ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2022


ზღვარი 38

ოცდამეჩვიდმეტე თავი

  სევდამ ჯერ იატაკი დაფარა და მერე კედლებისაკენ აიწია, ხელი მოუფათურა ოთახებს მკერდზე, მოეალერსა. მოდიდდა წუხილი და ჰაერი შთანთქა. გაყურსულიყო ევი ტკივილით გაჟღენთილ სახლში და შეურაცხყოფას ყლაპავდა. მოხუცი მეეზოვესავით არეული ნაბიჯებით დადიოდა ღამე და ძველ წყენებს შემოდგომის ფოთლებივით აგროვებდა. დილას კი აღარ მოჰქონდა სინათლე. გათენება ვარსკვლავებს ახრჩობდა და ქალს დაჰქონდა თვალებით ყელგამოღადრული მოგონებები.
  აზრი თითქოს ბაბუაწვერას ყვავილი ყოფილიყოს, ისე შეებერა სული წყენას, ყველა სიტყვა ჰაერში გაფანტულიყო. დადიოდნენ ოთახებში უბრად და სასაფლაოს მდუმარებას ჰგავდა მოლოდინი.
  ჯერ პირობები დადეს, მერე ყველა პირობა შეთანხმებულივით პომპეზურად დაარღვიეს. ახლა ევის გაცრუებული იმედები ებლანდებოდა ფეხებში და წინსვლაში უშლიდა ხელს, ამიტომ გზა აღარსად მიდიოდა, წრეზე ბრუნავდა დაუსრულებლად. მერე და მერე ფიქრობდა ევი, ზაფხულის სულშეხუთულ შუადღეებში, საკუთარ თავს თვალებში რომ ჩაჰყურებდა - თავიდანვე უნდა მცოდნოდაო, აბა რა საჭიროა ისეთი პირობის დადება, რომელიც არ დაირღვევა. მხოლოდ დასარღვევი პირობები იდებაო, მხოლოდ მაშინაა საჭირო ფიცის დადება, როცა იცი, რომ ამ ფიცს გასტეხ, თორემ რაც არ მოხდება, იმას რა ფიცი და მტკიცი სჭირდებაო.
  კიდევ ბევრ რამეზე ფიქრობდა ევი, მაგრამ სინანულს აზრი აღარ ჰქონდა, სინანული დროს უკან ვერ დააბრუნებდა. ერთს კი მიხვდა: გაღმრთობა ძალიან რთული ყოფილაო ადამიანის, თორემ თუ კი ღმერთი გვყავს გულში, შენდობას რაღა უნდაო, ღმერთი ხომ თავადააო პატიება, მან ხომ შეგვინდოვო, აი აქ, ადამიანის ვერ შენდობაშიაო სწორად უფლის ხატის წაშლა რომ იგრძნობაო.
  არავის საყვედურობდა, საკუთარი თავისთვის თავადაც ვერ ეპატიებინა. აბა, მე თუ ვერ გამიგია ჩემი თავის, სხვა რას გაიგებსო. გაუგებარი კი ამის გარდაც ბევრი რამე იყო ცხოვრებაში. ჯერ სულ ბინდი იდგაო და ამ სიყვარულმა ხომ სულ თავზარი დამცა, ის ცოტა, ეკონომიურად დანახული სინათლეც ჩაქრაო თითქოს.
  დამშვიდობება მაინც შემძლებოდაო ნორმალურად, მინდოდაო მეთქვა, რომ უსაზღვროდ და უშეღავათოდ მიყვრდაო, მინდოდაო მეთქვა თავდავიწყებით რომ შემყვარებოდაო, მაგრამ ვეღარ ვუთხარიო. ადამიანს მანამდე უნდა ჩაეხუტო, სანამ წასვლას დააპირებს, თორემ უკვე კართან მდგომის მკერდს აღარც იმდენი სითბო აქვს და აღარც ისე გამალებით ფეთქავსო.
  ის კი წავიდა და წაიყოლა ევის პერანგი. სანაცვლოდ თავისი სევდისფერი მოსასხამი დაუტოვა. სამყაროში ადგილი გათავისუფლდა თითქოს და საწოლში მარტოობა შეუწვა - ის სევდისფერი სამოსი მოიგდო მხრებზე ევიმ, მაგრამ მის ტკივილს ვერ შემოსწვდა, ვერ გაათბო. საკუთარი მუხლისთავები ჩაიკრა გულში. გული კი თითქოს ფორმალურად იყო ევის ძარღვებზე მიერთებული, სხვისთვის ძგერდა, სხვისთვის ბობოქრობდა.
    უგულოდ ცხოვრება კიდევ სიკვდილს ნიშნავს. და კვდებოდა მარტოდმყოფი ევი. და იმ სიმარტოვეში მიხვდა: მარტო ვიბადებით და მარტოები უნდა დავიხოცოთ, სულ ტყუილია, თითქოს მართლა არსებობს სამყაროში ადამიანი, ვინც შეგვეხიდება, ჩვენს ტკივილსა და სიხარულს გაიყოფს, ჩვენ ვიტყვით სიტყვებს და ის გაგებას შეძლებს. უფრო დიდი და ტკივილიანია მარტოობა, როცა წამითაც არ გტოვებენ საკუთარი თავის ანაბარასო.
  სარკეში ჩაიხედა, ახლა ევი ერთი აღარ იყო, ევი იყო ორი და ის მეორე იმ სხვა კაცის ნაცვლად ხედავდა სამყაროს. მეორე ევიც, პირველის მსგავსად, მარტო იყო. ხელი ჩასჭიდა საკუთარ მარტოხელა ორეულს და იატაკზე დაწვა. იატაკი იყო ცივი და სევდისგან დანესტიანებული. ნეკნები ეტკინათ ევის და ევის. წამოდგომა სცადეს, მაგრამ ვეღარ ადგნენ. დაცემა ყოფილაო ადვილი, წამოდგომა ვისთვის რთული და ვისთვის სულაც შეუძლებელიო. თვალებდათხრილი სახე შეაჩერა ევიმ იმ სხვის ნაცვლად მოფიქრალ ნაწილს.
- მაინც რა არის სიყვარული, ჩემო? - ჰკითხა ევიმ.
- სიყვარულია, როცა ყველა ძარღვი ნაფლეთებად გექცევა, სხეულის ყველა უჯრედი გტკივა, როცა თავზე გემსხვრევა შენი ყველა წარმოდგენა საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ, როცა ვეღარ ხედავ საშენო სიზმრებს, როცა გრძნობ საკუთარ უსუსურობას, როცა აღარ შეგიძლია... - ევი გაჩუმდა.
- რა აღარ შეგიძლია? - ჰკითხა სულში ინტერესშემძვრალმა ევიმ.
- უბრალოდ აღარ შეგიძლია! - უპასუხა იმ მეორე ევიმ და უთვალო თვალები მოარიდა.
- ვერაფერი გავიგე, - გული დასწყდა ევის.
- ჰო, ვერც მე, - სევდიანად უპასუხა საკუთარმა ნახევარმა.
  ევიმ ზურგი აქცია საკუთარ თავს და სევდაშემხმარ კედელს მიაყრდნო გაყინული შუბლი. ეტკინა მარტოობა. ჭერსმიშტერებულ ევისაც გულს უღრღნიდა სიმარტოვე. ახლა თითქოს გზები გაყოფილიყოს და ყველა გზას დამიანე მიჰყავდა მისგან. ბევრი ჰქონდა საფიქრალი ევის, ბევრი აზრი დასალაგებელი, მაგრამ ფიქრი არ დასცალდა. გონება დაკარგა.
  თვალები რომ გაახილა, ყველაფერი ბუნდოვანი იყო, თავბრუ ეხვეოდა, მუცელი სტკიოდა და ძილი ერეოდა. ნინამ საწოლამდე მიიყვანა, დაწოლაში დაეხმარა და თავადაც იქვე, საწოლის კიდეზე იჯდა, სანამ ევის არ ჩაეძინებოდა.
  შებინდებულიყო რომ გაეღვიძა. სიცივემ გააღვიძა. აცივებდა. ისე სტკიოდა თავი თვალების გახელა გაუჭირდა. საფეთქლებზე მოიჭირა ხელები, თითქოს ფრთხილობს თავი არ გამისკდესო და ასე არეული, მფრთხალი ნაბიჯით შევიდა სამზარეულოში. მაგრამ ოთახის კიდესთან შეჩერდა, პირზე ხელი მიიფარა და თითქმის სირბილით შევარდა აბაზანაში. ნინა წარბშეყრილი, წონასწორობადაკარგული იდგა აბაზანის კართან და ეჭვებს ებრძოდა.

  მერე იჯდა ევი, ყავის ჭიქაზე ითბობდა ხელებს და ცდილობდა, მოვლენებში გარკვეულიყო. ნინა კი ნაჩქარევად ამზადებდა სადილს და სიტყვებს ეძებდა, პირველ სიტყვებს, საუბრის დასაწყებად:
- არ მესმის, არაფერი მესმის! საერთოდ ვეღარ გცნობ, ჩვენ ასე არ გაგვიზრდიხარ! რა მოგივიდა, შვილო, ეს რა გიყო, ეს რა დაგმართა იმ გასაწყვეტმა?
- არა, გთხოვ!.. შენ არ იცი, რა კარგია, შენ არ იცი...
- თითქოს შეპყრობილი ხარ, მაგრამ ეს გაგივლის და ინანებ, ჩემო პატარავ, შენ არ იცი, როგორ ინანებ ამ შეცდომას.
- არაფერი მითხრა, ნინა, უბრალოდ არაფერი თქვა, არ მისაყვედურო. ვიცი, დედუ, ყველას იმედი გაგიცრუეთ, მაგრამ ეს მე არ გადამიწყვეტია, ეს ჩემი არჩევანი არაა და მაინც, იმ ყველა გამოვლილი უძილო ღამის მიუხედავად და იმ ღამეების მიუხედავადაც, რომელიც აღარასდროს მომასვენებეს, არ ვნანობ. მის სიყვარულს არ ვნანობ. არ მინდა ამ სიყვარულის გარეშე ცხოვრება, რადგან არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთი სასიამოვნო. რაც ის გამოჩნდა, დავიჯერე, რომ ჩემს დაბადებას აზრი ჰქონია, რაც ის გამოჩნდა, დავიჯერე, უკვდავებისაც, რადგან ის, რასაც მის მიმართ ვგრძნობ, მერეც გაგრძელდება, როცა აღარ ვიქნები.
- რას აპირებ ახლა? როგორ წარმოგიდგენია თქვენი ამბავი? ერეკლე ამას გადაჰყვება...
- ვიცი, დედუ. ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. საქმე ისაა, რომ პირველივე წამიდან ვფიქრობდი: ამ ურთიერთობიდან არასდროს არაფერს დავლოდებივარ. ვიცოდი, რა იქნებოდა დასასრული, მაგრამ ის იხრჩობოდა, მას ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, ის ვერ გრძნობდა თავს ბედნიერად და მე დავაჯერე საკუთარ თავს, რომ ამოსუნთქვის საშუალება ვიყავი. დავაჯერე ჩემს თავს, რომ ცოტას მაინც შევუმსუბუქებდი დარდს... ახლა კი, - ევი ცოტა ხანს შედგა, მერე საკუთარ თავზე გაეცინა, - ახლა კი, დედუ, მე გავხდი საშველი, ახლა მე აღარ მყოფნის ჰაერი და ვიხრჩობი...
- შენ რა გგონია, ვინაა სამყაროში ბედნიერი? მაგრამ შენ და შენს ცხენს რა განგასხვავებთ? მას როცა ჭენება მოუნდება, მინდორსა და ქარს მიანდობს სხეულს, შენ კი ცხოველი არ ხარ! ადამიანი ხარ და იძულებული ხარ რაღაცები დათმო. შენ როგორ ფიქრობ, ერეკლეს მარტივი ცხოვრება ჰქონდა? ოცდაათისაც არ იყო, რომ დაქვრივდა. შენ დარჩი და ეს ვენახი. ამდენი წლის მანძილზე წამითაც არ უფიქრია საკუთარ თავზე, არც ერთხელ საყვედური არ დასცდენია... ერთ ამბავს მოგიყვები: თამუნა ახალი მოლოგინებული იყო, მაშინ ყველაფერი კარგად მიდიოდა, რთველი გვქონდა, ერეკლეს ვენახი და სიტყვა-პასუხი საქვეყნოდ იყო ცნობილი და ქალაქის თავმა ფრანგი სტუმრები მოგვიყვანა. ვუმასპინძლეთ და წავიდნენ დიდად კმაყოფილნი. არც გასულა 2 თვე და ფოშტა მოვიდა, მოგვიტანა ოქროსფერი კონვერტი, პარიზის სამხატვრო სახლში იწვევედნენ მამაშენს. წერილი წაიკითხა და დაჯდა ვენახში. იმ დროიდან დასჩემდა ასე გარინდება. მთელი დღე ხმა არ ამოუღია, ღამეც არ დაწვაო, წუხდა ცხონებული. მეორე დღეს თავისი ნახატები ჩამოხსნა, ჩამოიღებდა ერთ ტილოს, მიაყუდებდა კედელზე, დადგებოდა და კარგა ხანს უყურებდა, თითქოს რაღაცას ელაპარაკებაო. მერე გაიტანა ეზოში და ცეცხლი მოუკიდა. კოცონი დაანთო. გვეგონა შეიშალაო, მივცვივდით, ვტიროდით, ნახატების გადარჩენას ვცდილობდით, მაგრამ ახლოს არავინ მიგვიკარა. მიუჯდა გვერდით და სანამ ბოლომდე არ ჩაინაცრა, ასე იჯდა და შეჰყურებდა. იმ დღიდან აღარ დაუხატავს,ფუნჯიც არ აუღია ხელში. შეიცვალა. მას შემდეგ გაუხდა ასეთი სევდიანი თვალები, თორემ უწინ გაზაფხულის დილასავით სინათლე ედგა. მიუბრუნდა თავის საქმეს და ისე გააგრძელა, თითქოს არც კი შეეწყვიტოს, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეიცვალა ერეკლეს გულსა და ტვინში. ისეთი შემზარავი იყო ეს ფაქტი, რომ ყველა დავდუმდით, გვერდს ვუვლიდით, ვეკრძალებოდით. მხოლოდ ბებიაშენმა თქვა ერთხელ: ამ ბავშვმა უნდა დაუფასოს ჩემს შვილს თვითმკვლელობაო. ერეკლეს ნახატები კი არ დაუწვავს, საკუთარ გულს შეუნთო ცეცხლი ევისა და ამ მიწისთვის. ვინ მასწავლის, როგორი ტანჯვაა ჩემი შვილისთვის ყველა ახალი დღე, ყველა ახალი წუთიო. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თან დედაშენის ამბავიც ახალი მომხდარი იყო და დიდად არ მიმიქცევია ყურადღება ბებიაშენის სიტყვებისთვის. ამ ბოლო წლებში სულ იმ ამბავზე ვფიქრობ. მგონი, დროა, შენც დაიწყო ამაზე ფიქრი.
  ნინა გაჩუმდა. ევიც ჩუმად იყო.
- შენ რომელი გზაც უნდა აირჩიო, მე მომეწონება თუ არა ის, მაინც მხარს დაგიჭერ, მაგრამ მინდა, რომ ნაკლებად გტკიოდეს, - დაუმატა ნინამ ცოტა ხანში.
  ევი წამოდგა, ფანჯარას მიეყრდნო, გაცივებული ყავა მოსვა და მერე უფრო საკუთარ თავს უთხრა, ვიდრე ნინას:
- ამის შემდეგ მე რომელი გზაც უნდა ავირჩიო, სულ მეტკინება, ჩემთვის ბედნიერი გზა აღარ არსებობს, უბრალოდ ახლა ვფიქრობ - საით წავიდე, რომ უფრო ნაკლებ ადამიანს ვატკინო გული.
- მთავარი არაა ის, რა გინდა, მთავარია, რა გევალება. წლები რომ გავა, სურვილი გაქრება, გაბაცდება, შეიცვლება, აი, ვალი კი, რაც საკუთარი თავისა და გარშემომყოფების წინაშე გაქვს აღებული, შესაძლოა, ისე გაიზარდოს, ისე მოემატოს პროცენტი, რომ გადახდა ვეღარ შესძლო და მოეშვი ახლა მაგ ყავის სმას.
- მოვალეობა, ტრადიცია, სხვისი აზრი... როცა გატუსაღებენ, თავისუფლების დაუძლეველი სურვილი გიჩნდება და გისოსებს ეჯახები, მის განგრევას ცდილობ, ხოლო როცა კარი ღიაა, შენ კი გარეთ გამოსვლას არ ცდილობ, ეს ნიშნავს, რომ შეეგუე სიკვდილს; ნიშნავს, რომ მოკვდი და უბრალოდ გვამის გახრწნას ელოდები.
- ჩვენ რომ გონება გვქონდეს, შვილო, ჩანასახიდანვე სიკვდილს უნდა ველოდოთ, ასე დააწესა ღმერთმა, უბრალოდ, ზოგიერთ ჩვენგანს გზაში გვავიწყდება სად და რატომ მივდიოდით...
- ჰმ, - ჩაიცინა ევიმ, - ჭკვიანი ქალი ხარ შენ, დედუ!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები