ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
9 ოქტომბერი, 2022


ლურჯი ჟაკეტი

#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი

ლურჯი ჟაკეტი

    ამერიკაში გოგო ბოიფრენდს რომ დაშორდება… ყოველ შემთხვევაში მის იმ ნაწილში, რომელსაც მე მივეკუთვნები, წესია, ,,ქაუნსილინგი” უნდა ჩაუტარდეს, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
 
  ხანდახან რამე ისე რომ ვერ გამომდის, აქაურობას რომ შეეფერება, (რა ხანდახან, ხშირად), ვეუბნები ახლობლებს, მე იცით, რა ცხოვრებიდან მოვდივარ? ათი წელი შუქი და გათბობა არ გვქონდა და პურის საშოვნელად რომ მივდიოდით, ქუჩაში ვიღაცეები ერთმანეთს ესროდნენ და ეს ისე ჩვეულებრივი ამბავი იყო, ისე გვჯეროდა, რომ ტყვია ჩვენ არ მოგვხვდებოდა, არა თუ სამალავს არ ვეძებდით, სიარულის ტემპსაც არ ვცვლიდით- მეთქი (და რამდენი შეეწირა ალალბედზე ნასროლ ტყვიას!)
    არავითარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი ჩვენ არ ჩაგვტარებია, მთელი მილიონიანი ქალაქი, მთელი ოთხმილიონიანი ქვეყანა ასეა და თქვენ ეტიკეტის დაცვაში თუ რამე შემეშალა, დიდი ამბავი გგონიათ-მეთქი.
  დაუჯერებლად ეჩვენებათ.
    მაინც რა იყო!
    თუ ვინმე ორ სკამს ფეხებს გადააჭრიდა,  ,,გადაკრასკვით” გააახლებდა და  საკუთარი ბინის კედელზეც  გარედან ერთ ყვავილს მიახატავდა, ეს იყო კერძო ბაღი ,,ვუნდერკინდი”,  სამჯერადი კვებითა და უცხო ენის შესწავლით.
  თუ ვინმე, თავადაც ნახევრადსმენიანი, ორ ცოტა ჯიბისფულიანი ოჯახის ნახევრადსმენიან ბავშვს დაიჭერდა, მშობლებს დააჯერებდა, უნიჭიერესიაო, ეს იქნებოდა მუსიკალური სტუდია ,,ელიტა”.
საშოვარზე გასული მშობლები განა ვერაფერს ხედავდნენ და ხვდებოდნენ, მაგრამ რა ვქნათ, არა გვცალია და მთელი დღე  ბავშვების უპატრონოდ
    დაყრას,  ისევ გვირჩევნია, ვიცოდეთ, რომ ბავშვი ვიღაცასთანაა, თუნდაც ცივ შენობაში და სანთლის შუქზეო.
    ვინმე თუ სარდაფს გამოასუფთავებდა და საიდანღაც დათრეულ ორ მაგიდას დადგამდა, ნავთზე მომუშავე ყავის მოსადუღებელს იშოვიდა, იქვე სამეზობლოში, ვინ იცის, რა ჰიგიენურ პირობებში მოთუთხნულ ნამცხვრებს შეიტანდა გასაყიდად და თუ ფანჯარასაც გამოჭრიდა, რომ გამვლელებიც კლიენტებად ჰყოლოდა, ეს იქნებოდა კაფე ,,პრესტიჟი”.
  ნახევრადელიტარულ სკოლაში , ,,ფეჩში” შესაკეთებლად ბავშვებს,  მგონი კვირაში ერთხელ, იღლიით ერთი ნაჭერი შეშა უნდა მიეტანათ, ზოგან - ორჯერაც სთხოვნენ, მასწავლებელიც ხომ ადამიანია, მასაც ჰყავდა ოჯახი და მის ოჯახსაც უნდოდა ცოტა გათბობა!
  პარიკმახერები - სტილისტ-ვიზაჟისტები ხდებოდნენ;
მკითხავ- მარჩიელნი - ექსტრასენსები და თეთრი მაგიის წარმომადგენლები…
  ვინმე გადამგდები აფერისტი, ამერიკულად ,, კონ არტისტი” რომ ეწოდება, სადმე,  მეორადში ცოტა შესახედ ტანსაცმელს თუ იშოვიდა, ხელში ,,პაპკას” დაიჭერდა და “ბროკერი” ერქვა.
მაგრამ ყველანი მილიონერები ვიყავით!
კი იყო ეს მილიონები სულ კუპონებში,
მაგრამ მილიონი -  მაინც მილიონია!
  დოლარები ცალკე ბრუნავდა.
    უფრო მოხერხებულები ვალს შენგან კუპონით იღებდნენ, სასწრაფოდ დოლარს ყიდულობდნენ, კუპონი ხომ უფასურდებოდა და უფასურდებოდა, არა?
იმ დოლარის  მცირე ნაწილით ისევ კუპონს იყიდდნენ და ვალს პატიოსნად გაგისტუმრებდნენ.

ყველას ყველასი პროცენტიანი ვალი ჰქონდა. არსებობდა  ასეთი მოვლენა - “გადაპროცენტება”…
რას ნიშნავდა?!
    ვინმე ვიღაცისკენ მაგალითად, აიღებდა ვალს თვეში ხუთ პროცენტად და იშოვიდა ვინმეს, ვისაც ოც პროცენტად ასესხებდა, ის ოცპროცენტიანი - ვინმე ორმოცდაათ პროცენტიანს აძლევდა. ის - სამოცდაათპროცენტიანს, ასპროცენტიანებიც იყვნენ.
პირველი თვის პროცენტს, ზოგჯერ მეორისასაც კი შენივე მიცემული ფულით , იქვე გადაგიხდიდნენ და მერე  კარგად იყავი!
  რასაკვირველია, ბოლო მსესხებელი თავის ქვევითას გადააგდებდა, ის - თავის ქვევითას და ასე, პირამიდულად, ძირამდე და ყველა ყველასთან მართალი და მსხვერპლი იყო.
    ოქროს ფორმულა ,, როცა მექნება, გადაგიხდი!”
    “ჩაბრუნება” გახსოვთ?
    ახლადგამოჩეკილი ბანკები ხალხს  ვითომ მაღალ პროცენტად ფულს რომ შეატანინებდნენ, ერთი თვის მერე გამოსატანად მისულებს ურჩევდნენ, ეს გაორმაგებული თანხა გაგიოთხმაგდება, თუ ერთი თვით ისევ დატოვებო და შემდეგ თვეში  - სადღაა, ფაფუ ბანკი!
  და არავინ არაფრის გამო არ დასჯილა, უფრო პირიქით!
    და ყოველივე ამისი მხილველ- განმცდელი მე  ან სხვა ნორმალური უნდა ვიყოთ!
    ეს კი მხოლოდ ზღვაში წვეთია.
    ერთ ანეკდოტსაც გაგახსენებთ და წავედი!
    პატარა ბავშვმა  უდროო დროს დედ-მამის საძინებელში შეიჭყიტა:
  - და ესენი მე ცხვირში თითის შეყოფას მიშლიანო!
    ესეც ჩემი ფინჯანი ყავა!

P.S
და კიდევ  “პალიტრა” - უფასო განცხადებების  გაზეთიდან:

    “ოშმ (ანუ ოჯახის შექმნის მიზნით -  ნ.დ)
საშუალო ასაკის, ქალაქიც ცენტრში პრესტიჟული სამსახურის მქონე სიმპათიური, პატიოსანი ქალბატონი
გაიცნობს
საშუალო ასაკის მამაკაცს, ბინით,  ავტომობილით, რეგულარული შემოსავლით უზრუნველყოფილს, სასურველია, ჰქონდეს
პატარა აგარაკი ან მიწის ნაკვეთი თბილისის შემოგარენში საოჯახო ბოსტნეულისა თუ სხვა პროდუქტების მოყვანის მიზნით და ჰპირდება ერთგულებასა და  უზღვავ სიყვარულს.
    დაბლები, მსუქნები, მელოტები და უსაქმურები ნუ გამომეხმაურებით.
      შეხვედრის ადგილი: მეტრო რუსთაველის ფულის გადასახურდავებელ ჯიხურთან, შაბათობით, ხუთიდან შვიდამდე.
მეცმება ლურჯი ჟაკეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები