ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 აგვისტო, 2022


ჩახუტებასა და დედაშვილობაზე

დაახლოებით ორი ათეული წლის წინ, ჩემი ერთი თანაკლასელი გოგონა დედაჩემის თვალწინ ჩამეხუტა. ეს ისეთი მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, ენით ვერ აღგიწერთ.

ზოგადად ჩახუტება სასიამოვნო რამ არი. ჩახუტების დროს ადამიანის ორგანიზმი უამრავ სითბოს გამოჰყოფს, ყველაზე ცივ ადამიანსაც გაუთბობს გულს.

ეს ახალი სმაილიკი რომ არის ,,გულჩახუტებული“, ჩახუტება იმაზე მეტად შემაყვარა, ვიდრე აქამდე მიყვარდა. ყველაზე ხშირად დედას ვეხუტებოდი, ჩახუტებით სითბო გადადის.

ყველაზე მეტად დედის ჩახუტება მენატრება, დედის სითბო და ალერსი.

დედა - ჩემი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე იყო, ჩემს ყველა საიდუმლოს მხოლოდ მას ვანდობდი, თვალდახუჭული ვენდობოდი. 53 წლის ასაკში გადაინაცვლა მარადისობაში.

დედაზე, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე, არაერთი ლექსი და სტატუსი დაიწერა როგორც პოეტების, ისე პროზაიკოსების მიერ.

დედა ის ადამიანია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო, შენი განცდები, შენი ტკივილი, შენი საიდუმლო გაანდო. დედა საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა.

დედამიწაზე არავინ და არაფერი უნდა გააღმერთო დედისა და დედაშვილური სიყვარულის გარდა. ჯერ კიდევ როდის თქვა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ:

,,ლამაზად შვილის აღმზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა“.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

დედაჩემის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამიგროვდა დედაზე ლექსები.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

როგორც ყველა პოეტს და პოეზიის მოყვარულს, მეც მაქვს საყვარელი ლექსი. ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:

დედა

დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი
და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.

დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი,
ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში,
სულგანათლებულ მშობლის საფლავი
სულის მისატან არის მხარეში.

აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში,
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას,
ხშირად მიკრავდა მშობელი გულში,
მიზიარებდა გამოცდილებას.

ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ,
ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს,
ქუდბედიანი ვიყავი წინათ,
ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.

მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან,
მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა,
მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად,
როცა მიმიღებს მარადისობა.

აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი
და მეწეოდეს სვეტიცხოველი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები