ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2022


ორმაისობა, გვირილობა, ქუთაისობა

1
ვერ გავიზარდეთ, ვერ განვვითარდით,
მიუხედავად იმისა რომ სანახავი ვნახეთ,
მიუხედავად იმისა რომ ხელი მიგვიწვდება გუგლის პროგრამაზე,
ვერ გავიზარდეთ, ვერ განვვითარდით,
მიუხედავად იმისა რომ ვმოძრაობთ უახლესი სმარტფონებით,
მიუხედავად იმისა რომ ითარგმნება ნებისმიერი ლიტერატურა,
მიუხედავად იმისა რომ ვნახეთ ვიდეოთვალი,
მიუხედავათ იმისა რომ გვაცვია გუჩები და ლუის ვილტონები
და ვმოძრაობთ მერსედესით და ასტორნ–მარტინით,
ვერ გავიზარდეთ, ვერ განვვითარდით.
მიუხედავად იმისა რომ ვიცანით რელიგია,
მიუხედავად იმისა რომ გავიაზრეთ სხვაობა მტერსა და ღმერთს შორის,
მიუხედავად იმისა რომ აღარ ვუშლით შვილებს
თმის მოზრდასა და კოკა–კოლის დალევას,
მიუხედავად იმისა რომ წლების წინ
ვნახეთ ინიარიტუს „ბერდმენი“
და ახლა ნარუტოს ფილმის ვერსიას ველოდებით,
ვერ გავიზარდეთ, ვერ განვვითარდით.
მიუხედავად იმისა რომ ტუპერკულოზი შეცვალა სხვა დაავადებებმა,
მიუხედავად იმისა რომ მთავარი პრობლემა შიმშილი და უმუშევრობაა,
მიუხედავად იმისა რომ ჩვენს თვალწინ კვდებიან ბავშვები
და სადღაც, ახლო–მახლო ომია,
ვერ გავიზარდეთ, ვერ განვვითარდით.
2
ზეგ ამ ქალაქში გვირილობა აღინიშნება,
მე არ მინახავს მერიაში განცხადებით შესული ქრისტე,
რომელიც ამბობს რომ ქალაქის მმართველობას
ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვავს  ნებისმიერი ინოვაციისთვის,
მიუხედავად ამისა,
წელიწადში ერთხელ,
ჩემს ქალაქში ჩამოდგება დროის მანქანა,
გამოვლენ ჩოხიანები, მაშინ როცა არსებობს ჯინსი,
ჯინსი რომელსაც ჩოხის მსგავსად ქართულ ენაზე  თარგმანი არ გააჩნია,
გააჭენებენ ცხენებს
და ძველმოდურად ჩაცმული გიმნაზიელები,
ტეთრ გვირილებსაც დაარიგენებ,
ხარების ტაძრის წინ კი,
შიმშილით აღმოხდება თოთო ბავშვს სული.
მთავარ მოედანზე იმღერებენ ჩამოსული  მუსიკოსები,
გაბრაზდებიან ადგილობრივი მუსიკოსები,
და  სადღაც ბარში, ყრუ ივენთი ამ ბრაზსაც მოკლავს.
და ასე გავა მაისი მაისამდე,
შეიცვლება მხოლოდ გადაღებული ფოტოების ხარისხი,
მიუხედავად იმისა რომ, ხელი მიგვიწვდება  გუგლზე.
3
ბოდიში ჩემო სკოლელო მარო,
ბოდიში ყველა გიმნაზიელო,
ვინც ცდილობდით რომ ბევრი გვირილა გაგეყიდათ
შალვა კარმელის გადასარჩენად.
ბოდიში რადგან თქვენს ასაკში არ მქონდა გუგლი,
და ვიცინოდი სიხარულით
მუხრანის ტყეში ჩოხიანი კაცების გამოჩენაზე,
უკვე დიდი ვარ, და გამიქრა ენთუზიაზმი,
და სწორედ ახლა,
ამ გამქრალი ენთზიაზმის გამო,
ბოდიში ჩემო სკოლელო მარო,
დიდი ბოდიში.
4
თითქოს არაფერი შეგვეძლოს, თითქოს,
თითქოს არ გვინდოდეს დიდმა არხებმა გააშუქოს ჩემი ქალაქი,
თითქოს არ გვქონდეს დიდზე დიდი მონიტორები,
თითქოს არ გვყავდნენ ისეთები,
რომლებიც მოინათლნენ ერთგვარ სისხლის გადასხმად.
მიუხედავად ამისა,
ქალაქის სტრიტ–არტს, აწერია ნიკო,
და ჩვენი მხატვრები მთვრალები და ჩუმად არიან,
*
ჩვენი მხატვრები მთვრალები და ჩუმად არიან,
ფიქრობენ მხოლოდ, მზე ამოდის, თუ მზე ჩადისო,
მუსიკოსები მოუსმენენ სხვათა არიას,
პოეზია ხომ გადაშენდა სამარადისოდ,
თუ ზარი ისმის, ეკლესიის მხოლოდ ზარია,
რა ეპატია არც კი ვუწყით ბიჭო ტიციანს,
შენი ლექსები მიაწერეს პავლეს, დარიან,
შენზე კი მარო, რა გინდოდა არც კი იციან,
არც კი იციან, იქ რომ დიდი ეკალნარია,
შალვა მარხია იმ ეკლებ ქვეშ, პატარა შალვა,
სადარდელი კი ის არის რომ გარეთ ქარია,
რომ ქარი არხევს, აბობოქრებს ქონდრისკაც ალვებს.
5
იყიდეთ ბიძიებო გვირილები,
კოსტუმიანო ბიძიებო, გვირილები იყიდეთ,
მათ არც სუნი აქვთ, არც ფერების სიმრავლე ჭარბობს,
მაგრამ იყიდეთ გვირილები ნაცვლად იმისა,
რომ მაშინ, როცა  თბილ სახლებში,
ტენდერის თანხის ლოდინში,
სამთავრობო არხის თვალის დევნებაში,
თბილ სავარძელში დაგეძინებათ,
არ მოკვდეს  ბავშვი.
იყიდეთ ბიძიებო გვირილები,
იყიდეთ ბიძიებო გვირილები,
იყიდეთ ბიძიებო გვირილები,
იყიდეთ...
*
ორმაისობაა, ქალაქია,
არავის გეგონოთ გუბერნია,
სტილისტი კიარა _ დალაქია,
მცხობელი კიარა _ მებუფეტე,
და აქვე კივიძის ძეგლია,
მიდიხარ, ზა–სტავა, ზაოდი,
ვინ ჩივის ზემოთ თქმულ ეკლიანს,
უფრო რომ იეკლოს რაოდენ,
რაოდენ უფრო–რე იეკლოს,
არა–რა, არა–რის მყოფელი,
ქალაქის სტატუსი მიიკრა,
ვინმეს არ ეგონოს სოფელი,
ვინმეს არ ეგონოს წარსული,
უყურე, პლაშადკა, ძერჟინსკი.
არავინ არ არის ავსული,
არავინ არ მიდის  მტრებისკენ,
არავის ჭირდება ანრქია,
ჩაჯმული ანარქი _ მითუმეტეს,
სტილისტი კიარა, დალაქია,
მცხობელი კიარა _ მებუფეტე,
სოფელი კიარა, ქალაქია,
ორმაისობაა, მითუმეტეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები