ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 აგვისტო, 2022


პოეტური დემენცია

#ოპუსები

ნინო დარბაისელი სტრონი

პოეტური დემენცია

დემენცია - ვიცით, რაც არის.
პოეზია და პოეტურობაც - ასე თუ ისე,  გასაგებია.
პოეზია რომ დემენციას ვერ უმკურნალებს, მაგრამ პროცესის შენელება რომ შეუძლია,  როგორც არტთერაპიის  სხვა საშუალებებს, ამის თაობაზე გუგლში ბევრი წერია!... ესეც არ იყოს, პირველი, რასაც  ადამიანს მეხსიერების დაქვეითებისას ურჩევენ  შინაურები თუ გარეულები, პატარ-პატარა ლექსების დასწავლა სცადე ყოველდღიურად, მეხსიერება მუდმივად ავარჯიშეო.
აბა, რა პოეტური დემენციაო, იკითხავთ ალბათ, ასეთი რამ არ არსებობსო!
  და მართალიც იქნებით.
ცოტა... რაღა ცოტა, კარგა შორიდან დავიწყებ:
  ბავშვობა ნუცუბიძეზე, კერძო სახლში გავატარე, მხატვრების უბანში. ას ოცდამეექვსე სკოლამდე რომ მივსულიყავი, ყოველ დილა,  მხატვრების ლამაზ-ლამაზი სახლებისთვის უნდა ჩამევლო. ის ხომ მოყოლილი მაქვს, რომ მეგონა, რომ არცერთი ამ სახლებიდან ჩვენსას არ სჯობდა, რაც რა თქმა უნდა, ჩემი გულუბრყვილო, ბავშვური აზრი იყო.
      მხატვრების ნაწილს რამე, მცირე თუ დიდი რომ დასჭირდებოდა მშენებლობისას,  ბუნებრივია, ჩვენთან მოდიოდა, როგორც უბნის ძველ მაცხოვრებლებთან,  მოგვიკითხავდა ბავშვებს, ვესალმებოდით შეხვედრისას,    უბანში მცხოვრებ ბევრ მხატვარს კი  შინაურულად, მეტიც, მუშურად ჩაცმულს, ანუ ჩაუცმელს - შორიდან  ვიცნობდი და ჩემი წარმოსახვები მქონდა, თუ როგორი ნამუშევრები ექნებოდა შინ, საოჯახო გალერეაში.
      მე უფროსების ლაპარაკის მოსმენა და დამახსოვრება მიყვარდა.
    მახსოვს,  ერთხელ სუფრაზე შემოსწრებულმა ერთმა მხატვარმა თქვა, საქართველოში მხატვრის ბედი ასეთია:  კაცი ან სულ გაჭირვებულია, უსახლკარო, არც სახელოსნო აქვს, მაგრამ  ხატავს და ხატავს, იმ იმედით, რომ სიკვდილის მერე მაინც დაუფასდება  ან არადა,  დგას და სახლ-სახელოსნოს იშენებს, იშენებს და ემზადება, რომ ბოლოს დაჯდება და დახატავს, ამასობაში კი ცხოვრებაც გადის, კვდება და ყველაფერი ოხრად რჩება. კარგია, შვილი მაინც თუ დგას მხატვრობის გზაზე და  სახლს სახელოსნოდ გამოიყენებს, არადა  ხელად გაყიდის  ამდენ ნაწვალებ  სახლს ცოლ-შვილი, კორპუსებში გადავა  და  დარჩენილ  ფულს -  ფულად მოიხმარსო.
      მორჩა ბავშვობის სევდიანი მოგონებები, ვბრუნდები დემენციისკენ:
      მოხდა ისე, რომ უკვე კარგა დაქალებული  და გადაქალებულიც სტუმრად მოვხვდი იმ მხატვრის სახელოსნოში, ყველაზე ლამაზი და დიდი სახლი რომ ედგა უბანში.
      ეს ერთ- ერთი იმათთაგანი იყო, ყოველ დილას „ჩაუცმელს’,  შორიდან რომ ვხედავდით ბავშვები.  მის შესახებ ლეგენდები მსმენოდა, ორმოცდაათიანი-სამოციანების თაობაში ყველაზე მეტად ნაქები, ლეგენდად ქცეული ვინმე იყო. სხვადასხვა თაობის  მხატვრები ისეთი კრძალვით ახსენებდნენ მის სახელს, ჟრჟოლა აგიტანდა. არც არაფერს ფენდა, რომ მენახა. მგონი, პრინციპულად ჰქონდა უარი ნათქვამი ყოველგვარ გამოფენაში მონაწილეობაზე თუ რაღაც ასეთი.
      სახლის შენება როგორც იქნა, დაემთავრებინა და ახლა მხატვრობას შედგომოდა.  როგორც დიდ საიდუმლოსთან, მიგვიყვანა ახალ ტილოსთან, ვუყურებ, ვუყურებ და... რა ვიცი, მხატვრობა არ არის ჩემი სფერო, თავს უფლებას ვაძლევ, ის მომწონდეს, რაც მსიამოვნებს, ასეთი კი  მეოცე საუკუნის დასაწყისს ოდნავ სცდება.  მოკლედ, მუსიკისა არ იყოს, ჩარჩენილი ვარ ძველებში, აბა, სად შემიძლია  ახალი აბსტრაქციებისთვის ალღოს აღება!
    ნამუშევარი აბსტრაქტული იყო,  ორივე ხელის  ცერებისა და საჩვენებელი თითების შეერთებით,  რაღაც  კვადრატივით თუ უფრო რომბივით  ჩარჩო გამოსდიოდა, ადებდა ტილოს ცალკეულ უბნებზე და თვით აღტაცებული შემოგვძახებდა, ‘’ეს ნახეთ, როგორია! არა, ამას დაუკვირდით! აქ უყურეთ, რა მხეცური გამომივიდა! შედევრია, შედევრი!
        რას მაგონებდა ის ტილო?! ბავშვობაში ერთი ქვედაბოლო მერგო მემკვიდრეობით ჩემი დისაგან, რომელსაც თავისი მხრით, ბიძაშვილისგან ერგუნა. კლოში იყო, ჭრელი, აი, სხვადასხვანაირი წვრილი ფერად-ფერადი ძაფები ერთმანეთში რომ თან აიხვლანჯება, მაგრამ თან რაღაც დინებაშიც რომ ერთდებიან... მკერავები უფრო მიხვდებიან ადვილად, ძაფიან  კოჭებს ერთ ყუთში  ან ტომარაში თავჩაუმაგრებლად  რომ ჩაყრი და  ნჯღრევაში ერთმანეთში  რომ აირევა და თუ არ გაწყვიტე, სასურველ ძაფს ვერ გამოაძრობ, რაღაც ისეთი იყო.
        -აი, არტისტული დემენცია! - გავიფიქრე მაშინ, გარეგნულად  აღტაცებული ღიმილით სხივმომფინარემ...
      ახლა მხატვრობიდან პოეზიაზე გადმოვიდეთ.
      მიმოიხედეთ, რამდენი ცნობილი პოეტია ჩვენს ირგვლივ, შემოქმედებითი აღმოჩენებით რომ იყო ცნობილი, დაბერდა და  პრიმიტიულობაზე  გადავიდა...
          არაფერი ეიჯისტური!
          აქ ასაკობრივს კი არა, შემოქმედებით დაბერებას ვგულისხმობ, თორემ ცოტა როდი ვიცი ასაკით უფროსი ავტორი, ახალგაზრდებზე ახალგაზრდა რომაა.
        აქვე დაუყოვნებლივი თხოვნა მაქვს, მეც იმათ მიმათვალეთ, თორემ ვინმეს ეგონება კონკრეტული პიროვნება მყავს ნაგულისხმევი.
    ხდება ხოლმე, ვკითხულობ, ვკითხულობ მათ ახალ ნაწერებს და ვფიქრობ,  ახლა რომ წერს, ასე რომ დაეწყო წერა და მთელი ცხოვრება თავი გადაედო, იმ დონემდე რაიმე სასწაულით თუ მიაღწევდა, რომლითაც  დაიწყო და ცნობილიც გახდა-მეთქი.
    პრიმიტივიზმს თავისთავად არაფერს ვერჩი და ოსტატის ხელში ნაყოფიერიც არის. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ ხელოვანისგან “უმაღლესი პილოტაჟიც’ კი შეიძლება მოითხოვოს. მე მინდა ერთმანეთისგან განვასხვაოთ ‘’პრიმიტივიზმი’ , როგორც პრინციპული ესთეტიკური მოვლენა, რომელსაც ხელოვნების სხვადასხვა დარგში გამოვლენის შესაბამისი სპეციფიკა აქვს და გაპრიმიტიულება, როგორც პოეტური დემენციის ნიშანი...
და აქ მახსენდება ერთი თეორია ნერვიული ცენტრების ფუნქციონირების შესახებ.  რომლის თანახმადაც,  შეიძლება გვეთქვა, რომ მუდმივად დომინანტურ მდგომარეობაში მყოფმა ნაწილმა ტვინისა, რომელსაც  დასასვენებლად, მოსადუნებლად რეცესიული ფაზები  არა და არ ეძლეოდა, საბოლოოდ  ატროფია განიცადა.  ინერციის წყალობით ისევ მოქმედად გამოიყურება, რეალურად კი ... არაპროდუქტიულიაო, ვერ ვიტყოდით, უბრალოდ, საბოლოო პროდუქტის დონე დიდად ჩამოუვარდება უწინდელს...  ავტორის  თვითდაჯერებულობა, რომელიც  აქტიური შემოქმედების პერიოდში უფრო დაბალი იყო, ახლა მზარდი და მზარდია!
  შემოქმედებითი თვითკონტროლის დაკარგვა შინაგანი ცენზორისგან გათავისუფლება ჰგონია.
მკითხველიც ძველ ინერციას მიჰყვება.
ნეტა კომპოზიტორებსაც თუ ემართებათ, რაიმე, ამისმაგვარი?…
ესეც პოეტური დემენციის შესახებ.
ანუ რა მჭირს  მე და რას არ ვუსურვებ კოლეგებს კიდევ ასი წელიწადი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები