ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა ლორელაი
ჟანრი: საბავშვო
27 სექტემბერი, 2022


უცნაური ამბები ტყეში

                                                    უცნაური ამბები ტყეში
- წავედით?
- წავედით, წავედით... - ახმაურდნენ ბავშვები.
მამამ უკანა ხედვის სარკედან გამოხედა ბავშვებს, გვერდით მჯდომ დედას გადახედა და მანქანა დაძრა. გახარებული ბავშვები ვერ ჩერდებოდნენ. ცხვირი მინისთვის მიეჭყლეტათ და მშობლებს ათას კითხვას უსვამდნენ.
- მალე მივალთ?
- ცოტაც და მივალთ.
- რას ვნახავთ?
- ხეებს, ცხოველებს, ფრინველებს...
- გამოკვლევების დღიურში ჩავწერ მათზე ამბებს. - ბიჭმა დღიური გადაშალა და რიცხვი და თვე დააწერა.
- თავგადასავალი გველის?
- ვნახოთ, ვნახოთ... როცა არ ელი, მაშინ ხდება უცნაური ამბები. - დედამ ეშმაკურად გაუღიმა ბავშვებს.
- ტყეში უცნაური რა უნდა მოხდეს? - ვერ ისვენებდა გოგონა.
- სწორედ ტყეში ხდება იდუმალი და ამოუხსნელი ამბები, შესაძლოა სასწაულის მოწმეც კი გავხდეთ.
დიდი ხნის შემდეგ მანქანამ გზიდან გადაუხვია და ხეებს შორის განაგრძო გზა. რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში, მით მეტად ოღრო-ჩოღრო ხდებოდა გზა, უფრო იბურებოდა ტყე და მეტად სასიამოვნო ჰაერი სცემდათ სახეში.
- მოვედით. - თქვა მამამ და მანქანა გააჩერა. ბავშვები მხიარულად გადმოხტნენ და სირბილს მოჰყვნენ.
გარშემო მაღალი მუხის ხეები იდგა, მუხას რცხილა ენაცვლებოდა, წიფელი, წიფელს-ნაძვი, ნაძვს- ბუჩქები და ბალახები. მოშორებით წყარო მორაკრაკებდა, ტყის სიღრმიდან ფრინველების საამო ხმები ისმოდა.
- ჯერ კარავი გავშალოთ და მერე ვისადილოთ, - მამა თენგოს მიუბრუნდა და მანქანიდან კარავი გადმოიღო. დიდხანს მართავდნენ კარავს მამა-შვილი. ელენემ და დედამ ამასობაში კალათიდან წითელი კუბოკრული სუფრა გადმოიღეს, ბალახზე დააფინეს და გაშლას შეუდგნენ.
- მორჩა, კარავი მზადაა.
- სუფრაც გაშლილია, სწრაფად ხელები დაიბანეთ და მივირთვათ. - დედამ ბავშვებს მიმართა.
- აბა, ონკანი?
- წამოდით, ისეთ ონკანს გიჩვენებთ.- მამამ ბავშვებს გზა წყაროსკენ უჩვენა, დაბანისას ცოტა გაწუწა კიდეც და მალე ყველა ერთად შემოუსხდა სუფრას.
- ეე, მეტკინა! - მოულოდნელად შესძახა თენგომ და თავზე მოისვა ხელი. - შენ იყავი, არა? - პირისპირ მჯდარ დას მუქარით დაუქნია თითი.
- რაა? ეს რა არის? - ახლა ელენემ იტაცა თავზე ხელი და ძმას შეუბღვირა.
- მგონი ვიღაცას თქვენთან თამაში უნდა. - თავში კიდევ ერთხელ მოხვედრილი რკოსკენ მიუთითა დედამ.
ბავშვებმა ერთდროულად აიხედეს ზემოთ. მუხის ტოტზე კუდფუმფულა ციყვი იჯდა, პატარა თათებში რკო ჩაებღუჯა და ანცად ჩამოსცქეროდა ბავშვებს.
- ამ ცუღლუტს დამიხედეთ, - თენგო ფეხზე წამოხტა, ელენემაც ძმას მიბაძა. ბავშვებმა მიწიდან რკო და გირჩი მოაგროვეს და სათითაოდ დაუშინეს ციყვს, მაგრამ აბა რას გახდებოდნენ ყოჩაღ და სწრაფ ციყვთან. კუდფუმფულა ტოტიდან ტოტზე ხტოდა და ადვილად იცილებდა ბავშვების ნასროლს.
მოსაღამოვდა. დაღლილი ბავშვები კოცონს შემოსხდომოდნენ და თვალებს ძლივს ახელდნენ.
- ძილის დროა. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ და საქმეს შევუდგეთ. - მამამ ალერსით გადაუსვა შვილებს თავზე ხელი.
- იცოდე მეც გამაღვიძეთ. - ელენემ დაუბარა მამას და კარავში შევიდა დასაძინებლად.
გვიანი ღამე იყო ელენე ხმაურმა რომ გამოაღვიძა. თითქოს კარვის გარშემო ვიღაცები დარბოდნენ. კარვის კალთას რაღაც გრძელი ჩრდილი ჯერ მოუახლოვდა, მერე კი შრიალით ერთბაშად მოსცილდა.
- თენგო, თენგო გძინავს?
- მმმმ... - თენგომ მხარი იცვალა.
- გაიღვიძე რა, - ელენე ლოგინზე წამოჯდა და ძმას მხარში ჩააფრინდა. - გაიღვიძე, გარეთ ვიღაც არის.
- დაიძინე, გეჩვენება.
- აი, არც ახლა გაიგე? - შემკრთალმა მიაყურადა ხმაურს.
- რა მოუსვენარი ბავშვი ხარ, მაინც გამომაფხიზლე. აი, გავალ და განახებ რომ არავინ არის. - ბიჭმა ბუზღუნით ჩაიცვა შარვალი და ფანარი მოიმარჯვა.
- დამელოდე, - გათამამებული ელენე ძმას უკან მიჰყვა.
ფარნით კარავს გარშემო შემოუარა თენგომ, ბუჩქებშიც შეიხედა, მაგრამ არაფერი იყო.
მოულოდნელად ფეხებში ორი ციყვი გაუძვრა და წყაროსკენ გაიქცა.
- ეს მოუსვენარი კუდფუმფულა იყო არა? - ბავშვები სირბილით მიჰყვნენ ციყვებს.
ციყვებმა წყაროს ჩაურბინეს, მერე მარცხნივ შეუხვიეს, შემდეგ მარჯვნივ, მერე ისევ მარცხნივ, დიდ ლოდს შემოუარეს და ბუჩქებში გაძვრნენ. ბავშვები ბუჩქებთან ჩაიმუხლნენ და ფანარი გამორთეს. ელენემ ტოტები ფრთხილად გადასწია.
- ნახე! - აღტაცება ვერ დამალა გოგონამ.
ბუჩქებს იქით მრგვალი, ტრიალი მინდორი იყო, ირგვლივ ხეებითა და ბუჩქებით გარშემორტყმული.
მინდვრის შუაგულში დიდი სიპი ქვა იდო, ზედ უმწეო ღაბუა ჩიტი მისვენებულიყო და საწყლად სწევდა ფრთას. ქვას გარშემო ცხოველები და ფრინველები შემოხვეოდა. აქ იყო ის კუდფუმფულა ციყვი მოძმეებთან ერთად, ყურცქვიტა კურდღლები, ზღარბები, მაჩვები, შველი, მინდვრის თაგვები, ტოტებზე სხვადასხვა ჯიშის ფრინველები შეფენილიყვნენ. გარემო მათ ჟივილ-ხივილს დაეფარა. ყველა ცხოველი და ფრინველი თავის ენაზე ამბობდა რაღაცას. ერთმანეთს არ აცდიდნენ, თითქოს კამათობდნენ.
- რა შეკრება გაუმართავთ! - აღტაცება ვერ დამალეს ბავშვებმა.
საერთო ჟრიამულს ყველაზე დიდი ყურცქვიტა გამოეყო, ქვაზე შეხტა, გარემოს თვალი მოავლო და მარცხენა თათი მძლავრად დაატყაპუნა. ყველა გაჩუმდა. კმაყოფილმა კურდღელმა ცალი ყური აწკიპა:
- მომისმინეთ, ღაბუას დახმარება სჭირდება, დრო არ ითმენს, უნდა დავეხმაროთ. - შემდეგ მაყვლის ბუჩქზე შემოსკუპებულ სხვა ღაბუებს რაღაც გადაულაპარაკა, კუდფუმფულა ტყის სიღრმისკენ გაახედა, შველსაც რაღაც უთხრა და გაჩუმდა. ღაბუები აფრინდნენ, კუდფუმფულა ბალახებში გაძვრა და სანახევროდ გამხმარ ხეზე აძვრა, შველი წყაროსკენ გახტა.
- ესენი რა ადამიანების ენაზე ლაპარაკობენ?
- არ ვიცი. - დაბნეულად უპასუხა დას თენგომ. - იქნებ რამე ჯადოქრობაა და ჩვენ გვესმის მათი ენა?!
მალე ღაბუები მოფრინდნენ, ნისკარტით მცენარე მოიტანეს, კურდღელს ფეხებთან დაუდეს და ისევ მაყვალს მიაშურეს. ასე მოიქცა კუდფუმფულაც, ხის ფუღუროდან მოტანილი ნაფქვავი დაუყარა. შველმა ღაბუა ჩიტს პირით ფრთაზე წყალი დაასხა და განზე დადგა.
- უნდა უმკურნალონ!
კურდღელმა ზღარბს რამდენიმე ეკლის გამოძრობა სთხოვა, შემდეგ ეკლებით ბუმბული ფრთხილად გადაუწია, ხის ნაფქვავი დააყარა, ხის ჩხირი დაადო ფრთაზე, მცენარეებით გადაუხვია და კმაყოფილმა გაიბერტყა თათები. ცხოველები ისევ აჟრიამულდნენ. მაყვლიდან ღაბუები ჩამოფრინდნენ, ნისკარტები ამოსდეს ფრთებქვეშ დაშავებულ ღაბუას და ბუდისაკენ გაფრინდნენ. მალე კრებაც დაიშალა, ყველა სახლისკენ გაეშურა.
- თაბაშირი დაადეს, არა? - უკან მობრუნებული ელენე ენას არ აჩერებდა.
- ნამდვილად უმკურნალეს? იქნებ სიზმარი იყო?!
- დაიძინე, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, - საბანი ამოიკეცა თენგომ და თავი ძილს მისცა.
- როგორ იქნებოდა ეს სიზმარი? არა... სიზმარი არ იქნ... - ელენესაც მიელულა თვალები.
მზე ნელ-ნელა იწვერებოდა ნაძვებს შორის. ახალი დღე ახალ თავგადასავალს უმზადებდა ტყის ბინადრებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები