ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2022


ხიდი

#მემორია
#სამძიმარი
Mariam Jincharadze

ნინო დარბაისელი

ხიდი

(მოგონება ვალერი ჯინჭარაძეზე)

  ვალერი ჯინჭარაძე რომ გავიცანი, ასე, მერვე-მეცხრე კლასში ვიქნებოდით.      თბილისის პიონერთა სასახლის, ფაცია დეიდას ბავშვები ქუთაისის სასახლის ლიტერატურულმა წრემ  მგონი ზამთრის ან გაზაფხულის  არდადეგებზე მიგვიწვია.   
  ვალერიც იმ წრის წევრი იყო. მაშინ იუმორისტულ მოთხრობებს წერდა და კარგადაც გამოუდიოდა.
  სად აღარ წაგვიყვანეს, რა არ დაგვათვალისრებინეს!
  მოწაფეობისას ჩამოდიოდა თბილისში,  მიწერ-მიწერა გვქონდა. ორი ახლო მეგობარი ჰყავდა ქუთაისში მაშინ - ბაია ბოჭორიშვილი და ზურა, მგონი  გვარად გველესიანი.
  იქიდან დაიწყებული მეგობრობა უნივერსიტეტის წლებში  უფრო  გაღრმავდა, ჩემს ქმართან ახლობლობდა, მერე უფრო ჩემთან და ასე!
  ერთხელ, სტუდენტობისას, სადღაც პლეხანოვზე ჰქონდა ბინა დაქირავებული,  იტალიური ეზო იყო, აი, მეორე სართულს მთელს სიგრძეზე ღია საერთო აივანი - კორიდორი რომ მიუყვება.
  მე და ზაზა ფაჩუაშვილს გვითხრა,  ქუთაისიდან კარგი ქათმის საცივი, ყველი და ღვინო უნდა ჩამომივიდეს  და ჩავსხდეთო…
    ახალი წლის წინა დღეები იყო, ათასი სარბენი მქონდა, ვიდრე ყველაფერი მოვილიე, დაღამდა კიდეც.
  რვას გადაცდენილი იყო, მე და მამუკამ რომ როგორც იქნა, მივაღწიეთ. მისი დაბალი ფანჯარა საერთო აივანზე გამოდიოდა.
  შევიხედეთ.
შუქანთებულში,  უკვე დაცარიელებულ მაგიდასთან იჯდა მარტო, მოწყენილი ჩვენი ცხვირა და  ჩვენს ლოდინში ბოლომდე შეჭმული ქათმის ძვლებისგან, ნეკნებისაგან  კონსტრუქტორივით აი, საქართველოს მუზეუმში რომ დინოზავრის თუ იხტიოზავრის ჩონჩხი იყო ეზოში, თუ გახსოვთ, ისე,  ქათამს აწყობდა…
  ***
  მე ხომ ლექსის ამბებზე, როგორც პოეტს ლაპარაკი და წერა საერთოდ არ  მიყვარს, არც შემიძლია. როგორც ლექსმცოდნესა და კრიტიკოსს კი  - ენა არ დამეღლება, სხვისას კი არა, საკუთარ ლექსებსაც არ ვინდობ.
  ერთხელ ასე, ოთხმოცდაათიანების დასაწყისია და ვალერი მეუბნება, რაღაც საბავშვო ჟურნალის რედაქტორის ადგილი გამოჩნდა და არ ვიცი, წავიდე თუ არაო. რა ფიქრი უნდა ბიჭო,  მაგას, აუცილებლად დათანხმდი-მეთქი.
  და ამ არეულ დროში რომ არაფერი გამომივიდეს, მერე რა ვქნაო, რას ჰქვია, არ გამოგივიდეს,  მეც მოგეხმარები,
როგორც შევძლებ-მეთქი.
არადა ეს ის დროა, მე თვითონ იმხელა საქმე მაქვს წამოკიდებული, სადაც თავის დასადებს ვიპოვი, ეგრევე მეძინება.
  მოკლედ, გახდა რედაქტორი და მე ვუთხარი, მოდი, პოეზიის დაწყებითი კლასივით გავაკეთოთ, საქართველოში ყველა წერს და ცოტა თუ არის აზრზე, რას წერს— მეთქი და საქმეს შევუდექით. პირველი ნომერი, მეორეც - რაღაცნაირად გამოვიდა და…  დიდ დიღომში რომ ახლო მეზობლები ვიყავით, ეს , მგონი, უკვე გითხარით, მხვდება უიმედო გაჩერებაზე და მეუბნება, მწერალთა კავშირში გავიარე და იქ ახლობელმა მითხრა, ხალხი ლაპარაკობს, ამ ვალერის  უნდა, პოეტებს ლექსის წერა გვასწავლოს, გაკვეთილებიან ჟურნალს ჟურნალზე უშვებსო.
    რა დიდი მისახვედრი იყო, რომ გზას ეძებდა სათქმელად, იქნებ ეს პოეზიის ამბები შევწყვიტოთ, რამე სხვა მოვიფიქროთო.
  მე  ხომ მაშინ მასზე გაქნილ-გამოცდილი რედაქტორი ვიყავი. სვლებში გაწაფული, ვეუბნები, მოდი, ცოტა დავასვენოთ მკითხველი- მეთქი.
  ეს იყო და ეს, მესამე ნომერი მგონი ვეღარც გამოვიდა.
    მოსაყოლი ვალერიზე იმდენი მაქვს…,  ანუ როგორც ჩვენს ასაკს სჩვევია!
    არ მგონია, ბევრისთვის იყოს საინტერესო ეს ძველი ამბები.
    ამ ერთსაც ვიტყვი, რომ მისმა ოჯახმა იცოდეს და მორჩა:
  ერთხელ მეუბნება, ცოლი მომყავსო.
  გადაირიე?! ისეთი დრო დგება, ხალხი მოყვანილს უშვებს, სახლი შენ არა გაქვს და კარი, ცოლს ბავშვი მოჰყვება და არ გეშინია- მეთქი?
  რა ვიცი, იმას არ ეშინია  და მეც იმედი მაქვს, არ გავუჭირვებო.
  მართლაც მოიყვანა არაჩვეულებრივი ცოლი … და დღეს თუ საქართველოს  ერთი კარგი პროზაიკოსი კი არა, არამედ გამომცემელი და წიგნის მესვეური დაეკარგა, იმისი ბრალია, რომ ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის დიდმა გრძნობამ მის ნიჭს გასაქანი აღარ მისცა.
  არჩევანი ოჯახზე შეჩერდა!
  ერთიც და მორჩა!
  ის “ბესტსელერობანა” რომ წამოიწყო,  ერთხელ მეუბნება, პრეზენტაცია მინდა მსახიობის სახლში ჩავატარო, აუდიტორია კარგი მეყოლება,  გოდერძი ჩოხელის ახალ ფილმს ვაჩვენებ ბოლოს, სიტყვით ხომ არ გამოხვიდოდიო. იცი, რა მინდაო? ჩვენი თაობელების სია შევადგინე, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი დავკარგეთ და ეს სია მინდა იცოდეს ხალხმაო.
ვალერის წყალობით, საზოგადოება  - მართლაც საუკეთესო მოიკრიბა.
  მეც დავიჭირე ეს  მისი ხელით ჩამოწიკწიკებული ფურცელი და ომახიანად წავიკითხე გაყინული სცენიდან,  თან ჩემი მხრით დავუმატე, რომ ჩვენგან ყველაზე უკეთესი რაც შეიძლება გამოვიდეს, არის ის, რომ ვართ თაობა- ხიდი. (მაშინ ტერმინი “ტრანზიციული თაობა”  ჯერ მიმოქცევაში არ იყო). ჩვენგან - ნოვაციები ძლიერი ვერ იქნება, ჩვენ  უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ თაობებს გადავცეთ ის საუკეთესო, რაც ტრადიციამ ჩვენამდე მოიტანა და  რამდენადაც შეგვიძლია, გავამხნეოთ ისინი, ვინც ნოვაციებს ეძებენ- მეთქი თუ რაღაც ეგეთი.
(ეს რა არის, სხვა სიგიჟეები იმდენი მაქვს ჩადენილი!)
    დასრულდა ღონისძიება და ფილმის ჩვენება, რომელსაც ტრადიციული ,, ფურშეტი” მოსდევდა. ხალხი ბევრი დარჩა, მაგრამ ცნობილ ავტორთა უმრავლესობა, მანამდე გულში რომ მიხუტებდა ან ასე მეგონა, ჩემკენ არც იყურებოდა, თითქოს ზურგით მიდგებოდა.
  (ჯანსუღ ჩარკვიანი - გამონაკლისი იყო, ჩემი სიტყვები გაიმეორა კიდეც სცენიდან, თითქოს გამამხნევა. ეს - მე ვარ დაუნახავი, დედაჩემის თქმისა არ იყოს, თორემ მაშინ მხარში ძალიან დაგვიდგა).
ბოლოს ერთმა (დ.მ.-მ) მითხრა, რა სიების კითხვა აგიტყდათ, ამდენი  თითქმის თქვენი ტოლი ხალხი ერთიანად ბებრებში რომ გადაგვყარეთო. ბოლომდე ველოდი ან ახლა იტყვის ჩემს სახელს და ან ახლაო.
    სხვებმაც  მითხრეს რაღაც მსგავსი,  ოღონდ მერე, სადაც შემხვდნენ.
  მაშინ ეს ყველაფერი როგორ არარეალურად ჟღერდა!
  დრომ მართლაც დაადასტურა ჩვენი წინასწარმეტყველება, რომ თაობა-ხიდი გამოვდექით,
    არა, ვალერი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები