ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2022


***

წვიმით სავსეა ახლა სულის ყველა ნასვრეტი.
წვიმაა გარეთ. ამინდებზე წერა რამდენად
მოსაწყენია ალბათ იცი, თუმცა სავსებით
სასარგებლოა ჩემთვის, რადგან გადასარჩენად
კაცი ხავსსაც კი ეჭიდება. მე ალბათ ახლა
მჭირდება ხავსი. (ეს სიტყვები ლაჩრობას ნიშნავს.)
წვიმის წვეთებმა გააღვივა სხეულში დაღლა
და თითქოს ვხედავ, რა ახლოა ზეციდან მიწა
და რა შორია მიწის ცხელი მკერდიდან ღმერთი,
რომელიც ალბათ გაიცინებს, როდესაც ნახავს
წვიმიან სახლში მასზე ორ-სამ სტრიქონს რომ ვწერდი,
ჩემს ტკივილებზე აივნიდან ღრიალის ნაცვლად.
ტკივილიც გაცვდა. კი არ გატყდა, უბრალოდ, თითქოს
გახდა სულერთი, როგორც ძველი საყვარლის ბედი,
რომელიც შენგან ერთ უბრალო წამსაც არ ითხოვს
და თუ შემთხვევით ჩამოგცდება ქუჩაში გვერდით,
თორემ სხვაგვარად არაფერი. დანარჩენს კიდევ
ვერაფერს ვიტყვი, რაც არ მითქვას აქამდე, უფრო
მეტიც, ყოველდღე ვანადგურებ შეჩვეულ შიშებს -
განსაკუთრებით სიმარტოვის და დიდ დროს ვუთმობ
დუმილს. ახალი, სწორედ ეს მაქვს, ვისწავლე, როგორ
დავდუმდე სწორად და სწორ დროს და იმასაც გეტყვი
დუმილით ნაგებ სასახლეში სულ მარტო ვცხოვრობთ -
ორივე ვდუმვართ - მე და ჩემი კეთილი ღმერთი.
წვიმა კი მიყვარს... მთელი დღეა მიღიმის წვიმა.
თითქოს წვიმიდან დავიბადე და მინდა, ისე,
(ნეტავ იმ წიგნში არ ეწეროს: იქეცი მიწად!)
როცა სხეული შემეცვლება ამ წვიმად ვიქცე,
სექტემბრის წვიმად, ზღვისპირეთის, რომელიც თითქოს
შემოდის სახლში, როცა ღმერთიც იხურავს კარებს
და ღმერთის მსგავსად სულ არაფერს, არაფერს ითხოვს,
უბრალოდ დადის და დაგმანულ დარაბებს აღებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები