ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
11 ნოემბერი, 2022


ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან

ღამემაც არ მოიტანა შვება. ისე ცხელოდა როგორც კარგად გახურებულ თონეში. სრული სიბნელე და სიჩუმე იყო, ადამიანი იფიქრებდა რაღაც სენი დამეტაკა ერთდროულად დავბრმავდი დავყრუვდიო. მთვარე ამოსვლას აგვიანებდა ბუები, ზარნაშოები, ბუკნაჭოტები და ღამის სხვა ფრინველებიც არ იღებდნენ ხმას, ეტყობა სიცხეს ისინიც გაეთანგა და ახლა სადღაც ფუღუროდან გაჰყურებდნენ ვარსკვლავიან ცას წვიმის მოლოდინში.
სულა თავის მუხის კუბოსავით მაგარ საწოლზე გულაღმა იწვა, ღონიერი მკლავი თავქვეშ ამოედო, სიბნელეს გაჰყურებდა ჭაღარა ულვაშის ბოლოს იკვნეტდა. ხომ ამდენი წლის იყო, ამდენიც ენახა, ომშიც მოუწია ყოფნა და... ეეჰ, ჯერ ცრემლი არ გადმოვარდნილიყო სულას თვალიდან, ის კი არა პატარაობაში კვიცმა წიხლით ცხვირი რომ გაუტეხა მაშინაც არ უტირია, მაგრამ ახლა ისე იყო ერთი სული ჰქონდა როდის გადმოღვრიდა თვალებიდან ცრემლებს, თითქოს ის სიმძიმე რაც ახლა გულზე აწვა ამ ცრემლების სავსე კოკები იყო და თუ არ დაცლიდა გასრესდა იმ გულს და ის იქნებოდა.
- მიდი, სულა, მიდი ამ სიბნელეში ვინ დაგინახავს? ეგება მოითქვა სული - ფიქრობდა კაცი, როცა გვერდიდან სუსტი ამოსლუკუნება შემოესმა.
- მართა! - სულას ხმაში სიმკაცრეც ისმოდა და გაკვირვებაც.
სლუკუნი შეწყდა, კაცი კარგა ხანს აყურადებდა, მაგრამ ღამის სიჩუმე აღარაფერს დაურღვევია და სულამ ის-ის იყო იფიქრა მომესმაო, რომ სლუკუნი კვლავ გაისმა, ოღონდ ამჯერად აღარ შეწყვეტილა და ღრიალში გადაიზარდა.
- მართა, რას აკეთებ? ბავშვებს დააღვიძებ - იდაყვს დაეყრდნო სულა.
- ჯერ სულ ცამეტი წლისაა, ცამეტისა სულ პატარაა - გაისმა ცრემლებს შორის ქალის ხმა.
- მართა, ბავშვებს ძინავთ! - კბილებში გამოსცრა სულამ, მაგრამ მართას თავშეკავება მორღვეულიყო და მის ღრიალს უკვე ვეღარაფერი აკავებდა. სულამ სიბნელეში ხელის ცეცებით მიაგო ცოლის პირს და ვეებერთელა მტევნით შეეცადა ხმა დაეხშო, მაგრამ მართა თავს აქეთ-იქით აქნევდა და მისი ტირილს ხმა ხან წყდებოდა ხან კი ხმამაღლა ისმოდა. ბოლოს, როგორც იქნა ქმარმა ცოლის თავი მარცხენით მოიგდო, მარჯვენით კი მთლიანად დაუფარა პირი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ახლა სლუკუნი ოთახის მეორე ბოლოში მდგარი ტახტიდან გაისმა, პირველს მალე მეორე შეუერთდა, მერე მესამე და სულ მალე ტყის ხანძარივით მოედო ყველა შვილს. სულა ერთხანს იჯდა სრულ სიბნელეში, თავი ხელებში ჩარგო და უსმენდა ამ კაკოფონიას. მერე ერთბაშად ძალა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და მთელი ხმით დაიღრიალა: - ჩუმად!
სიჩუმე ჩამოწვა, სადღაც, რომელიღაც ფუღუროში შეფხიზლებულმა ზარნაშომ ზარმაცად დაიკივლა და ისიც მიჩუმდა.
- რა გატირებთ მაინც ვერ გამიგია რა! - წამოიყვირა ამ სიჩუმეში სულამ - ასე გაგვიმართლა, ამხელა საქმეში ვმონაწილეობთ, ხელმწიფეს ჩვენი იმედი აქვს, მამასახლისს ჩვენი იმედი აქვს და იმის მაგივრად გიხაროდეთ მომდგარხართ და ტირიხართ აქ!
- რა უნდა გვიხაროდეს ადამიანო რა? - ამოიგმინა მართამ.
- ჩუ!
ხმაურზე ზარნაშომ საბოლოოდ გამოიღვიძა და კივილი მორთო. აღმოსავლეთით ცას სულ ოდნავ შეეპარა თაგვისფერი, მაგრამ ოთახში ისევ სამარისებური სიბნელე იდგა.
- უკვე მეორედ - დაიწყო აკანკალებული ხმით სულამ - ღმერთმა მოიღო ჩვენს ოჯახზე მოწყალება და კენჭი ჩვენ შეგვხვდა, უკვე მეორედ!
სულამ თითი ზეცისკენ აღმართა, მაგრამ მიხვდა მას ვერავინ ხედავდა და ისევ დაუშვა.
- ხალხი მთელი ცხოვრება ელოდება რო ეგება და ახლა გაუმართლოს ან ახლა, მაგრამ ისე გადის წლები ბედისწერა სულ გვერდს უვლის, ჩვენ კიდე აგერ მეორედ გაგვიღიმა ბედმა. მთელი სოფელი ჩვენი მადლიერი იქნება, მამასახლისი მადლიერი იქნება, ხელმწიფე ბოლოს და ბოლოს! ჰოდა, იმის მაგივრად გვიხაროდეს და ვზეიმობდეთ, გლოვა და ტირილი გამიმართეთ აქა!
აღმოსავლეთით ცა კიდევ უფრო განათდა, გამოჩნდა შორეული მთების კონტურები, ცისკრის ვარსკვლავი აკიაფდა, ზარნაშოს ხმა მამლის პირველმა ყივილმა შეცვალა.
სულამ ვიწრო ფანჯარას გახედა და თითქმის ჩურჩულით თქვა: - თენდება.
სიტყვამ ისე გაიჟღერა თითქოს მავან მოსამართლეს განაჩენის ფურცელზე თავისი მსახვრალი ბეჭედი დაერტყასო. მართამ ისევ ამოიგმინა. ამჯერად სულა მის გაჩუმებას აღარ ცდილობდა, ნელა წამოდგა საწოლიდან, შარვალი ამოიცვა და მაგიდასთან დაჯდა. მზის პირველი სხივები ფანჯრიდან შემოიჭრნენ, მიიხედ-მოიხედეს, პატარა ოთახი მოათვალიერეს და ბოლოს ფანჯრის მოპირდაპირე კედელთან მდგარ საწოლთან შეჩერდნენ თითქოს ინტერესით აკვირდებიან აქ ვინ არიანო. აქ კი ფართო საწოლზე, ერთმანეთთან ჩახუტებული ხუთი ბავშვი წამომჯდარიყო, ნამტირალევი და შეშინებული თვალებით და გაჩეჩილი თმით. ბავშვები ისე ჩაჰკვროდნენ ერთმანეთს მზის სხივებს ერთი შეხედვით შეიძლებოდა ერთი მთლიანი ათთვალა და ათფეხა არსება ჰგონებოდათ კარგად რომ სცოდნოდათ ვინ იყვნენ ისინი. ყოველ დილით აღვიძებდნენ, ეთამაშებოდნენ, უყურებდნენ როგორ დგებოდნენ, იზმორებოდნენ, იცვამდნენ და კისკისებდნენ, იშვიათად უნახავთ დამწუხრებულები, მუცელატკივებულები ან მოტირალნი, ასეთი შეშინებულები კი მხოლოდ ერთხელ ნახეს - ზუსტად ერთი წლის წინ, ოღონდ მაშინ ექვსნი იყვნენ.
- არ შეიძლება რამენაირად დავიხსნათ? - იკითა მართამ ისე მოულოდნელად რომ სულა სკამზე შეხტა. მერე ბავშვებს გახედა. დაფიქრდა, სულ ერთი წამით თვალებში რაღაც მივიწყებული გაკრთა და ისევ ჩაქრა, მერე, თითქოს გონს მოეგოო, წარბები შეკრა, ვეება მუშტი შეკრა და მაგიდას დაჰკრა.
- რასა ბოდავ ქალო?! ვინმემ რო გაიგოს ახლა რაც წამოროშე მთელ ოჯახს გადაგვასახლებენ! გახსოვთ რა დაემართა მალხაზას? აი ეგეთი სიბრიყვე წამოაყრანტალა სადღაც და...
მაგრამ მალხაზას ბედი გაურკვეველი დარჩა რადგან სწორედ ამ დროს კარზე ძლიერად დააბრახუნეს და სულა კიდევ ერთხელ შეხტა სკამზე, მართა გაშეშდა და კარს მიაჩერდა ხოლო ბავშვები კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
- შუა დღეს არ უნდა მოსულიყვნენ? ჯერ ხომ ადრეა? - ჩაიბურდღუნა სულამ და კარის გასაღებად წამოდგა. კარს მიღმა მეზობლის თორმეტიოდე წლის ბიჭი იდგა და ხელში თოკი ეჭირა, თოკის მეორე ბოლოს ძალიან გამხდარი ძროხის კისერზე იყო გამობმული, ძროხას ცალი რქა და ღარიბი კაცის ბოხჩასავით პატარა ცური ჰქონდა.
- მამამ თქვა ეს ძროხა დაიტოვეთო და ეგება ჩემით - აქ ბიჭმა საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო - ჩაანაცვლოთო. თქვენო უკვეო შეგხვდათო კენჭიო შარშანო, ჩემს ოჯახსო კიდეო არასოდეს უმართლებსო.
- მამაშენს გადაეცი ჩემი ოჯახის ღირსება და სამშობლოს სიყვარული ძროხაში არ იცვლებათქო და კიდე ერთხელ ეგეთ რამეს მეტყვის და იმ ენას ამოვგლეჯ და აი ამ ძროხას ვაჭმევ, თან ბავშვი რო გამოუშვა იმ ქარაქუცა კაცმა იმან, თვითონ რას გამიბედავდა?!
სულამ კარი მიაჯახუნა და ცოლს, რომელიც გაოგნებული უსმენდა თავის ქმარს, მიაძახა: - მიდი რამე საუზმე გაამზადე, ბავშვს მშიერს ხომ ვერ გავუშვებთ!
ქალი ცრემლების ყლაპვით წამოდგა და როგორც იყო ისე, პერანგის ამარა ჩარდახთან მივიდა, იქიდან ობმოკიდებული პური და ხმელი ყველი გადმოიღო, საუზმეც ეს იყო. ბავშვებიც ადგნენ, ერთ-ერთი კოკასთან მივიდა და ჩახედა, წყალი კოკაში სულ ცოტა დარჩენილიყო ძირზე, ძლივძლივობით ასწია და ყველაზე პატარას, სამიოდე წლის მათეს გაწვდილ პეშვში რამდენიმე წვეთი ჩაუსხა, მათემ ხარბად დალია რაც იყო და რომ მიხვდა მეტს ვეღარ მივიღებო ტუჩები დაებრიცა. სულ თვალს არ აშორებდა თავის ცოლის ხელს, მართა ლესვისაგან გალეულპირიანი დანით ჩვეული მოძრაობით პურს დაობებულ ნაწილებს ფრთხილად აჭრიდა, რომ ნაჭერს ზედმეტი პური არ გაჰყოლოდა.
- ამბობენ, ხანდახან ბრუნდებიანო - ხმა ამოიღო ათიოდე წლის თომამ.
  ყველამ თომას შეხედა, თომა თავის მხრივ ყველის ნაჭერს უყურებდა
- გაღმა სოფელში - განაგრძო ბიჭმა - ორი წლის წინ დაბრუნებულა თურმე.
- შენ ვინ გითხრა? - დედას ხმა უკანკალებდა
- მეველე ყვებოდა გუშინ...
- მართალია ვითომ? - მართამ სულას გახედა.
- მართალი იქნება აბა როგორ იქნება? მეველეა კაცი ის ხო არაა - უპასუხა ქმარმა და რატომღაც ფანჯარას გახედა.
ბავშვებმა თითო ნატეხი პურითა და ყველით ისაუზმეს, მშობლები თავიანთ საწოლზე ჩამომსხდარიყვნენ და უყურებდნენ. ბავშვები რომ მორჩნენ, სულა უცებ წამოდგა.
- აბა ახალი ტანსაცმელი გამოუტანე ბავშვს - შესძახა ცოლს მოგონილი მხიარულებითა და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელი ხელსაც კი შემოჰკრა.
მართა ოთახის ბოლოში მდგარი დიდი სკივრისკენ წავიდა.
- შარშან რომ ვუყიდე ის - მიაძახა სულამ.
მერე უფროს შვილთან მივიდა და ტავზე დიდი და უხეში ხელი გადაუსვა.
მართა ხელში ჩითის კაბით დაბრუნდა.
- აბა შვილო - თავზე აკოცა უფოსს სულამ - ჩაიცვი და გაემზადე.
ლელამ დედას კაბა ჩამოართვა, კედლისკენ შებრუნდა პირდაპირ პერანგზე გადაიცვა ახალთახალი, ულამაზესად მოჩითული ფრიალა კაბა. დედამ ახლა ყალბი მარგალიტებით გაწყობილი ფეხსაცმელი მიაწოდა, გოგოს ისიც კარგად მოერგო. მერე თმა დაივარცხნა, ნაწნავი გაიკეთა და შუა ოთახში დადგა, ულამაზესი იყო ლელა.
მერე ყველანი დასხდნენ და ლოდინი დაიწყეს არავის ხმა არ ამოუღია, არც ცრემლი გადმოვარდნია, პატარ თომას სიტყვებმა, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად, რაღაც იმედისმაგვარი ჩაუსახა, ამიტომაც ისხდნენ უხმოდ და ელოდნენ. ბოლოს კარზე ბრახუნიც გაისმა, ხელმწიფის ხალხი იყო.
- ხელმწიფემ გამოხატა კეთილი ნება და თავისი შვილის კვიცი გამოგვატანა რომ თქვენი შვილი ამ კვიცით მივიყვანოთ ქალაქის მოედანზე - იდუმალი ხმით უთხრა სულას ათისთავმა და ეზოში მშვიდად მობალახე ორიოე წლის ფაშატზე მიანიშნა.
სულამ კი იცოდა რომ ეს არ იყო ხელმწიფის შვილის კვიცი და უბრალოდ მეფის თავლიდან უამრავთაგან ერთ-ერთი იყო, მაგრამ მაინც ესიამოვნა ათისთავის სიტყვები.
ლელას ყველა ცალ-ცალკე დაემშვიდობა, ჯერ ძმები ჩაეხუტნენ, მერე დედა გადაეხვია და დიდხანს-დიდხანს კოცნიდა, ბოლოს სულამაც დაადო თავზე თავისი ვეება ხელი და რაღაც თავისივე მოგონილი ლოცვა წაიბუტბუტა, მერე ლელას კვიცზე შეჯდომაში მოეხმარა და იდგა ასე თავისი ოჯახის ნარჩენებთან სანამ ლელას ზურგი ბორცვს არ მიეფარა.
- ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? - ამოიგმინა დედამ. - ყოველ წელს ასი ვაჟი და ასი ქალი, ყოველ წელს ორასი მგლოვიარე ოჯახი
- სანამ ის ეშმაკის ნაშობი დევი არ ჩაძაღლდება - უპასუხა სულამ - ან იქნებ მომავალ წელს გამოჩნდეს ვინმე და მოკლას ის აყროლებული. წამო, წამო კოკა აიღე და წავიდეთ წყაროზე, წყალი რომ წამოვა რიგები იქნება მერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები