ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2022


* * *

თუ დამიჯერებ, ბოლოს ყველანი
ჩვენივე თავის სიზმრად ვიქცევით,
კონკებითა და მრუმე ნიღბებით,
ათასი კოჭლი, ყრუ და ელამი.
დაკარგავს გემოს ყველი. ინდიკა.
თეთრი ქვრივი და ლურჯი სიზმარი.
ალბათ ოდესმე გამოვიზამთრებთ
და შუამთიდან ოქროშინდა კი
დაკრიფე ისე რიდით და კრძალვით,
თითქოს პეპელას ფრთებზე ეხები,
თითქოს კლდეებზე გაჩნდა ეხები,
რაღაც უცნაურ, უხილავ ძალით.
თუ წაიმღერებ გულში მაყრულსაც,
სანამ აგევსო უბე შინდებით.
ნუ შეშინდები.
ნუ შეშინდები.
ნუ შეშინდები,
მაგრამ თვალ-ყური
ადევნე ჯირკთან მძინარე ქოფაკს,
ხანდახან, დღისით თვალებს მილულავს.
სიზმრებით ასე რომ მოხიბლულა,
ძილში არ ახსოვს ძაღლური ყოფა.
გადავა მზე და მოსვლამდე მწუხრის
ისწავლი ყველა კარნახის წერას.
გაეღვიძება ქოფაკს თუ მწევარს.
ჩამოიბერტყავ იმდენხანს მუხლებს,
შინისკენ წახვალ ამაყად. გზნებით.
ოქროშინდებით სავსე პერანგით.
თუ დამიჯერებ, ბოლოს ყველანი
სიზმრებად ანდა გზებად ვიქცევით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები