ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლოზა
ჟანრი: პროზა
3 სექტემბერი, 2022


მარტო

            საღამო იყო, ბინდდებოდა. არ მიყვარს შებინდება, სევდას მგვრის, მარტოობის შეგრძნებას მიმძაფრებს... ნათესავმა მომწერა სოციალურ ქსელში, როგორ ხარო, შვებულება როდის გაქვსო, თავისი ბინა შემომთავაზა ბაკურიანში, ჩამოდი, ვინც გინდა ჩამოიყვანე და დაისვენეო. აგვისტოს ცხელ დღეს ასეთი შემოთავაზება ბევრ ნორმალურ ადამიანს გაეხარდებოდა, მაგრამ მე მეწყინა. მთელი ზაფხულია ვცდილობ სხვადასხვა საქმით დავკავდე და არ დავიტოვო იმაზე ფიქრის დრო, რომ დასვენება მჭირდება. მინდა გარემოს გამოცვლა, მაგრამ არავინ მყავს ისეთი, ვისაც თავისი მთელი წლის ნანატრი შვებულების დროის ჩემთან ერთად დახარჯვა მოუნდებოდა. არა, არ ვწუწუნებ, მეგობრებიც მყავს, შეყვარებულიც, ყველას ვუყვარვარ და ვახსოვარ, მაგრამ უბრალოდ მე ხომ მარტოხელა გავხდი, რაც დედა წავიდა...
              ჭიპლარი რომ გადამიჭრეს ხმამაღლა, მოურიდებლად და გულწრფელად ვიტირე. არ მახსოვს რას ვფიქრობდი მაშინ, მაგრამ მგონია, რომ მეტკინა, მეწყინა, შემეშინდა, გავბრაზდი, პროტესტი გამიჩნდა. დედასთან მინდოდა, არ მინდოდა განცალკევება. ოცდაცხრამეტი წლის განმავლობაში  ცნობიერად თუ არაცნობიერად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ვერ გავწყვიტე წარმოსახვითი ჭიპლარი დედასთან. სადაც არ უნდა წავსულიყავი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, რისთვისაც არ უნდა მიმეღწია, ბოლოს რაღაც სულ მასთან მაბრუნებდა, მის გულში ჩასახუტებლად. ეს კი არ მბოჭავდა, პირიქით, უსაზღვრო თავისუფლებას და ძალას მაძლევდა. თითქოს დედა ყველაფრისგან მიცავდა, შუამავალი იყო ჩემსა და გარესამყაროს შორის, მის სიყვარულში გახვეულს ყველაფერი უსაფრთხო, მარტივი და ფერადი მეჩვენებოდა. ზღაპარში ვცხოვრობდი… მაგრამ დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.  ექვსი წელი ებრძოდა ამ სენს. სიცოცხლე უყვარდა და არც უფიქრია დანებება, ვიცოდი, ჩემი ზღაპრის შეწყვეტაც არ უნდოდა. ვცდილობდი მასთან ერთად მებრძოლა. ჩემი ბრძოლის მეთოდი დედას გართობა იყო. ვყიდულობდი წინასწარ ერთი თვის სამყოფ კონცერტებისა და სპექტაკლების ბილეთებს, ვგეგმავდი პატარ-პატარა გასვლებს კურორტებზე. ასე ვცხოვრობდით მე და დედა ბოლო წლები, ერთმანეთს ვამხნევებდით და ძალას ვაძლევდით. შემდეგ საზიზღარი კორონას პანდემია დაიწყო. ხელისუფლებამ დააწესა მკაცრი შეზღუდვები, შეწყდა კონცერტები, სპექტაკლები, დაიკეტა ყველანაირი გასართობი და დასასვენებელი პუნქტი. სახლში გამოვიკეტეთ. არც მე გავდიოდი, არც დედას ვუშვებდი. აპროტესტება დედა, არ უნდოდა მოწყენილი სახლში ჯდომა, მე კი მეშინოდა, შიშმა ისტერიული გამხადა,  დედას კორონათი დაინფიცირების, ყველაფრის და ყველასი მეშონოდა. წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა ეს ისტერია. ამასობაში დედას სიმსივნე გაავდა, უფრო და უფრო გართულდა მასთან ბრძოლა, ქიმიოთერაპია არ მოქმედებდა. პარალელურად, ჩემს პირად ცხოვრებაში გაჩნდა პრობლემები, რის გამოც ცალკე ვიქირავე ბინა, სადაც კვირაობით ვიჯექი და ვტიროდი მარტო. ჩემი შეყვარებული, როცა ახერხებდა, მოდიოდა, ცდილობდა ყველაფერი ძველებურ  ზღაპარში დაებრუნებინა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით ახერხებდით ამას, შემდეგ ისევ იწყებოდა პრობლემები. ამ აურზაურში და ქაოსში გავიდა თითქმის წელიწადი, დედა უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა, შემდეგ სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლის კოშმარული ორი თვე გავიარეთ, დედა სიკვდილს უყურებდა თვალებში და მე მის თვალებს მივჩერებოდი თავზარდაცემული...  ერთ წყეულ დღეს ყველაფერი დამთავრდა. იმ საშინელ ღამეს გამეღვიძა, ვიგრძენი თითქოს უბედურების მოახლოება, ავდექი, ჯანმრთელობის ლოცვა წავიკითხე დედასთვის და დავიძინე. ჩუმად წავიდა სანამ მეძინა. გავიღვიძე და სამყარო სრულიად შეცვლილი დამხვდა...  ახლა დაობლებული შვლის ნუკრივით უსუსური მგონია თავი, გავურბივარ ადამიანებს.
            დედამ წამიკითხა პირვლად  ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობი".  მაშინ კითხვა არ ვიცოდი. ცრემლები მომდიოდა და მეშინოდა დედა არ დამეკარგა მეც.... მთელი ცხოვრება დამყვებოდა შვლის ნუკრის სიტყვები: "ცუდ დროს დავობლდი... მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერთო, რამდენი მტერი გვყავს!"
            ახლა მარტო ვარ ამ სამყაროში და მეშინია ამ მარტოობის. ჩემს შეყვარებულს სწყინს ამას რომ ვამბობ, რადგან ზრუნავს ჩემზე, მანებივრებს სითბოთი, სულ მეუბნება, რომ მის გულში მაქვს სახლი. მიყვარს, ძალიან მიყვარს ეს საოცრად კეთილი და თბილი ადამიანი, რომელმაც ჩემს სიცოცხლეს ბრჭყვიალა, ჯადოსნური სხივები და ფერები შეუნარჩუნა, რომელთანაც ზოგჯერ სიმშვიდეს და ბედნიერებას ვპოულობ. თუმცა, მარტოობა ჩემს აკვიატებულ შიშად იქცა.
მეშინია დღესასწაულების, შვებულების, იმ თავისუფალი და დასვენების დროის, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებულად ინახავენ და უფრთხილდებიან იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებთან, ოჯახთან ერთად გაატარონ. დედა რომ წავიდა მე აღარ მაქვს ოჯახი. სახლიდან გამოგდებული ლეკვივით შევცქერი სხვისი ფანჯრებიდან გამოსულ ოჯახურ სითბოს და ძალიან მენატრება ჩემი და დედას სახლი. მენანება ყოველი წუთი, რომელიც გავაცდინე, შემეძლო იქ გამეტარებინა და არ გავატარე, როცა დედას თავი მოვანატრე...
            აგვისტოა, ფულიც მაქვს და დროც რომ დასასვენებლად წავიდე და არავინ მყავს, ვინც თავისი შვებულების ჩემთან ერთად გატარებას ისურვებდა. მარტოხელა ადამიანებს თითქოს გაურბიან, უფრთხიან. მეც ვიმალები და არ მინდა ვინმეს თავი შევაცოდო, ტვირთად დავაწვე. არადა, როგორ დავიღალე, რა სიამოვნებით ჩავალაგებდი ჩემოდანს და წავიდოდი სადმე ლამაზ ადგილას, მაგრამ მარტო რომ წავიდე უარესია, აქაც ხომ მარტოობისგან დავიღალე და არა საქმისგან. მარიამობა მოდის, შემდეგ ახალი წელი, შობა, აღდგომა და მე მეშინია, რომ მარტო ვიქნები. საქმეებითაც ვერ მოიტყუებ ასეთ დღეებში თავს, რადგან ყველა ისვენებს და არავის ვჭირდები სამსახურში, ცეკვისა თუ ინგლისურის გაკვეთილზე, ვარჯიშსა თუ რომელიმე იმ აქტივობაზე, რითაც სამუშაო დღეებში თავს ვიტყუებ რომ დაკავებული ვარ და მნიშვნელოვან საქმეებში ვარ ჩართული. უცებ მოდის ერთი უწყინარი დღესასწაული და ვხვდები რომ არავის ედღესასწაულება ჩემთან ერთად. ეს ნიშნავს რომ მარტოხელა ვარ, მარტოსული, მარტო. ვერ ვისწავლე ჩემს თავთან ისეთი ურთიერთობა, რომ მარტოობაში ვიპოვო სრულყოფილება. ვიცი რომ მარტო არავინ არის, მთელი სამყაროა ერთ ადამიანში, ღმერთია ჩვენში და ჩვენ ვართ მასში, ეს გვაქცევს უდიდესი ენერგიის ცირკულაციისა და სამყაროს არსებით შემადგენელ ნაწილად. ვიცი, რომ დედაც სულ ჩემთან არის სადღაც პარალელურ სამყაროში, ვიცი, რომ ღმერთმა უამრავი წყალობა მომცა, ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული და ბედნიერი ადამიანი ვარ. ვიცი ეს ყველაფერი, მადლობელი ვარ, მაგრამ მარტო ვარ და ცრემლები თავისით მომდის. მინდა, რომ ვინმე მელოდებიდეს სახლში, ელოდებოდეს ჩემს შვებულებას, ისეთი ვინმე, ვისთანაც ჩემი პროფესიისა თუ ჰობის, სიტუაციისა თუ გარემოს  შესაფერისი თავდაჭერილი საუბარი და ქცევა არ მევალება,  ვისთანაც მე მე ვარ უპირობოდ, როლის გარეშე, ჩემი ოცნებებით, სიგიჟეებითა და ნაკლოვანებებით. ასეთ ვინმეს ოჯახის წევრი ჰქვია. მე არ მყავს ოჯახი. დედა იყო ყველაფერი. როცა მარტო არ მინდოდა, დედასთან მივდიოდი, გულში მაგრად ვეხუტებოდი და ვთხოვდი, დამაბრუნე იქ, საიდანაც გამაჩინემეთქი. იქ, დედის მუცელში ალბათ ძალიან ბედნიერი ვიყავი.
              დილით დედა სამსახურში წასვლის წინ გამოპრანჭული შემოდიოდა ხოლმე ჩემს ოთახში, მაკოცებდა და მთელი დღე ვიყავი ფრთაშესხმული. დედა და მისი კოცნა მიცავდნენ, მაბრჭყვიალებდნენ. ახლა ვიღვიძებ დილით ცარიელ ოთახში, მოვდივარ საღამოს ცარიელ სახლში. როგორ მინდა, რომ დილით ვინმემ გამაღვიძოს და საღამოს კარები გამიღოს. არავინაა. მე ვარ მარტო და მეშინია ამ მარტოობის ანუ ჩემი თავის. სულ ვცდილობ ეს „მე“ უკეთესი და უფრო საინტერესო გავხადო, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები მას მარტო. ადამიანი მჭირდება ჩემს თავთან შუამავლად? - არ ვიცი, დავიღალე ბრძოლით. აგვსიტოა და დასვენება მინდა, მარტოობისგან დასვენება ....


აგვისტო, 2022წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები