ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა ლორელაი
ჟანრი: საბავშვო
7 სექტემბერი, 2022


უსარგებლო შრომა?!

უღრან ტყეში ერთი პანტის ხე იდგა, რომელიც ყოველ წელს დიდძალ პანტას ისხამდა და ნაყოფის სიმძიმის გამო, ტოტები მიწამდე ეხრებოდა. ამ პანტას შემოჩვეული ჰყავდა დედა ზღარბი ქაცვია და მისი ორი შვილი, ჩხვლეტია და ნემსია. ყოველ დილით, კოდალა რომ გამოჰყოფდა თავისი ფუღუროდან თავს, კარგად გაიზმორებოდა და იქვე უკვე საკმაოდ დაფუღურუვებულ რცხილას მიადგებოდა საკაკუნოდ, ზღარბი და მისი ზღარბუნები ცუხცუხით ჩამოუვლიდნენ ხოლმე პანტას. გემრიელ ნაყოფს ჯერ პირდაპირ მიწიდან გეახლებოდნენ, შემდეგ  გაგორდებოდნენ და გამოგორდებოდნენ, ნემსებზე პანტებს წამოიცვამდნენ და თავიანთი ბინისკენ გაცუხცუხებოდნენ. ერთ დღეს, როცა პანტაასხმული ზღარბები სახლისკენ გაეშურნენ, იქვე პანტის ძირას ამოსული ხავსი წუწუნს მოჰყვა:
-  ხომ ვერ გავიგი ფესვი და მივეკარე დედამიწას, ყოველი ღამის მცდელობა ამაოა. როგორც კი ეს მშიერი ზღარბები ჩამოივლიან და ზედ ჩემს მწვანე სხეულზე გადაკოტრიალდებ-გადმოკოტრიალდებიან, მაშინვე მეწეწება ვარცხნილობა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უმსგავსობა?!
- მართალს ბრძანებ, ჩემო ბატონო, - ახლა ნორჩი ბურდღები (პატარა პანტები, ნერგები) აჰყვნენ ხავსს, იქვე დედა პანტის ძირას რომ ამოსულიყვნენ. - ჩვენც სულ დაგვეკაწრა ყლორტები, ღერო ვერ გამოგვიტანია, მაგათ ნემსებს გადარჩენოდა.
- მაშ, მე რაღა ვთქვა, ბატონებო? თქვენ ზღარბები და მე ეს კაკუნა კოდალა ვერ მომიშორებია, ამხადა თავი კაკუნითა და სხეული ჩხირკედელაობით. ვითომ რამეს მიკეთებდეს, უსარგებლოდ შრომობს, - ააშრიალა ნახევრად გამხმარი ტოტები და ფოთლები რცხილამ.
კოდალამ რცხილის გულისწყრომა რომ შეიტყო, ძალიან ეწყინა. ქერქიდან ნახევრად გამოწეულ მატლს თავი ანება, ფრთა ფრთას დაჰკრა და იქვე, მახლობლად მუხას შეაფარა თავი.
მეორე დილას დიდხანს ელოდნენ ზღარბები კოდალას კაკუნის ხმის გაგონებას. ხმა კი არ ისმოდა.
- ნეტავ, რა დაემართა ჩვენს ექიმს? მის კაკუნზე მაქვს გასწორებული საათი, ახლა კი, ვგონებ ვაგვიანებ. - დაფაცურდა ქაცვია ზღარბი. წინა დღით აკრეფილი პანტის ჯემი ცეცხლიდან გადმოდგა, წინსაფარი მოიხსნა და შვილებს წინ გაუძღვა. როგორც კი კოდალას ფუღუროს გაუსწორდა, ქაცვიამ ზევით აიხედა და ასძახა:
- ქალბატონო ექიმო კოდალავ, ხომ არ დაგეძინათ?
ზემოდან არავინ გამოპასუხებია.
- ალბათ მძიმე ოპერაცია ჰქონდა, ჩაეძინა დაღლილს.
-არა, ქალბატონო ქაცვია, წვეთიც არ მძინებია, მე საწყალსა და გულმოკლულს. - მძიმედ გადმოჰყო თავი კოდალამ ფუღუროდან  და სათვალე შეისწორა.
- რას ამბობ, კოდალავ, რა დაგემართა ასეთი? რა სადარდებელი გაგჩენია?
- უმადურობა, ჩემო კეთილო ქალბატონო, უმადურობა. - დანანებით ჩაილაპარაკა კოდალამ და სულ წვრილად მოუთხრო წინა დღის ამბები ქაცვია ზღარბსა და მის შვილებს. გულდაწყვეტილი ზღარბი გამოემშვიდობა კოდალას და თავის ბინას მიაშურა.
გავიდა ერთი დღე, არც კოდალას აუტეხავს კაკუნი და არც ზღარბი მოსულა პანტის ასაკრეფად თავის ზღარბუნიებთან ერთად. არც მეორე და მესამე დღეს გამოჩენილან. ივსებოდა პანტით მიწა და იფარებოდა ხავსი და ბურდღები დამპალი ხილით.
- ეს რა უბედურება დაგვემართა, ვიხრჩობი, ღმერთი არა გწამთ, მიშველეთ, - ამოიხრიალებდა ხოლმე დროდადრო ხავსი.
- დამელეწა ყლორტები, გავხმი, გაუხარებლად მივდივარ იმქვეყნად, - წამოიტირებდა მწიფე პანტისგან მოთხუპნული ბურდღი.
- რაღაც ტოტებში მამტვრევს, მჭამს და მღრღნის, ექიმი მჭირდება, - შიშისგან ცახცახებდა ბებერი რცხილა და ნატრობდა კიდევ გაგეგონა კაკუნი მის ტანზე.
- ხმას არ ამოვიღებ, არ ვიწუწუნებ, ოღონდ კი ქაცვია ზღარბი დაბრუნდებოდეს და ამ ხილს მომაშორებდეს, ვიხრჩობი. - დარდიანად ამოიოხრა ხავსმა.
- შუამავალი გვჭირდება, ქაცვიასა და კოდალას მივუგზავნოთ, პატიება ვთხოვოთ. - მძიმედ ამოიოხრა ხავსმა.
- ეჰ, სირცხვილით როგორ ვთხოვოთ დახმარება, დავაშავეთ, თვალები დაგვიბრმავდა და მათი შრომა ვერ დავინახეთ.  - მძიმედ გააქნიეს ნორჩმა პანტებმა ღეროები და უკვე დამპალი პანტის ნაყოფი ჩამოიბერტყეს.
- დავბერდი და გონებაც გამომეცალა, კოდალას მკურნალობა და სიკეთე ვერ დავინახე. ნეტავ შემეძლოს მისთვის ბოდიშის მოხდა. - მძიმედ აიქნია ტოტები რცხილამ.
- აქ ვარ ჩემო, ბატონო, - ჩამოფრთხიალდა კოდალა და რცხილის წვერზე დასკუპდა. - თუ ასე ნანობ, მიპატიებია. შეცდომები ხომ ყველას მოგვდის. - უთხრა კოდალამ რცხილას და კაკუნს შეუდგა.
- მეც აქ ვარ, ჩემი ზღარბუნებით, გასაჭირში არ მიგატოვებთ, - ბუჩქებიდან გამოცუხცუხდა დედა ზღარბი შვილებთან ერთად.
- დიდი მადლობა დიდსულოვნებისთვის, ზღარბუნავ. ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ და როცა დიდი პანტები გავხდებით, არ მოგაკლებთ ტკბილსა და დაშაქრულ ნაყოფს.
- გაგორდით და გამოგორდით, მომფხანეთ მწვანე სხეული, აბა რისთვის მინდა თუკი მეგობრებს არ დავეხმარე? - ახასხასდა ხავსი.
კიდევ მრავალ წელს ისხამდა პანტას პანტის ხე და ზღარბებიც პირნათლად ემსახურებოდნენ ნორჩ ღეროებსა და ხავსს, კიდევ დიდხანს მკურნალობდა რცხილას ექიმი კოდალა.
ყველა პირნათლად ასრულებდა თავის საქმეს და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად უღრანი ტყის გულში.

თამთა დემეტრაშვილი (ევა ლორელაი)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები