| ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2022 |
დავდივარ თბილ ამინდებში როგორც ნიაღვარი, გატოპილი გუბეებივით მიტოვებული და არ დაწყებული სიხარულის ჩაქნევით ხმაწართმეული. ფოთლებად მეფინება სევდა, მშვილდივით დაჭიმული თვალებიდან. იქნებ, სოკო გადმომაყაროს ვინმემ, ან კენკრას წავაწყდე გვიანეულს. წაბლს კიდევ მოაგროვებდა კაცი, დაბურძგლული დათვივით იბარდღანავებ ხეზე, სანამ არ ჩამოვარდები. ის ცალი მხარე მაინც გქონდეს დაბეჟვას მიჩვეული.. ყვითელი ფარდაგის წითელი ზოლიღა კრიალებს, როგორც სარკით დაჭერილი ციალი, ასე ვახერხებ დღეს დღე მივაბა, ღამე მაინც ყველა ერთნაირია, სიკვდილისთვის თუ დაგიძინია, ისეთი.. შიშის გუდა გადამკიდა ვიღაცამ ზურგზე.. შიში ერთხელ რომ შეგეპარება, ტანში ჩაგიჯდება, მარწუხებით გგუდავს და გაქუცმაცებს, ნაცარქექიას ჭყინტი ყველივით, ზურგზე მოვექცევი, ხან სადგისს ვურჭობ, ათას ხერხს ვიღონებ უღონობისას... მეშინია, რომ ვერ გავუძლებ, ჩამოვიშლები და თან წავიყოლებ აკინძულ თითბრის მძივებს, ფერებს შემოდგომის, ამ მზეს. არც ერთი თვეა ასე მედიდური და თვინიერი, როცა კი წვიმს ფერებს ინარჩუნებს, ნოემბერივით ნაცრისფერ ხმლებს არასოდეს იქნევს.. ხეებმა ჩქამი იციან, მოსმენა, მარტო არასდროს არიან, ფოთლები იწყებენ ჩამოსვლას, თითქოს ოქროს ფანტავდესო დედამიწა, დემონსტრაციულად ოქროთი იმოსება მიწა და სევდა წვიმიანში ღარებიდან გადმოვარდნილ ნაკადულებივით ივსება ელვა არ იცის შემოდგომამ... უცაბედი არაფერი უყვარს ოქტომბერს..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია, კარგი მომეწონა. კარგია, კარგი მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|