ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2022


ლაზო წისქვილზე (ლიტერატურული გაზეთი N 319)


  ინათა თუ არა, სახლიდან შვიდი წლის ბიჭუნა - ლაზო -გამოვიდა, ნახევრად მძინარე გზადაგზა მინდორში გარუჯულ ფეხებს უყრიდა შარვლის ტოტებში და აღტყინებით უხმობდა დას:
-ლიმა! ლიმა! სწრაფად ადექი, მე და მამა წისქვილზე მივდივართ, ხორბალი უნდა დავფქვათ და ფქვილი მოვიტანოთ, თეთრიც და რუხიც...
დაიკომაც არ დააყოვნა, ბუთქუნა ფეხებს შორის პატარა საცერი გაეჩარა და დიდი ზომის წინსაფრის თასმებს მონდომებით იკრავდა კისერთან, მერე ასკინკილით გაიქცა სათონისკენ, სადაც დედა თონის გასახურებლად ფიჩხს ამზადებდა, იქვე პატარა მაგიდაზე დადო საცერი და უკვე მანქანაში მოკალათებულ ძმას სიხარულით გასძახა:
-აბა, თქვენ იცით! მალე მოდით! სულმოუთქმელად გელით!
ლაზო მთელი გზა მოუსვენრად იყო, უხაროდა მამამ წისქვილზე წაყოლის ნება რომ დართო, ყოველ წუთში კითხულობდა, მალე მივალთ თუ არაო.
დრო რომ სწრაფად გაეყვანა, თვალები დახუჭა და ფიქრებში გადაეშვა, ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებიათ და-ძმას წისქვილზე მოხვედრა, ერთხელ წისქვილიც კი დახატეს, ისეთი, როგორიც თავად წარმოედგინათ. ის ნახატი გაახსენდა ლაზოს- თაბახის ფურცლის შუაგულში ძაბრის ფორმის ფერადი მოწყობილობა მოხაზეს, ქვემოთ გადარჩეული მარცვლებისთვის და ფქვილისთვის ამოღრმავებული ჯამი დაუხატეს, ზემოთ კი უშველებელი ფრთები მიაბეს, ეს ფრთები იყო მთავარი დანიშნულება, როცა შიგ პურის მარცვლს ჩაყრიდნენ, პურის მარცვლები ცეკვა-ცეკვით ჩაცვივდებოდნენ ვიწრო ხვრელში, დაიძვრებოდა ფრთები, ამოვარდებოდა ქარი და ქეფჩოსა და დამტვრეულ ხორბლის მარცვლებს ჰაერში წამოშლიდა, ამ დროს მოფრინდებოდნენ ნაირნაირი ჩიტუნები და ჰაერშივე დაიტაცებდნენ ტკბილ ულუფას.
ფიქრებში ისე უცებ გაეპარა დრო ლაზოს, ვერც კი იგრძნო მანქანის გაჩერება, მხოლოდ მაშინ დაფრთხა, საშინელი, გულისგამაწვრილებელი გრუხუნი რომ ჩაესმა.
-მოვედით? -იკითხა და თვალები მოიფშვნიტა. საპასუხოდ მამამ მანქანის კარი გაუღო, თვითონ კი ხორბლის ტომრების გადატანას შეუდგა.ლაზო ფეხდაფეხ მიჰყვა, თან აქეთ-იქით იცქირებოდა, გაკვირვებით უყურებდა ტანზემოთ შიშველ კაცებს, რომლებიც წამდაუწუმ სიგარეტს ექაჩებოდნენ, სახეზე მომდგარ ოფლს მხარზე გადაკიდებული მაისურებით იწმენდდნენ და მოღუშული სახეებით თავიანთ რიგს ელოდებოდნენ.
ლაზო უზარმაზარ მოწყობილობასთან აღმოჩდა დახურულ შენობაში და არა მზის გულზე, როგორც წარმოედგინა, ეგონა, ფეხებთან მიწა ზანზარებდა, თუმცა ცდილობდა, შიში არ შეემჩნია და დანარჩენი კაცებივით აკვირდებოდა ხორბლის მარცვლის გადარჩევასა და დაფქვას.
ეს ყველაფერი რომ მოსწყინდა, გარეთ გავიდა, იქვე წისქვილის შენობის გვერდით პურის მარცვლის მთა შენიშნა, უცებ გაუბრწყინდა თვალები, ხორბლის თავზე რამდენიმე ჩიტი შენიშნა, გაიტრუნა, არ დავაფრთხოო, ამ დროს ვიღაც კაცი გამოჩნდა და ზურგზე მოკიდებული ხორბლის ტომარა დაცალა, დამფრთხალი ჩიტები ჭერზე აიჭრნენ, კაცმა დაცლილი ტომარა გადაჭრილ ხის მორზე დააფინა, ჩრდილში მოკალათდა და სიგარეტს გაუკიდა. ჩიტუნები კვლავ მოფრინდნენ და ხორბალს კენკვა დაუწყეს. "ჰაიტ"- ხელი აუქნია ჩიტებს კაცმა.
-კი, მაგრამ, რას შეჭამენ მაგდენს? -ხმამაღლა გამოსცრა სახტად დარჩენილ ლაზოს, თუმცა კაცს არაფერი გაუგონია, ყოველ ჯერზე მონდომებით დევნიდა ჩიტებს.
გული მიეწურა ლაზოს, ცრემლი მოადგა, შერცხვა თავისი უმწეობის და სირბილით გაექანა მანქანისკენ, კარი რომ მიხურა, სიჩუმეში საკუთარი გულის ბაგა-ბუგი ჩაესმა, ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა სახლში.
სახლისკენ მიმავალ გზაზე რამდენჯერმე ჰკითხა მამამ მოწყენის მიზეზი. ხმაურში ყურები დამიგუბდაო- იმიზეზებდა ლაზო და ნაძალადევად იკრიჭებოდა.
ჭიშკართან დახვდა დაიკო, ვებერთელა თვალებით შესცქეროდა, ადგილზევე ხტოდა და ტაშს უკრავდა, მანქანიდან გადმოსვლა არც კი დააცადა, მიეჭრა, ხელი დაავლო და სათონისკენ გააქანა -დედამ მითხრა, თხელ, კნატუნა პურებს დაგიცხობთო, თუ გინდა, შევინახოთ და ღამით ვჭამოთ ლოგინში, მანამდე კი მომიყევი, რა ხდებოდა წისქვილზე, ბევრი ჩიტები იყვნენ, არაა? როგორ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ დედამ არ გამომიშვა, წისქვილზე გოგოს რა უნდაო, არა უშავს, შენ ხომ იყავი და მომიყევი, ხომ მომიყვები?! - ჩააცივდა ძმას ლიმა.
-მოგიყვები, აბა, რას ვიზამ, ოღონდ ღამით. ახლა კი წამო, კარტოფილი მოვიტანოთ და თონეში ნაკვერცხლებში ჩავყაროთ, -თავის დაძვრენა სცადა ლაზომ.
ლიმა კვლავ კისკისებდა, გახურებულ თონეს გარს უვლიდა, ლაზო კი იქვე იჯდა ჩაფიქრებული, დაბრძენებული, თითქოს შვიდი წლის კი არა, უკვე კარგი გამობრძმედილი ბერიკაცი ყოფილიყოს.
სულ მალე კარტოფილის კანმა ტკაცა-ტკუცი დაიწყო, თონის ალმა ერთიანად დაუბრაწა ლოყები ლიმას, მაგრამ მაინც ვერ მოაშორა დედამ სათონეს, მეგობარიც იქ მიიღო, მასავით მოუსვენარი, თვალებმოელვარე და ცნობისმოყვარე ლილე.
ლაზოს ცხოვრებაში პირველად არ გაუხარდა მისი მოსვლა, ადგა, ფქვილისგან დასვრილი შარვალი ჩაიფერთხა და ეზოს ბოლოდან მოაძახა დედას: გოგასთან მივდივარ და მალე მოვალ.
-რა ჭირს ამ შენ სულელ ძმას? -ჩუმად გადაულაპარაკა ლილემ ლიმას და გვერდზე გაიტყუა.
-მე რა ვიცი, არ იცი ბიჭების ამბავი? მთელი დღეა, ცხვირჩამოშვებულია.
-არც ის გითხრა, იქ რა ხდებოდა?
-სად იქ?- თავი მოიკატუნა ლიმამ.
-სად ახლა, იქ, წისქვილზე...
-ოოო... -თვალები განგებ გააფართოვა ლიმამ, ბუთქუნა ხელები გულზე მიიკრა და დიდი აღტაცებით დაიწყო,- ნამდვილი საოცრებაა იქ ყოფნა თურმე...
-ჩიტები?
-ჩიტებიო? უფ, ნუღარ მკითხავ, იმდენი, იმდენი ჩიტი ყოფილა, ნემსის წვერსაც კი ვერ ჩააგდებდიო, ლაზომ. ადგილი რომ აღარ ჰყოფნიდათ, ერთი ათი ჩიტი მარტო ჩემს მხრებზე მოკალათდაო...
-არ ფრინდებოდნენ? -გულწრფელად გაიკვირვა ლილემ და გაცისკროვნებული მზერით მიაჩერდა ლიმას.
-არა, კაცო, რა ფრინდებოდნენ, ხელს ვუქნევდი და არ მშორდებოდნენო, იმათი მიჩვეული ჩიტები ყოფილან თურმე...
  ლაზო კი დადიოდა წინ და უკან, გულდამძიმებული, მოღუშული. აბა, რა იცოდნენ გოგოებმა ის დარდი და საფიქრალი, ლაზოს გულს რომ პირველად შეეხო. ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთის ნახვა მოუწევდა?!        აღარასოდეს წავალ წისქვილზე! სულ აქ ვიქნები, ჩემს დასთან, ლილესთან, გოგისთან და დანარჩენებთან ერთად!- გადაწყვიტა გონებაში ლაზომ; ჯიბიდან რამდენიმე პურის მარცვალი ამოიღო და სახლისკენ გასწია.
-ეს რა არის, რას მალავ?- მუჭზე ჩააფრინდნენ გოგოები ლაზოს.
-თხები ხართ, თხები, აკი სულ გეუბნებით, რა უნდა იყოს, პურის მარცვალია, იქვე ვიჯექი ჩემთვის წისქვილზე, ჩიტები დამესივნენ და ხელისგულებში ჩამიყარეს ეს მარცვლები.
-მართლა?- ერთად გაიოცეს გოგონებმა და ლაზოს ხელისგულზე დააჩერდნენ.
-კი მაგრამ თვითონ არ უნდოდათ? ან შვილებისთვის წაეღოთ,- ჩაეკითხა და.
-კარგი რა. იცი, რამდენი პურის მარცვალია? თვალს ვერ გაუსწორებ, უნაპიროა და, წარმოიდგინეთ სულ ჩიტები ახვევია.
-იმათი შეჩვეული ჩიტები არიან, ხო? -თვალი ჩაუკრა ლიმამ.
-იმათი შეჩვეულები არიან, აბა, რა, ბუდეებიც იქვე აქვთ, შვილებიც იქვე ჰყავთ და საჭმელიც იქვე აქვთ...
  ამასობაში დედამ მათ წინ პატარა მაგიდა დადგა, ზედ ცხელი თონის პურები, ხმელი ყველი და ნაკვერცხალზე შემწვარი კარტოფილი დაულაგა.
-უფ, უფ, რა სურნელიააა, - დედის გამოჩენა გაუხარდა ლაზოს, მაგრამ გოგონების კითხვებს მაინც ვერ დაეხსნა.
- ერთი ჩიტი ჩაგესვა უბეში, წამოგეყვანა, რა იქნებოდა?
-ხო, მართლი ხარ, ლილე, თანაც ეგენი ხომ შეჩვეული ჩიტები არიან, ვათამაშებდით და საღამოს ისევ გავუშვებდით.
-კარგით ახლა, სული ნუ ამომხადეთ, -უსაყვედურა ლაზომ გოგონებს, მერე თავი დახარა, თონის ცხელი პური შუაზე გადაწია, შიგ ყველის ნაჭერი ჩადო და უგემურად შეექცა.
  გოგონები კი კვლავ მაღლა, ძალიან მაღლა, ღრუბლებში დაფრინავდნენ, მათ ფიქრებში ჯერ კიდევ ნარნარით დაჰქროდა წისქვილის დიდრონი ფრთები, დამტვრეულ ხორბლის მარცვლებს ჰაერში შლიდა და ნაზი ხმით ჩიტებს უხმობდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები