ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: დრამატურგია
14 ოქტომბერი, 2022


განცხადება

(მოქმედი პირები: ბიჭი, ევა, ის, დედა, მამა, ძმა, მღვდელი, მათხოვარი, (ხალხი, 3-4 ადამიანი) ზანგი და ძაღლი.)
ზანგი გიტარას იღებს იწყებს მოგზაურობას, სცენაზე ისმის წირვის უცნაური ხმა:
ძაღლის ყეფა _
მგალობლები _ ალილუია ალილუია, ალილუია, ალილუია
ძაღლის ყეფა _
მგალობლები _ უფალოო შეგვიწყააალენ (4ჯერ)
ძაღლის ყეფა _
მგალობლევი _ მოგვამდლენ უუფააალო (4ჯერ)
ძაღლის ყეფა _
მგალობლები _ და სულისაცა შენისათანა
პარალელულად მათხოვარი იწყებს დილის „სესიას“
მათხოვარი _ ვერ შემდგარო პირველსახეებო, ჩემზე უიმედოებო და ჩემზე მშივრებო, ჩემზე დაგლახავებულებო და გასაცოდავებულებო, ოქროს ჯვრებს რომ იფარებთ მშიერ მუცლებზე, ოთხფეხებს რომ კლავთ შიმშილის დაცხრომის თხოვნით, სანთლებს რომ ანთებთ და მათ დაწვასაც რომ არ ელოდებით, თვალები გაახილეთ, ერთმანეთი დაინახეთ და დაინახეთ ერთმანეთი იმ თვალებით რომელიც ბავშვობაში გქონდათ, ამით თქვენც გეშველებათ და მეც აღარ მომიწევს ასე უმოწყალოთ მათხოვრობა.
ვის გაუგია ამხელა შენობის ქვეშ ჩემნაირი გლახა გადარჩენისთვის იბრძოდეს? მაგრამ ამ შენობიდან მე კიარა ღმერთი გამოაგდეთ და მე რატომ მაქვს გადარჩენის იმედი, მაგრამ სანამ პირში სული მიდგას, მანამ ვიყვირებ რომ დამეხმაროთ თქვე ვერ შემდგარო პირველსახეებო, მაჭამეთ ჩემზე უფრო მშივრებო და ჩამაცვით ჩემზე უფრო დაგლახავებულებო, ჰა ჰა ჰა ჰა ჰა!
პარალელურად სკვერში ზის ბიჭი, რომელსაც თავზე "ის" წამოადგება.
(

ის _მოგესალმები ახალგაზრდავ. ახალგაზრდავ, გესმით ჩემი? (ბეჭზე ადებს ხელს)
ბიჭი_ უკაცრავად, ფიქრებში ვიყავი.
ის_ მოგესალმები.
ბიჭი_ გაგიმარჯოთ.
ის _ ფიქრებში გართულს ხმაც არ გესმით, რომ გეძახიან, არა და იქნებ შველა სჭირდება ვინმეს.
ბიჭი_ მაპატიეთ, გისმენთ, რაშია საქმე.
ის _ რაზე ფიქრობდით?
ბიჭი_ უკაცრავად?
ის _ რაზე ფიქრობდით შეიძლება ვიცოდე? თუ საიდუმლო არ არის.
ბიჭი_ ბოდიში, მაგრამ შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ რა გნებავთ?
ის_ დახმარება.
ბიჭი_ დახმარებაა?
ის_ ჰო, დახმარება, მინდა რომ დაგეხმაროთ, უფრო სწორად რომ ვთქვათ - გიშველოთ.
ბიჭი_ საიდან მოიტანეთ რომ შველა მჭირდება.
ის_ სევდიან ფიქრებში გართულს, დაბნეულსა და შეშინებულს, სხვა რა უნდა გადმოგეცა უცხო გამვლელისთვის შენი უემოციო, გაყინული მზერით?!
ბიჭი_ კარგი, დავუშვად ასეა, მაგრამ როგორ მიშველით, როცა ისიც არ იცით თუ რაზე ვფიქრობ.
ის_ ამიტომაც გეკითხებით, რაზე ფიქრობდით?
ბიჭი_ მოდი ნუ მიწყენთ, იქნებ თქვენს საქმეს მიხედოთ, მე ჩემი სადარდებელიც მეყოფა.
(მოდის მათხოვარი რომელიც იქვე ზის)
მათხოვარი _ გაიღეთ მოწყალება
ბიჭი _ სამწუხაროდ არაფერი მაქვს.
ის _ არც მე.
(მათხოვარი უკან მიდის)
ის_ კარგი, რახან არ იშლი პირდაპირ გკითხავ, რამდენი გჭირდება?
ბიჭი_ ბატონო?
ის_ პირდაპირ მითხარი რამდენი გჭირდებათქო.
ბიჭი_ რა გნებავთ, უკაცრავად მაგრამ...
ის_ მე არაფერი, პირიქით, შენ რა გნებავს, უფრო სწორად რამდენი გნებავს?
ბიჭი_ კი მაგრამ, საიდან ასკვნით რომ ფულშია ჩემი პრობლემა.
ის_ განა სხვა რამე შეიძლება აწუხებდეს კაცს ამ ქალაქში? აქ ყველას ფინანსური პრობლემები აქვს ერთეულების გარდა, ზოგს დიდი, ზოგს ცოტა, და შენი პრობლემა რამდენს შეადგენს მეტყვი თუ არა ბოლოს და ბოლოს.
ბიჭი_ ხუთიათასს.
ის_ ხუთიათასს?
ბიჭი_ კი, ხუთიათასს.
ის_ ეროვნული ვალუტით?
ბიჭი_ არა, მწვანე.
ის_ მწვანე, ხუთიათასი.
ბიჭი_ ხო.
ის_ დიდი ფულია.
ბიჭი_ კი.
ის_ ძალიან დიდი.
ბიჭი_ ჰო.
ის_ თითქმის შეუძლებელი.
ბიჭი_ მეც მაგას ვამბობ.
ის_ მითუმეტეს ამ ქალაქში.
ბიჭი_ სამწუხაროდ.
ის_ ხუთი ათასი, მწვანე.
ბიჭი_ ჰო, ხუთი ათასი მწვანე.
ის_ რა უნდა ქნა?
ბიჭი_ მეც მაგას ვფიქრობ.
ის_ მაქვს.
ბიჭი_ რა გაქვს?
ის_ ხუთიათასი მწვანე. მაქვს.
ბიჭი_ ხუმრობთ?
ის_ არა, არ ვხუმრობ, მართლა მაქვს.
ბიჭი_ თუნდაც ასე იყოს, მერე ამით მე რა? არც კი მიცნობ, შესაბამისად არც მასესხებ.
ის_ სესხებაზე არც არაფერი მითქვამს.
ბიჭი_ ყელში ამოვიდა ყველაფერი, იტყვით თუ არა საბოლოოდ რაშია საქმე?
ის_ რაში უნდა იყოს? შენ პრობლემა გაქვს, მე აქ ვარ, შენ ხუთიათასი გჭირდება, მე მაქვს ხუთიათასი.
ბიჭი_ დამცინი თუ რა ჯანდაბა გინდა? ააა, მოიცა, მგონი მივხვდი, სამწუხაროდ თქვენდა, და შეიძლება ითქვას ამ კონკრეტულ მოცემულობაში ჩემდა სამწუხაროდაც, მინდა გითხრათ რომ არანაირ ლტოლვას არ ვგრძნობ კაცების მიმნართ.
ის_ არც მე.
ბიჭი_ კარგი... მოდი მაშინ სანამ ნერვებს ბოლომდე ავყოლილვარ, პირდაპირ ავხსნათ სიტუაცია და დავსვათ კითხვაც: მე მაქვს პრობლემა, შენ, როგორც ამბობ მოხვედი დასახმარებლად, მე მჭირდება ხუთიათასი...
ის_ მწვანე.
ბიჭი_ ხო, მწვანე ხუთიათასი. შენ ამბობ რომ გაქვს, აქედან გამომდინარე პირდაპირ დაგისვამ კითხვას: რა შემთხვევაში შეიძლება მივიღო მე თქვენგან ეს ხუთიათასი?
ის_ მე შემიძლია თქვენი სული დავიგირავო.
ბიჭი_ გიჟი ხარ?
ის_ არსებობს გარკვეული კატეგორია, რომელიც გიჟს მეძახის, თუმცა მე მწვანე ხუთიათასი მაქვს, და მეტიც, გააჩნია რამდენად შევაფასებ შენს სულს.
ბიჭი_ კარგი, დამიმტკიცე რომ ხუთიათასი გაქვს.
ის_ ახლა მეტისმეტი ნუ მოგივა, ჩემი გამოცდაც არ არის სწორი.
ბიჭი_ კატეგორიულად მოვითხოვ.
ის_ კატეგორიულად?
ბიჭი_ დიახ, სრული სერიოზულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დიალოგი რადიკალურ ზომებამდე მივა, და სავარაუდო შედეგი სილურჯე იქნება შენს,,, შუადღის ზღვისფერ უძირო და ამოუცნობი ემოციის მატარებელ თვალებში...
(ახალგაზრდა წამოდგება და საკოცნელად მიიწევს, კაცი თითებს გაატკაცუნებს და ახალგაზრდაც გონს მოეგება)
ის_ საკმარისია?
ბიჭი_ რა ჯანდაბა იყო ეს?
ის_ უბრალოდ ჩემი შესაძლებლობები გაჩვენე, შენ, ვინც რამდენიმე წუთის წინ მითხარი რომ კაცები არ გიზიდავდა, ჩემი თავი მოგანდომე. ახლა გჯერა?
ბიჭი_ არ ვიცი, ეს რა იყო? დამაჰიპნოზე?
(ის ყნოსვას უწყებს ბიჭს)
ის_ ძაღლის სუნი გაქვს?
ბიჭი_ ძაღლის?
ის_ ხო, ძაღლის, დიდი და არამზადა ძაღლის.
ბიჭი_ ერთმა ბიჭმა მთხოვა დამეჭირა მისი ძაღლი, სანამ საზოგადოებრივ ტუალეტში შევიდოდა. სულ 3-4 წუთი მეჭირა, სუნი როგორ უნდა ამსვლოდა?
ის_ სხვები ვერ იგრძნობენ, მე ძალიან მგრძნობიარე ყნოსვა მაქვს. მითუმეტეს ძაღლების სუნი, წყეული ძაღლების სუნი, როგორ მეზიზღება.
ბიჭი_ რა დაგიშავეს ძაღლებმა? დაგკბინეს?
ის_ ეგღა მაკლია.
ბიჭი_ აბა რა მოხდა?
ის_ უბრალოდ ვერ ვიტან, სენტიმენტალური, მგრძნობიარე არსებები, ზოგჯერ ისეთ საქმეში ჩააჯვამენ, მეტი რომ არ შეიძლება.
ბიჭი_ძაღლებმა რა უნდა დააშავონ? არ მესმის.
ის_ სენტიმენტები, სენ-ტი-მენ-ტე-ბი. სენტიმენტებს ყველაფერი შეუძლიათ, შეუძლიათ გადაგაფიქრებინონ თვითმკვლელობა, ან მოგანატრონ სიყვარული, ან შეგაყვარონ თავი, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, ადამიანები ბაძავენ მათ და ერთგულები ხდებიან, უუხ როგორ მეზიზღება ეს ერთფეროვანი გრძნობები.
ბიჭი_ მე მგონი საუბრის თემას ავცდით.
ის_ ჰო, ავცდით, იმიტომ რომ ძაღლის სუნი გქონდა.
ბიჭი_ საერთოდ რა შუაშია აქ ძაღლის სუნი?
ის_ არაფერშუაშია, უბრალოდ აგდიოდა და ჩემი ყნოსვის რეცეპტორების ყურადღება მიიბყრო.
ბიჭი_ და იქნებ უბრალოდ მიზეზია ძაღლის სუნი, და სინამდვილეში შენ სულაც არა ხარ ის ვითაც თავს ასაღებ? შესაბამისად არც ხუთიათასი გაქვს?
ის_ კარგი, კარგი, მოვრჩეთ ძაღლის სუნზე, ფუუუ როგორ მეზიზღებიან არადა, დამპალი, გზას აცდენილი არსებები, არა და ისეთი ავები მინდა იყვნენ, როგორი კბილები აქვთ, რამდენი სარგებელი შეიძლება მოგიტანონ, ისინი კი...
ბიჭი_ გეყოფა ძაღლებზეთქო.
ის_ კარგი, ჰო, კარგი. რაზე გავჩერდით ძაღლის სუნის შეგრძნებამდე?
ბიჭი_ აუცილებელია ეგ გავიხსენო?
ის_ არა, უძირო ზღვისფერი, თუ რაღაც მაგდაგვარი თვალები რომ მქონდა და კოცნას რომ მიპირებდი ამას არ ვგულისხმობ, მანამდე რაზე გავჩერდით?
ბიჭი_ ფულზე, ხუთიათას მწვანეზე.
ის_ ჰო, ფულზე, მაგრამ ფულამდე შენ მითხარი, იქნებ სულაც არა ხარ ის ვითაც თავს ასაღებო, ასე იყო არა?
ბიჭი_ კი, ასე იყო.
ის_ ანუ ვით ვასაღებ თავს, ოღონდ ვასაღებ ბრჭყალებში, უკვე მიხვდი.
ბიჭი_ კი, იდიოტს არ ვგავარ მგონი.
ის_ ჰო, რა გითხრა, მთლად მე ნუ დამეკითხები თორე თვითშეფასება დაგიდაბლდება ძალიან.
ბიჭი_ რაც გინდა ის დამიდაბლდეს, გინდა თვითშეფასება და გინდაც კაცური სიამაყე, მთავარია შენ ფული მომეცი.
ის_ არა, როგორ გეკადრებათ, თქვენი სხეულის არც ერთი მილიმეტრი არ მჭირდება, გინდა ერთი უცნაური ექსპერიმენტი ჩავატაროთ?
ბიჭი_ რა ექსპერიმენტი? ფული მჭირდება, გაქვს თუ არა.
ის_ ცხადია, მაგრამ ხუთიოდ წუთი მოითმინე, გაერთე ჩემთან ერთად, აი, უცებ არ მიიხედო, ნელ-ნელა მიტრიალდი, ხედავ გოგონას?
ბიჭი_ ვხედავ.
ის_ ლამაზია არა?
ბიჭი_ ჰო, ალბათ, თუმცა ახლა სხვა ფიქრებში ვარ გართული.
ის_ კი, ძალიან ლამაზია, თან მთელი დღეა უკან დაგყვება, ძალიან მოეწონე.
ბიჭი_ ნუ სულელობ. საქმეზე მელაპარაკე.
ის_ უკაცრავად გოგონა, დიახ თქვენ, შეგიძლიათ ჩვენს სკამზე გადმოინაცვლოთ?
(გოგონა სიამოვნებით მიდის მათთან)
ის _ გამარჯობა უმშვენიერესო გოგონავ, აი თქვენ ვაშლი.
ევა _ დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს.
ის _ ვიცი, ამიტომაც მოგართვით. გემრიელია.
ევა _ საიდან იცით?
ის _ ნუ დავწვრილმანდებით.
ბიჭი _ ეს რა ექსპერიმენტია?
ევა _ რა ექსპერიმენტი? ექსპერიმენტები მიყვარს.
ის _ აბა თუ გამოიცნობთ!
ევა _ კარგი, მე ვცდი გამოცნობას, მაგრამ მანამდე სახელები მითხარით.
ის _ მე უამრავი სახელი მაქვს, გააჩნია თქვენ როგორ გირჩევნიათ მომმართოთ.
ევა_ უცნაური ხარ უამრავ სახელიანო, და შენ რა გქვია?
ბიჭი _ ჯერ შენი სახელი გვითხარი.
ევა _ მე ევა მქვია. და შენ?
ბიჭი _ მოიცა, რა გქვია? ევა?
ევა _ ჰო, ევა, რა გაიკვირვე, პირველად გესმის?
ბიჭი _ მომეცი ვაშლი (ხელიდან წაგლეჯს და პირველ პატრონს უბრუნებს) წადი აქედან, წადი, თავი შორს დაიჭირე ჩვენგან, განსაკუთრებით ამ იდიოტისგან, და არასოდეს გამოართვა ვაშლი.
ევა _ რა დაგემართა? გიჟი ხარ?
ბიჭი _ წადითქო, დროზე, გესმის?
ევა _ ავადმყოფი (მიდის)
ის _ ხვდები რომ არაადეკვატური ხარ?
ბიჭი _ სულაც არა.
ის _ ანუ გინდა მითხრა რომ შენი ეს საქციელი ნორმალური იყო?
ბიჭი _ სრულიად.
ის _ შეგიძლია ამიხსნა რატომ გგონია ასე?
ბიჭი _ რა ძნელი მისახვედრია, ევა, ვაშლი, ისტორიის სრული ცირკულაცია.
ის _ უფრო დამიკონკრეტე გთხოვ.
ბიჭი _ რატომ მაგიჟებ?
ის _ სულაც არა, ყურადღებით გისმენ.
ბიჭი _ რას მისმენ, საქმე, საქმეზე ვილაპარაკოთ გთხოვ.
ის _ თუ ამიხსნი, იმ წამსვე საქმეზე გადავალ.
ბიჭი _ კარგი, იყოს ნება შენი.
ის _ როგორ?
ბიჭი _ რა როგორ?
ის _ ახლა რა სიტყვები მითხარი?
ბიჭი _ შენი ნება იყოსთქო,
ის _ არა, არა, ზუსტად გაიმეორე.
ბიჭი _ იყოს ნება შენი.
ის _ მმმმ. რა სასიამოვნოდ ჟღერს. ერთხელაც რა, ძალიან გთხოვ.
ბიჭი _ მასულელებ არა?
ის _ არა, არა, მართლა, ძალიან გთხოვ, ერთხელაც მითხარი.
ბიჭი _ იყოს ნება შენი.
ის _ საოცრებაა... (თითქოს კაიფშია)
ბიჭი _ ერთი სიტყვით, თავდაპირველად ედემის ბაღში ცხვრობდა ადამი და ევა, მათ ღმერთმა ყველაფრის უფლება მისცა, გარდა ერთი ხის ნაყოფის გასინჯვისა, ეს იყო ვაშლი. შემდეგ შენ, ან ვინმე შენნაირმა, გველის ფორმა მიიღეთ და ევა აცდუნე, რომ ვაშლი შეეჭამა, რის გამოც ღმერთმა ისინი ედემიდან გამოდევნა, და მას მერე დაიწყო კაცობრიობის ტანჯვა, წამება, ავადმყოფობა, სწორედ ამიტომ, არ მინდოდა კიდე ერთ ევას ეჭამა შენი ხელიდან ვაშლი.
ის _ რა სისულელეა.
ბიჭი _ რა არის სისულელე?
ის _ მთელი ეს აბსურდი, რაც ახლა მომიყევი.
ბიჭი _ სულაც არა. ეს რეალობაა.
ის _ ანუ, რეალობაა ის, რომ მე გველად გადავიქეცი, ედემის ბაღში შევსრიალდი, და ევას ვაშლი ვაჭამე, რის გამოც განრისხდა იის?
ბიჭი _ დიახ.
ის _ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ედემის ბაღში.
ბიჭი _ რატომ?
ის _ არ მიშვებს.
ბიჭი _ ვინ არ გიშვებს?
ის _ ის (მზერით და თითით ანიშნებს მაღლა)
ბიჭი _ მატყუებ.
ის _  არა, არ გატყუებ, თუმცა ჩემი რა მიდის, გეგონოთ ის კომპლექსიანი და კლიმაქსიანი იდიოტი, რომელიც ადამს და ევას ვაშლის ჭამის გამო აძევებს ედემიდან, მეც ეგ მინდა.
ბიჭი _ კარგი, ახლა ფული.
ის _  კი ბატონო, გადავხედოთ შენს ცხოვრებას, წუხელ თვითმკვლელობა სცადა, დღეს ბედისწერას დაახვევინა უაზრო ლეგენდის გამო... ხუთიათასი ძალიან ბევრია შენთვის, მაგრამ ჯანდაბას, მოგცემ, აქ მომიწერე ხელი. (ბიჭი ხელს აწერს.) აქაც (ისევ აწერს) ერთიც (ისევ აწერს) და ესეც (ისევ) მორჩა, აჰა შენ ხუთი ათასი. 5 წელი გაქვს გამოსახსნელად, ახლა კი დაგემშვიდობები.
ბიჭი _ თუ დამჭირდა სად გნახო?
ის _ ამ გზაჯვარედინზე მოდი, ხელშეკრულებით.
ბიჭი _ სხვა რაიმე შეზღუდვები არ არსებობს? ან სიყვარულში, ან საქმეში,  ან რაიმე მსგავსი?
ის _ სიყვარული ათიოდე წუთის წინ დაკარგე, შენი ნებით, რაც შეეხება დანარჩენს, მე შენს არც სხეულს, და არც გონებას ვეხები. მხოლოდ სული მიმაქვს, თუ დაიხსნი - დაიხსენი, თუ ვერა და, იცოცხლე დიდ ხანს და ბედნიერად, აბა, შეხვედრამდე.
(ევას სახლი. სახლში არიან დედა, მამა და უმცროსი ძმა)
დედა _ დღემ როგორ ჩაიარა ევა?
ევა _ არაფრით გამორჩეული პირველი ნახევარი ჰქონდა, რასაც საინტერესო გაგრძელება, თუმცა უაზრო დასასრული მოჰყვა.
მამა _ მაინც, რა გადაგხდა, შეგიძლია გვიამბო?
ევა _ გაჩერებიდან ერთი ბიჭი დავინახე, და ძალიან მომეწონა.
დედა _ მაინც რით მოგხიბლა იმ გაჩერებაზე მდგარმა ბიჭმა?
ევა _ არა, გაჩერებაზე მე ვიდექი, ის გზის მეორე მხარეს იდგა.
მამა _ რომელ გაჩერებაზე იდექი?
ევა _ იმ გაჩერებაზე, სადაც ყოველთვის ველოდები ხოლმე ტრანსპორტს, კოლეჯიდან გამოსული. 
მამა _ ასეც ვიფიქრე.
ევა _ რა იფიქრე?
მამა _ ვიფიქრე რომ იმ გაჩერებიდან დაინახე, სადაც ყოველ დღე ელოდები ტრანსპორტს, კოლეჯიდან გამოსული.
ევა _ კიარ იფიქრე, გითხარი, რომ მანდ ვიდექი.
მამა _ ჰო, მაგრამ სანამ მეტყოდი მე მანამ გავიფიქრე.
ევა _ კარგი, თუნდაც ეგრე იყოს, და მერე რა? ანუ, ჩემს ნათქვამში მთავარი ის არის თუ სად იყო აღნიშნული ფაქტის ლოკაცია?
მამა _ დიახ, თუ ეს შენი კოლეჯის სიახლოვეს არსებული გაჩერება იქნებოდა, რადგან მის საპირისპირო მხარეს, საზოგადოებრივი ტუალეტია.
ევა _ მერე რა, რომ ჩემი კოლეჯის სიახლოვეს არსებული გაჩერების წინ საზოგადოებრივი ტუალეტია?
დედა _ ზუსტად, მეც ზუსტად გამახსენბდა ახლა, იქ ნამდვილად არის საზოგადოებრივი ტუალეტი.
მამა _ რათქმაუნდა არის, და შენ... შენ ამბობ რომ მოგეწონა ბიჭი, რომელიც საზოგადოებრივი ტუალეტის რიგში იდგა?
ევა _ პირველ რიგში, ის ტუალეტის რიგში არ მდგარა, და ასეც რომ ყოფილიყო მერე რა? ტუალეტის რიგში დგომა დანაშაულია?
მამა _ ცხადია ეს არ არის დანაშაული, მეც კი ვმდგარვარ საზოგადოებრივი ტუალეტის რიგში, და ამაში ცუდი არაფერია, თუმცა შეუძლებელია, რომ ერთ ადამიანს, მოეწონოს მეორე, რომელსაც პიველად საზოგადოებრივი ტუალეტის რიგში მყოფს დაინახავს.
ევა _ მე მომეწონა, მართალია ტუალეტის რიგში არ იდგა, თუმცა რომც მდგარიყო, მაინც მომეწონებოდა.
მამა _ არა. არ მოგეწონებოდა, ჩემი უტყუარი დედუქციით შემიძლია სრულიად დაგარწმუნო ამაში.
დედა _ მაინც როგორი იყო?
ევა _ დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?
დედა _ არა, თუმცა მაინტერესებს.
ევა _ ჩვეულებრივი იყო, ყვითელი პერანგი, თხელი ქუდი, ტუჩებს ხელსხოცით იწმენდდა.
მამა _ რატომ იწმენდდა?
ევა _ იმიტომ რომ სველი ჰქონდა.
მამა _ რამ დაუსველა?
ევა _ ჩაიმ, ან ყავამ, არ ვიცი ზუსტად, ხელში თერმოსი ეჭირა და სვამდა.
დედა _ გასაგებია, ანუ თერმოსი.
მამა _ მოდი ასე მოვიქცეთ, შენ ახლა დაისვენე, მე კი ხვალვე გიყიდი თერმოსს.
დედა _ იცით, ახლა თერმოსები ბევრნაირია, ზოგს ბოთლის ფორმა აქვს, ზოგს ჭიქის, ისეთებიც არის ჩვენს დროს რომ იყო.
მამა _ ალუმინის, დიდი, უხეში, როგორ არ მახსოვს, სახლში გვედგა, და სულ მისი თავსახურიდან ვსვამდი წყალს, ნეტა სად არის ახლა?
ძმა _ მე მინდა კოკაკოლას თერმოსი.
ევა _ საერთოდ რა შუაშია თერმოსი? სრულ ჭკუას როდის უნდა დაუბუნდეთ ხალხო?
მამა _ კი მაგრამ, შენ თავად არ თქვი რომ მას ხელში თერმოსი ეჭირა?
ევა _ კი, ეჭირა, თუმცა რატომ მიიქცია თქვენი ესოდენ მახვილი ყურადღება თერმოსმა?
დედა _ იმიტომ რომ ბიჭს, რომელიც მოგეწონა, ხელში თერმოსი ეჭირა.
ევა _ ჰო, მაგრამ ხელში თერმოსი რომც არ ჭეროდა და ტუალეტის რიგში რომც არ მდგარიყო, მე ის მაინც მომეწონებოდა.
მამა _ აი ეს კი სრულიად ამომივარდა გონებიდან, კი მაგრამ, რატომ სვამდა ტუალეტის წინ იმ თერმოსიდან, თუ ტუალეტის რიგში არ იდგა? რა, გვერდზე ვერ გადგებოდა დასალევად?
დედა _ და მაინც, როგორი თერმოსი იყო შეგიძლიათ მითხრათ? ბოთლის ფორმის, ჭიქის ფორმის თუ ძველებური?
ევა _ უკანასკნელად გიმეორებთ, რომ სრულიად უმნიშვნელოა ჩემთვის ის თერმოსი, რომელიც ხელში ეჭირა, შეიძლება უბრალოდ ბოთლი იყო, ჰო, თერმოსიც კი არ იყო შეიძლება.
მამა _ კარგი, დავუშვათ თერმოსის როლი უმნიშვნელოა ამ მოცემულობაში, მაშინ სხვა რამ ხელჩასაჭიდი მოგვეცი, სხვა რით მიიბყრო შენი ყურადღება იმ პატივცემულმა?
ევა _ პირველ რიგში ძაღლით.
მამა _ რომელი ძაღლით?
ევა _ ძაღლით, რომლის ყელზე გამობმული ჯაჭვიც ხელში ეჭირა.
მამა _ დიდი ძაღლი იყო?
დედა _ რა ძაღლი იყო? რომელი ჯიშის?
ევა _ როტვეილერი ... და ჰო, დიდი იყო, ძალიან დიდი.
ძმა _ მამა, როტვეილერი მოერევა თუ პიტბული?
მამა _ 21_ე საუკუნიდან, ძაღლების ბრძოლა კანონით იკრძალება, თუმცა კარგად მახსოვს, ჩემს ბავშვობაში როგორ შემოაკვდა პიტბული როტვეილერს.
ევა _ 21_ე საუკუნიდანო ისე ამბობ, თითქოს ახლა სხვა დრო იყოს.
ძმა _ მე მაინც ვფიქრობ მამა, რომ პიტბული მოერეოდა.
მამა _ შენ იქ არ ყოფილხარ, პიტბულის პატრონს ხალხი თხოვდა ჩხუბის შეჩერებას, შანსი აღარ ჰქონდა, უმოწყალოდ ათრევდა მიწაზე მასზე სამჯერ უფრო დიდი როტვეილერი, თუმცა პატრონმა თავი გაიგიჟა, არაო, არ შევაჩერებო, ამან ბოლოს იცის შეტევებიო, ტკივილს ვერ გრძნობსო. არა და გრძნობდა, საწყალი თვალებით იყურებოდა, ბენზინგასამართს შეფარებული ძუკნასავით წკაოდა და ამაოდ თხოვდა საყვარელ პატრონს შველას.
დედა _ ბოლოს რა მოხდა?
მამა _ რაღა რა მოხდა? შემოაკვდა, იმ დამპალმა პატრონმა კი ცხედარიც არ წაიღო, იქვე დატოვა, ტყეში, პირსისხლიანი როტვეილერი კი ამაყად გაფოფრილი გაუყვა გზას შინისაკენ, პატრონთან ერთად.
დედა _ საშინელებაა. თუმცა მგონი ჩვენ თემას გადავუხვიეთ.
მამა _ სულაც არა, ზუსტად იმაზე ვლაპარაკობთ რაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ, ანუ როტვეილერი, ყველაზე ძლიერი ძაღლი მყეფარა ოთხფეხთა შორის, დამანგრეველი, სიკვდილის მექანიზმი, და როგორი პატრონი უნდა ჰყავდეს ასეთ არსებას? არ არის გამორიცხული რომ მანიაკი, ავი, ბოროტი, სისხლზე დახამებული, მაგრამ არა, ჩვენი ძვირფასი ევა შეცდა, აბა წარმოიდგინეთ რას შეიძლება აკეთებდეს ტუალეტის რიგთან, ხელში ძაღლითა და თერმოსით ადამიანი? პასუხი მხოლოდ ერთია, ვინმეს უნდა ელოდებოდეს, ვინმეს, ვინც ტუალეტშია, ერთი დიტყვით, წარმოიდგინეთ სიტუაცია, ქუჩაში მიდის ადამიანი, ხელში როტვეილერის ჯაჭვითა და თერმოსით. ადამიანი, რომელსაც მეტისმეტად უჭირს, და ტუალეტში უნდა შესვლა. გზად შეხვდება ახალგაზრდას, რომელზეც შენ გვიყვები, სთხოვა რომ დაეჭირა ძაღლი და თერმოსი მისთვის რამდენიმე წუთით, ესეც დასთანხმდა, და შევიდა თუ არა პირველი ობიექტი ტუალეტში, ამან დრო იხელთა და ჩაი თუ ყავა მნოსვა თერმოსიდან. რა გამოდის? შენ მოგეწონა თერმოსი, რომელიც სხვისია, და ძაღლი, რომელიც ასევე სხვისია. ეს სხვა ტუალეტშია, ტუალეტში მყოფი ვერ მოგეწონებან გარეთ კი რჩება ბუტაფორია, შენს მიერ წარმოდგენილი უსაქმურისან.
ძმა _ მე მაინც ვფიქრობ მამა, რომ ჩხუბში პიტბული აუცილებლად მოერევა როტვეილერს, თანაც ძალიან მალე და მარტივად.
დედა _ მე კი თერმოსის ფორმა მაინტერესებს.
მამა _ საბოლოოდ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ახლა კი განაგრძე.
ევა _ რა განვაგრძო?
მამა _ ის რაც მოხდა.
ევა _ რაღა უნდა მომხდარიყო?
მამა _ შენ თქვი რომ არაფრით გამორჩეული დღის პირველი ნახევარი გქონდა, რაც სავარაუდოდ გამოვტოვეთ, მერე საინტერესო გაგრძელება ახსენე, რომელიც ჩვენს საუბარში თერმოსითა და ძაღლით შემოიფარგლა, მაგრამ არაფერი გითქვამს უსიამოვნო დასასრულზე.
დედა _ ჰო, უსიამოვნო დასასრულები არ მიყვარს, თუმცა მაინტერესებს.
ძმა _ შენს დასასრულში ძაღლი ფიგურირებს?
ევა _ არა.
დედა _ ერთი სიტყვით გისმენთ.
ევა _ ბევრი არაფერია სათქმელი, სკვერში გავყევი ჩუმად, ის სკამზე დაჯდა, მე მოშორებით დავჯექი, მერე ვიღაც ლამაზად ჩაცმულ, თავაზიან კაცს შეხვდა, რომელმაც მათთან სასაუბროდ მიმიწვია.
მამა _ მოიცადე, არ გითქვამს რა ბედი ეწია ძაღლსა და თერმოსს.
ევა _ თერმოსი თან წამოიღო, ძაღლი კი პატრონს დაუბრუნა.
მამა _ რომელ პატრონს?
ევა _ მას, ვინც ტუალეტიდან გამოვიდე.
მამა _ აჰა! ესეიგი ძაღლი გამოირიცხა, ხვალვე გიყიდი თერმოსს. მე მეტი არაფერი მაინტერესებს ჩავლილი დღიდან.
დედა _ ჰო მაგრამ მაინც მოვუსმინოთ, როგორც ამბობს, ორმა მამაკაცმა სასაუბროდ მიიწვია, მე მაინტერესებს რაზე ისაუბრეს.
მამა _ კარგი, მოვუსმინოთ.
ევა _ ბევრი არაფერი, იმ მეორე კაცმა ვაშლი მომცა, ბიჭმა კი, რომელიც ძალიან მომეწონა ხელიდან წამგლიჯა და მოისროლა.
მამა _ უცნაურია, მერე რა მოხდა?
ევა _ არც არაფერი, ავდექი და შინ წამოვედი.
დედა _ კარგი გიქნია.
მამა _ ყველაფერთან ერთად პარანოიდიც ყოფილა.
ევა _ ჰო, პარანოიდი იყო მამა.
მამა _ რა გაეწყობა, ნერვიულობის საბაბი არ გვქონია.
დედა _ ჰო, არანაირი საბაბი.
მამა _ თუმცა დაზღვევის მიზნით მაინც ვიყიდი თერმოსს.
დედა _ ახალგაზრდული უყიდე, ლამაზი, წითელ ან ყვითელ ფერში, მოუხდება.
მამა _ თავად შეარჩიოს, თუმცა მეც მივცემ რჩევებს თუ საჭიროდ მივიჩნევ.
ევა _ საჭირო არ არის.
დედა _ რატომ გგონია ასე?
ევა _ რადგან როცა მის მიმართ ანტიპათია გამიჩნდა, თერმოსი ისევ ჰქონდა.
მამა _ მართალია.
დედა _ კი, მართალია, ეს ფაქტი როგორ გამოგვეპარა.
ევა _ ხვდებით რომ გიჟები ხართ და მეც მაგიჟებთ?
დედა _ როგორ ელაპარაკები მშობლებს?
მამა _ ნუ ბრაზობ ძვირფასო, მის ასაკში თავქარიანობა სრულიად მოსალოდნელია, ჯობია გამოსავალის პოვნაში დამეხმაროთ.
ევა _ იცი რა, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ, და მირჩევნია აგყვეთ, თუ ეს აყოლა საინტერესო სარგებელს მომიტანს. გინდათ გამოსავლის პოვნა?
მამა _ კი, გვინდა, გვითხარი შენ სად და რაში ხედავ.
ევა _ კარგი, თქვენივე ლოგიკით, მე მომეწონა თერმოსი ან ძაღლი, და როგორც გაირკვა თერმოსი გამოვრიცხეთ, რა დარჩა?
ძმა _ ძაღლიიიი.
მამა _ რათქმაუნდა, ძაღლი.
დედა _ იმედია იმას არ გულისხმობთ რასაც ვფიქრობ.
მამა _ ძვირფასო, რატომაც არა, თუ ის ჩვენი შვილის პრობლემას მოაგვარებს.
დედა _ კი მაგრამ თუთიყუში ან ზღვის გოჭი ვერ შეძლებს მათ აღმოფხვრას?
ევა _ მე თანახმა ვარ. პირობა - პირობაა მამა. ხვალ. კოლეჯიდან მოსულს ძაღლი დამხვდება.
მამა _ როდის მიღალატია შენთვის ან სიტყვისთვის.
ევა _ მართალია გიჟი ხარ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუმცა ნამდვილად კარგი მამა ხარ. (მიდის, კოცნის და დასაძინებლად გადის)
(ლეკვის ხმა ბნელში
ევას ხმები : რა ლამაზია, მადლობა მამა, ბობოს დავარქმევ, ბობო, ბობო, მოდი ბობო
პარალელურად:
გამვლელი ქალი: ვაი, ვაი, საცოდავი
სხვა გამვლელი _ რა ხდება ქალბატონო
ქალი _ ძაღლის ლეკვი ჩავარდა ღია კანალიზაციის ჭაში
ბიჭი _ მე ვუშველი
ბიჭი ჩადის და ლეკვი ამოჰყავს
პარალელურად :
ევა _ ბობო, ბობო მოდი აქ, დაჯექი ბობო, თათი მომე.
პარალელურად: გამვლელი მღვდელი რომელიც ფეხს ურტყამს ძაღლს, ისმის ძაღლის წკმუტუნი.
ბიჭი _ რა დაგიშავა ეგეთი, წიხლი რომ არ დაგერტყა?
მათხოვარი  _ დამეხმარეთ.
მღვდელი _ ამ წამს არაფერი მაქვს, ეკლესიასთან მოდი და საჭმელს გამოგატან.
მათხოვარი _ ვის რად უნდა შენი საჭმელი, ღმერთის სახელს ამოფარებულო მძორო, საჯაროდ რომ მთავაზობ დახმარებას ხალხის გასაგონად, წადი და ისევ ის მოატყუე ვინც მოგიტყუებია, სანამ ჯერ კიდე გაქვს ამის დრო.
მღვდელი _ მოგიტევოს უფალმა.
პარალელურად:
კადრში ჩაივლის გიტარიანი ზანგი.
ევა _ ბობო. მომიტანე ბობო, მომიტანე
ბობო _ ყეფს, _ უკვე გაზრდილია
ისმის მანქანის ხმა. მანქანის ტორმუზის ხმა. ბობოს წკმუტუნი.)
(ეკლესიის ეზო, მღვდელთნ მიდის ევა.)
ევა _ გამარჯობა
მღვდელი _ გაკურთხოს უფალმა
ევა _ გმადლობთ, თქვენც.
მღვდელი _ რა შემიძლია გავაკეთო თქვენთვის?
ევა _ თხოვნა მაქვს ერთი.
მღვდელი _ გისმენთ.
ევა _ ძაღლი მომიკვდა.
მღვდელი _ სამწუხაროა.
ევა _ მის გარეშე არსებობა არ შემიძლია.
მღვდელი _ უნდა გაუძლო შვილო, ეგ რაარის, წარმოიდგინე, ზოგს დედები, მამები, შვილებიც კი, ცოლები და ქმრები უკვდებათ.
ევა _ არ მინდა მაგ შედარების კიდე ერთხელ მოსმენა.
მღვდელი _ უნდა გაძლიერდე, და უნდა იცოდე რომ წინ დიდი, ლამაზი და საინტერესო ცხოვრება გელის.
ევა _ ეგ ვიცი, თავის მოკვლას არ ვაპირებ.
მღვდელი _ ეგ უკვე კარგია.
ევა _ მე უბრალოდ...
მღვდელი _ რა ხდება, მითხარი, ნუ გერიდება, იქნებ რამით განუგეშო კიდეც.
ევა _ მე მინდა რომ ჩემი დიდი, ლამაზი და საინტერესო სიცოცხლის დასრულების შემდეგ, იქნება ეს ხვალ, თუ ასი წლის მერე, ისევ ვნახო ბობო.
მღვდელი _ ბობო ძაღლს ერქვა არა?
ევა _ ჰო, ჩემი ბობო.
მღვდელი _ არ ვიცი რა სიტყვებით განუგეშო ახლა, პატარა გოგონა არ ხარ, თოვლის ბაბუაზე ზღაპრით და ეგეთით რომ ტყუილდება, ამიტომ სწორად აგიხსნი, და ნუ გამიბრაზდები, სიკვდილის მერე სული განაგრძობს არსებობას, ლამაზი სული სამოთხეში მიჰყავს უფალს, სადაც სრულ სიმშვიდეს და ბედნიერებას პოვებს იგი, თუმცა ძაღლისა რა მოგახსენო. ცხოველს სული არა აქვს.
ევა _ განა სამოთხე ახდენილი ოცნებები არ არის? ადგილი, სადაც ბედნიერი ხარ.
მღვდელი _ ცხადია.
ევა _ მე კი ვერ ვიქნები ბედნიერი ბობოს გარეშე.
მღვდელი _ როგორ ვერ იქნები, ეს არის ადგილი, სადაც უფალს შეხვდები, რას ელი ამაზე მეტს.
ევა _ რაში მჭირდება მისი ნახვა, თუ იმდენად უძლურია, რომ ძაღლისთვის სულის მიცემაც არ შეუძლია.
მღვდელი _ ზედმეტი მოგდის უკვე, ნუ განარისხებ უფალს, ტაძარში შედი, ასი მეტანია გააკეთე რომ მოგეტევოს ეგ უგუნურება.
ევა _ სისულელეა, ტყუილად მოვედი აქ, მე მივდივარ.
(მიდის. სკვერში ჯდება)
ის _ სისულელეა
ევა _ უკაცრავად?
ის _ სისულელეა რაზეც ახლა ფიქრობ.
ევა _ ვიცნობთ ერთმანეთს?
ის _ არ ვიცი თუ გახსოვარ, რამოდენიმე წლის წინ გაგიცანი, ვაშლიც კი გაჩუქე, თუმცა ერთმა იდიოტმა ხელიდან წაგგლიჯა. გახსოვარ?
ევა _ დიახ, გამახსენდით, კარგად მახსოვს ის დღე, სწორედ მაგ დღეს შევთანხმდით მე და მამა, მეორე საღამოს კი ბობო დამახვედრა.
ის _ ჰო, ეგ კარგია.
ევა _ ბოდიში, მაგრამ თქვენ მითხარით რომ სისულელეა რაზეც ვფიქრობო, მითხარით, საიდაც იცით რომ რამეზე ვფიქრობ?
ის |_ ვარაუდით
ევა_ რაზე დაყრდნობით არის თქვენი ვარაუდი?
ის _ ეკლესიაში ვიყავი, ხშირად ვარ იქ, და შენი საუბარი მესმოდა მღვდელთან.
ევა _ გამანადგურა მისმა სიტყვებმა.
ის _ ცხადია, თუმცა სამწუხაროდ უნდა შეეგუო, რომ მართალია.
ევა _ კი მაგრამ რატომ, ღმერთს რა, ძაღლები არ უყვარს?
ის _ უყვარს, თუმცა თავისებურად, მაგრამ არა ისე როგორც შენ.
ევა _ ანუ გინდა მითხრა რომ ღმერთზე დიდი სიყვარული შემიძლია?
ის _ ასე გამოდის, ამიტომაც გეუბნები, სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ მას შენი ბობოს სამოთხეში შეშვება სთხოვო.
ევა _ მე მაინც ვცდი. თუ საჭირო გახდა წერილობით მივმართავ, და ყველა ტაძარს კარზე გავაკრავ ამ წერილებს.
ის _ არაფერი გამოგივა.
ევა _ რატომ?
ის _ რადგან მან მის ეგრედწოდებულ ეზოში თავის ეგრედწოდებული ძაღლებიც კი ვერ აიტანა, არც შენს ძაღლზე შეისმენს მსგავს თხოვნას.
ევა _ ღმერთს რა, ძაღლები ჰყავდა?
ის _ პირდაპირი გაგებით არა, თუმცა მაგალითისთვის, შემიძლია განგიმარტო თუ რას ვგულისხმობ.
ევა _ მაინტერესებს.
(მოდის მათხოვარი)
მათხოვარი _ გაიღეთ მოწყალება
ის _ არ მაქვს არაფერი.
ევა _ სამწუხაროდ თან არაფერი მაქვს, ბოდიშს ვიხდი.
(მათხოვარი მიდის, ის საუბარს აგრძელებს)
ის _ წარმოიდგინე ეზო, რომელშიც ლამაზი ყვავილი დარგე, ამ ეზოშია ასევე შენი ძაღლი, რომელიც კატეგორიულად გააფრთხილე, რომ ყვავილი არ გაეფუჭებინა. თუმცა ერთ დილას იღვიძებ, და ყვავილი მოთხრილი გხვდება. რას მოიმოქმედებ?
ევა _ გავუბრაზდები ძაღლს, ისევ დავრგავ ყვავილს, მივიყვან მასთან და კიდე ერთხელ გავაფრთხილებ, მივახვედრებ რომ ყვავილს არ უნდა შეეხოს,
ის _ კარგი, და ისევ რომ გააფუჭოს?
ევა _ ისევ რომ გააფუჭოს?
ის _ ჰო, ისევ რომ გააფუჭოს, რას მოიმოქმედებ?
ევა _ რა უნდა ვქნა, აღარ დავრგავ ყვავილს.
ის _ სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა გითხარი რომ მას არ შეუძლია იმოდენა სიყვარული, რამხელაც შენ, რადგან დიდი ხნის წინ, მან გადაწყვიტა რომ სჭირდებოდა ვინმე, ვისაც ეყვარებოდა.
ევა _ ღმერთმა?
ის _ დიახ, მან, და შექმნა ედემის ბაღი, სადაც შეუშვა ადამიანის ორი წინაპარი, ერთს ევა ერქვა, ისევე როგორც შენ, მეორეს კი ადამი.
ევა _ ვიცი ეგ ისტორია.
ის _ ცხადია იცი, თუმცა ამ შედარებით არასოდეს მოგისმენია, ერთი სიტყვით, ადამი და ევა, შეიძლება ითქვას რომ მისი ძაღლები იყვნენ, დადიოდნენ ედემის ბაღში, თამაშობდნენ, პატრონი საჭმელს აძლევდა დააბედნიერებდათ ეს ფაქტი. ახლა კი დავუბრუნდეთ შენს ეზოში დარგულ ყვავილს, რომლის პროტოტიპი, ედემში დარგული ვაშლის ხეა, მან, ისევე როგორც შენ შენს ძაღლს, ადამსა და ევას უთხრა, რომ იმ ხის ნაყოფი არ შეეჭამათ, თუმცა შეჭამეს. მაგრამ შენგან განსხვავებით, ყვავილი კიარ გააქრო, ძაღლები გაყარა ეზოდან და ახლა შორიდან უყურებს მათ შთამომავლობას, თუ როგორ განწირულად ებრძვიან არსებობის მინიმუმებს სიცოცხლისათვის.
ევა _ გასაგებია, მაგრამ იქნებ ნანობს ახლა მაინც თავის საქციელს.
ის _ ნანობს? სასაცილოა, ზედმეტად ქედმაღალია საამისოდ, მას არასოდეს არაფერი უნანია და არც ინანებს, რადგან არავინ ჰყავს ვინც პასუხს მოთხოვს, რადგან არავისი ეშინია და ამიტომაც ყველა წესსა თუ კანონს სათავისოდ ადგენს.
ევა _ მკრეხელი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ბევრ ასპექტში ჩავსვი შენი სიტყვები, და ვფიქრობ მართალი ხარ.
ის _ მართალიო? მერე და რარიგ მართალი ვარ რომ იცოდე, მისთვს ცხოველები ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც თქვენთვის მწერები, გინდა აბრაამის და ისააკის ამბავი გაგახსენო?
ევა _ ეგ რომელი ამბავია?
ის _ აბრაამი მისი შვილის, ისააკის შეწირვას აპირებდა მისთვის, მან კი ვერძი გამოუგზავნა და შვილის ნაცვლად დააკლევინა.
ევა _ სისასტიკეა.
ის _ ჰო, თუმცა ნაცვლად პროტესტისა, კაცობრიობამ ვერძების საკვებად გამოყენება დაიწყო, რადგან ასე ჩათვალეს სწორად.
ევა _ მართლა როგორ გავს ადამიანი ძაღლს.
ის _ უკაცრავად, ვერ გაგიგე.
ევა _ ძაღლიც ეგრეა, როგორც ზრდი, ისე იზრდება, რასაც აძლევ, იმას გიბრუნებს. უმიზეზოდაც რომ სცემო, ამაშიც გამართლებას გიძებნის, მგონი ამ საუბარმა ადამიანები შემაყვარა, თუმცა ღმერთზე დამაკარგინა წარმოდგენა, ახლა უფრო თამამად გავიბრძოლებ მის წინააღმდეგ, ყველაფერს ვიზამ რომ ბობო სამოთხეში შეუშვას, მთელ სიცოცხლეს ამ ბრძოლას მივუძღვნი.
ის _ წარმატებას გისურვებ.
ევა _ გმადლობ.
ის _ არაფრის. (მიდის)
ევა _ რა გქვია?
ის _  მე მეკითხები? (ტრიალდება)
ევა _ დიახ, შენი სახელი მაინტერესებს.
ის _ მე ბევრი სახელი მაქვს, თუმცა დღესდღეისობით ადამიანები მატერიალურ დახმარებას მეძახიან.
ევა _ მატერიალურ დახმარებას? რა უცნაური სახელია.
ის _ ჰო, უცნაურია, თუმცა ასე შემარქვეს, ჩემი ქმედებების გამო.
ევა _ ასეთს რას აკეთებ?
ის _ იმას, რასაც სახელი გეუბნება, ადამიანებს ფინანსურად ვეხმარები, შემიძლია შენც დაგეხმარო.
ევა _ არა, მე ფული არ მჭირდება.
ის _ რა გაეწყობა, მაშინ დაგემშვიდობები, თუ ოდესმე მსგავსი დახმარება დაგჭირდა, ამ გზაჯვარედინზე მომძებნე, ახლა კი დაგემშვიდობები.
ევა _ მადლობა ყველაფრისთვის, ბედნიერად.
(ის ეკლესიის ეზოში ბრუნდება, სადაც ხვდება მღვდელი, რომელიც ჯვარს მოიმარჯვებს და უჩვენებს, ცდილობს დააფრხოს.)
ის _ როგორ არ დაიღალე ამ თამაშით, ნახე, მეც მაქვს ეგეთი (ეუბნება და საკუთარ გულზე დაკიდებულ ჯვარცმას აჩვენებს.)
მღვდელი _ შენ ეგ რად გინდა?
ის _ ნახევრად სარკაზმია, ნახევრად კი ჩემი არსებობის მნიშვნელოვანი თარიღი.
მღვდელი _ რით არის მნიშვნელოვანი?
ის _ როგორ თუ რით, ამ დღეს მე გავიმარჯვე.
მღვდელი _ კიარ გაიმარჯვე, ამ დღეს დამარცხდი სწორედ.
ის _ შენ და შენნაირმა იდიოტებმა ჯვარზე აცვით ის, ვინც ჩემგან ხსნას გპირდებოდათ, აი მერე რა მოხდა, შენგან განსხვავებით მე მართლა კარგად ვიცი, მაგრამ არ მოგიყვები, თუმცა რაც არის-არის, მე გამარჯვებულად ვგრძნობ თავს, მეამაყება და სიმბოლურად ვატარებ იმ ნივთს, რომლის მეშვეობითაც შენ გგონია რომ დამაფრთხობ.
მღვდელი _ აქ რა დაგკარგია?
ის _ შენს წასაყვანად მოვედი.
მღვდელი _ ჩემს წასაყვანად?
ის _ დიახ, აღარ გახსოვს? შენი სული ხომ მე მაქვს.
მღვდელი _ მე ბევრი ვილოცე ამ ცოდვის გამოსასყიდად.
ის _ მარტო ამ ცოდვის?
მღვდელი _ არა მარტო, თუმცა ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც ცხოვრებაში დავუშვი.
ის _ ჰო, რა თქმა უნდა, და გამოსასყიდად ცხვარი დაკალი არა?
მღვდელი _ ცხვრები.
ის _ აჰ, ცხვრები, რა თქმა უნდა, თუმცა მე ვფიქრობ მსხვილფეხი უნდა დაგეკლა. ამით უფრო გამოისყიდიდი ცოდვებს.
მღვდელი _ რა გინდა აქთქო, კიდე ერთხელ გეკითხები.
ის _ რა მინდა... რა მინდა... კიდე მე მეკითხები აქ რა გინდაო? მე კიარა მართლა შენ რა გინდა აქ? ის რაც ადამიანს ცოდვად უწერია, შენდენჯერ მართლა არა მაქვს ჩადენილი, და თუ ჩავდივარ გამართლებას არ ვეძებ ამაში, ეგეც რომ არა, ანგარების გამო არასოდეს არაფერი ჩამიდენია. ხომ არ დაგავიწყდა? შენ სული გაყიდე, სული, და მის გამოსასყიდად რა ვქენიო? ცხვარი დაკალი არა? ვინ ჩახეთქა მერე ის ცხვარი? ისევ შენ, ეგეც რომ არა, ასე იდიოტი რამ გაგზარდა, ცხვართან რაღა გინდოდა? მის ცოდვას რაღად იდებდი?
მღვდელი _ ცხვრის ცოდვა არ გაიშვა, ცხვარს სული არ აქვს შე მართლა იდიოტო, უფალო მაპატიე.
ის _ აი მაგ სიტყვებისთვის გეტირება მალე დედა, ზუსტად მაგ სიტყვებისთვის, მას კი, რამდენჯერაც გინდა სთხოვე პატიება, შენი სული აქ არის, ჩემთან, და მას არანაირი უფლება არ აქვს ჩემს საქმეში ჩაერიოს.
მღვდელი _ ერთი წუთით, რაღაცას მივხვდი.
ის _ რას მიხვდი რას?
მღვდელი _ ღმერთი.
ის _ რაო?
მღვდელი _ ღმერთი, უფალი, მაცხოვარი.
ის _ სულ შეიშალე შე უპატრონოვ?
მღვდელი _ ვერ ამბობ, სიტყვა ღმერთს ვერ ამბობ, ამ სიტყვების გეშინია.
ის _ მეშინია?
მღვდელი _ ჰო, გეშინია, ვერ ამბობ, ადრეც დავაკვირდი, ახლაც.
ის _ იქნებ უბრალოდ რიდი მაქვს, თქვენგან განსხვავებით,
მღვდელი _ რიდი და შიში მეც მაქვს მისი. მაგრამ სახელის თქმა არ მეშინია.
ის _ და არც გრცხვენია?
მღვდელი _ საუბარს თავს ნუ არიდებ, თქვი რომ გიპოვნე შიში, თქვი და დამეკარგე აქედან.
ის _ და ამას მეუბნება კაცი, რომელიც პანაშვიდზე თვითმკვლელის ოჯახის წევრთან მიიტუზა, მთელი წლის ხელფასი მოთხოვა წესის აგების სანაცვლოდ. გადაუხადეს და წესიც კი არ აუგო სრულყოფილად, დადიოდა, ლუღლუღებდა და გუნდრუკს იქნევდა, თუმცა რას ლუღლუღებდა?
მღვდელი _ მოკეტე.
ის _ ესეც არ იკმარა, როცა მე შემხვდა, სინანულით იყო ვითომ ავსილი, სული მომყიდა ფულის სანაცვლოდ, ფიქრობდა, ამ ფულს ოჯახს დაუბრუნებდა და ამით თავის ცოდვასაც და თავის სულსაც გამოისყიდდა, მაგრამ ვერ გაიმეტა, შემოეხარჯა, და რაც გადაურჩა, იმით რამდენიმე ცხვარი იყიდა, დაკლა, შეჭამა და ამას გონია ცოდვები მოვინანიეო, არც იოცნებო უბედურო, არა, შენს ადგილას არასოდეს ვიქნებოდი, მაგრამ მაინც რომ დავუშვად, და რომც ვიყო, მის სახელს მართლა ვერ ვახსენებდი, სირცხვილის გამო.
მღვდელი _ ბოლოს და ბოლოს აღარ იტყვი რა დაგრჩენია აქ.
ის _ ჯვარი მინდა მიკურთხო, მიკურთხებ?
მღვდელი _ დამიბრუნე ჩემი სული.
ის _ სული დაგიბრუნოო?
მღვდელი _ ჰო, დამიბრუნე, მე ფულს დაგიბრუნებ.
ის _ კარგი, მომეცი.
მღვდელი _ (ფულს იღებს და აწვდის ) აჰა, აიღე.
ის _ საიდან გაქვს ეს ფული?
მღვდელი _ რა შენი საქმეა. აიღე და დამიბრუნე.
ის _ მითხარი თორემ არც იფიქრო დაბრუნებაზე.
მღვდელი _ მიწა გავყიდე.
ის _ რომელი მიწა?
მღვდელი _ მიწა, რომელიც სახელმწიფომ გადმომცა სიმბოლურ ფასად.
ის _ ვის მიყიდე?
მღვდელი _ რა შენი საქმეა.
ის _ ვის მიყიდეთქო?
მღვდელი _ უცხოელ ინვესტორებს.
ის _ ვიის?
მღვდელი _ დიდი მნიშვნელობა აქვს ამას? მომეცი სული.
ის _ აჰა, აიღე, მაგრამ იმიტომ კიარა რომ ფული მომეცი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უბრალო ფორმალობაა, შენი ყველა გზა მაინც ჩემთან მოდის, და ამას ვერაფრით გამოასწორებ. (ამბობს და მიდის. გზად ჩერდება, მიწას აიღებს მუჭით) იცი, ამ მიწაზე სპერმა რომ დაგექცეს, შეიძლება ადამიანიც აღმოცენდეს, (სახეში შეაყრის) ვის მიყიდე? უცხოელ ინვესტორებს არა? ამ ფულს რაღას იკლებდი შე უბედურო, შენი სული ამ მიწაზე უფრო განწირულია. (ხარხარით მიდის)
(ევა მიდის ძაღლების სასაფლაოზე, სადაც მუშაობს ბიჭიც. ევა ბობოს საფლავზე მიდის.)
ევა _ ჩემო ლამაზო, ჩემი სიცოცხლის აზრო, იცი რას ამბობენ შენზე? ამბობენ რომ აღარ არსებობ, რომ გაქრა შენი არსებობა, რომ გაქრა შენი კუდის ქიცინი და თათებში დამალული სახე, ჩემო ბობო, ჩემო ლამაზო და ჭკვიანო, არ მჯერა რომ ასეა, ვიცი რომ სადღაც ხარ, სადღაც დარბიხარ და მეძებ, არ ვიცი როდის მოვალ მანდ, მაგრამ გპირდები რომ მოვალ, მოვალ და ისევ ვითამაშებთ. სხეული აგიკანკალდება ჩემს დანახვაზე ვიცი, შეიძლება სიხარულისაგან ჩაიფსა კიდეც, ბობო, ჩემო ბობო, გეფიცები გავაგრძელებ შენს არსებობას.
მანამდე კი მინდა გითხრა როგორ მაკლიხარ. შენთან ლაპარაკი მომენატრა, მომენატრა შენი სახე, როცა მისმენდი, როცა სევდიან ამბავს გიყვებოდი, როგორ მლოკავდი ენით და მამშვიდებდი, ნეტა ადამიანებს ჰქონდეთ მაგის ნიჭი ბობო, რამეს რომ ეტყვი, ყველან რჩევებსა და გამოსავალს ეძებს, თანაც ისე, თითქოს სულაც არ იყოს ის პრობლემა, რაც მე მაწუხებს. შენ კი მისმენდი, არ მატყუებდი, სახეს მილოკავდი და კუდს მიქიცინებდი, ბობო, ჩემო ბობო, არ შეგეშინდეს ძალიან გთხოვ, გპირდები მოვალ, გპირდები განაგრძობ არსებობას, იქ სადაც პედიგრის მთები და რძის მდინარეებია, იქ სადაც მეც ვიქნები, ადრე თუ გვიან.
(შუა საუბრისას ბიჭი დაადგება თავზე და უსმენს)
ბიჭი _ ძალიან ვწუხვარ თქვენი ბობოს გამო.
ევა _ გმადლობთ, უკაცრავად, არ მეგონა თუ ვინმე მისმენდა.
ბიჭი _ დიახ, მოსმენისთვისაც ბოდიში, უბრალოდ გულზე მომხვდა და ვეღარ მოვწყვიტე სმენა.
ევა _ თქვეენ?
ბიჭი _ ევა?
ევა _ ჩემი სახელი გახსოვს?
ბიჭი _ კი, მახსოვს.
ევა _ როგორ? რატომ? ამდენი ხანი გავიდა.
ბიჭი _ ორი მიზეზია, პირველი - შენი ლამაზი სახეა, რომლის დავიწყებაც ძნელია, ხოლო მეორე ის დღე, როცა შენი სახელი გავიგონე, იმ დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი.
ევა _ რა შეცდომა?
ბიჭი _ არ გვინდა მაგაზე, ახლა შენ მიპასუხე რამ დაგამახსოვრა ჩემი თავი.
ევა _ დავფიქრდეთ! იმან ხომ არა რომ შუა ბაღში ვაშლი წამართვი?
ბიჭი _ (ეღიმება) ვიცი რა საშინლადაც შეიძლებოდა აღგექვა ჩემი ეგ ქმედება, მაგრამ დამიჯერე, მქონდა მიზეზი.
ევა _ რა მიზეზი?
ბიჭი _ არ გვინდა მაგაზე.
ევა _ როგორ თუ არ გვინდა, ამდენი წელია დღე არ გავა, მაგ კადრზე რომ არ დამეფიქროს, ახლა კი დროა, გამარკვიო მომხდარში.
ბიჭი _ კარგი, ვცდი აგიხსნა, და აქვე შენს წინა კითხვასაც ვუპასუხებ, ჩემი ცხოვრების დიდ შეცდომაზე, მაგრამ გაფრთხილებ, შეიძლება არ დამიჯერო რასაც მოისმენ, მაგრა/./././././././././მ დამპირდი რომ არ ჩამთვლი გიჟად.
ევა _ კარგი, გპირდები, მიუხედავად იმისა რომ გიჟი მგონიხარ აგერ უკვე სამი წელია.
ბიჭი _ მართალიცა ხარ, ვინ უნდა შეგეკამათოს, მაგრამ როგორც გითხარი, მქონდა მიზეზი. გახსოვს კაცი, რომელიც ჩემთან ერთად იყო მაშინ იმ სკვერში?
ევა _ კი, როგორ არა, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, დღეს ვნახე ისიც.
ბიჭი _ ნახე? ჯანდაბა, რაზე ელაპარაკე?
ევა _ არაფერზე ისეთზე, რატომ შეგეშალა სახე?
ბიჭი _ არა, მოიცა, უნდა მითხრა რაზე ელაპარაკე.
ევა _ არა, მე მგონი მართლა გიჟი ხარ.
ბიჭი _ გიჟი არა ვარ, უნდა მითხრა, გემუდარები,
ევა _ რა უნდა გითხრა, შემეშვი რა? მაშინაც ეგეთი სახე გქონდა როგორიც ახლა გაქვს.
ბიჭი _ კარგი ხო, ვიყო გიჟი, ოღონდ ის მაინც მითხარი ფული თუ შემოგთავაზა?
ევა _ ფული?
ბიჭი _ ჰო, ფული, სულის სანაცვლოდ.
ევა _ სულის სანაცვლოდ?
ბიჭი _ ჰო, სულის სანაცვლოდ ფული, შემოგთავაზა?
ევა _ იცი რა, მითხრა რომ სახელად მატერიაალური დახმარება ქვია, და ფინანსური დახმარებაც შემომთავაზა, თუმცა მას შემდეგ რაც ვუთხარი რომ არ მჭირდებოდა, არც ააფერი შემოუთავაზებია.
ბიჭი _ მატერიალური დახმარება? ეს ახალი მოუგონია, არა, არ ქვია ეგრე.
ევა _ აბა რა ქვია?
ბიჭი _ მამონი.
ევა _ მამონი? რა უცხო სახელია?
ბიჭი _ არ არის უცხო, უძველესი სახელია, როგორც ჩანს არაფერი გაგიგია ჯოჯოხეთის შვიდ პრინცზე.
ევა _ ჯოჯოხეთის შვიდი პრინცი?
ბიჭი _ ჰო, ლუციფერი - სიამაყის დემონი. ასმოდეა - სიძვის დემონი. ამონი - მრისხანების, ბაალი - გაუმაძღრობა. ლევიათანი - შურის დემონი, ბელფეგორი - სიზარმაცე, ხოლო მამონი არის სიხარბის დემონი, და აქ და ახლა, ჩვენს აწმყოში, ფულზე ახარბებს ხალხს, სანაცვლოდ სულს თხოვს, ყველამ მიჰყიდა სული, მთელმა ქალაქმა, მათ შორის მეც, და მის მერე ყოველდღე ვცდილობ გამოსყიდვას, თუმცა ვფიქრობ რომ შეუძლებელია, რადგან ერ უნდა დავხარბებულიყავი თავის დროზე.
ევა _ გასაგებია, მაგრამ შენს საქციელს ეგ როგორ ახსნის?
ბიჭი _ როგორ თუ როგორ? დემონი ევას ვაშლს აწოდებს, მე კი არ დავუშვი ისტორიის გამეორება.
ევა _ გასაგებია. და როგორ ცდილობ გამოსწორებას?
ბიჭი _ ძაღლების საფლავებს ვუვლი, რადგან დემონები ვერ იტანენ ძაღლებს.
ევა_ რა მაგარია.
ბიჭი _ ჰო, მაგარია, თან უცნაური და საინტერესოც.
ევა _ ჰო, ასეა.
ბიჭი _ კარგი ევა, მიხარია რომ გამიგე, ახლა დაგტოვებ შენს ბობოსთან.
ევა _ არა. მოიცა, მინდა ერთ საქმეში დამეხმარო,
ბიჭი _ სიამოვნებით.
ევა _ მე არც კი მითქვამს რაში მჭირდება დახმარება.
ბიჭი _ მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს .

(ბნელდება. კადრში ისევ გაივლის ზანგი. მერე მიყოლებით არის რამდენიმე კადრიი, როგორ სხედან ბიჭი და ევა კაფეში და საუბრობენ, მერე სეირნობენ, მერე მდინარის ნაპირას სხედან სადაც აკოცებენ ერთმანეთს.
შემდეგ კადრში ბიჭი ეკლესიის ეზოში იპარება და კარზე განცხადებას აკრავს, იქვეა ევაც და სიხარულს გამოხატავს, მერე სხვაგან გარბიან.
თენდება.)
მღვდელი _ ეს რა უბედურებაა?
(ეკლესიის ეზოში ხალხი გროვდება, მღვდელს ბიჭის გაკრული ფურცელი უჭირავს.)
ხალხი _ რა ხდება მოძღვარო, რა ამბავია ჩვენს თავს.
მღვდელი _ ნახეთ რა დამხვდა ეკლესიის კართან გაკრული:
ხალხი _ რა არის? რა წერია?
მღვდელი _
მამას ჩვენსას, რომელი არც ცათა შინა,
მხევლისა მისისა.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ შთაჰბეროთ ძაღლებს სული, და შეუშვათ ისინი სამოთხეში.
----
რას გავს ეს?
ხალხი _ ვინ ჩაიდინა ეს ?
მღვდელი _ ზუსტად ვიცი ვინაც.
ხალხი _ ვინ, ვინ? გვითხარი.
მღვდელი _ (ევას მამას, ისიც ხალხშია) შენმა შვილმა.
მამა _ ჩემმა შვილმა?
მღვდელი _ ჰო, შენმა შვილმა.
მამა _ დავსჯი.
მღვდელი _ დასაჯე.
მამა _ დავსჯი.
მღვდელი _ ხუთასი მეტანია.
მამა _ ათასი იყოს.
მღვდელი _ როგორ გაბედა.
მამა _ როგორ გამიბედა.
მღვდელი _ შენ კი არა ღმერთს გაუბედა.
მამა _ ჰო, როგორ გაუბედა.
მღვდელი _ გათამამებული ბავშვი.
მამა _ ჰო, გავათამამე.
მღვდელი _ ხალხს დედები და მამები უკვდება.
მამა _ დები და ძმებიც.
მღვდელი _ შვილები.
მამა _ ცოლები, ქმრები.
მღვდელი _ ეგ კი ძაღლის ამბავს მალე მთელ ქალაქს გადაგვაყოლებს.
მამა _ აუცილებლად დავსჯი.
მღვდელი _ დასაჯე.

(ამასობაში ევა და ბიჭი მდინარის ნაპირას სხედან. კადრში ისინი ინთებიან.)
ბიჭი _ ყველა ეკლესიაში გავაკარით განცხადება.
ევა _ ჰო, ძალიან მიხარია.
ბიჭი _ ახლა ისღა დაგრჩენია დიდ ხანს იცოცხლო, და მერე იმედია შედეგიც დაგხვდება.
ევა _ ჰო, იმედია.
ბიჭი _ ჰო, დაგხვდება, აუცილებლად, არამგონია ღმერთი ის კლიმაქსიანი მოხუცი იყოს, როგორაც ხალხი აღიქვამს, თუ ეს ყველაფერი შექმნა, ესეიგი სიყვარულიც შეუძლია, და თუ სიყვარული შეუძლია, არამგონია უარი თქვამს შენს ამ თხოვნაზე.
ევა _ ჰო, არც მე მგონია, და როცა მის წინაშე წარვსდგებით, ბობოსაც გაგაცნობ.
ბიჭი _ მე ნუ მიმათვლი მანდ, თქვენს რიგებში.
ევა _ რატომ?
ბიჭი _ როგორთუ რატომ, ჩემი სული ხომ...
ევა _ აქ დამელოდე.
(გარბის სკვერში, გზაჯვარედინზე არის ის. მასთან მიდის, ესაუბრება, ამასობაში ისმის მუსიკა, ეკლესიაში ჩოჩქოლია, ევა და ის საუბრობენ, ის ევას ფულს აძლევს, ევა ბიჭთან გამორბის. კადრში შემოდის ზანგი, რომელიც ის_თან მიდის და ესაუბრება. საუბრის დასრულების თანავე, ზანგი სკვერში ჯდება და გიტარას მოიმარჯვებს, სანამ დაუკრავს მანამ თავს ესხმიან და ცემაში კლავენ, ჯიბეებს უჩხრეკენ, ფულს ეძებენ, ფული არააქვს. ის ბრუნდება)
ის _ რატომ მოკალით?
ხალხი _ განა სული არ მოგყიდა?
ის _ კი, მომყიდა.
ხალხი _ მერე ფული არ მიეცი?
ის _ არა, ფულის სანაცვლოდ არ მოუცია თავისი სული.
ხალხი _ აბა რის სანაცვლოდ?
ის _ გიტარაზე დაკვრა ვასწავლე.
ხალხი _ გიტარაზე დაკვრა თუ არ იცოდა გიტარა რად უნდოდა?
ის _ იცოდა, მაგრამ მე უკეთ ვასწავლე.
ხალხი _ ეეჰ, ჩვენ ვიფიქრეთ... კარგი რა გაეწყობა.
(მიდიან. ისიც მიდის, თან ეცინება. მათხოვარი მიდის მკვდარ ზანგთან, ტირის, მერე გიტარას ეფერება და თავის ალაგს უბრუნდება. ამასობაში ევა მიდის ბიჭთან)
ევა _ აიღე ფული.
ბიჭი _ ეს რა ფულია?
ევა _ ხუთიათასი.
ბიჭი _ რა ხუთიათასი?
ევა _ მწვანე.
ბიჭი _ საიდან გაქვს?
ევა _ აბა გამოიცანი.
ბიჭი _ ევა, გაგიჟდი?
ევა _ სულაც არა, დროზე წამოდი და შენი სული გამოვისყიდოთ.
ბიჭი _ რა სულელი ხარ, არამგონია ფულით შევძლოთ გამოსყიდვა, ასეც რომ იყოს მაინც არ მინდა, რადგან ამით შენ ჩავარდები განსაცდელში.
ევა _ შენ 5 წელი გეწურება, მე კი კიდევ მაქვს 5 წელი ამ ფულის საშოვნელად, ამას ერთად ვიშოვნით, ახლა კი მგონი დროს ვკარგავთ, დღეს ზუსტად 5 წელი შესრულდა იმ ამბიდან.
ბიჭი _ და თუ ფულით ვერ გამოვისყიდე? რა იქნება მერე?
ევა _ ის რომ სადაც წავალთ, ერთად წავალთ, რადგანაც ჩემთვის არ ექნება ფასი უშენო სამოთხეს.
(ის_თან გარბიან)
ბიჭი _ ჩემი სულის გამოსყიდვა მინდა.
ის _ ფული მოიტანე?
ბიჭი _ კი, მოვიტანე, ხუთიათასი.
ის _ მწვანე?
ბიჭი _ ჰო, მწვანე, დროზე დახიე ხელშეკრულება.
(ის ხელშეკრულებას ეძებს და ვერ პოულობს.)
ის _ აქ არ არის.
ბიჭი _ როგორ თუ აქ არ არის,
ის _ აქ არ არის, აქ უნდა იყოს, ის რაც ჩემია ჩემია, ვერავინ წამართმევს.
ბიჭი _ მალე დაძებნეთქო.
ის _ აქ უნდა იყოს, აქ... (უცებ ფურცლებს ძირს დაყრის, ბიჭთან მიდის და ყურს გულზე ადებს, მერე ხელს ადებს გულზე, მერე ცუსკენ იხედება.) როგორ ბედავ, როგორ მიბედავ რომ იმას მართმევ რაც ჩემია, ჩამოდი, ჩამოდი და პირისპირ მელაპარაკე, თავხედო არამზადავ, შენს ქმედებასაც უნდა დაუწესოს ვინმემ საზღვარი, ჩამოდი, ჩამოდი და პირისპირ მელაპარაკე, არარაობავ, ჯვარცმულო თავხედო, როდის უნდა შეიგნო რომ ყველაფერმა შენს ირგვივ არ უნდა იმოძრაოს, როდის.
ბიჭი _ რა ჯანდაბა ხდება.
ის _ მომწყდი თავიდან, შენი სული შენ გეკუთვნის.
ბიჭი _ ეგ როგორ?
ის _ (გულიდან ჯვარს იგლეჯს და ბიჭს ესვრის, ) აი, ამას კითხე, ახლა კი მომყდი თავიდან, ძალიან განერვიულებული ვარ და სანამ მთელი რისხვა შენ დაგატეხე, მომწყდი თავიდან.
ევა _ მაშინ ჩემს კონტრაქტს გამოვისყიდი ამ ფულით,
(ის ფურცლებს ჩიჩქნის, მერე ევას მივარდება, ყურს ადებს გულზე, სიმწრის სიცილი უვარდება )
ის _ წყეულო, როგორ მიბედავ, წყეულო, არ შეგარჩენ, გეფიცები არ შეგარჩენ.
(ბიჭი და ევა გარბიან,)
ევა _ ამ ფულს რა ვუყოთ?
ბიჭი _ გადაყარე.
ევა _ არა, არ გადავყრი, ვიცი რაც უნდა ვუყო, დამელოდე.
(მათხოვართან მიდის, ფულს აძლევს, უკან ბრუნდება, ხელს გადახვევს ბიჭს და გახარებულნი მიდიან.
ის _ მათხოვარს _ რას გავს ეს?
მათხოვარი _ დამიჯერებ რომ გითხრა წარმოდგენაც არ მაქვსთქო?
ის _ ცხადია არ დაგიჯერებ.
მათხოვარი _ მაშინ მითხარი, ოდესმე მომიტყუებიხარ?
ის_ არა, არასოდეს,  მაგრამ რას მივაწერო ეს ყველაფერი.
მათხოვარი _ არ ვიცი,  თუმცა  ვერსია მაქვს, გამომართვი შენი ფული, სანაცვლოდ კი ბეჭედი მატხოვე.
ის_ რა ბეჭედი?
მათხოვარი _ რაიმე ბეჭედი, რომელიც საქმიან ქაღალდებს დაესმებათ ხოლმე.
ის _ რად გინდა?
მათხოვარი  _ მთხოვნი თუ არა?
ის _ აჰა, აიღე.

მათხოვარი ეკლესიის ეზოში გადადის, განცხადებას, რომელიც ისევ არის მიკრული იღებს, ბეჭედს უსვამს, გამოდის, მათხოვრის ტანსაცმელს იხდის, შიგ თეთრად აცვია, ზურგზე ფრთები აქვს, უკან იხედება, )
მათხოვარი-ანგელოზი _ ბობო. ბობო, მოდი აქ,
(მისკენ მირბის ბობო, და ორივენი ერთად მიდიან შინ, ანუ სამოთხეში)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები