ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2022


ზღვარი 42

ორმოცდამეერთე თავი

  ასე არასოდეს გასჭირვებია საუბარი. სიტყვებს ეძებდა, რომელიც ღიად დარჩენილი ფანჯრიდან შემოპარულ ქარს ფურცლებივით მიმოეფანტა. აზრს ვერ უყრიდა თავს. ერთხანს ჩუმად იყო ერეკლე, მერე თქვა: სულ ტყუილად მიცხოვრია თურმე, სულ ტყუილი ყოფილა ყველაფერი... ადგა და ეზოდან გავიდა. კიდევ უფრო ცუდად იგრძნო თავი ევიმ, გადევნება ვერ შეძლო. უფრო ასტკივდა სულიც და სხეულიც.
  გვიან ღამემდე არ მოსულა სახლში ერეკლე, მერე დაბრუნდა, კიდევ უფრო არეული, უფრო შებერებული და გაუხდელად მიწვა ტახტზე.
  ზამთრის ღამეებივით სევდამოწოლილი დღეები დაიწყო. ბოლო დროს კიდევ ორჯერ ესტუმრნენ აღდგომელაშვილებს ვენახის თაობაზე: ერთხელ დეპუტატის ბიუროდან მოაკითხეს, მერე მთავრობის ადმინისტრაციიდან იყვნენ. ერეკლემ უარით გაისტუმრა. ღიმილი არ მოშორებია მთავრობის კაცს სახიდან ისე წავიდა, მეჩვენება, თუ დაგვცინაო, იკითხა ევიმ.    დაეჭვდნენ.
  თვის ბოლოს „უბედური შემთხვევა“ მოხდა, დათიკას მანქანა დაეჯახა და მომაკვდავი მიატოვა ქუჩაში. ბედად გამვლელმა მიუსწრო და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გადარჩა.
- ეს მუქარა იყო! შემდეგ ჯერზე უკვე მსხვერპლი იქნება, - თქვა ერეკლემ.
- სასამართლოს უნდა მივმართოთ!
- აზრი? - იკითხა ერეკლემ.
- ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არიან დამოუკიდებელი და პატიოსანი მოსამართლეები. რაღას ვკარგავთ, უნდა ვცადოთ.
- ვცადოთ, დროს მაინც მოვიგებთ, მაგრამ ახლა ჩვენ სახელმწიფოს ვუპირისპირდებით.
- ჩვენ უკვე დიდი ხანია სახელმწიფოს ვუპირისპირდებით, მამა.
  თანხა გვჭირდება, საქმის დასაწყებადო, თქვეს მამა-შვილმა და საღამოზე გავაგრძელოთო საუბარი, წავალ ახლა ცხენებს მივხედავო, ოთახიდან გავიდა ერეკლე, მაგრამ თავბრუ დაეხვა - ჯერ ცა შეტორტმანდა, მიწა იძრაო თითქოს და ბოლოს გაბაცდა, გაბუნდოვნდა ჰაერი. პირველად ხმები მოვიდნენ, მერე სიბნელეც გაიფანტა და ერეკლემ ევის სახე გაარჩია, გაფართოებული, შიშჩამდგარი თვალები ჰქონდა შვილს, მკლავებში ჩაჰფრენოდა ერეკლეს და თვალი გაახილეო უყვიროდა. შებერებული მზერა მიანათა ქალიშვილს, გაუღიმა და გუბეში ჩარჩენილი ნაწვიმარივით აკიაფდა ცრემლი.
- კარგად ვარ, ნუ გეშინია, - საკუთარ თავს ძალა დაატანა და მხნეობა შემატა ხმას.
  სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ევი მამას ეხუტებოდა და ეხვეწებოდა არ მოკვდეო. მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს ერეკლე საავადმყოფოში. სასწრაფოს მანქანას მიჰყვებოდა უკან ევი და ხმამაღლა ლაპარაკობდა: ვერ მოკვდება, მაგის უფლებას არ მივცემ, ასე ვერ დამტოვებს, ახლა მაგის სიკვდილი ჩემი ღალატია!
  მწვავე ინფაქტი აქვს გადატანილი, უთხრა ექიმმა, შეგიძლია ნახო, მაგრამ არ გადაღალოო. ევი თითქმის სირბილით შევიდა პალატაში. საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა მამას, სახე ხელისგულებს ჩამოაყრდნო და ატირდა. სძულდა საკუთარი თავი ამ ცრემლისათვის, მაგრამ თავს ვერ სძლია, სხეულში შიში გაბატონებულიყო და ის ყველა სხვა გრძნობას ჯაბნიდა.
  ერეკლე წამოიწია. სისუსტე იგრძნო, მაგრამ მაინც მისწვდა შვილის მხარს და მუშაობისაგან გაუხეშებული ხელისგულით მიეფერა. ცოტა ხანს ორივე ჩუმად იყო, მერე, ევიმ დამშვიდება რომ მოახერხა, ერეკლემ გამხდარი მკლავი ამოიდო თავქვეშ, ოდნავ წამოიწია და უთხრა:
- შენ მეცოდები, ძალიან მეცოდები, შვილო, თორემ ჩემთვის... - გაჩუმდა, სიტყვებს გემოს უგებდა თითქოს, ფრთხილად სინჯავდა, - ძალიან დავბერდი და სულ არ ვწუხვარ ამის გამო, მე უკვე სასაცილოდ აღარ მყოფნის ეს ცხოვრება, რადგან გადასატანი ყველა ტკივილი გავიარე, ყველა ქვა მომხვდა. შენ კი ძალიან ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინაა. ვიცი, ფიქრობ, რომ რაღამ უნდა გაგაკვირვოს, მაგრამ შენ არც კი იცი რამდენჯერ და რა მწარედ გატკენს ადამიანებში ადამიანის ვერ პოვნა. სულ ვფიქრობდი ხოლმე, ესაა და მორჩა, გავიგე-მეთქი რა საშიში ყოფილა კაცი, მაგრამ მეორე წუთას კიდევ უფრო გაოცებული ვრჩებოდი, კიდევ უფრო მიჭირდა ამის გაგება, ამის მიღება. და რა მინდა გთხოვო იცი? რამდენჯერაც გინდა გატკინონ, მაინც არ შეეგუო, რომ ადამიანი სასტიკი არსებაა, გარშემო უარე, იტრიალე იმდენი მის ირგვლივ, სანამ სინათლის სულ მცირე წერტილს მაინც არ უპოვნი და მერე ამ სინათლეს ჩაეჭიდე და რაც უნდა გაგიკეთოს, როგორც უნდა გეწყინოს, შენ ის სინათლე გახსოვდეს მხოლოდ, თორე სხვაგვარად გაგიჭირდება, ვერ გაუძლებ...
  ევი წამოდგა. წყალი დაისხა, მოსვა, თითქოს ცრემლი გადაყლაპაო წამლის აბივით და ისევ მამას ჩამოუჯდა საწოლზე. ზურგით ეჯდა, თვალებს არიდებდა:
- უკეთ ხარ? - შეეკითხა ნამსხვრევებად ქცეული ხმით.
- კი, კარგად ვარ, არაფერია, - უპასუხა ერეკლემ.
  დუმილი შემოვიდა ოთახში და ფართო ნაბიჯით გაიარ-გამოიარა. მერე ჰაერი არ ეყო და ღიად დარჩენილი ფანჯრიდან გაძვრა. ერეკლემ კი სრულიად შეცვლილი ხმით თქვა:
- როგორც უნდა გშიოდეს, სულ უნდა გახსოვდეს, შვილო, რომ ღმერთმა საკუთარ ხატად და მსგავსად შეგქმნა და შენში უფლის ნაწილია და სწორად ამ ნაწილის ხათრით, შენში არსებული ღმერთის გამო, სიკვდილი აირჩიე. თორემ კი ვიცი მეც, რომ თუ გაგვიჭირდა, შეგვიძლია, ერთმანეთი დავჭამოთ, და ჩვენ, აღდგომელაშვილებს, საკმაოდ ჯანსაღი კბილები გვაქვს და გადარჩენაც შეგვიძლია, მაგრამ არ ღირს. განა რა არის ეს სტომაქი, რომ ვერ დაიმორჩილო. ხლა ძალიან ცუდი დროა, მაგრამ არ არსებობს პერიოდი, როცა არ გექნება არჩევანი - იყო ღმერთი თუ ცხოველი და მე მწამს შენი გონიერების. მე შენი მჯერა, ევი, ჩემი შვილი ხარ და გახსოვდეს: ვირთხად არასოდეს ვქცეულვარ საკუთარი თავის გადასარჩენად...
- მე შენ იმედი გაგიცრუე... - ძლივს თქვა ევიმ, ეგონა ამ სიტყვებს გულიც ამოჰყვაო, ნაფლეთებად ქცეული გული.
- შენ მე ძალიან მაწყენინე, ევი. შეცდომა დაუშვი, მაგრამ ეს ჩემი ბრალია, იმდენად იდეალური იყავი დაბადებიდან, შენი სრულყოფილების დავიჯერე. ვიცი, გოგო ხარ და სხვანაირი ცხოვრება გინდოდა, მე რომ ზვრებში გამუშავებდი, მაშინ შენი მეგობრები ერთობოდნენ, პაემნებზე დადიოდნენ, შენ ყველაფერი მოგაკლდა, მაგრამ მეგონა, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო.
- შენ არაფერი მოგიკვლია, მამა, შენ საუკეთესო ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომეცი.
- შენ სრულყოფილი არ ხარ და ზედმეტს ნუ მოსთხოვ საკუთარ თავს. ვიცი, გინდოდა ამერიკაში წასვლა, ჰოლივუდი, ყვავილები და შამპანური, ეს ალბათ ყველა გოგოს უნდა, მაგრამ შენ ხომ ყველა არ ხარ, შენ განსაკუთრებული მოვალეობა გაქვს, ის ვენახი ჩემთვის არ მინდა, არც შენთვის მინდა, ხომ იცი, უფრო მნიშვნელოვანია...
- ვიცი, მამა.
- შეცდომა დაუშვი და ძალიან მაწყენინე, მაგრამ ერთხელ თუ წუმპეში ჩავარდი და ფეხი დაისვარე, უნდა ამოხვიდე, მზეზე დადგე, ტალახიანი ფეხი გაიშრო და გაიფშვნიტო. ბოლომდე ვერ გაისუფთავებ, მაგრამ მაინც უნდა ეცადო. შეცდომა არ ნიშნავს, რომ სულ იმ მცდარ გზას ადგე. რაც იყო, იყო, ვერ დაივიწყებ, მაგრამ შეეგუე, შეურიგდე ამ ყველაფერს და ახალი ცხოვრება დაიწყე.
- ახლა ეს ძალიან გამიჭირდება, მამა...
- მისმინე: ჩვენ, აღდგომელაშვილები, წმინდანები არ ვართ! შეიძლება მკვლელებად ვიქცეთ, მაგრამ მხოლოდ მტრის მოკვლაა გამართლებული. საკუთარი სისხლისა და ხორცის მოკვლა არც კი გაბედო! არ შეგეშინდეს და ყველაფერი გამოვა. მე ხომ გაგზარდე მარტომ... ძნელი იყო, მაგრამ შევძელი, შენც შესძლებ, შენ ჩემზე მეტად ძლიერი ხარ.
  ცოტა ხანს შეისვენა ერეკლემ და მერე დაუმატა:
- მაპატიე, შვილო, შენ სხვა ცხოვრებას იმსახურებდი, მაგრამ ასე გამოვიდა, წერე შენი მუსიკა, ისე წერე, როგორც გეტკინება და როგორც გაგიხარდება და თუ მართალი იქნები, ის თავად გაიკვლევს გზას და არ დაგავიწყდეს ჩვენი ვენახი. მაგ ზვრებს შენ სჭირდები და შენც გჭირდება, რომ იცოდე.
- მამა, დედას ვუტირებ მე მაგათ! - შუბლზე აკოცა ევიმ და თავდაჯერებული ნაბიჯით გაუყვა დერეფანს. ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ახლა მართლა გრძნობდა ძარღვებში მთელ ჯიშსა და გენს. მიდიოდა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა: დედას გიტირებთ, თქვენი უკანსკნელი წამები დათვლილია! ცუდად მიცნობთ, გაჩვენებთ როგორ უნდა ქართულ მიწაზე ოაზისების მშენებელობა, არ გამოგივათ არაფერი, ურჯულოებო, საქართველო ისედაც ოაზისია, მაგრამ წყურვილით მოგიწევთ სიკვდილი, აქ ამ მიწაზე, სულს ვერ მოიბრუნებთ, ეს მიწა და ეს ვენახები მე მეკუთვნის, მე და ჩემს შვილს...
  ევი მანქანაში ჩაჯდა, ერთ ხანს რაღაცას ფიქრობდა, მერე სოფო ბზიკიშვილს დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა. ქალაქგარეთ გავიდნენ. მინდორზე გააჩერა მანქანა, ტელეფონები მანქანაში დატოვეს, მანქანას მოშორდნენ. სოფომ აქეთ-იქით გაიხედა, დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ჩანთიდან კონვერტი, ევიმ გახსნა და ფოტოები გადაათვალიერა, ნათლად ჩანდა აბაბული მუსლის სახე, იქ, იმ ღამეულ ქუჩაზე, 10-11 წლის ბავშვებთან ერთად.
- სანგრიდან გამოვდივართ, საყვარელო, აი ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა! - უთხრა სოფოს და მიწას დაღალული სხეული მიანდო.

                                                                                        დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები