ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კი-პრი
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2022


ცეცხლში გახვეული ფიქრები (ნაწილი 2)

ნაწილი 2
სატვირთო მანქანის ძარაზე ასულ ბაჩუკის თვალები მიელულა. დაღლილობამ თავისი გაიტანა. როგორც ცხადში, ისე გაირბინა მის თვალებში სახლის ეზომ. მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დილას ისე ადრე ადგა, მამალსაც არ ქონდა ნაყივლები. სახლის კარები ჩუმად გაიხურა და ეგონა ეზოსაც ასევე გაივლიდა. ჭიშკართან მისულს მამის ჩაღიღინება მოესმა. გლეხკაცს საქონელი გამოეშვა და ეზოს ასუფთავებდა. ბაჩუკიმ მიიხედა, მამას თვალი თვალში გაუყარა. კაცმა შვილს გაუღიმა და თვალი ოდნავ ჩაუკრა.
ნონას ფანჯარასთან მისვლა ადვილი არ იყო, მაგრამ ბაჩუკის იმდენჯერ ქონდა ეს გზა გავლილი, ახლაც თვალდახუჭული გაივლიდა. ავი გოშია სტუმარს კუდის ქიცინით შეეგება და თვითონვე მიაცილა ფანჯრამდე. ბიჭმა ხელი კედლის ნაპრალს წაავლო და ერთი ნახტომით ოთახში გაჩნდა. ნონას ტკბილად ეძინა. ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და შუბლზე ჩამოვარდნილ კულულს ამოსუნთქული ჰაერი არხევდა.
ბაჩუკიმ ვერ მოითმინა. კულული უკან გადაუწია და ტუჩებით შუბლზე შეეხო. ნონამ თვალები აახამხამა. წამწამები ერთმანეთს დააშორა. ბიჭს შეხედა და მხარი იცვალა.
-ნონა, აქ ვარ. გაიღვიძე რაა - ჩაუჩურჩულა ბაჩუკიმ გოგონას და თმაზე წაეთამაშა.
გოგონა შეირხა. თვალები ჯერ ოდნავ გაახილა. მერე უცებ გამოფხიზლდა და საწოლზე წამოჯდა.
-აქ რას აკეთებ? - ჩაიჩურჩულა ჩახლეჩილი ხმით.
-დღეს შენებთან გოგი ძია მოვა და ჩვენი ნიშნობის დღეს შეათანხმებს. მეორე დღეს კი სოხუმში მივდივართ მე და შენ. ახლავე მოემზადე.
-გაგიჟდება მამაჩემი - თვალებში შიში ჩაუდგა გოგოს.
-მამაშენი ათი წელია გიჟდება ჩემს დანახვაზე. გახსოვს თოფი რომ გამოიტანა და მოკვლას მიპირებდა 13 წლის ბიჭს? - გაეცინა ბაჩუკის
- ის ნამდვილი თოფი არ იყო - გაეღიმა ნონასაც.
-მე კი შემეშინდა, რა მნიშვნელობა ქონდა რა იყო. გოშია ფანჯრის ქვეშ მდარაჯობს, რომ წყნარად გამაცილოს. ბიჭი წამოდგა. გოგონას მოეხვია. მოშიშვლებულ მხარზე აკოცა და ფანჯრიდან იმავე გზით გაუჩინარდა, როგორც მოვიდა.
სამხედროები წინ მიიწევდნენ. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამის პირველი ნიშანი წინიდან მომავალი ჯავშანტრანსპორტიორი იყო. მოწინააღმდეგეები ქართველ ჯარისკაცებს ხელის აწევით მიესალმნენ. თავისიანები ეგონათ და გვერდი ჩაუარეს. ბაჩუკიმ პოლკოვნიკ ასათიანს თვალი თვალში გაუყარა. სატვირთოს ძარადან გახსნილი ხელყუმბარა ისროლა. რუსების სიამაყე „ბეტეერი“ ჰაერში ავარდა. ყირა გააკეთა და გზიდან გადაწვა. ბიჭებს პირველი ყიჟინა ამოხდათ ყელიდან. მანქანა არ გაუჩერებიათ. წინ მთავარი ბრძოლა ელოდათ. ზღვა უფრო ახლოვდებოდა. მისი ხმა ყოველ წუთს აღწევდა მებრძოლებამდე. ბაჩუკის გონება  ნონასთან დაფრინავდა. მათი ნიშნობის მეორე დღეს ბიჭმა თავისი ეზოდან ნონას სახლამდე ნაცნობი გზა რამდენიმე წუთში გაიარა. ავი გოშია კუდის ქიცინით მიეგება სტუმარს. ცოტა გაუკვირდა, როცა საძინებლის ფანჯრის მაგივრად სტუმარმა ჭიშკარი შეაღო და გამართული შევიდა ეზოში.
-ბატონო გურამ, მასპინძელო! - დაიძახა ხმამაღლა და იქვე ეზოში სკამზე ჩამოჯდა. პირველი სართულიდან თმაწაკრული, წინსაფრიანი ქალი გამოვიდა და თვალებზე ხელი მიიჩრდილა. როგორც კი სტუმარი იცნო, მისკენ დაიძრა.
-ბაჩუკი, ბიჭო, რა შორიდან იძახი. პირველად ხარ ამ ეზოში? მოდი. მოდი. ახლავე ცხელ ხაჭაპურებს დავაცხობ.  - აქოთქოთდა ქალი და თან ხელები წინსაფარზე შეიმშრალა.
ბაჩუკის გაეცინა. ეს ქალი ახლა ხაჭაპურზე ეპატიჟებოდა. არადა გუშინდელ დღემდე ამ ეზოში რომ ენახა, ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. ბიჭს ძალიან აინტერესებდა, რა უთხრეს გურამს მამამისმა და ძია გოგიმ, მაგრამ ფაქტია, შვილის გათხოვებაზე დაითანხმეს.
საიდანღაც გურამიც გამოჩნდა. არ ეპიტნავა სტუმრის დანახვა, მაგრამ არ შეიმჩნია და გაწვდილი ხელით შეეგება ბაჩუკის.
-ბატონო გურამ, თქვენთან მოვედი, არც ხაჭაპური მინდა და ჯერ არც ნონასთან სალაპარაკოდ მოვსულვარ. როგორც მამას უნდა გთხოვოთ, ხვალ დილას თქვენი შვილი ჩემთან ერთად სოხუმში გამოუშვით. ყველაფერი გამზადებული მაქვს. აი ბილეთები. დილის მატარებლით მივდივართ. საღსალამათი დაგიბრუნდებათ უკან.
გურამს სახე შეეცვალა. ჯერ კიდევ ქონდა იმედი, რომ ნონა ცოტა ხანი მაინც თავისთან ეყოლებოდა, მაგრამ ეს ბიჭი არ ხუმრობდა. ნიშნობის მეორე დღესვე საცოლე სამოგზაუროდ მიყავდა და ვერაფერს იზამდა. გაბრაზებაც კი არ შეეძლო. ბიჭი ვაჟკაცურად პირდაპირ მასთან მივიდა და უარით ვერ გაისტუმრებდა.
-ნონა, ნონა გოგო, მოდი აქ - აყვირდა გამწარებული გურამი მთელ ხმაზე და მისმა ღრიალმა სოფელს გადაუარა.
ფანჯრიდან თმამოუწესრიგებელი, ხელებწაკაპიწებული გოგონა გამოჩნდა. ბაჩუკის დანახვაზე კიბეებზე ჩამოირბინა, მაგრამ მამის მზერამ შუა გზაზე გაყინა.
-ხვალ ბაჩუკისთან ერთად სოხუმში მიდიხარ. მოემზადე. - გურამმა ორი სიტყვა მიუგდო შვილს და სასიმინდისკენ დაიძრა. ნონას თვალები აუწყლიანდა. თავი ვეღარ შეიკავა და დანიშნულს კისერზე ჩამოეკიდა. ბიჭმა ხელი მოხვია და რამდენჯერმე დაატრიალა.
სამხედრო სატვირთო ავტომობილი სასაფლაოებს გაუსწორდა და ავტომატის კაკანმაც არ დააყოვნა. ჯარისკაცებმა ერთბაშად ისკუპეს ძარადან და საფლავის ქვებს ამოეფარნენ. ცეცხლი გაიხსნა. რუსები იერიშზე გადმოვიდნენ და ქართველებს ძალიან უჭირდათ მათი მოგერიება. ერთსაათიანი შეუჩერებელი ბრძოლის შემდეგ, პოზიციებს კარგავდნენ და უკან იხევდნენ. გასაქცევიც არსად ჩანდა. მებრძოლები თავგანწირვით იბრძოდნენ და მზერით ამხნევებდნენ ერთმანეთს. მოულოდნელად ქართველ ჯარისკაცებს ზურგიდან ხელყუმბარებმა გადაუფრინა და მოწინააღმდეგის მხარეს დაეცა. ბრძოლოს ბედი ელვის სისწრაფით შეიცვალა. ბიჭებს იმედი მიეცათ. ბაჩუკიმ ზურგს უკან თვალი მოავლო დამხმარეებს და ის გოგონა ამოიცნო ოჩამჩირეში სარდაფში ბრძანებებს რომ გასცემდა. უკან ახალგაზრდა ქერა ბიჭი მისდევდა, თავგანწირვით იბრძოდა. მის გამურულ სახეზე მწვანე თვალები კვესავდა. მათ უკან ათიოდე ჯარისკაცი იშლებოდა და ალყაში აქცევდა რუსებს. კიდევ რამდენიმე წუთი, და ალყა გარღვეული იყო. ტყვეები აყვანილი, ქართველი მებრძოლები კი საფლავის ქვებზე მიწოლილი სულს ითქვამდნენ. გოგონა მწვანეთვალება თანამგზავრთან ერთად დაჭრილებს უვლიდა. მსხვერპლი ორივე მხარეს ქონდა. ქართველებმა სამი ჯარისკაცი დაკარგეს და ახლა მას დასტიროდნენ.
ბაჩუკის ფერდი ეწვოდა. სისხლიც ჟონავდა პერანგიდან, მაგრამ ჯერ ისევ ფეხზე იდგა და მიცვალებულებს აპატიოსნებდა. წამიერად თვალთ დაუბნელდა და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა. გოგონა მასთან გაჩნდა და მიწაზე დააწვინა. ჭრილობა არც ისე ღრმა იყო, მაგრამ სისხლს პერანგი და შარვალი გაეჟღინთა. გოგონამ რამდენიმე ფენა სახვევი დაადო. მაგრად გადაუჭირა და მანქანის ძარაზე ასვლაშიც დაეხმარა. მის გვერდით მოთავსდა და თავი კალთაში ჩაიდო. ბაჩუკის თავბრუ ეხვეოდა, სახეზე თბილ ხელებს გრძნობდა და უჭირდა გარჩევა, ეს ნონას ხელები იყო თუ უცნობი ექთნის. უყვარდა ბიჭს ნონას ხელების და თმის სურნელი. ზღვაც იმიტომ უყვარდა, რომ მასაც ნონას თმის სუნი ქონდა. ნონამ პირველად ზღვა რომ დაინახა, ბაჩუკის მის კალთაში ედო თავი და თვლემდა. ხელებმა მოძრაობა შეწყვიტეს და ბიჭი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. მატარებლის ბორბლის ხმა მუსიკასავით ჩაესმოდა წყვილს. გოგონას ცრემლები ცვიოდა და გულაჩქარებული ხმამაღლა ყნოსავდა მარილნარევ ჰაერს. დიდხანს ვერ მოწყვიტა ზღვას თვალი. მხოლოდ ერთი წამით დაიხარა ბაჩუკისკენ და ისეთი გრძნობით აკოცა, როგორითაც მანამდე არასდროს. მასში იყო ბედნიერებაც, მადლიერებაც და კიდევ უამრავი აუხსნელი გრძნობა.
ბაჩუკიმ თვალი გაახილა. ირგვლივ კვნესის ხმა ისმოდა. ვიღაც გოგონა მაგიდასთან იდგა და წამლებს ახარისხებდა. სისხლის სუნი ცხვირს უწვავდა ჯარისკაცს.
-ჰეი, - ამოიკვნესა ბაჩუკიმ - გოგონა - დაიძახა ცოტა უფრო ძლიერად. გოგონა შემობრუნდა, რამდენიმე ნაბიჯში მის საწოლთან გაჩნდა და ყური ტუჩებთან მიუტანა.
-სად ვარ? - იკითხა ბიჭმა.
- სოხუმის საავადმყოფოში.
- რამდენი ხანია აქ ვარ? - ძლივს ამოიკვნესა ბიჭმა.
- ორი დღეა. ბევრი სისხლი დაკარგე. საშიში არაფერია. ექიმს დავუძახებ.
ბაჩუკის კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ თეთრხალათიანი კარებში გაუჩინარდა.
ჯარისკაცმა ვერ გაიგო რამდენი დრო გავიდა ექთნის გასვლიდან. თვალები ეხუჭებოდა და ძილი ითრევდა. თვალი რომ გაახილა, მის თავთან თეთრთმიანი, ასაკიანი ექიმი იდგა და თავზე ხელს უსვამდა. სახეზე აკვირდებოდა, თითქოს ვიღაცის ამოცნობას ცდილობდა.
-ვისი ბიჭი ხარ შენ შვილო? - იკითხა შინაურულად ექიმმა.
- შოთა ნეფარიძის - გაეპასუხა დაბნეული ჯარისკაცი.
- რას ამბობ კაცო, სერზე ცხოვრობ ხო? - გაიღიმა ექიმმა - რაც მე და მამაშენს ფეხბურთი გვითამაშია...  ცოტა პატარა იყო ჩემზე, მაგრამ ტოლს არ გვიდებდა. ეჰ რა დრო იყო...
- თქვენ? თქვენ როსტომ ექიმი ბრძანდებით? - გაუხარდა ჯარისკაცს.
- მე ვარ ბიჭო, მე. ხომ ხედავ რა დრო დაგვიდგა. აქ ჩვენს მიწაზე ვებრძვით ჩვენივე ძმებს - შუბლი მოისრისა ექიმმა და თვალებში ნისლი ჩაუდგა.
- როსტომ ძია, მართალია თქვენზე რომ ამბობენ,  ბერლინში შეყვა საბჭოთა ჯარსო? - ისე იკითხა ბაჩუკიმ, თითქოს მარტო ეს ქონდა საფიქრალი.
ექიმს გაეღიმა.
-მართალია. სამედიცინო უნივერსიტეტი როგორც კი დავამთავრე, მეორე დღესვე ბათუმში წაგვიყვანეს მთელი კურსი. ორ გემში ჩაგვსხეს და ფრონტზე გაგვიშვეს. ქერჩში ბრძოლები მიდიოდა. სადაცაა კავკასიონს გადმოლახავდნენ ფაშისტები. შუა ზღვაში ვიყავით ჩვენი დაბომბვა რომ დაიწყო. ერთი გემი აფეთქდა. ისე დაიღუპნენ ახალგაზრდა ექიმები, რომ ფრონტის ხაზამდეც ვერ მიაღწიეს. მე გამიმართლა, ბერლინამდე შევყევი ჩვენს ჯარს. ბოლომდე ვემსახურე მათ. ბევრი ხელში ჩამაკვდა. უფრო მეტი გადავარჩინე. უმრავლესობის სახელიც არ ვიცი.
-მეც გადამარჩინე, მადლობა - სახეზე ჩამოისვა ხელი ჯარისკაცმა.
-არა შვილო. შენ იმ გოგომ გადაგარჩინა. ოლიამ.
-სად არის ოლია? - დასვა მისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა ბაჩუკიმ.
- გინახულებს. როგორც კი შემოგიყვანეს, ჩემთან გამოიქცა, თქვენი მოგვარე მოვიყვანეო. მე წავალ და ოლიას გამოგიგზავნი - თვალი ჩაუკრა ექიმმა ბაჩუკის და ოდნავი კოჭლობით გავიდა ოთახიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები