ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ოქტომბერი, 2022


●●●(level)

ის ბორდიურზე ვერ დაჯდებოდა,
იდგა შეწუხებული
და აქეთ-იქით იყურებოდა.

-"დიდუბის" მერე
მეტროს სამი სადგური დამატებია,
გაშლილა გლდანი...

ორმხრივს ცალმხრივი გზები ჩანაცვლებია...

მაგრამ, ასე რამ გატეხა ხალხი?
კაცი, თუ ქალი რას დამსგავსებია?

- უკეთესები თუნუქის მდინარეებს დაჰყვებიან,
აწ უკვე ცალმხრივს.
ცხოვრება, ბები.

- რა ცხოვრებაა ასეთი ახლა?
ან როდის ყოფილა ადვილი?

- ახლა უფრო მძიმეა ფონი.
თუმცა, რა ვიცი,
სხვა დროში არ მიცხოვრია.

- ის მითხარი შენ როგორა ხარ?

- როგორც ყველა.
მიმძიმს და ვზიდავ.

- რა გასულდგმულებს?
რა გიხარია?

- რასაც სასიხარულოს ვნახავ,
ჩემსას, თუ სხვისას.
ფუფუნებაა  საკუთარით ხარობდე მხოლოდ.
სხვა ლეველია, დაბალი.

- ლეველი რაა?

- მარტივად დონე.

- დონეც არ ვიცი რას ნიშნავს წყალსაცავს მიღმა.

- სულის მდგომარეობას.

- მე კეთილსა და ბოროტს ვარჩევდი.

- ჰო,  გრადაცია განიცადა მაგანაც მგონი.

- შვება რაშია?

- ჯანმრთელობაში.

- გარდა მაგისა?

- მე პოეზიას ვეკედლები,
სხვები სხვა კედლებს.

- და სიყვარული?

- გადასხვაფერდა.

- მაინც როგორ?

- რომ გგონია გიყვარს, თურმე ტრავმებს იშუშებ.

- რომელ ტრავმებს?

- წინა სიყვარულისას.

- მაგრამ პირველი?

- ვიღას ახსოვს?!

- ესე იგი კარგად არა ხარ?

- რასაც შენ ჩემთვის ინატრებდი ყველაფერი მაქვს.

- მაშ საწუხარიც არაფერია?

- ასეც ვერ ვიტყვი...
ყოვეთვის მაკლდი,
ახლაც მაკლიხარ.

- მე შენით ვიამაყებდი?

- კი. უპირობოდ. ზუსტად ვიცი.

- ესე იგი მართლა კარგი ხარ.

- ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი.

- არც მიკითხია,
ზუსტად ვიცი, მართლა კარგი ხარ.

- მაშ ადგილს რატომ ვერ ვპოულობ?

- რას გულისხმობ?

- მგონია რომ სადაც ვარ
იქ არაა ჩემი ადგილი.

- შენ რომ ეყრდნობი იმ კედელმა ვერ გისაყრდენა?

- პოეზია?
როგორ აგიხსნა, შენ რომ მიხვდე უფრო მარტივად?!
ვოლიერში ხომ გინახავს გამომწყვდეულნი?

- ზოოპარკში?

- სწორედ იქა ვარ.
სხვები გაწვრთნილან,
დაუპყრიათ ცირკის არენა.

- იმათ შენატრი?

- არა, ტყეებისას. უმჯობესია თავისუფლება.

- იქნებ შეეშვა თავის წვალებას?

- ვიყო ბრმა და მუნჯი?!
ეგ სხვა ლეველია, მაღალი.
ვცდილობ და არ გამომდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები