ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: დრამატურგია
30 ოქტომბერი, 2022


ბოლო სიცილი

ბოლო სიცილი

(მოქმედება ვითარდება ცირკის კარავში, ე.წ. კულისში,
გმირები: კლოუნი პიერო, ფაკირი ალისა, ბოშა ქალი მაჰალა, კაცი (ბოშა) იანო, და მისი შვილი პაპუში
პიერო საკუთარ გამოსვლას ელის, შემოდის ეს-ესაა ნომერს მორჩენილი ალისა. სარკესთან ჯდება და თავს იწესრიგებს)

პიერო_ როგორ ჩაიარა გამოსვლამ?

ალისა_ დამცინი არა?

პიერო_ ოჰ, უკაცრავად, როდესაც თავად ცეცხლი გადის სცენაზე, სხვაგვარად როგორ ჩაივლიდა, მისი სახელი, ალისაც ხომ ამას ადასტურებს, ალისაგან ქმნილი უმშვენიერესი არსება, ცეცხლის სტიქიის დამმორჩილებელი!

ალისა_ დიახ, დიახ, აპლოდისმენტები, ოვაციები, მადლიერებითა და სიყვარულით სავსე მომღიმარი სახეები...
პიერო_ და ვინმე მდიდარი, რომელიც ჩაიზე, ყავაზე ან პირდაპირ საწოლზე გეპატიჟება ისევ!
ალისა _ არა, ეგ ნომერი, წარმოდგენის დასრულების მერე იდგმება მაგ მდიდარი ბაბუების მიერ, მანამდე (სცენაზე მაჰალას ბოშური სიმღერის ხმა შემოდის) _ აი, მაჰალას ცეკვა იწყება და იანოც დანებს ისვრის, ვინ იფიქრებს ამ დროს ჩემზე, ეგეც რომ არა, ეს ხომ ბოშათა ბოლო ნომერია, იქნებ გულმა უგრძნოთ რომ საბოლოოდ უყურებენ და ერთხელ მაინც აჩუქონ საპირისპირო ემოცია.
პიერო _ შენ მოგცეს რაიმე ახალი?
ალისა _ არა, არაფერი, ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის.
პიერო _ რატომ არ მიკვირს...
ალისა _ ჰო, როგორც ყოველთვის, მე ცეცხლში ვარ გახვეული, ცეცხლს ვაფქრვევ, ცეცხლს ვეცეკვები, ისინი კი ერთხმად ყვირიან: გაიხადე, გაიხადე, არა, ჩემი ოცნება ბოლო ნომრის ემოციაზე გაქრა, იქნებ მაჰალას მაინც მისცეს ამ ბრბომ რაიმე.
პიერო_ ჰო,  ბოლო ზამთარს აცილებს  მაჰალა... (სიგარეტს უკიდებს) კედლის მიღმა კი სადაც საათს პულსი აღარ ესინჯება, შიმშილი იხარშება ცარიელ ქვაბში.
ალისა _ ოჰო, ძვირფასო პიერო, ეგ სენტიმენტალურ-პოეტური ფრაზა, სიბერის ბრალია თუ წიგნებსა და კინოებში გაუცხოებული კლოუნის პერსონაჟი შეითავსე?
პიერო_ ეგ რაღას ნიშნავს?
ალისა _ ეგ იმას ნიშნავს, რომ წიგნებსა და კინოებში კლოუნები ან ბროტები არიან, ან სევდიანები, და ძირითადად ამ სევდასა და ბოროტებას საკუთარი მხიარული ვიზუალითა და წარმოდგენით ფარავენ (პიეროსთან მიდის, სიგარეტს ართმევს და ეწევა)
პიერო_ როდიდან ეწევი?
ალისა _ დღეს, მხოლოდ დღეს ყველაფერს გავაკეთებ რაც აქამდე მინდოდა და არ ან ვერ გამომივიდა.
პიერო_ მდიდარ კაცსაც გაჰყვები საღამომდე?
ალისა _ ვნახოთ, ვნახოთ!
პიერო_მამაჩემიც ასე ფიქრობდა.
ალისა _ როგორ ასე?
პიერო_ კლოუნებზე, ზუსტად ისე, როგორც წიგნებსა და კინოებშია, ამბობდა, მხიარულებისთვის შექმნილი ქმნილებები არიან, რომლებიც მოაზროვნე ადამიანებს დიდს თუ ვერა, ცოტა შიშს მაინც აღუძრავენო!
ალისა _ რა საინტერესოა, და სინამდვილე როგორია?
პიერო_ სინამდვილე? სინამდვილე... სინამდვილეში მე ყველაფერს მირჩევნია ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მე ბავშვობიდან კლოუნობაზე ვოცნებობდი,  ბამბებს ვტენიდი თეთრ ნაჭრებში, მერე ფერადი ლენტებითა და სხვა ნაჭრებით ტანსაცმელებს ვუკერავდი, და არც ისე ლამაზ, თუმცა მაინც, სათამაშო კლოუნებს ვბადებდი. მერე, ნელ-ნელა, დროის გასვლასა და ასაკის მატებასთან ერთად, მე თვითონ გავხდი კლოუნი, და აი, ახლა აქ ვარ, კედლის მიღმელი უბედური ადამიანები ჩემთან მოდიან, მე მათ ვატყუებ რომ სიცილი და ბედნიერება სწორედ და მხოლოდ აქ, ამ ადგილშია, მხოლოდ ამ ცირკში, ჩემს ნომერში, ჩემს გამოსვლაში, ისინიც თავს იტყუებენ რომ ჩემგან ეს ყველაფერი სჭირდებათ, მეტიც, ამაში  ფულს მიხდიან, და ყოველ ახალ გამოსვლაზე მაჯერებენ, რომ მე ღმერთი ვარ, სიცილის, ბედნიერების ღმერთი, ჰოდა მოდიან ჩემთან, მოდიან ამ ფერად კარავში როგორც მრევლი ქრისტეს სალოცავში, მოდიან, იცინიან და არ ფიქრობენ იმაზე, რომ გარეთ მათი შვილები შიმშილისგან იხოცებიან, მათი გაოცებული მზერა, თვალის მზერა და გულის მზერა ჩემს წლების განმავლობაში შეუცვლელი ნომრისკენაა მიმართული, უყურებენ, იცინიან, და თითქოს ამით რაღაც ვალს იხდიან, საკუთარი თავისთვის დაკისრებულ წარმოუდგენელ ვალს!
ალისა _ ღმერთი? ღმერთი... შენ გესმის რა თქვი? ხვდები რომ შე  ნ თვითონ მიხედი პასუხებამდე? ხვდები რომ შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება მართლა სიცილის უკანასკნელი ღმერთი ხარ პიერო, მაგრამ... ხორცშესხმული ღმერთის მისია ხიმ იცი რაც არის მიწაზე?
პიერო_ ვიცი ალისა, ვიცი!
ალისა _ ჰოდა ეს ყოველივე უნდა მორჩეს დღესვე, ხომ იცი? ხომ მზად ხარ?
პიერო_ ვიცი, და მზად ვარ, მიუხედავად იმისა რომ უზომოდ მაბედნიერებს ეს ყველაფერი!
ალისა _ არა, არ მომწონს შენი სევდა, მაშინებს!
პიერო_ ტყუილად ღელავ მშვენიერო, მე სამურაის სისხლი მაქვს, ასე რომ ზუსტად ვიცი რა და როგორ უნდა მოხდეს, დროის მნიშვნელობა კი იმდენაც უმნიშვნელო ადგილს იკავებს, რამდენსაც ნომრის ჩავარდნის შანსი, ჩემი, შენი ან ამათი გამოსვლისას!
(კულისში მაჰალა და იანო შემოდიან, თავიანთ ადგილებს იკავებენ. მაჰალა კაბას იცვლის, იანო უხმოდ ზის და დანას ეთამაშება)
პიერო _ რა მოხდა მაჰალ, ნომრიდან ასე უხმოდ შენი გამოსვლა იგივეა, რომ იანო შემოვიდეს სიცილ-ხარხარით.
ალისა _ რაო მაჰალ, არ შეგარგეს ბოლო ნომერი?
მაჰალა _ რაღა რაო? ბოლო ზამთარი გავაცილე გოგო, ბოლო ზამთარი.
პიერო_ შენ არაფერს იტყვი იანო? (სკამზე მჯდომს და ჩაფიქრებულს ბეჭზე ადებს ხელს)
იანო _ ლალე (წამოვარდება უცებ და პიეროს უყურებს)
პიერო _ ჰო რა თქმა უნდა, ნახე რა ძალიან ვგავარ (ტანზე ისვამს ხელს"სექსუალურ"-ნერვებზე მომშლელად)
იანო _ დაეკარგე წითელცხვირა, თორემ მთელ სახეს ცხვირივით აგიწითლებს იანო.
პიერო _ ჰო, რა თქმა უნდა, ახლა შენი შეწუხება როგორ შეიძლება! ეს-ესაა დაიჭირე წამი და გააშეშე საკუთარი კანკალი, მაჰალაც ცოცხალი და საღ-სალამათია, რითაც ვასკვნი რომ ზუსტად მოარტყი დანა დანიშნულების წერტილს, ახლა თავიდან უნდა აცახცახდე მშიშარა კურდღელივით, ჰეჰეჰეჰე! მაშ კარგი, შენთვის აღარ მცალია, ბედნიერების ღმერთი ბოლო სიცილის გასაჩენად მიემართება, იმედია დამელოდებით... ქრისტე მოდის, ქრისტე მოდის, ქრისტე ქრისტე ქრისტე მოდის (ზარის რეკვის ხმაზე)
(პიერო გადის, )
მაჰალა _ აბა შენ იცი პიეროო, ეს სიცილი მათ სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაჰყვეს!
იანო _ ლალეე... (ამოიოხრებს, თავზე იკიდებს ხელს და ჩაემხობა)
მაჰალა _ არა ბნელო, არა იანო, არა, არ არი ლალე, შემომხედე, შემომხედეთქო (სახეზე კიდებს ხელებს) ლალე აღარ არის, ახლა მე უნდა მესროლო დანა,
ალისა _ კარპედიემ იანო, კარპედიემ...
იანო _ კარპედიემ...
მაჰალა _ კარგად ხარ ხო? ხომ კარგად ხარ...
იანო _ ჰო, იანო კარგად არის!
ალისა _ მაშინებს პიეროს საქციელი.
მაჰალა _ რატომ გოგო, რაო ეგეთი?
ალისა _ თქმით არაფერი უთქვამს საეჭვო, მაგრამ ვგრძნობ, მთელი არსებით ვგრძნობ რომ მოგვატყუებს, შეიძლება განგებ არა, მაგრამ რაღაც ძალა აიძულებს ამას, არ ვიცი, შიში, ან ნოსტალგია, ზუსტად არ ვიცი.
მაჰალა _ ყოველ გამოსვლაზე, იანოს სიცოცხლეს ვანდობ, პიეროს სულსაც ვანდობდი, მაგრამ მაინც მიტრიალებს თავში ერთი პასუხსგასაცემი კითხვა, და ნუ ჩამატანთ ამას სამარეში.
ალისა _ რაო მაჰალ, შენც გაგიჩნდა კითხვები არა?
მაჰალა _ ჰო გოგო, გამიჩნდა, გამიჩნდა აბა რა, იმ ღამეს კარტი გავშალე და სიკვდილი დავინახე, თქვენთან მოვედი რომ მეთქვა ამაზე, და რას ვხედავ, ამ შავბნელს (იანოსკენ იშვერს ხელს) თოკი შეუბამს ჭერზე და ზედ კისრით დაკიდებას აპირებს, ლალე მენატრებაო, ვითომ პაპუშა აქ არ ყოლოდა, დამაფიქრა ამ თოკმა, ბანქო ტყუილს არასოდეს ამბობს გოგო, ჰოდა მომინდა რომ დამესწრო მისი წინასწარმეტყველებისთვის, მომინდა გამემარჯვა ბანქოზე, ვიფიქრე მე არც შვილი მრჩება, არც არავინთქო, მერე, შენ და პიერო ისმენთ ამ ყველაფერს და ამბობთ რომ თქვენც უნდა მოკვდეთ, მაგრამ რატომ და რისთვის, თქვენი მიზეზი მომკალი და ვერ გამიგია.
ალისა _ რატომ... რატომ... სიცოცხლე, სიკვდილი, სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ და სიკვდილი სიცოცხლის შემდეგ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს მაჰალ? გახსოვს როგორ ვოცნებობდი სცენაზე გასვლას? როგორ ვოცნებობდი გაოცებული სახეების დანახვაზე? სულ 14 წლის ვიყავი მაშინ, და ვინ ვიყავი ხალხისთვის? ვინ ვიყავი? ვინ? ყოველი შემთხვევისთვის ის ვირტუოზი ბავშვი არა, რომელიც ცეცხლს სულს აძლევდა, მთელ ამ ცეცხლთან თამაშს, ერთხელ რომ კაბა ჩამეხადა, უფრო მეტ ოვაციებს მოვისმენდი, ხომ ხვდები მაჰალ.
მაჰალა _ ვხვდები მაგრამ არც ისეა შენ რომ გგონია.
ალისა _ ზუსტად ეგრეა მაჰალ, ზუსტად ეგრე, გინახავს პიეროს ახალი ნომერი?
მაჰალა _ როგორ არა.
ალისა _ საოცარია.
მაჰალა _ გეთანხმები.
ალისა _ მერე? ვინ მისცა შანსი გაეტანა სცენაზე? ხალხს მხოლოდ ის უნდა რაც ზეპირად იციან, მეტი არაფერი, ჰოდა დაგვღალა ამ მარაზმმა, ერთფეროვნებამ. სიყალბემ, საკუთარი თავის დაკარგვამ. ჩვენ გვეზიზღებოდა ხალხი, რომელიც რობოტებივით ცხოვრობდნენ, დადიოდნენ, დარბოდნენ, დაეძებდნენ ფულის შოვნის გზებს და კვირაში ერთხელ, ოთხი საათიდან ექვს საათამდე ჩვენთან მოდიოდნენ რათა გაეცინათ.
მაჰალა _ გეზიზღებოდათ და გეზიზღებოდეთ, ვინ გაიძულებთ სიყვარულს, მაგის გამო სიცოცხლე უნდა დაასრულო ასეთმა ღვთაებამ?
ალისა _ ჭირსაც წაუღია ჩემი ღვთაებრივობა, ამ სილამაზის გარეშე უკეთესი ცხოვრება მექნებოდა ნამდვილად, მაგრამ მიზეზი ეგ არ არის მაჰალ, ბოლოს სხვა რამეს მივხვდით, ჩვენი სხეულებიდან გამოვედით და ჩვენს თავებს შევხედეთ და საშინელება დავინახეთ, რობოტები, რობოტები და მეტი არაფერი, რომლებიც კვირას, ოთხიდან ექვსამდე, ერთი და იგივე სისულელეს აკეთებს, რომ ხალხი გააცინოს, ამ ბრბომ თავის ნაწილად გვაქცია მაჰალ, თავისნაირ არარაობად, ჯერ სწორედ ამას ვებრძოდით. მერე პიერომ ახსენა ღმერთი, და მივხვდი რომ სწორედ ჩვენ ვართ ღმერთები.
მაჰალა _ რას ამბობ გოგო, ფუ-ფუ-ფუ (სამჯერ იფურთხება და პირჯვარს იწერს)
ალისა _ დიახ, ასეა, ნუ შეგაშინებს გააზრება მაჰალ, ჩვენ მივხვდით რომ ეს ბრბო კიარ უნდა გვძაგდეს, უნდა გვიყვარდეს და გვეცოდებოდეს, და თუ გვიყვარს, უნდა მივცეთ შანსი იპოვნონ სიახლე, ოღონდ ეს თავად უნდა გააკეთონ. აი. მოვლენ აქ შვიდი დღის მერე, დაუწყებენ ძებნას სიცილს და ვერ იპოვნიან, მერე წავლენ, გააგრძელებენ რუტინას და მაშინ როცა სიცილი მოენატრებათ, უბრალოდ ადგებიან და გაიცინებენ, გაიცინებენ გულიანათ, იხარხარებენ, მჯიღსაც დაირტყამენ გულში, თავის ბედსა და თავზე გაეცინებათ, გაეცინებათ იმ ყოფაზე რაც გააჩნიათ, შემდგომ ამისა გავახსენდებით ჩვენ, ღმერთები, სიცილის ღმერთები რომლებიც ჯვარს აცვეს, და ინანებენ, რადგან ჩვენც სწორედ იმას გვაიძულებენ რაც თავის თავში შეძულდებათ სამომავლოდ. ხოლო დათრგუნვა სიკვდილისგან სიკვდილისა და აღდგომა მკვდრეთით  - იქნება სიცილი მათ სახეებზე, წლების შემდეგ პირველი ნამდვილი და გულიანი სიცილი.
მაჰალა _ ეგ გავიგე მაგრამ, არ არის სიკვდილის გარდა გამოსავალი?
ალისა _ არა მაჰალ, არ არის, ამათ გინდა თვალი აუხილე, გინდ მკვდარი გაუცოცხლე, გინდ წყალი უქციე ღვინოთ, ვერაფერს შთააგონებ, აი თუ მოკვდი, მხოლოდ მაშინ გიმახსოვრებენ, გენდობიან, და გიყვარებენ კიდეც, ზოგჯერ.
მაჰალა _ გიჟები ხართ რა, ნამდვილი გიჟები, როგორ მიხარია რომ ამდენი ჭკუა არ მომცა ღმერთმა და ამის ნაცვლად სიმღერა მასწავლა. (ამბობს და იწყებს სიმღერას:
სამეამააო დააააა, ამაროძინეეეე.)
ალისა _ ეგ არა მაჰალ.
მაჰალა _ რაო?
იანო _ სხვა ბოშური უნდა ქალო, წინად რომ უმღერე ის.
მაჰალა _ ისევ ის გინდა შეშლილო ანგელოზო?
(ალისა თავს უქნევს და მაჰალას კალთასთან მიდის მოსასმენად. მაჰალა მღერის, იანო გიტარით უფორმებს.)
(შემოდის პაპუშა)
პაპუშა_ მამავ, მამავ, ნახე რამდენი ფული ვიშოვე, რომ მითხარი იმაზე მეტი, ნახე, ბევრი ხურდებია და ერთი ქაღალდი, აი, ნახე!
იანო _ ყოჩაღ პაპუშ, კარგი ბიჭი, კარგი...
პაპუშა_ მამავ, ახლა ხომ მასწავლი როგორ დავარჭო დანა?!
იანო _ ოოოოხ პაპუშ, არა, არა და არათქო პაპუშ, მამა დანის დარჭობას არ გასწავლის, რამდენჯერ გითხრას რომ არ გასწავლის?
პაპუშა _ კი მაგრამ, მე ხომ ფული მოიტანე?
იანო _ ეს ფული შენია პაპუშ, მამას ფული აღარ უნდა, იმასაც მოგცემს რაც აქამდე მოგიტანია, ახლა წადი, იყიდე რაც გინდა, მამა დაასვენე და მერე კიდე იშოვნე ფული.
პაპუშა _ მაშინ, მე  ეკლესიაში წავალ, სადაც იანო მამას დაყავს პაპუშა, იქ კიდე ფულს ვიშოვნი, მერე შიგ შევალ, დიიიდ სანთელს დავანთებ ქრისტეს, და ვეტყვი რომ იანო მამამ დანის სროლა მასწავლოს (ამბობს და გარბის)
იანო _ პაპუუუუშ (ყვირის)
მაჰალა _ შენ კიდე რა გჭირს ბიჭო, ამდენი ხანია დანა უნდა ისროლოს ბიჭს, ასროლინე რა!
იანო _ არა მეთქი, არ ისვრის პაპუშა დანას!
ალისა _ ვერც მე ვერ ვხვდები, რატომ უშლი?
იანო _ იანოს ხელები დიდი და ღონიერია, იანომ იცის როგორ ისროლოს დანა, სულ იცოდა, მაგრამ ერთხელ იანოსაც აუკანკალდა ხელი, აუკანკალდა და ლალეს მოარტყა, მერე ლალე მოკვდა, მის მერე მაჰალას ესვრის იანო, იანოს მაჰალაც უყვარს, მაჰალა იანოს მეგობარია, მაჰალა იანოს და არის, იანო მაჰალას ძმა, მაგრამ ლალე სულ სხვა იყო იანოსთვის, ახლა ლალე ენატრება, პაპუშა ლალეს გარეშე იზრდება, და თან პაპუშას ხელები სუსტი და წვრილი აქვს, ჰოდა არ უნდა იანოს რომ ოდესმე პაპუშამ თავისი ლალე მოკლას!
ალისა _ ბოდიში რომ ეს გაგახსენე, მაგრამ მე ხომ არ მითქვამს დანის მსროლელად აქციეთქო, მარტო ერთხელ, ერთადერთხელ ასროლინე რა!
იანო _ არა, იანომაც ერთხელ ისროლა პირველად!
მაჰალა _ არ ასროლინებს გოგო, არა, არ იცი მაინც როგორია? არა და როგორ უყვარხარ პაპუშას შე შავ-ბნელო შენა! იცი ამასწინად რა მკითხა? მამა კეთილიაო?
იანო _ მერე? მაჰალამ რა უთხრა?
მაჰალა _ რა უნდა ეთქვა, კითქო ბიჭო, კითხო, აბა უტყვია და შავ-ბნელითქო ხომ არ ვეტყოდი!
ალისა _ ვიცი ეგ რატომაც გკითხა.
მაჰალა _ რატომ?
ალისა _ იმიტომ რომ ჯერ მე დამისვა კითხვები!
მაჰალა _ რაო გოგო?
ალისა _ რაო და... იანო, მოდი დაფიქრდი, (ხელის ხელში დაჭერას ცდილობს)
იანო _ ლალე?
ალისა _ ჯანდაბა... იანო ალისა ვარ. გესმის?
იანო _ ჰო, იანოს ესმის, იანომ იცის როდის ისროლოს დანა, კარპედიემ...
ალისა _ ჰოდა მომისმინე, ბავშვი რომ სულ ეკლასიაში დაგყავს და დაგყავს, არ უნდა უთხრა  და რა უნდა იქ?
მაჰალა _ რისთვის და ღმერთისთვის დაჰყავს გოგო, ღმერთისთვის
ალისა _ ჰოოო, იანო ღმერთს ეძებს ეკლესიაში, ისევე როგორც ხალხი ეძებს სიცილს ცირკში, არა და საკმარისია, გულზე ხელი დაიდო, მოუსმინო და მიხვდები რომ ყველაფერი მხოლოდ იქ არის, ღმერთიცა და ბედნიერებაც!
მაჰალა _ მაინც რა გითხა გოგო პაპუშამ, რა მინდაო?
ალისა _ რაო და ღმერთი მართლა ხალხმა მიალურსმნა ჯვარზეო? ჰოთქო მე ვუთხარი, მერე ახლა რატომ არ რცხვენიათ ყველა რომ ყველაფერს თხოვსო, ან ისიც რა სულელია ყველას რომ ყველაფერს უგონებსო!
მაჰალა _ უიმე, ერთი ამ ლაწირაკს დამიხედეთ რა ფიქრები დაუწყია.
იანო _ მერე ალისამ რა უპასუხა?
ალისა _ მე ვუპასუხე, სულელი კიარა კეთილია, ძალიან კეთილიათქო!
მაჰალა _ და მერე მე მკითხა, მამა თუ არის კეთილიო, ნახე ბიჭო, ნახე კაცო, შე მურთხო და შავბნელო, ღმერთი გონიხარ პაპუშას, შენ კიდე დანასაც არ ასროლინებ.
იანო _ დღეს მიხვდება რომ მამა არის იანო და არა ღმერთი!
ალისა _ იქნებ და პირიქით იანო, დღეს შეიძლება ვერა, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მიხვდება რომ თითოეული ჩვენგანი მართლა ღმერთი ყოფილა, ბედნიერების ღმერთი!
იანო _ ვითომ რატომ ეგონება ეგ?
ალისა _ რატოოომ? როგორ თუ რატომ, არ ისმენდი წეღან მაჰალას რა ვუთხარი?
იანო _ ესმოდა იანოს, ხვდება კიდეც რასაც გულისხმობ, იცის, მაგრამ იანოს ნაკლებად აინტერესებს სად იპოვნის ხალხი ცირკის გარეშე სიცილსა და ბედნიერებას, ან საერთოდ იპოვნის თუ არა, იანოს მხოლოდ ლალეს ნახვა უნდა, ლალესთვის ბოდიშის მოხდა,,,
მაჰალა _ მე კი პაპუშა მეცოდება მხოლოდ, თორემ ჩემს თავზე ისედაც მითხრა უკვე კარტმა.
იანო _ პაპუშა იანოს სისხლის არის, ბოშური სისხლის, არ გაუჭირდება მარტო, ფულის შოვნა იცის, ფული კი ვისაც აქვს, ის არც სიცივით კვდება და არც შიმშილით!
(ოთახში შემოდის პიერო, მოწყენილია, თავის სკამზე ჯდება და სიგარეტს უკიდებს!)
მაჰალა _ რა მოხდა ბიჭო?
პიერო_ ვერ იპოვნიან ესენი ვერსად სიცილს.
ალისა _ იპოვნიან პიერო, აუცილებლად იპოვნიან, და თუ ვერ იპოვნეს არც ყოფილან ღირსნი. ეგეც რომ არა, არასწორ ადგილას ნაპოვნი ბედნიერება, არასწორად გაგებული ღმერთის რწმენის ტოლფასია, და რა აზრი აქვთ მათთვის ამას?
მაჰალა _ მეც ვიტყვი ერთს, მე ბევრი არაფერი ვიცი და რაც ვიცი ხო თქვენგან მისწავლია, ცეკვის, სიმღერის და კარტის გაშლის გარდა, მაგრამ, მაინც მეშინია ეშმაკისა, და ვინ იცის იქნებ მართალიც იყოს რაც მსმენია და გამიგონია!
პიერო_ რა გსმენია და გაგიგონია მაჰალ?
მაჰალა _ ცეცხლი ბიჭო, ჯოჯოხეთი, ცეცხლი და კუპრი!
პიერო_ ცეცხლზე და კუპრზე მეც მსმენია მაჰალ, მაგრამ იცი რას მივხვდი? ეგ ყველზე დიდი აფიორაა, რაც კაცობრიობამ გემრიელად ჭამა!
ალისა _ რა არის აფიორა?
პიერო_ მთელი ეს სპექტაკლი, ღმერთი, ეშმაკი, იუდა, და ვინ მოსთვლის კიდე რამდენი ვინმე თამაშობს კარგ და ცუდ როლს!
ალისა _ აგვიხსენი, ყურადღებით გისმენ! (პიეროსთან მიდის, ჯიბეს უჩხრეკს და ერთ ღერ სიგარეტსაც ართმევს)
პიერო_ კარგი ბატონო, ხომ გაგიგიათ, თავდაპირველად ისიც ანგელოზი იყო!
იანო _ ვინ ისიც?
პიერო_ ეშმაკი ბნელო, ეშმაკი, შემდგომ ამისა, მოინდომა ღმერთთან გატოლება, ამის გამო გამოაძევეს სამოთხიდან და მიუჩინეს ჯოჯოხეთს, სადაც ცოდვილი სულები უნდა დასაჯოს და აწამოს, და ახლა რა? ჩვენ ვიცით რომ ბოროტებისკენ ეშმაკი გვიბიძგებს, ზოგნი ჩავდივართ ამ ბოროტებას, ზოგნი არა, და ვინც ჩავდივართ სანაცვლოდ რას ვიღებთ?
იანო_ რას?
პიერო_ კუპრს, ცეცხლს, საუკუნო წამებას ჩვენი ცოდვების სანაცვლოდ, და სხვას არც არაფერს, და ვისგან? ეშმაკისგან, რომელმაც თავად გვიბიძგა ამ საწყისი ბოროტებისკენ! ჩემს ამ ნათქვამში ახალი და უცხო არაფერია, თუ ერთი მნიშვნელოვანი კითხვით არ დავამძიმებთ თემას!  რატომ აკეთებს ამას? რატომ არ არის მადლიერი იმის გამო, რომ ადამიანის გარკვეულმა რაოდენობამ სწორედ ის აირჩია, და არა ღმერთი? სულელია? უმადურია? არა, არა და არა, სინამდვილეში არანაირი განხეთქილება მასა და ღმერთს შორის არ მომხდარა, სინამდვილეში ღმერთმა ყველაზე სანდო პირი შეარჩია ყველაზე ცუდი როლის სათამაშოდ, რადგან ეშმაკი ყველაზე დიდი მსახურია ღმერთისა, ჰოდა ასე გრძელდება დღემდე, იგი სჯის და აწამებს ცოდვილ სულებს, სჯის და აწამებს, და სულ არ ფიქრობს ღმერთის ხათრით ადგილის შეცვლაზე!
ალისა _ მაგ და ყველა მსგავს კითხვას ამაღამ გაეცემა პასუხი პიერო!
პიერო_ რატომ კი მაგრამ, რატომ? მეც, შენც, ესენიც, ყველანი უნდა მოვკვდეთ რადგან ამ უფანტაზიო ქრისტეს პირველსახეებს გონიათ, რომ მხოლოდ ეს ცირკია ერთადერთი ადგილი, სადაც სიცილი და ბედნიერება არის დარჩენილი!
ალისა _ დიახ, ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მსხვერპლი გესმის? თითოეული ჩვენგანი, ვისი იმედიც აქვს ამ ხალხს!
პიერო_ და რატომ ფიქრობ რომ იმსახურებენ მეორე შანსს? ან რატომ გგონია რომ გამოიყენებენ?
ალისა _ მეორე შანსს? და პირველი როდის მიეცი?
პიერო_ მე არა, მაგრამ ნაზარეველმა მისცა, ჯვარცმით!
იანო _ ახლა უფრო ხვდება იანო რას გულისხმობდით წეღან, მაგრამ არამგონია კარგი იყოს პიეროს რაიმე ვაიძულოთ!
პიერო _ მე სიკვდილს არც გავურბივარ და ვერც მაშინებს, უბრალოდ მინდა ვიცოდე სწორად ვიქცევი თუ არა.
ალისა _ გამაგიჟებ, ხან თავად მიდიხარ იმ დასკვნამდე რომ ღმერთის ტოლ საქმეს აკეთებ, ხან კითხვები გიჩნდება, ვინ ხარ ბოლობოლო, მისიონერი თუ ზუსტად ის მასხარა, ვისი კოსტუმიც ჩაგიცვამს? გეყოფა ეს წუწუნი, გეყოფა კითხვები, მოკვდი, მოკვდი რომ შენს გარეშე ეძებონ, ეძებონ და იპოვნონ ბედნიერება, მოკვდი რომ აღარ იყოს ბოლო იმედის სიცილი შენი არსებობით (ალისა ბოთლს იღებს და პიეროსთვის დასარტყმელად მიიწევს, იანო იჭერს, ბოთლს ართმევს და გულში იკრავს)
პიერო_ მე არ მითქვამს რომ უკან ვიხევ, უბრალოდ ვმსჯელობ, ოოოხ, პატარა კახპა, ყველაფერი რომ მარტივი გონია!
მაჰალა _  რა გჭირთ ხალხო, ამ ნერვებით სიკვდილიც უაზრობა იქნება, მოდი მე წავალ, ბოლოჯერ გავუშლი ხალხს კარტს, ბოლოჯერ ვტყვი იმას, რისი მოსმენაც უნდათ... (მიდის, ტრიალდება) ანდა,,, დღეს სიმართლეს ვეტყვი, ყველას სიმართლეს ვეტყვი, თუნდაც მწარედ მოსასმენს!
პიერო _ მეც წავალ, მოვწესრიგდები, მერე ვინმეს გავჟიმავ, და ისევ აქ მოვალ რომ მოვკვდეთ, რაკი ასე ზუსტად იცით რასაც ამბობთ!
ალისა _ ამას გონია რომ ჩემთვის ადვილია, გონია რომ არაფერს ვტოვებ აქ, არადა 17 წლის ვარ, იცი რამდენი რამ მინდოდა კიდე მენახა, მესწავლა, გამეკეთებინა...
იანო _ იცის ალისა, იანომ ყველაფერი იცის!
ალისა _ რა იცის, რა? (ხელებით კისერზე ეხვევა და კოცნას ცდილობს)
იანო _ რას აკეთებ? (თავიდან იცილებს კოცნას)
ალისა _ იმას, რაც აქამდე ვერ მოვასწარი და რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა, (პერანგს უხსნის) ოღონდ არა ვიღაც დამთხვეულ, მდიდარ მოხუცებთან!
(ალისა პერანგის გახსნას ცდილობს, დაბნეული იანო თავს იცავს. შემდეგ იმუხლება ალისა და ცდილობს ქამარი შეუხსნას, იანო ფეხზე აყენებს)
იანო _ ალისას ეს არ სჭირდება გესმის? არ სჭირდება
ალისა _ არა? არ სჭირდება? კარგი, მაშინ ეს ვცადოთ (ტრიალდება) თვალები დახუჭე (იანოს სკამზე აჯენს და უკნიდან ეთამაშება) არც ეს ჭირდება?
იანო _ ცუდად იქცევა ალისა
ალისა _ ვინო? ალისაო? ვინ არის ბიჭო ალისა? მე ლალე ვარ, ლალე!
იანო _ ლალე?
ალისა _ ჰო, ლალე ვარ, და ლალეს იანო მოენატრა!
იანო _ ლალე ხარ? აქა ხარ ლალე? იანოსთან ხარ? აპატიე იანოს?
ალისა _ რა თუ აპატია ლალემ იანოს?
იანო _ ლალე იანოს დანამ მოკლა!
ალისა _ მერე რა? იანოს უნდოდა რომ ლალე მის დანას მოეკლა?
იანო _ არა, არ უნდოდდა.
ალისა _ აბა ლალე რომ არ მომკვდარიყო დაინახავდა როგორ უყვარდა და ენატრებოდა იანოს?
იანო _ იანოს ლალე ცოცხალიც უყვარდა და ენატრებოდა.
ალისა _ ხო მაგრამ ლალე დაინახავდა როგორ ტირის ღამღამობით იანო?
იანო _ ვერა, რადგან იანო არ იტირებდა თუ ლალე ეყოლებოდა!
ალისა _ ესეიგი ლალეს სიკვდილს იანოს თვალებზე ცრემლები გაუჩენია!
იანო _ ჰო, ლალეს სიკვდილმა ცრემლები გააჩინა!
იანო _ რა უცნაურია, ძლიერი და უშიშარი იანოს თვალზე გაჩენილი ცრემლები, ამის სანახავად სიკვდილიც ღირდა!
იანო _ უშიშარი არ ყოფილა იანო!
ლალე _ აბა, რისი ეშინოდა იანოს?
იანო _ იანომ დანის სროლა სულ კარგად იცოდა, სულ ასე კარგად როგორც ახლა იცის, მაგრამ როცა ლალეს ესროდა ეშინოდა, იმიტომ რომ იანოს უყვარდა ლალე! და ამ შიშმა აუკანკალა ხელი იანოს! ამიტომ მოკვდა ლალე! მის მერეც დარჩა შიში იანოს, ახლაც ასეა, იანო დგას სცენაზე, ხალხი ჩუმდება, ელოდება, იანო კი კანკალებს, ხელებს ვერ იმორჩილებს იანო, ამ დროს რომ დანა ისროლოს მაჰალაც ლალესთან წავა, ეს არ უნდა იანოს, ამის ყველაზე მეტად ეშინია და ამიტომაც უცდის, უცდის რაღაც გამოუცნობს მისთვის. უცდის იმ წამს როცა მთელი აკანკალებული სხეული თავს მოიყრის იმ ხელში რომელშიც დანა უჭირავს, სწორედ მანდ ემსგავსება იანო საკუთარ თავს, მანდ ქრება ყოველგვარი შიშიცა და ნერვიულობაც, იმ წამს ზუსტად იცის იანომ რომ სადაც საჭიროა იქ დაეცემა მისი ნასროლი დანა, თუნდაც შორს იყოს, იმაზე შორს ვიდრე ლალეა, მაინც ისვრის, მაინც მოარტყამს, ამ დროს ძლიერია იანო, ყველასა და ყველაფერზე ძლიერი!
ალისა _ რაო, სულ იცოდა დანის სროლაო?
იანო _ ჰო, სულ იცოდა, სულ მიზანში არტყამდა!
ალისა _ აბა ვნახოთ როგორ არტყამს მიზანში იანო.
(შარფს კისერზე შემოხვევს და კულისიდან ნელ-ნელა გაჰყავს.)
(ნათდება, შემოდის პიერო, წესისამებრ სიგარეტს უკიდებს და თავის წარმოსახვით მეორე მესთან აბამს დიალოგს!)
2_ როგორ ფიქრობ? ეს არის შენი მისია?
პიერო_ არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, დაბნეული ვარ, შეშინებულიც!
2_ შეგიძლია ამიხსნა რატომ აკეთებ ამას?!
პიერო_გარეთ გაიხედე, დააკვირდი ადამიანებს, მათ სახეებს დაკვირდი, დადიან, დარბიან, ფორიაქობენ, სულ სადღაც ეჩქარებათ, სულ დაძაბულები არიან, მათი თვალები ჩამქრალია, მათი მისია დაკარგული, ვეღარ იცინიან, ვეღარ პოულობენ ბედნიერებას, სიცილისა და სიმშვიდის ნაცვლად ფულს და საჭმელს დაეძებენ, ვერც ეს აბედნიერებთ და კვირაში თუ თვეში ერთხელ ჩვენთან მოდიან, რადგან იციან რომ ეს უკანასკნელი ადგილია, სადაც სიცილი დარჩა!
2_ და თუ მათ ბოლო სიცილს წაართმევ, ეს რას მოუტანთ? ივლიან უფრო ჩქარა, ირბენენ, იწვალებენ, და იმის იმედიც არ ექნებათ, რომ კვირაში თუ თვეში ერთხელ მაინც დაძლევენ ამ რუტინას! რომ კვირაში თუ თვეში ერთხელ მაინც ამოვლენ ამ ნეხვიდან, ერთი საათით მაინც! და გიფიქრია განწყობაზე რაც აქედან გააქვთ? გიფიქრია რომ შეიძლება კვალს ტოვებდეს შენი მათთვის მიცემული სიცილი?
პიერო_ არა, ეს სიყალბეა, სისულელეა, ყველაფერი სისულელეა რაც გულით არ კეთდება, ჯანდაბას დაგეგმილი სიცილი, ჯანდაბას უჭამია, " კვირას ოთხიდან ექვსამდე უნდა ვიცინო" არა, ეს სიცილი არ არის, სიცილი გულიდან მოდის, რწმენასავით, შიშივით, სიყვარულივით, უნდა დაკარგონ ეს ყველაფერი, რაც აქ ხვდებათ უნდა დაკარგონ რადგან თუ არ დაკარგე ვერც იპოვნი!
2_ და უბრალოდ რომ გაჩერდე? რომ მოიხსნა ეს წითელი ცხვირი დროებით მაინც, რომ წახვიდე? შენც ამ ხალხივით რომ ირბინო? იშოვნო ფული და საჭმელი, და ამ გზით რომ ამოუკეტო ეს სიცილის გზა?
პიერო_ ასე ხომ მეც დავკარგავ სიცილსა და ბედნიერებას? ჩემი ბედნიერება ხომ ეს არის, კლოუნობა, წითელი ცხვირი, ხალხისთვის იმის გაზიარება რაც აქამდე მისწავლია, არა, სხვაგვარად ცოცხალი ვერ ვიქნები, ვერც მე ვიცოცხლებ ამის გარეშე, ვერც მაჰალა, თუ არ იცეკვა, ვერც იანო გაძლებს დანები რომ არ ისროლოს და ვერც ალისა ცეცხლის ფრქვევის გარეშე! და რომც დავუშვათ ასე ცხოვრება, ჰო, რომც დავუშვათ! შენ იცი როგორი ადამიანები უყვარს ცივ და სუსხიან ქარს?
2_ როგორები?
პიერო_ ღარიბები, უქუდოები, წელმოშიშვლებულები, აბა თბილ სახლში, ჩაით ხელში, სავარძელში ჩამჯდარს რა უნდა დააკლოს? ჰოდა დაეძებს ასე ქუჩა-ქუჩა ღვთის გლახებს, დაეძებს, იპოვნის, დაუბერავს, გაყინავს, ააკანკალებს, მრისხანეა მათთვის ქარი, სიყვარულივით, სიკვდილივით და ღმერთივით მრისხანე! ჩვენც ზუსტად ასეთები ვიქნებით ცირკის გარეშე, მიუსაფრები, ღარიბები, უერთმანეთოები, და წავა ცივი ქარი შორს, მთებში, ტყეებში, წავა და ნახავს ცხენების ჯოგი როგორ ათბობს ერთმანეთს, როგორ იცავენ ერთმანეთს სიცივისაგან, და განრისხდება, განრისხდება და დაბრუნდება, დაბრუნდება და იტრიალებს, იტრიალებს ჩვენს გარშემო, ჩვენი მოშიშვლებული წელის და კისრის გარშემო, იტრიალებს და გაგვყინავს, გაგვაუბედურებს, გაგვაქრობს...
2_ ქარი?
პიერო_ ჰო, ქარი, ზამთრის ცივი და სუსხიანი ქარი!
მაჰალა _ (ოთახში შემოდის) ბოლო ზამთარი უკვე გავაცილე ბიჭო
პიერო_ მაჰალ, აი შენ მაჰალ, შენ მაინც არასდროს გაგიკარებია გულზე ის რაც ჩვენი კარვის გარეთ ხდება, ახლა კი სიკვდილს აპირებ ამ გაბოროტებული, გაბრიყვებული ხარბი ადამიანების გამო, რატომ მაჰალ, რატომ?
მაჰალა _ შენ გგონია ბიჭო რომ მაგის გამო ვკვდები? ეჰეჰეჰე, არა ბიჭო, არა, შენ მართალი ხარ, მე სულ არავინ მაჯავრებს ჩემი თავის, ჩემი სამკაულების, ფულისა და მდიდარი კლიენტების გარდა, აი დავდივარ ქუჩაში, კარტს ვშლი და ვეუბნები ყველას ვისაც კარგი მომავალი ელის, ვისაც ცუდი ბედი აქვს_ ვატყუებ რომ კარგი ბედი აქვს, ჰოდა ერთიც ვნახოთ და ჩემს თავს გავუშალე კარტი, გავუშალე და სიკვდილი ვნახე, შავი, ბოროტი სიკვდილი ვნახე, კარტი არასდროს ტყუის პიერო, ამიტომაც არ მინდა ვიჯდე და ველოდო რაც კარტმა მითხრა, უნდა დავასწრო, დედა უნდა ვუტირო, რადგან მის სიტყვას წყალი არ გაუვა, წვეთი წყალი არ გაუვა, წვეთი წყალი ბიჭო!
(შემოდიან ალისა და იანოც)
მაჰალა _ აი იანო, ეს ის ფულია რასაც აქამდე ვაგროვებდი, ახლა აღარ მინდა, შენი იყოს!
იანო_ იანოს რაღად უნდა?
ალისა _ ჰო იანო, ჩემი ფულიც მინდა აიღო, ჩემი ოქროს ბეჭედი და მძივებიც, პაპუშას დავუტოვოთ, ვინ გვყავს მის მეტი?!
იანო _ გმადლობთ, კარგი იქნება, რაც მეტი ფული ექნება პაპუშას მით უფრო ადვილად იცხოვრებს!
პიერო_ პაპუშას მომავალზე ფიქრი კარგია, მაგრამ გიფიქრიათ ვინ როგორ ვაკეთებთ ამას?
მაჰალა _ მე ამას დავლევ (პატარა ბოთლს იღებს,) და ცირკის დაწვა ხო ერთი ასანთზე გაკიდებაა
ალისა _ მეც დალევა მირჩევნია მაჰალ, თუ საკმარისი ოდენობაა
მაჰალა _ რას ამბობ გოგო, ორი წვეთიც საკმარისია, წუთში გაგვათავებს
ალისა _ მეტკინება?
მაჰალა _ არ ვიცი, აქამდე არასდროს მოვმკვდარვარ
ალისა _ შენ რას აპირებ პიერო?
პიერო_ ჯერ ცეცხლს მოვუკიდებ კარავს, მერე ალბათ ან ამ ცეცხლში შევალ, ან სადმე გადავხტები, არ ვიცი, მაგრამ ერთ რამეს ვფიქრობ და...
ალისა _ მოდი აღარ გვინდა ფიქრები, ახლა ყველა რაღაცაზე ვფიქრობთ, ახლა ყველას გვეშინია, მეც მათ შორის, მაგრამ შიში უნდა დამარცხდეს!
პიერო _ არა, არა, მოიცადე, ახლა თუ არა აბა როდის ითქვას? მხოლოდ ის მაინტერესებს, ახლა, როცა წუთები და რაღაც ახალში შევაბიჯებთ, რას გაიხსენებთ? არის რამე ან ვინმე რაზეც ბოლო წამებში ილაპარაკებთ?
ალისა _ რა დროს ეგ არის?
პირეო _ დროულია, ზუსტად რომ დროულია, აბა როდის გკითხოთ? ხვალ? ზეგ? როდის? უბრალოდ მაინტერესებს, უბრალოდ მინდა, მჭირდება ამის მოსმენა!
იანო _ იანო იტყვის წითელცხვირა, იანო პირველ აცილებულ დანაზე მოგიყვება!
პიერო _ ლალეს ამბავს ყვები იანო?
იანო _ მოვყვებოდა, ყველა თქვენგანმა რომ არ იცოდეს რაც იქ მოხდა, რომ არ გენახათ, დავმალავდა ამ წამამდე და ახლა მოვყვებოდა, მაგრამ იქ იყავით, ალისას შეშინებული თვალებიც ახსოვს იანოს, მაჰალას კივილიც, და პიეროს გაცინებულ ნიღაბში დამალული მზერა. მაგრამ ახლა იანოს სახლი ახსენდება, მაჰალას კაბასავით ბევრფერა სახლი,  სიგიშოარა ქვია, მაჰალამ იცის, იცის რა ლამაზია იანოს სოფელი გაზაფხულზე, რა გრილია და ცივი... ზამთარში სულ თოვს და აუუუ, როგორ ახსოვს იანოს როცა პატარა იყო, ციგას ჭედდა ზაფხულობით, რომ მერე ზამთარში ესრიალა, იანოს მამას, თეთრი ტანსაცმელი, ჭრელი ზედა და ქუდი ეცვა, ნაჯახს მოიკიდებდა და სხვა ქვეყნებში მიდიოდა, სხვა თოვლიან ქვეყნებში, და ერთხელაც ერთი თოვლიანი მიწიდან ლეკვი ჩამოუყვანა იანოს, იანოს ლეკვი შეუყვარდა, ცისფერი თვალები ჰქონდა, როგორც ალისას, და ლალესავით ლამაზი იყო, იმ ზამთარს, როცა უკვე 2 წლის გახდა, იანოს ფეხი მოტყდა, მამამ უთხრა იანოს არ ეჯავრა, რადგან ძაღლს შემდეგი ზამთრისთვის ლეკვები ეყოლებოდა, და იმდენ ლეკვს შეაბამდა მარხილში, რომ მთელი ამ ზამთრის დარდი დაავიწყდებოდა იანოს, ასეც იყო, მამამ ძაღლი წაიყვანა, რომ მოიყვანა თქვა რომ მალე ლეკვები ეყოლებოდა, იანოს ჯერ კიდევ ვერ დადიოდა ფეხზე როცა ლეკვები ყავდა მის ძაღლს, ახსოვს იანოს როგორ უვლიდა, რძეს აჭმევდა, არ შორდებოდა, მხოლოდ ერთხელ მოისმა ყეფა, და მხოლოდ ერთხელ გადაცდა ეზოს, იქ ერთი კუდმოჭმული ძაღლი დადიოდა, მეტყევეებს გამოქცეული პატარა ძაღლი, რომელსაც სხვა დიდი უპატრონო ძაღლები ჰყავდა აკიდებული, იმათმა მოკლეს ჩემი ალისასფერთვალება და ლალესავით ლამაზი გოგო, მოკლეს და ეზოსან დამიგდეს, შორიდან ხედავდა ამას იანო, იქვე მხოლოდ კარაქში ჩარჭობილ დანას მოკრა თვალი, ხელი მოკიდა და ესროლა იმ პატარა, საშინელ კუდმოჭმულ ძაღლს, ესროლა და ააცილა, ააცილა და... ხომ იცით, იანო რომ დანას ააცილებს სიკვდილი მოჰყვება ამას ყოველთვის...
მაჰალა _ ერთი ამას დამიხედეთ რეები ჩაუდვია გულში!
პიერო _ მერე, მერე რა მოხდა იანო?
ალისა _ რაღა უნდა მომხდარიყო? შეეშვით...
იანო _ მოხდა, მოხდა, იმ დღეს დაიფიცა იანომ რომ დანის სროლას ისე ისწავლიდა, როგორც ახლა იცის, დაიფიცა რომ აღარასოდეს ააცილებდა, შინ მოსულ მამას ლეკვები მისცა, უთხრა ტრანსილვანიაში წასულიყო, გაეყიდა და აღებული ფულით მოჩხუბარი ძაღლი ეყიდა იანოსთვის. ასეც მოიქცა მამა, გერმანული, ტახებზე მონადირე მოუყვანა იანოს. დრო გადიოდა, ახალი ძაღლი იზრდებოდა, იანო ხან დანებზე სროლაში ვარჯიშობდა, ხანაც ძაღლი დაჰყავდა სხვა ძაღლებთან საჩხუბრად, არასოდეს წაუგია იანოს ძაღლს, აღარც იანო აცილებდა ხეს დანას...
ჰოდა ერთხელაც, როცა იანოს ძაღლი უკვე 3 წლის იყო, განჯინიდან გემრიელი სუნი ეცა იანოს, ქუჩიდან კი ნაცნობი მტრის ყეფა შემოესმა, სწორედ რომ ამას უცდიდა სამი წელი, მივიდა, განჯინიდან სარმალე ამოიღო, გარეთ გავიდა, მისი საყვარელი ძაღლის მკვლელი, კუდმოჭმული ძაღლი დაინახა, უპატრონობას კიდე უფრო გაესაცოდავებინა, კანი გაქეცილი და ნაავადმყოფარი ჰქონდა, ხერხემალზე შემოკრულ ტყავს ჰგავდა, შეზიზღდა იანოს მისი ნახვა, მაგრამ ჯერ მაინც სარმალე გადაუგდო, ჭამა ძაღლმა სარმალე, მეორე ნაჭერი ეზოში შეუგდო იანომ, შეყვა ძაღლი, და იქ იანოს მოჩხუბარი დახვდა, ყელში ეცა, ათრია და ათრია, კიოდა და წიკვინებდა წუთები ქუჩის ძაღლი, საცოდავად ითხოვდა იანოსგან დახმარებას, იანოსგან, ვინც სარმალე მისცა წეღან. იანო კი უყურებდა ამ ყველაფერს და ხარხარებდა,  ძაღლს ახელებდა და დრო-და დრო გრძნობდა, რომ მისი ალისასფერ თვალება და ლალესავით ლამაზი გოგო ზემოდან უყურებდა. მოკლა. აბა რას უზამდა, მოკლა, იანომ კი ერთხელ აუსვა ხელი მის სისხლს, ენაც კი შეახო, ერთხელ გახედა მის ძაღლს, რომელიც მოკლულ მეტოქეს დარაჯობდა, ვაითუ ფეხზე კიდე წამოდგეს, უარესს დავმართებო, ჰოდა მივიდა მასთან იანო, უთხრა _ მაპატიე რომ არ მყვარებიხარო, ჩანთა ჩაალაგა და ბუქარესტში წავიდა ბედის ან ისეთი მდიდარი კაცის სანახავად, ვინც დანების მსროლელი იანოთი დაინტერესდებოდა.
ალისა _ მოიცა, რას ნიშნავს არ გიყვარდა? შენ არ ზრდიდი 3 წელი?
იანო _ ზოგი, როცა იბადება, იცი რომ უნდა გიყვარდეს, ზოგიც იმიტომ იბადება, რომ შური იძიოს შენი სიყვარულისთვის, გერმანული ტახებზე მონადირე არ უყვარდა იანოს, ანდა, უყვარდა, როგორ არა, თუმცა არა იმ გოგოსავით, ალისასფერი თვალები რომ ჰქონდა და ლალესავით ლამაზი იყო...
პიერო _ ზოგი, როცა იბადება, იცი რომ უნდა გიყვარდეს, ზოგიც იმიტომ იბადება, რომ შური იძიოს შენი სიყვარულისთვის... რებს ბოდავ ბნელო, სისულელეა, თუმცა შენს მოფიქრებულს მაინც არ გავს.
იანო _ ლალემ მითხრა ეს სიტყვები, წი თელ ცხვი რა _ (მკაცრად)
პიერო _ აჰ, მაპატიე, არ ვიცოდი, ალბათ მე ვერ გავიგე, თორემ ჭკვიანური იქნებოდა.
მაჰალა _ ესეიგი, ლალემ ეს ამბავიც იცოდა არა ბნელო!
იანო _ ჰო, ლალემ იანოზე ყველაფერი იცოდა
ალისა _ ყოჩაღ იანო, ყოჩაღ! (ეჭვიანად ბრაზმორეული)
პიერო _ კარგი, სიკვდილის წინ ოჯახის წევრისგან მოსმენილი საიდუმლო ერთობ საინტერესოა, აბა, სხვას ვის რა გვაქვს სათქმელი.
მაჰალა _ რაც არ უნდა მოხდეს და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს... მისი თვალები არასდროს დამავიწყდება.
პიერო _ აი მაჰალაც, აბა გთხოვთ (იმ ადგილისკენ მიუთითებს სადაც იანო იდგა ამბის მოყოლისას.
მაჰალა _ განა ბევრი მაქვს მოსაყოლი? განა იმდენი ამბავი გადამხდენია რაც გულში ჩამიკლავს? არა, მაგრამ ერთი კი იყო, მაშინ ტანით და ძუძუ-მკერდით თუ არა. ასაკითა და თვალების ცეცხლით ისეთივე ვიყავი როგორიც ახლა ალისა არის. მაშინ არც გულმა და არც ტუჩებმა კაცის გემო არ იცოდა. ვცეკვავდი კაბარეში და ღამ-ღამობით მეთევზეების დასახლებაში დავსეირნობდი. იქ ცხოვრობდა... განა იმ კაცებს გავდა ვინც მის მერე მყოლია ან მომწონებია ჯიბეების, კოსტუმებისა და მანქანების გამო? არა, ფეხშველა იყო, კოჭებთან დახეული შარვლით, დასვრილი, გულამოღებული თეთრი ზედატანით, გაჩეჩილი შავი თმითა და თმებზე უფრო შავი თვალებით... განა ვიცნობდი? სახელი ვიცოდი განა მისი? მარტო ის ვიცოდი როდის ბრუნდებოდა ნავით პორტზე და ვუცდიდი ხოლმე იქ. ჩამოვიდოდა, შემანათებდა მზერას და შინ მიჰქონდა თევზი. გადავიცვამდი საგანგებოდ ისეთ პატარა ზედას, მუცელი რომ გამომჩენოდა, მივაქანებდი ტანს და მივდიოდი, სულ ასე იყო, სულ ვუცდიდი, სულ ბრუნდებოდა... მარტო ერთხელ არ დაბრუნდა... იმის მერე მეთევზების დასახლებას აღარ გავკარებივარ, მხოლოდ ის იყო რომ, უკან დაბრუნებულს კივილი მესმოდა მისი სახლიდან, გზად თეთრი ნაჭერი ვნახე, თავი მოვატყუე რომ მისი პერანგის ნახევი იყო, ავიღე, შევინახე და დღემდე ვინახავ (გულიდან ამოიღებს თეთრი ნაჭრის ნაგლეჯს.)მის მერე ოცზე მეტი წელი გავიდა, მის მერე ოცზე მეტმა კაცმა ნახა ჩემი შიშველი მკერდი და ჩემი ტუჩების გემო. მე კი ყოველთვის თვალებს ვხუჭავდი, და იმ მეთევზეს წარმოვიდგენდი, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, წყალმა დალია ჩემი მეთევზე, ალბათ მის თვალებზე უფრო შავმა და ბნელმა წყალმა.
პიერო _ ცეკვა-სიმღერისა და სასიყვარულო დრამების დედოფალმაც გაგვიმხილა საიდუმლო. და ეს პირქუში ანგელოზი არაფერს იტყვის?
ალისა _ პირქუშ ანგელოზს არაფერი აქვს გასახსენებელი, რაც გულს აუჩუყებს მის მეგობრებს, და რახან ასეა, გისმენ აბა, შენც თქვი ბარემ და ამით მოვრჩებით.
პიერო_ მე მარტო იმის თქმა შემიძლია, სურვილებსა და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ, მე ჯამბაზი ვარ და ამის ისე მეამაყება, თითქოს სამყარო ჩემს ხელში იყოს, და არის კიდეც ზოგჯერ, როცა სცენაზე ვდგავარ და ყველაფერს ვაწვდი მომღიმარ ხალხს რაც გამაჩნია, გული კი მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ აღარავინ რჩება ჩემს მერე, ვინც... იმ შემთხვევაში თუ ეს წყეული პირველსახები ვერ იპოვნიან უჩვენოდ სიცილს... ამ წითელცხვირას წითელი ცხვირი მასთან ერთად კვდება, იმარხება, ან და იწვება... რა აზრი აქვს, ქრება, მთელი სიწითლე, ბოლო სიწითლე, ბოლო სიცილი ქრება სამყაროდან...
ალისა _ ახალი სიცილის გასაჩენად...
მაჰალა _ ჩემთვის გვიანია ფიქრები, მე მაინც განწირული ვარ! უნდა დავასწრო
იანო _ ცივა, ცივა, ფეხები ეყინება, ეს როგორი რამე სცოდნია სიკვდილს, აქამდე არასდროს შეციებია იანოს!
პიერო_ აქ მოდი ბნელო _ (ეხვევა,) იმედია იქ გნახავ სადაც ნამდვილი სიცილია, გულიდან წამოსული.
ალისა _ ჰო პიერო, ჰო, მანდ გელოდებით (გადახვევა)
მაჰალა _ აბა შენ იცი წითელცხვირა, უკლოუნოდ არ გაგვახსნევინო ცირკი, და კარგად წაულიდე ცეცხლი ამ წყეულ კარავს!
ალისა _ პიერო.
პიერო _ გისმენ.
ალისა _ თუ გინდა შენც აქ დარჩი, ჭირსაც წაუღია კარვის დაწვა, ჩვენს გარეშე მაინც ფუნქცია ეკარგება.
პიერო _ აქ დავრჩე? (ალისასთან მიდის, კეფაზე კიდებს ხელს და შუბლს შუბლზე მიადებს) არ მინდა შენი სიკვდილი ვნახო ცისთვალებავ. (უხმოდ გადის)
იანო _ მოდის იანო ლალე, შენთან მოდის _ (ქოშინებს) რთული ყოფილა, საშიში, და ცივი, ძალიან ცივი!
მაჰალა _ (ბოთლიდან ასხამს სითხეს) 2 წვეთიც საკმარისია, მაგრამ ბევრი იყოს, მაინც ფერფლად გვაქცევს პიეროს ცეცხლი, ჯობია დარწმუნებული ვიყოთ რომ ამ ცეცხლს ვერ ვიგრძნობთ!
იანო _ ღმერთო, აპატიე იანოს თუ რამე ეშლება, აპატიე იანოს ცოდვები, ლალეეე, შენთან მოდის იანო ლალეეე!
(ჭიქას აწვდის ალისას მაჰალა)
ალისა _ მზად ვარ (ქოშინებს) მზად ვარ, მე ამისთვის მზად ვარ
(მაჰალა ტრიალდება, ჭიქა ხელში უჭირავს)
მაჰალა _ ედერლეზი, ედერლეზი (სიმღერას იწყებს)
ალისა _ რა დროს ეგ არის მაჰალ (ყვირილით)
იანო _ საო რომა ო დაიე
მაჰალა და იანო _ Sa me amala oro khelena
Oro khelena, dive kerena
Sa o Roma daje
Sa o Roma babo babo
Sa o Roma o daje
Sa o Roma babo babo
(ალისასკენ გაიხედავენ, და ალისა უბრალოდ იწყებს თავიდან სიმღერას, რაც ბოშების გაოგნებას გამოიწვევს)
ალისა _ Sa me amala oro khelena
Oro khelena, dive kerena
Sa o Roma daje
Sa o Roma babo babo
Sa o Roma o daje
Sa o Roma babo babo

Sa o Roma babo, e bakren chinen
A me, chorro, dural beshava
Romano dive, amaro dive
Amaro dive, Ederlezi
E devado babo, amenge bakro
Sa o Roma babo, e bakren chinen
Sa o Roma babo babo
Sa o Roma o daje
(ერთად აგრძელებს ყველა)
Sa o Roma babo babo
Ederlezi, Ederlezi
Sa o Roma daje
ალისა _ როგორ მიყვარხართ, ახლა სიკვდილიც მარტივია (იცინის, ჭიქას ცლის, მაჰალაც ცლის, აინოც)
იანო _ მოვდივარ ლალეეეეე
(კარავში შემოდის პაპუშა, ჯერ სათითაოდ დახედავს მკვდრებს მერე მამის ცხედართან მიდის, დანას აწაპნის, ოთახში რეკვიზიტად დგას ხის ჯვარი, ჯვარი მოაქვს,
ამასობაში ბრუნდება პიერო, მეგობრებს დაიტირებს, ალისას ცხედარს თმებზე ეფერება, და პაპუშას უყურებს, პაპუშა ცდილობს მამის ცხედარი ჯვართან მიათრიოს, ეხმარება პიეროც უსიტყვოდ, მერე პაპუშა ჩაქუჩს და ლურსმანს იღებს, ხელ-ფეხს ულურსმნავს, ორი ნაბიჯით უკან იხევს, პირჯვარს იწერს)
პაპუშა _ მასროლინე დანა ზუსტად ისე, როგორც შენ ისვრი
(ტირილს იწყებს, პიერო, ხელს მოხვევს პაპუშას, ჩამოჯდებიან, მერე დანას ართმევს, უყურებს, მოისვრის, წითელ ცხვირს იხსნის, პაპუშას უკეთებს, უყურებს, იცინის, ფულით სავსე ჩანთას აძლევს, დგებიან, ხელს გადახვევს და ოთახიდან მიჰყავს, პაპუშა სირბილით ბრუნდება, ჩამოხრჩობილი მამის გულიდან ჯვარს ხსნის, მოისვრის და მიდის)

პაპუნა გიორგაძე
2019 წელი, დეკემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები