ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2022


(*&)(*&

მშვიდობით ლექსო, მოვისროლე ჩემი კალამი.
ბედნიერი ვარ აწი შენთან რა მესაქმება,
ახლა თავს ვირთობ ფეისბუქით, ბევრი სხვა რამით,
ორი შვილი მყავს, ერთი ცოლი. რა ვქნა, საქმე მაქვს,
კალატოზი ვარ, ცემენტს ვზელ და სახლებს ვაშენებ.
დროებითია. ქვა და რკინა? - ესეც გაქრება.
მახსოვს, რომ ხელი ბევრჯერ ჭირში შემომაშველე,
გვერდში ღმერთივით დამიდექი, უფრო ახლოსაც
ვიყავით, ცრემლის მლაშე წვიმით როცა გასველე.
კაცი ასეა, ჯერ თავის დარდს შემოგახოცავს,
მერე მიგაგდებს სანაგვეზე როგორც არაფერს.
არადა შენგან მიწა შორს ჩანს, ხოლო ახლოს ცა.
გემშვიდობები. სიგიჟეა. კაცი გააფრენს...
თუმცა მკაცრია ბორკილივით ბედნიერება.
ლექსებს არ გავფენ და თეთრს გავშლი ქარში სხვა აფრებს.
ბედნიერებას მხოლოდ თეთრი ფერი ერევა
და არა მელნის, არც დაისის, არც შემოდგომის,
არ უყვარს ქარი და არც წვიმის ბილწი ფერება.
მისგან სევდას და ნოსტალგიას ადევს ბოქლომი,
ადევს ყადაღა, ადევს ვეტო, ადევს გრანიტი.
ვეღაც ვიქნები ხვალ ამაყი სიტყვით - ოქროთი
და სადღეგრძელოს ჩუმად ვიტყვი, ანდა არ ვიტყვი
საერთოდ,  რადგან რა აზრი აქვს ლექსის გარეშე,
უშენოდ არ ვარ ან თუ კი ვარ მაშინ ვარ ტყვიის.
ბედნიერი ვარ და გშორდები. აი მალე შენც
მორჩები. მორჩა. გათავდები. რაა ტერცინა?
ჩამოინგრევა ის კედელი ჩვენ რომ გავლესეთ
და აღარასდროს მოვიგონებ ჩვენს დროს, ძველს, წინას.
არ გაიშლება ჩემს ქუჩაზე შენი ალამი.
მშვიდობით. უნდა დავიძინო, უკვე ძვლებს  სძინავთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები