაიძულებ სხვა ზომებს მივმართო.
- ოოჰ, - ევიმ ძრავა ჩააქრო, - დიდი ხანია შსს-ს, კრიმინალებთან დევნის ნაცვლად, ვაჭრობის საქმეები დაგავალეს? - ჰკითხა მთელი სერიოზულობით.
- რამდენიმე მეტრით წინ, ხელმარჯვნივ გადასახვევია, იქ გავაჩერებ მანქანას, უკან მომყევი. მე შემიძლია შენს ოჯახში მოვიდე და იქ ვისაუბროთ, მაგრამ ეს შენს პირადს ეხება და ვფიქრობ, არ გინდა სახალხოდ ამ თემების განხილვა, - უთხრა ძალიან მტკიცე ხმით.
- რომელ პირადს?
  ბიჭი მობრუნდა, თვალებში ჩახედა, გაუღიმა და დამცინავად უთხრა:
- შენს პოეტს!
  ევიმ იგრძნო რომ სისხლი გაეყინა, ვერც ხმის ამოღება შესძლო და ვერც გამოძრავება. თითქოს ხელები საჭეს მიეყინა. ყველა უბედურება წარმოიდგინა, წამიერად ათასი საშინელება იფიქრა: ვინ იცის, იქნება მოკლეს, იქნება რაღაც ცუდი შეემთხვა, აბა ჩემთან შსს-ს რა უნდა. თავზარი დაეცა და მიხვდა, რომ დამიანეს სიცოცხლე აუცილებელი იყო ევის გადასარჩენად. არ შესწევდა უნარი, საყვარელი კაცის უბედურება გადაეტანა, არ შესწევდა უნარი გაეძლო, არ ჰქონდა ამის ძალა.
  მანქანამ გადაუხვია ჩიხში და გაჩერდა. ევიმაც მიაჩერა მანქანა და დამშვიდდი, გთხოვო, უთხრა სარკეში დანახულ დაბნეულ, გაფართოეულ თვალებს, არულ მზერას. მანქანიდან რომ გადმოდიოდა თავბრუდაეხვა და ეგონა, გული წაუვიდოდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და გაჭირვებით ჩაჯდა უცნობის მანქანაში. იმ ბიჭმა, თავი რომ ლევან ბანძელაძედ წარუდგინა ევის, სათვალე მოიხსნა და ისეთი დამცინავი ღიმილით მიაჩერდა, ქალს ზიზღის დაფარვა გაუჭირდა.
- ამდენი დრო არ მაქვს. თქვი რა გინდა, თუ არა - წავალ, - შეუღრინა ევიმ.
- იმ მდგომარეობაში არ ხარ, ჩიტუნია, რომ იმუქრებოდე, - უთხრა ბანძელაძემ, ქალისკენ გადმოიხარა და შიშველ მუხლზე ხელის წათათუნება გადაწყვიტა.
  ევიმ მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში შემოსცხო.
- კიდევ ერთხელ შემეხები და შენს გვამსაც ვეღარ იპოვნიან!
  შეურაცხყოფილი დარჩა ლევანი, ხელი ნატკენი ლოყისკენ გაექცა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა:
- რაო, პოეტი უფრო ნაზია? თუ რითი ვარ, მასზე ნაკლები?
  ევიმ წამიერად თვალები დახუჭა, ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი, სიმშვიდე მოიხმო. ახლა თავად გადაურბინა დამცინავმა ღიმილმა ბაგეზე:
- სიმართლე გითხრა, თქვენ შორის ერთი სხვაობაა: ის კაცია, შენ... - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა და საკუთარი თავით კმაყოფილს გაეღიმა. მერე ისევ ბრაზი მოეძალა და უთხრა:- თამაში დასრულებულია, იქნება თქვა რა გინდა?!
  ლევანმა უკანა სავარძლიდან საქაღალდე აიღო, თაბახის ფურცლები ამოალაგა და მუხლებზე დაუყარა ევის. ქალმა იჭვნეულად შეხედა, მერე ხელში ერთი ფურცელი აიღო და წარბები შუბლზე აუხტა, გაოცებული მისჩერებოდა: დამიანესთან გაგზავნილი წერილები, მათი პირადი შეტყობინებები. მისმენენ? ჩვენს წერილებს კითხულობენ? ბოლო დროს ხელისუფლებაზე იმდენი რამე გაიგო, ეგონა, იცოდა ვინც იყვნენ, რასაც წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა სიტყვებს ვერ პოულობდა, აქამდე როგორ შეტოპეს? ნუთუ ყველა ჩვენგანი არენაზე შეყრილი ცხოველებივით გამოგვიყენეს, სხედან და გვაკვირდებიან, სხედან და თვალს ადევნებენ ჩვენს ცხოვრებას, ნეტა აბაზანაშიც გვითვალთვალებენ? ნეტა ცოლ-ქმარსაც უთვალთვალებენ? ჩვილი ბავშვების ტირილშიც მინიშნებებს ეძებენ? ჩვენ პირადი ცხოვრება არ გაგვაჩნია! ჩვენ ადამიანები აღარ გვეთქმის! უუფლებო, უუნარო ბრბო ვართ ნუთუ?! - შეეკითხა საკუთარ თავს, მერე სძლია ემოციებს, ფურცლები მწყობრისად დაალაგა და მოსაუბრეს გაუწოდა:
- მერე? - ჰკითხა და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა.
- რაღა მერე?
- კი გაყიდეთ მთელი ქვეყანა, კი აქციეთ ჩადრიანი ქალების სამშობლოდ, მაგრამ ოფიციალურად ჯერ ისევ დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, სადაც სიყვარულისთვის, როგორც მახსოვს, სასჯელი არაა. თუ კონსტიტუციაში ჩასწორება გააკეთეთ და ჩაქვავება ან ჩამოხრჩობა მელოდება?
  ლევანს ბევრი სმენოდა ამ ქალზე, მაგრამ მაინც ჰქონდა მოლოდინი, რომ თუ ვერ შეაშინებდა, დააბნევდა მაინც და ამით ისარგებლებდა, ახლა კი გაოცებული უყურებდა, მერე გონს მოვიდა:
- ნუ იაზვობ რა, კარგად იცი, ეს რასაც მოგიტანს.
- რაღაც ვერ ვხვდები და იქნება დამეხმარო?
- ტვინს ძალა დაატანე, საყვარელო, თუ როგორ მოგმართავს შენი პოეტი? მუზა თუ ღვთაება. ტვინი დაძაბე, მხოლოდ მიმოწერა არ გვაქვს, ფოტო და ვიდეო მასალა გვაქვს კიდევ ძალიან საინტერესო და ნებისმიერი დროს შემიძლია, ფოსტაში მივიდე და მის ცოლს გავუგზავნო.
- არავითარი პრობლემა არ მაქვს.
- არ მგონია, შენთვის სულ ერთი იყოს.
- ვფიქრობ, კაცი რომ ასე დაეცემა, უკვე აღარ ღირს მასთან საუბარი, - და ევიმ თითით ფურცლებზე მიუთითა, - მას აღარც ღირსება აქვს, არც ფიქრის უნარი, მაგრამ მაინც გეტყვი: ჩვენ, ადამიანები, ღმერთმა საკუთარ ხატად შეგვქმნა და თავისუფალი ნება გვიბოძა. ამ ნებას შორის უპირველესი სიყვარულია, რომელიც თუ მოგეცა, თუ ამის განცდის საშუალება გაქვს, უკვე რჩეული ხარ და ეს სამარცხვინო კი არა, საამაყოა. მიხარია, რომ სიყვარული შემიძლია და ამაში დანაშაულს ვერაფერს ვხედავ, მეტიც - ამაყი ვარ! ახლა რაც შეეხება მის ცოლს: დამიანე ცოლის საკუთრება არაა, ისევ იმ ზემოხსენებული, თავისუფალ ადამიანად გაჩენის პრინციპიდან გამომდინარე. ასე რომ, მისი სიყვარულის უფლებას, ვერავინ ამიკრძალავს. აჩვენე ეს წერილები ეკას და თავად გადაწყვიტოს, აპატიებს თუ არა ამ ამბავს საკუთარ თავს.
  ლევანს ნარკოტიკებისაგან არეული მზერა კიდევ უფრო ბუნდოვანი გაუხდა. ეკა რა შუაშიაო, სრულიად გულწრფელად იკითხა.
- რა შუაშია და ზამთარში ბუხრის გვერდით მჯდომი კაცი, გასათბობად გათოშილ ქუჩებში არ გავა... ჩემთვის ეს ამბავი სულ ერთია! და საერთოდ, ამ იაფფასიანი პროვოკაციებით სხვები გააცურე!
  ევიმ კარი გააღო და გადასვლას აპირებდა, მაგრამ ლევანი მაჯაში წასწვდა.
- და მამაშენზე რას იტყვი? თვით ერეკლე აღდგომელაშვილმა რომ შეიტყოს, ცოლშვილიან კაცს ეტრფი, რას იტყვის? მისი მაღალი მორალი შეეგუება ამ ფაქტს? ისე საინტერესო იქნება, დიდ ეკრანზე გავუშვა შენი და დამიანეს სიყვარულის ამბავი, ან მოიცა, ინტერნეტში ხომ არ ავტვირთო, უფრო ფართო აუდიტორიამ რომ ნახოს?
  ევის ხმა არ ამოუღია, წარბშეყრილი უყურებდა და ფიქრობდა, რა საცოცხლებელია ახლა ესო.
- მაინც რას იტყვის ამ ყველაფერზე მამაშენი? - გაუმეორა კითხვა ლევანმა.
- მამაჩემისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
- ჰოდა, ჩიტუნია, სულ რაღაც ხუთ დღეს გაძლევ, შენი მამიკო ვენახის გაყიდვაზე უნდა დაიყოლიო.
- მისმინე, შე ლაწირაკო, ახლა წადი და იმ შენს ზემდგომ ნაბიჭვრებს გადაეცი: მამაჩემი სიყვარულს მაპატიებს, საკუთარი თავისა და სამშობლოს ღალატს კი არასოდეს!
  ევი მანქანიდან ჩავიდა და სანამ კარს მიუჯახუნებდა უთხრა:
- ეტყობა მართლა გაქრა საქართველო, აღარ ვართ, გავწყდით ქართველობა, თორემ ასეთი ნაძირლები, როგორებიც თქვენ ხართ, თავზე როგორ უნდა გვესხდნენ?!
  ევი მაგარი გოგოს მყარი ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ, მერე ისევ მობრუნდა და დაუძახა:
- ლევან, ცოლი გყავს?
- კი.
- ჰოდა, საძინებელში რომ განმარტოვდებით, გაიხსენე ხოლმე, რომ ვირთხებმა ერთმანეთის დანდობა არ იციან და ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ვიღაც პოპკორნით ხელში ზის და შენს სექსს თვალს ადევნებს.
  ლევან ბანძელაძე ისე წავიდა, პასუხი არ დაუბრუნებია. ევი კი კარგა ხანს იჯდა მანქანაში, თრთოლვაშერეული თითებით საჭეს ეკიდებოდა და გულის დამშვიდებას ცდილობდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები