ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2022


ტაქსის მძღოლის ვნებანი



სუსხიან საღამოს,
აეროპორტის შესასვლელთან,
რეისის ჩამოსვლას ელოდება ტაქსის მძღოლი.
აი საცაა მოფრინდება თვითმფრინავი
და გამოვლენ ტურისტები,
მცირეოდენი ინგლისურიც კი ისწავლა
ტაქსის მძღოლმა:
“Do you need help?”
“Do you want a taxi?”
ბარგის თრევაშიც ეხმარება ტურისტს მანქანამდე,
შემდეგ მონიშნავს სასტუმროს ლოკაციას ახალ,
თუმცა იაფიან სმარტფონზე
(ძლივს გათვითცნობიერდა ამ აპლიკაციაში)
და ნელ-ნელა მიდის აღნიშნულ სასტუმრომდე.
თავიდან ტურისტს ელოდება, მან წამოიწყოს იქნებ საუბარი.
მერე თავად ცდილობს დამტვრეული ინგლისურით,
საბოლოოდ კი ბუკლეტს აწვდის,
რომელიც ექსკურსიის ინფორმაციას აწვდის ტურისტს,
და დიდი, წითელი ასოებით ამოტვიფრულ
ტაქსის მძღოლის ტელეფონის ნომერსაც ტვინში უბეჭდავს.
ათვალიერებს ტურისტი ბუკლეტს,
ინტერესდება კანიონებით, სვანეთის მთებით,
ბათუმის ზღვით და რაჭული ღვინის დეგუსტაციით,
საბოლოოდ კი თბილისის აეროპორტისკენ აქვს გეზი.

- - -
დატოვებს ტურისტს სასტუმროში,
და სახლისკენ მოდის ტაქსის მძღოლი,
ღამის დაცლილ ქუჩებს კი, მოაქვს ფიქრები,
რომლის მიხედვითაც, თითქოს რაღაც ეზიზღება ტაქსის მძღოლს,
ტითქოს ტანჯავს დანაშაულის გრძობა,
რომლის ჰორიზონტიც კომპლექსზე გადის მის ღირსებაში,
რადგან ამ გრძნობას
არც რასიზმი იწვევს,
არც ქსენოფობია,
არამედ რაღაც სოციალური თავსატეხი,
რომლის ამოხსნაც ტაქსის მძღოლს არ შეუძლია,
და სწორედ ამიტომ არის ტაქსის მძღოლი.
-  - -
სახლში ბრუნდება,
უკვე ღამეა,
ყველას სძინავს,
სოლსაც, შვილებსაც, მოხუც დედასაც,
მისაღებ ოთახში, მაგიდასთან ჯდება,
კალამს და ფურცელს მოიმარჯვებს და ანგარიშობს:
დენი _ 27.89 Gel
გაზი _ 88.45 Gel
წყალი _ 7.12 Gel
ინტერნეტი _ 33 Gel
უფროსი შვილის უნივერსიტეტი _ 1250 Gel
უმცროსი შვილის ინგლისური _ 100 Gel
უმცროსი შვილის ცეკვა _ 100 Gel
უმცროსი შვილის გიტარა _ 50 Gel
სიგარეტი...
საჭმელი...
ზეთი გაძვირდა...
საწვავი გაფრინდა...
ეგ არაფერი...
ხვალ ხომ ტურისტი დაურეკავს დილაადრიან,
და ჯერ სვანეთის მთებში წავლენ,
მერე ბათუმში,
მერე მარტვილის და ოკაცეს კანიონებს შემოუვლიან,
გასინჯავენ რაჭულ ხვანჭკარას
და დღეიდან ხუთი დღის თავზე,
თბილისის აეროპორტიდან
არის ფრენა ელ-ჯუბაილამდე.

- - -
სატელეფონო ზარად სააღდგომო ლიტურგიას
აყენებს ტაქსის მძღოლი,
ხმას მაღლა უწევს და საწოლისკენ მიდის.
საბანს გადახდის ცოლს და დახედავს
მისი ერთდ დროს ლამაზი ცოლის
კისრამდე შეკრულ, თეთრ, ძველმოდურ ღამის პერანგს,
ალაგ-ალაგ დამჭკნარი ყვავილებით გალამაზებულს,
ყვავილები, რომლებიც ერთ დროს წითელი იყო,
ყვავილები, რომლებიც დრომ და რეცხვამ დააჭკნო, გაცრიცა.

მაგიდასთან ბრუნდება ტაქსის მძღოლი,
სიაში ლამაზ ღამის პერანგს ამატებს,
ისეთ წითელს, როგორიც ერთ დროს
ის დამჭკნარი ყვავილები იყო,
ახლა რომ მისი ცოლის ძველ პერანგზეა გადაცრეცილი,
უყურებს ფურცელს,
ჯერ სიგარეტს შლის,
მერე უფროსი შვილის უნივერსიტეტის გადასახადს ანახევრებს,
საბოლოოდ ისევ ამატებს სიგარეტსა და გადასახადს
და საწოლში წვება,
და მიუხედავად იმისა,
რომ არაბი ტურისტის მიერ წამოწყებულ
სააღდგომო ლიტურგიას ელოდება
და გულის სიღრმეში ტანჯავს რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსის მაგვარი,
სექსუალურ პერანგში ჩაცმულ,
ცოლის ახალგაზრდობაზე ფიქრობს,
ნებდება ძილს,
და არც აპირებს გაძვიძებას
სააღდგომო ლიტურგიამდე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები