| ავტორი: ტინნე ჟანრი: პროზა 1 ოქტომბერი, 2022 |
2008 წელია. გაგანია ზაფხული. ისე ცხელა ხანდახან სუნთქვა მავიწყდება. ამ ჩვენს ბლოკპოსტს შიგადაშიგ კი დაუვლის ხოლმე ნიავი, მაგრამ აბა ეგ რა შეღავათია?! იწვის ქვეყანა. ბიტვნის კედლებიან ოთახში ღრიანცელია. შეზარხოშებული ჯარისკაცები მაგიდას მისჯდომიან და კარტი გაუშლიათ. ისე ხმაურობენ, მგონი ერთმანეთის საერთოდ არ ესმით, მთავარია ილაპარაკონ, ყველამ რაღაც თქვას და თუ არც არავინ მოისმენს, რა უჭირს?! წვიმისგან გატურტლულ ფანჯარასთან ხის სკამი მაქვს მიდგმული და წიგნის წაკითხვას ვცდილობ. სწორი სიტყვაა, ვცდილობ. რადგან ამ ხმაურში, ამოკითხული წინადადებების შინაარსი კი არა, საკუთარი ფიქრებიც კი არ მესმის. ღრმად ჩავისუნთქე და წამოვდექი, აზრი არ აქვს აქ ჯდომას, უფრო მეშლება ნერვები. მაგიდასთან ჩავლისას ჩემი უმცროსი ძმის ხმა მეწევა, სათამაშოდ მიწვევს. ნეტავ სად მაქვს ამათი თავი, არაფერს ვპასუხობ და უთქმელად გავდივარ მეორე ოთახში. წიგნი ბალიშის ქვემოთ ამოვდე და საწოლზე ჩამოვჯექი. გამოსავალს ვერ ვხედავ, ალბათ არც არსებობს ამ სიტუაციაში. მთელი ცხოვრება სამხედრო სამსახურს მივუძღვენი. სხვა არჩევანი არც მქონდა. მიუხედავად გაგანია კორუფციისა რუსეთში, აბა, ფული, შეძლებული ნათესაობა ანდა ნაცნობობა მე არ მყოლია რომ სხვა, უკეთესი სამსახური მეშოვნა. მართალია, ტომრების მტვირთავის ან შავი მუშის ადგილის პოვნას დიდი ნაცნობობა არ სჭირდება, მაგრამ რაიმე სტაბილური მინდოდა. ამასთან, ვარჯიში და დისციპლინა პატარაობიდან მომდევდა, ჰოდა, კარგად რომ დავფიქრდი, ჯარი სწორედაც რომ ჩემი შესაფერისი სამსახური იყო. ბევრი აღარ მიფიქრია და წავედი. რადგანაც თითქმის მუდმივი გრაფიკი მქონდა, უმცროს ძმას ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი, ამიტომ რამდენიმე წლით ობოლ ბავშვთა თავშესაფარში მივაბარე. ხოლო, შემდეგ როდესაც ცოტა ფულს თავი მოვუყარე და სამსახურშიც პოზიცია შედარებით გავიმყარე, ბინა ვიქირავე, ძმა იქიდან წამოვიყვანე და ცხოვრება ერთად დავიწყეთ. დღემდე ვერ ამიხსნია, რამ იმოქმედა მასზე ასე ძალიან, ობლობამ თუ ჩემს მიერ თავშესაფარში მიბარებამ. ერთი რამ კი ცხადია, იქიდან სრულიად სხვა ადამიანი წამოვიყვანე. მის გარშემო არსებული ყველაფრის ნგრევის დაუოკებელმა სურვილმა, ცოტა არ იყოს და შემაშინა. ვეღარ ვაკონტროლებდი. ამიტომ როცა მობილიზაცია გამოცხადდა და თავი კავკასიაში მიკრეს, მთელი ჩემი არსებული რესურსი და გავლენა გამოვიყენე, რომ ისიც ჩემთან მომეხვედრებინა. თანაც უკვე ჯარის ასაკი ჰქონდა და სხვაგან ყოფნას, ჩემს თვალწინ მყოლოდა, ვამჯობინე. მისი აგრესია და მანიაკალური გამოვლინებები სერიოზულ თავის ტკივილად მექცა. მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნა მიწევდა, რომ თვალთახედვის არედან არ გამეშვა და მისი ფანტაზიისთვის გასაქანი არ მიმეცა. ფიქრებიდან გარედან შემოსულმა ხმაურმა გამომიყვანა. ქალის კივილი ისმოდა. ხმა იმდენად განწირული იყო, რომ გვერდით ოთახში ღრიანცელიც კი ჩაახშო. წამოვხტი თუ არა, სკამების უკან გაჩოჩების ხმაც გავიგე. ჯარისკაცებიც წამოშლილიყვნენ. გარეთ გავვარდი და ხმის მიმართულებით გავექანე. რამდენიმე ასეულ მეტრში დასახლებული ტერიტორია იწყებოდა, ქართველების. ჩვენსა და მათ შორის, ჯერჯერობით უხმო აგრესია, თანდათან პიკს აღწევდა. ვგრძნობდი, მოსახდენი მოხდებოდა... ვერ გავიგე, ისე გავიქროლე რამდენიმე სახლი. უკან მძიმე ჩექმების ხმა მომდევდა, ჩემივე ნაწილის რიგითები მომდევდნენ. არ გავჩერებულვარ, ისე შევვარდი ერთერთ ეზოში. მუდარა შენობიდან ისმოდა. შესასვლელ კართან ატუზული ორი გოგონა ერთმანეთს ჩაჰკრობოდა, თვალებიდან მდუღარე ცრემლს ჰყრიდნენ და შეშინებულებს შიგნით შესვლა ვერ გაებედათ. სახლში შევვარდი და ხმას მივყევი. უკანა ოთახიდან ისმოდა. კარში შესული ელდამ იქვე გამაშეშა. იატაკზე დავარდნილ ქალს, ზემოდან კაცი გადასჯდომოდა და სახეში გამეტებით ურტყამდა. ფაქტმა იმდენად არ დამზაფრა, რამდენადაც მოქნეული მუშტების დაუნდობლობამ. ასე მოსისხლე მტერს არ გაიმეტებდა ადამიანი, არათუ საკუთარი შვილების დედას. მათი ოჯახური კონფლიქტი არც ჩემთვის იყო უცხო, თუმცა აქამდე საქმე არასოდეს მისულა. ქალი გავეშებული ქმრის დაშოშმინებას როგორღაც ყოველთვის ახერხებდა, მაგრამ ამჯერად მისმა მუდარამ ყველაფერი ცხადყო. გალეშილი კაცი ნადირს დამსგავსებოდა და სხვისი ჩარევის გარეშე აღარაფერი მოგვარდებოდა. გონზე მოსულმა, მოძალადეს ხელი ქეჩოში ჩავავლე და ფეხზე წამომდგარი უკან მოვისროლე. მისკენ აღარ გამიხედავს, მაშინვე ქალის დახმარება ვცადე. ქარში აცახცახებული ფოთოლივით სხეული სკამთან მივიყვანე და დავსვი. ერთი კი ამომხედა და ამ ამოხედვამ გულმუცელი ერთიანად ამომიტრიალა. ცრემლით გადღაბნილ და აციმციმებულ, გიშერივით შავ თვალებში ისეთი განუზომელი ტკივილი ედგა, რომ წამიერად ისიც კი დამავიწყდა, სად და რატომ ვიყავი. ჰიპნოზიდან, ზურგს უკან, შეშფოთებულმა შეძახილმა გამომიყვანა. ხმის მიმართულებით შევბრუნდი და ჩემი ჯარისკაცები დავინახე. იატაკზე გაშოტილ კაცს, გაოგნებული გამომეტყველებით თავზე დასდგომოდნენ. ქალს თავი მივანებე და ნაბიჯი მათკენ გადავდგი. დიდი გარჯა არ დამჭირვებია იმის გამოსარკვევად, რომ მოძალადე მკვდარი იყო. ჩემს მიერ მოქნეულს, საფეთქელი დაბალი სკამისთვის ჩამოერტყა და მაშინვე გათავებულიყო. იმ საბედისწერო დღიდან დაიწყო ჩემი წინ და უკან ტარება. ვატყობდი, ერთი ლოთი და მოძალადე ქართველის გამო ციხეში გამოკეტვას არავინ მიპირებდა, თუმცა არც მკვლელზე თავის ასე უბრალოდ დანებება იქნებოდა. ბოლო პერიოდში, მხარეებს შორის სიტუაცია ძალიან დაძაბულიყო და ვიცოდი, მალე ჩემთვის აღარავის ეცლებოდა. ომი კარზე გვიკაკუნებდა... მდგომარეობა იმუხტებოდა და განმუხტვას საჭიროებდა. მე კი ამ დროს, სულაც რომ ერთიანად გაჟუჟულიყო მთელი რუსეთი, თვალწინ დამდგარი შავი თვალების გარდა აღარაფერზე მეფიქრებოდა. არც მანამდე მეხატებოდა გულზე არსებული პოლიტიკური მიმართულება და ახლა მითუმეტეს, თავს ძლივს ვიკავებდი. ერთადერთი ფიქრიღა მიტრიალებდა გონებაში, აქაურობისგან რაც შეიძლება შორს გამერიდებინა თამთა და მისი შვილები. რამდენჯერმე, ყველასგან მალულად მის სახლს მივადექი. დახმარება და უსაფრთხო ადგილას გაყვანა შევთავაზე. ხელი არ უკრავს, ქმრის მკვლელი უკან არ გამოვუგდივარ, თუმცა არც ჩემს წინადადებას დასთანხმებია. გულის კუნჭულში მაინც ვიტოვებდი სულელურ იმედს, რომ მალე ყველაფერი დალაგდებოდა, თამთა ჩადენილს მაპატიებდა და მასთან ახლოს ყოფნის საშუალებას მომცემდა. ამას როგორ მოვახერხებდი ერთი რუსი ჯარიკაცი, მის ავად განწყობილ სამშობლოში, ამაზე ფიქრს თავს ვარიდებდი. თამთას კი, ვიცოდი, საქართველოს გარდა სხვაგან არსად მოუნდებოდა ცხოვრება. ამაზე ჯერ მარტო ის მეტყველებდა რომ საშიშროების მიუხედავად, თავისი ქართული სოფლის მიტოვებას არ აპირებდა. მასში ყველაზე მეტად ეს მაოცებდა. დედობრივ გრძნობას, პატრიოტიზმი სჯაბნიდა.. აგვისტოს ის ავბედითი დღე თენდებოდა. ოსური დასახლებების მხრიდან დაწყებულმა, პროვოკაციულმა სროლებმა გარემო გამოაღვიძა. ალაგალაგ აფეთქებამ მიწა შეაზანზარა. მოსული ბრძანება მეტისმეტად გასაგები აღმოჩნდა, ჯოჯოხეთი მალე დაიწყებოდა. ავტომატი არც გამხსენებია, კარს ვეცი. თამთა უნდა გამეყვანა. ერთმანეთს მის ეზოსთან გადავაწყდით. ხელი უმცროსი შვილისთვის ჩაევლო და შიშისგან გაფართოვებულ თვალებს, ირგვლივ უმწეოდ ატარებდა. აფეთქების ხმის გაგონებისას თავისი სიჯიუტისთვის ეღალატა და მეორე, 16 წლის ქალიშვილი მამის მანქანის მოსაყვანად გარეთ გამოეგზავნა. გოგონა რომ აღარ გამოჩნდა, მის საძებნელად გამოსულიყო. ვიცოდი, სანამ შვილს არ იპოვიდა, მანამდე აქედან წასვლაზე რაიმეს თქმა სისულელე იქნებოდა და დასახმარებლად გავყევი. სახლი და ეზო-კარმიდამო მთლიანად გადავჩხრიკეთ. ბავშვი თითქოს მიწას ჩაეყლაპა, არსად ჩანდა. მანქანაც ხელუხლებელი ეყენა. სროლის ხმების გათვალისწინებით, ის თავისი ნებით შორს წამსვლელი არ იქნებოდა და ავმა წინათგრძნობამ შემიპყრო. თამთა მეორე შვილს, ხელს წამითაც არ უშვებდა და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. უსუსური და შეშინებული უკან უთქმელად დამდევდა და ვატყობდი, ჩემი იმედიღა დარჩენოდა. თითქმის დაცლილ უბანს გავცდით და ოღროჩოღრო შარას გავუყევით. სწრაფად მივდიოდით. ყოველწამს თავზე ნაღმის დაცემას ველოდი და ყურადღებას არ ვადუნებდი. შარა დამთავრდა, ტყეში შევდიოდით. თამთა დაზაფრული იყურებოდა გარშემო და აქამდე მიუკარებელს, ამჯერად ჩემთვის ხელი მაგრად ჩაევლო. მისი კანის ასე ახლოს შეგრძნებამ, ენითაუწერელი სიამოვნების ჟრუანტელი მომგვარა. ისეთი, ცხოვრებაში ერთადერთხელ რომ განიცდის ადამიანი, ნამდვილი სიყვარულის პოვნისას. დედის შემხედვარე პატარა ნატოც გულამოსკვნილი ტიროდა. სროლების მიუხედავად, ტყის სიღრმიდან ხმაური მომესმა. იქით გავიწიე. სამხედრო სამსახურში წლობით გამომუშავებულმა ალღომ განგაში ატეხა, გულის სიღრმეში ალბათ მაშინვე მივხვდი რასაც წავაწყდებოდით. თამთას დაცვა ვცადე და ადგილზე დარჩენა კი არ ვთხოვე, ვუბრძანე. გაოგნებული სახით შედგა, არ შემწინააღმდეგებია. ხმაურისკენ მარტო წავედი, ფეხები უკან მრჩებოდა. ზურგიდანვე ვიცანი ჩემი ჯარისკაცები. რაღაცის ირგვლივ მოეყარათ თავი და ვიღაცას შეძახილებით ამხნევებდნენ. ყურადღება სანახაობისკენ ისე მიემართათ, რომ არც აფეთქებისა და სროლის ხმა ესმოდათ და არც ჩემი მიახლოება გაუგიათ. ორი მათგანი ხელებით განზე გავწიე და ალბათ ყველაზე საშინელი რამ დავინახე, რაც ომის დროს შეიძლებოდა დამენახა. თამთას ულამაზესი გოგონა, ტანსაცმელშემოხეული და მთლიანად სისხლში ამოსვრილი, მიწაზე უძრავად ეგდო. გახელილ თვალებში, სრული სიცარიელე და ჭკუიდან გადამდგარი ადამიანის გამომეტყველება ედგა. მის ფეხებთან საკუთარი ძმის დანახვამ ისეთი შოკი მომაყენა, რომ დავბარბაცდი. ის კი, სახეზე ირონიული ღიმილით იკრავდა ქამარს და სხვას მოუწოდებდა გაეგრძელებინა დაწყებული. თვალწინ მისმა ბავშვობამ გამირბინა, ის ხომ მე გავზარდე. ჩემი მტკიცე რწმენით კი, აღზრდილების ჩადენილზე პასუხისმგებლობა აღმზრდელებს ეკისრებათ. ზურგსუკან გაგონილმა, დედის არაადამიანურმა ღმუილმა ის უკანასკნელი ძალაც გამომაცალა, რაც ამ წამამდე ფეხზე მაკავებდა. მარჯვენამ თავისით მოძებნა საქამრეში პისტოლეტი. დაბნელდა...
დასასრული
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც არ გეთანხმებით. მანქანა შესაძლოა ახლოს ყოფილიყო, მისი მართვა ქალს არ სცოდნოდა ან უამრავი სხვა მიზეზი შეიძლება წარმოიდგინოს მკითხველმა. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ხდება. მეორეც, ჩემი 16 შვილი მშვენივრად მართავს მანქანას. მორალის კითხვა აზრადაც არ მომსვლია. თავად შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, რომლებიც ადამიანის რაობას აღზრდას აბრალებენ. თავად ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. გამზრდელის მნიშვნელობაზე საუბარი კი, ასეთ მცირე მოცულობის მოთხრობაში, იმაზე მეტად ვიდრე არის, ზედმეტად მიმაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა დროს რომ მითმობთ, მე თავად ვითხოვ ხოლმე აზრის გამოხატვას თქვენგან. მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც არ გეთანხმებით. მანქანა შესაძლოა ახლოს ყოფილიყო, მისი მართვა ქალს არ სცოდნოდა ან უამრავი სხვა მიზეზი შეიძლება წარმოიდგინოს მკითხველმა. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ხდება. მეორეც, ჩემი 16 შვილი მშვენივრად მართავს მანქანას. მორალის კითხვა აზრადაც არ მომსვლია. თავად შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, რომლებიც ადამიანის რაობას აღზრდას აბრალებენ. თავად ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. გამზრდელის მნიშვნელობაზე საუბარი კი, ასეთ მცირე მოცულობის მოთხრობაში, იმაზე მეტად ვიდრე არის, ზედმეტად მიმაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა დროს რომ მითმობთ, მე თავად ვითხოვ ხოლმე აზრის გამოხატვას თქვენგან.
6. აქ სათაური მხოლოდ მოთხრობის ბოლო აბზაცში აისახება და ისიც ძალიან მცირე, მოკლე გააზრებით და არგუმენტების სიმცირით აისახება. დაუჯერებელია ისიც რომ დედამ 16 წლის გოგო მამის მანქანის მოსაყვანად გაგზავნა აფეთქების გაგონების შემდეგ?!
" ჩემი მტკიცე რწმენით კი, აღზრდილების ჩადენილზე პასუხისმგებლობა აღმზრდელებს ეკისრებათ." ეს ფრაზა მორალის წაკითხვად მიმაჩნია და არა ფაქტის აღიარების. მე არ ვარ მწერალი ამიტომ სათაურს ვერ შეგთავაზებდი. .ხომ იცი სხვა სხვის ომში ბრძენიაო-ისეა ჩემი საქმეც არა?! წარმატებას გისურვებ !
აქ სათაური მხოლოდ მოთხრობის ბოლო აბზაცში აისახება და ისიც ძალიან მცირე, მოკლე გააზრებით და არგუმენტების სიმცირით აისახება. დაუჯერებელია ისიც რომ დედამ 16 წლის გოგო მამის მანქანის მოსაყვანად გაგზავნა აფეთქების გაგონების შემდეგ?!
" ჩემი მტკიცე რწმენით კი, აღზრდილების ჩადენილზე პასუხისმგებლობა აღმზრდელებს ეკისრებათ." ეს ფრაზა მორალის წაკითხვად მიმაჩნია და არა ფაქტის აღიარების. მე არ ვარ მწერალი ამიტომ სათაურს ვერ შეგთავაზებდი. .ხომ იცი სხვა სხვის ომში ბრძენიაო-ისეა ჩემი საქმეც არა?! წარმატებას გისურვებ !
5. დიდი მადლობა მანანა, მუხა. შენიშვნამიღებული მონაკვეთი ჩავასწორე, იმედი მაქვს კითხვას აღარ ბადებს. სათაურის თქვენეული ვერსია, მუხა, საინტერესო იქნებოდა.. მე, მაგალითად, ამ მოთხრობისთვის, არსებულის გარდა, სხვას ვერ ვხედავ. დიდი მადლობა მანანა, მუხა. შენიშვნამიღებული მონაკვეთი ჩავასწორე, იმედი მაქვს კითხვას აღარ ბადებს. სათაურის თქვენეული ვერსია, მუხა, საინტერესო იქნებოდა.. მე, მაგალითად, ამ მოთხრობისთვის, არსებულის გარდა, სხვას ვერ ვხედავ.
4. ძალიან საინტერესო პროზაა თავის კომენტარებიანად, მე მაგალითად სათაურს შევცვლიდი. ძალიან საინტერესო პროზაა თავის კომენტარებიანად, მე მაგალითად სათაურს შევცვლიდი.
3. ნიკის შენიშვნებს მეც ვიზიარებ. მონათხრობი შემზარავი და საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას 5 ნიკის შენიშვნებს მეც ვიზიარებ. მონათხრობი შემზარავი და საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას 5
2. მადლობა დიდი ნიკი. რაც შეეხება მაკვარანცხობას, კიი ნამდვილად ასეთია და მგონი ჩანს კიდეც. ხოლო საგანგაშო სიტუაციას.. მოგეხსენებათ მოთხრობაში 2008 წლის აგვისტოა და რადგანაც უახლესი ისტორია გვეუბნება რომ ომი პირდაპირ 8 აგვისტოს არ დაწყებულა და მანამდეც ისმოდა სროლები, სწორედ ეგ წინა პერიოდი ვიგულისხმე. ანუ, კიდევ ერთხელ მადლობა შენიშვნისთვის. დავფიქრდები თუ როგორ შეიძლება ჩასწორდეს ეგ მონაკვეთი, რომ სიტუაცია უკეთ გამოიხატოს და აღარ გაჩნდეს კითხვები ))) მადლობა დიდი ნიკი. რაც შეეხება მაკვარანცხობას, კიი ნამდვილად ასეთია და მგონი ჩანს კიდეც. ხოლო საგანგაშო სიტუაციას.. მოგეხსენებათ მოთხრობაში 2008 წლის აგვისტოა და რადგანაც უახლესი ისტორია გვეუბნება რომ ომი პირდაპირ 8 აგვისტოს არ დაწყებულა და მანამდეც ისმოდა სროლები, სწორედ ეგ წინა პერიოდი ვიგულისხმე. ანუ, კიდევ ერთხელ მადლობა შენიშვნისთვის. დავფიქრდები თუ როგორ შეიძლება ჩასწორდეს ეგ მონაკვეთი, რომ სიტუაცია უკეთ გამოიხატოს და აღარ გაჩნდეს კითხვები )))
1. წავიკითხე, მომეწონა და განვიცადე ერთადერთი რაც მაფერხებს ამ მოთხრობაში არის ის, რომ ეს ამბავი ხდება განგაშის დროს რაკიღა “სრულმა მობილიზაციამ ფეხზე წამოგვყარა.“ და “ალაგალაგ აფეთქებამ გარემო შეაზანზარა“
უბრალოდ ასეთი რამის დრო არ ექნებოდათ ჯარისკაცებს განგაშისას თუ ვიღაც მაკვარანცხი იყო ძალიან და დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდა ეს, შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ამისი შანსი მიზერულია ჩემი აზრით
სხვა მხრივ კი გამზრდელის ( ან ვერგამზრდელის ) თემაა და კარგად ნაწერია
5 დავწერე წარმატებები და ავსტრალიას ველით :) წავიკითხე, მომეწონა და განვიცადე ერთადერთი რაც მაფერხებს ამ მოთხრობაში არის ის, რომ ეს ამბავი ხდება განგაშის დროს რაკიღა “სრულმა მობილიზაციამ ფეხზე წამოგვყარა.“ და “ალაგალაგ აფეთქებამ გარემო შეაზანზარა“
უბრალოდ ასეთი რამის დრო არ ექნებოდათ ჯარისკაცებს განგაშისას თუ ვიღაც მაკვარანცხი იყო ძალიან და დიდი ხნის დაგეგმილი ჰქონდა ეს, შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ამისი შანსი მიზერულია ჩემი აზრით
სხვა მხრივ კი გამზრდელის ( ან ვერგამზრდელის ) თემაა და კარგად ნაწერია
5 დავწერე წარმატებები და ავსტრალიას ველით :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|