ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2022“     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2022


ახალი სიმღერა

ბოლო რამდენიმე დღეა, სულ ვაკვირდები, რომ ლამპიონები შებინდებამდე ინთება. ერთხელ შევამჩნიე და იმის მერე აღარ ვეშვები. მეშინია, გამორჩენის შემთხვევაში რამე გაუთვალისწინებელი და ქაოტური არ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. სანამ მოკლე ღამეებია, სულ ასე ხდება. მზე და ნათურები ცოტახანს ერთდროულად ანათებს. მე კი, ზამთარ-ზაფხულს, წელიწადის სხვა ორ დროშიც სულ მოჭიმული და დაძაბული ვარ. ხან რას მოვიფიქრებ, რომ იმაზე მეთვალყურეობის მოვალეობა დავიკისრო და მეშინოდეს იმ სასჯელისა, რასაც არაკეთილსინდისიერი ქცევა მომიტანს, და ხანაც რას.
დღეს ქარი ამოვარდა და მთელ სოფელში დენი გაითიშა. არასდროს ასე გულით არ გამხარებია, ქვეყნიერება რომ მხეცივით მოთარეშე ქარის გამო ინგრევა. ხმები კი მაშინებს, ისე აბრახუნებს ტანწერწეტა თუთის ხე თავის ტოტებს სახლის სახურავზე, მაგრამ, მთავარია, რომ ლამპიონების დავიწყება შემიძლია. ურტყას თუთამ ამ სახლს, რამდენიც უნდა. გაჭიმვავმდე გაშლილი სილები უთავაზოს, მე არ ვუკრძალავ. ერთი ესკია, რომ ჩამოცვენილი ფოთლების მოგვა მეზარება და ამას რომ ვფიქრობ, გუნება მიფუჭდება.
ის თუთა არ გეგონოთ, ლამის რომ ფანჯარაში შეჰყო თათი. ეგ კარგი თუთა იყო, კალანდაძისა. ჩემი კი ნამდვილი ვირეშმაკაა. ერთხელ ისეთი ნაყოფი ვჭამე, ზედ რომ საზიზღარი გემოს მქონე მწერი ეჯდა და იდენტური ფერის გამო ვერ შევნიშნე. მას შემდეგ შემძულდა შეუქცევადი ზიზღით. ეს კიდევ, გეგონება ბოღმა სჭირდებოდა მოსარწყავად, ზედ მაგის მერე წავიდა და წავიდა სიმაღლეში. აიყარა ტანი და ჩემდა გულის გასახეთქად ახოვანი გახდა.
ახლა ისწავლის ჭკუას. მიდი, ქარო, ეშმაკის ამონასუნთქო გრიგალო, სულ სათითაოდ მიამტვრიე ეგ საძულველი ტოტები, არ დაინდო და წელშიც მოხარე, ერთიანად ამოთხარე და ამოაგდე მიწიდან, ფესვებით ააწიწკნე მშობელ დედამიწას და მოაცილე ჩვენი პლანეტის გათქვირულ, რძით გამოტენილ ძუძუებს ეგ ტუტრუცანა ბავშვი. ხომ უხაროდა გაზრდა, ხომ ამომავსო მაგ საზიზღარმა ბოღმითა და ღვარძლით? ჰოდა, გაზრდილ ბავშვებს რძე აღარ უნდათ. წიწაკა, ჩქარა! ჰე, ქარო, მიდი, სიმწრისგან ააბღავლე ოხერი თუთა და, მე კი, შურისძიებით დამტკბარს, შვება მომგვარე.
წარმოდგენაც კი სიგიჟემდე მახარებს, რეალობა რაღას დამმართებს? ხვალ რომ გავალ და მართლა ქარისგან გაუპ.ატიურებული დამხვდება, აი, ეგ იქნება დიდებული სეირი. უნდა დავდგე და საათზე მეტხანს ვუყურო. კმაყოფილმა და გამარჯვებულის ღიმილით სახეგაბადრულმა უნდა გავბურღო მზერით. იმედიც არ ჰქონდეს, რომ მისხალით მაინც გაეკარება იმის საცოდაობა ჩემს ყინულოვან, გაქვავებულ გულს. სანამ ვმეგობრობდით და თვალი შემიხაროდა მის დანახვაზე, მანამდე ეფიქრა ჩემი თანაგრძნობა რომ დასჭირდებოდა ერთხელაც და ნუ გამაბითურებდა ჭიაღუა დასეული შავბნელი ნაყოფით.
ეუფ, შუქი მოვიდა. რომელი გიჟი გავარდა ამ ქარში სამუშაოდ? ვაი, ლამპიონები... ერთი გახედე, ანთია უკვე. გამომრჩა ვითომ? იქნებადა, რაწამს ისინი აინთო, მეც მაშინ შევხედე? რას გაიგებ. მე ვამბობ, რომ ეგრე იყო. დიახ, ბიბლიაზე ხელის დადება და ალალი გულით, წრფელი სიმართლით დადასტურებაც შემიძლია, რომ ნამდვილად დენის მოსვლისთანავე გავიხედე ლაპმიონების შესამოწმებლად.
ღმერთო, კიდევ კარგი მოვასწარი ნიჩვლიტების გაკეთება. ჰე-ჰე!
- მა, სახლში ხარ? მოვედი უკვე.
ბიჭოს, როგორ გავითიშე, რომ ჩემი კუწუწა გოგოსთვის საჭმლის მომზადება დამავიწყდა?
- სამზარეულოში შედი პირდაპირ და მეც მოვალ მალე.
- კარგი; - ხმა დაღლილი აქვს, ყელი ჩახლეჩილი და, ალბათ, თვალებიც გუშინდელივით მილულული ექნება.
სანამ შევხედავ, უკვე წარმოვიდგენ, რომ ზეზეულად სძინავს და თვალები უბრალოდ უხელია, თითქოს ქუთუთოები სველი სარეცხივით თვალის ბუდეებზე გამოკიდეს გასაშრობად და სამაგრები რომ არა, ძირს ჩამოცვივდებოდნენ. აი, მაშინ კი მართლა დაიძინებდა ჩემი სალო, ჩემი სულ ყველაფერი, იმედიც, მხნეობაც და უპირველესად შიშები. ისღა დამრჩა. საერთოდაც მის კისერზე ვარ ამხელა კაცი და მას რომ რამე მოუვიდეს, რაც არ უდა გულქვა ვიყო და წარბი არ შემერხას მოჭმუხნულ შუბლზე, მართლა აღარაფერი მეშველება.
ზოგჯერ მეფიქრება, მიყვარს თუ არა სალო. ეგოიზმი ხომ არ მაიძულებს მასზე ზრუნვას? გამოვტყდები და, ზუსტი პასუხი არ მაქვს. ამაზე დაჟინებული ფიქრისა მეშინია. იმიტომ, რომ გულიც გამისკდება, რაიმე ამორალური რომ გამოვჩხრიკო. ასაკი მემატება, სიკვდილი ჯერ კიდევ შორსააა, მაგრამ მაინც მინდა, რომ ისე დავიძინო, როგორც კარგმა და სათაყვანებელმა მამიკომ და რომ ვეღარ გავიღვიძებ, სალოს ცრემლები სიყვარულისგან დამდუღრული იკვალავდეს დაგრაგნილ, მრუდე გზებს მის სევდით დაღარულ სახეზე.
- დაიღალე, არა, ჩემო პატარა?
თავს მიქნევს. ლაპარაკის თავიც კი აღარ აქვს.
- დრო გამეპარა, საჭმელი სულ გადამავიწყდა. კვერცხი რომ შეგიწვა, ხომ შეჭამ? - სირცხვილისგან და მორიდებისგან, ვგრძნობ, როგორ მიწითლდება სახე.
ისევ თავს მიქნევს.
მე ერბო კვერცხის მომზადებას ვიწყებ. სალოს გათქვეფილი უყვარს. საწებელთან ერთად. ეზოში ორი უზარმაზარი ტყემალი გვიდგა. სამი დღე ვკრეფდი და საწებელს ვაკეთებდი. რაც მე კურკები ვხეხე, მაგდენი ფიზიკურად არასდროს მიშრომია. არასდროს ვყოფილვარ სიცოცხლით სავსე, ჯან-ღონით გამორჩეული კაცი. ჩემზე იმასაც შიშობდნენ, ამას ცოლად არავინ გამოჰყვებაო, მაგრამ ერთი სიამოვნება იყო, ოცდასამი წლისამ რომ ელა შევირთე და ყველა სახეალანძული დავტოვე.
- ახალი სიმღერა გავჩითე. რომ დავწვებით, მერე ერთად მოვუსმინოთ. - იცით, რა სიყვარულია ეს ბავშვი? გაფრენა შეიძლება.
პატარა ბავშვის გულუბრყვილო სიხარული ატყვევებს ჩემს სხეულს და პარალიზებულს მხდის. მხოლოდ გაბრწყინებულ გუგებში მოხტუნავე ეშმაკუნებით მემჩნევა, რომ ერთი სული მაქვს სალოს დღევანდელი აღმოჩენა გავიზიარო.
მგონი, გადავიფიქრე. აზრი შევიცვალე ლამპიონებთან დაკავშირებით. ახლა მზად ვარ, რომ სიმართლე ვაღიარო. ვერ მოვასწარი, გამომრჩა. არ ვიცოდი, რუტინის დარღვევა ამდენ სიხარულს თუ მომიტანდა, თორემ აქამდეც შემოვუშვებდი ჩემს ცხოვრებაში ამგვარ "ქაოსს".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები