ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2022


კიბო

ტობიასი ესთეტი იყო და ბუნებრივია,  ყველაფერში სილამაზეს ეძებდა.  ხელოვნებაც  სწორედ ისე იზიდავდა,  როგორც ფუტკარს-  იელი, კარგ მეძებარს-  ნადირ- ფრინველის შენიღბული,  ძნელადშესამჩნევი  კვალი,  ან ჩემს ბულემიაშეყრილ მეზობელ კირას- თეფშების სულ უბრალო გაჩხარუნებაც კი ახლომახლო,  სამეზობლოში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
სხვათაგან  ვერშემჩნეული და ფასდაუდებელი ქმნილებების აღმოჩენა უყვარდა ტობიასს და მიზნად დასახულის სისრულეში მოყვანასაც მუდამ ახერხებდა,  თან ძალზე  იოლად. ერთი სიტყვით, დაეფიცებოდა, რომ იღბლიანი იყო.
ბევრი ადამიანი ტრიალებდა ტობის გარშემო: საქმიანიცა და უსაქმურიც, კეთილზნიანიცა და გულღრძოც.  იყვნენ ფულიანებიც. უფულოებიც და რაც მთავარია, ფანტაზიის კალთას გამოკერებულები- ილუზიით  დაბოლილები სხვებსაც რომ თავიანთ მსგავსად  ასნებოვნებდნენ ნელა, შეპარვით, მომაკვდინებლად.
ერთხელ,  საუბრისას, ტობიმ ღიმილით  გამიმხილა, რომ  მის სარდაფში დააპოხტებული ლამაზმანების ფიტულები ოხრად ეყარა. ხუმრობდა, რასაკვირველია, მაგრამ მისი  იუმორიდან შეფარულ ამპარტავნებას ზუსტად ისე მოუჩანდა  ბოლო, როგორც ჩვენი ეროვნული ფოლკლორის საგანძურში მყარად  ფეხმოკიდებულ  მამლის ქურდს-  ჩოხიდან  ბოლოგამოჩრილი  ხელმრუდობის  წყალგაუვალი ალიბი, მის ვითომ მტკიცე ფიცს რომ ერთი ხელის მოსმით  აბათილებდა.
ერთმანეთისგან ბევრი რამ განგვასხვავებდა  მე და ტობიასს, მაგრამ ის, რაც  გვაერთიანებდა- პოეზიის სიყვარული  იყო. ლექსი უზომოდ  გვიყვარდა ორივეს და  ყველა სტუმარზე სასურველი სტუმარი იყო ჩვენთვის  ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოში,  ვითარებაში.
პოეზიასთან დამეგობრება იოლი არავისთვისაა.  მის  უცნაურობებში წვდომა  იმაზე რთულია,  ვიდრე ნებისმიერი კვადრატული თუ კუბური  ამოცანის ამოხსნა, თუნდაც ყველაზე  მარტივი  ხერხით.  ამიტომ ვერანაირი გათვლა, წადილი, მიწიერი თუ ზეციური მფარველი ვერ გაგიკვალავს გზას მუზათა თავშესაფრისკენ, ბევრს რომ მოსვენება  დაუკარგა, თუმცა ამაოდ- მაღალი ჰაერი ყველას  ერთნაირად როდი აჯანსაღებს. ზოგიერთთან პირიქითაც ხდება.
ობოლი იყო ტობი. ობლობა არც დანაშაულია და არც ნაკლი, ისევე, როგორც ვნებასაყოლილობისა და  გონებადაბინდულობის მოსალოდნელი, ან  გარდაუვალი  შედეგი- ნაბიჭვრობა, მაგრამ  საზოგადოება მაინც სტიგმად თვლიდა  ერთსაც და მეორესაც და უეჭველია,  ეს  თვითონ მასის  უმწიფრობაზე მეტყველებდა.
- კიბო მაქვს, მაგრამ ვმალავ და ნურც შენ გამიბაზრებ. არ მინდა ვეცოდებოდეთ და მითანაგრძნობდნენ,- აღსარებასავით ჩამესმა ტობის  სიტყვები ზაფხულის ერთ მშვიდ საღამოს. გავშრი.  მომეჩვენა, რომ ყველა ბგერა ერთიანად შეისრუტა ღამის წყვდიადმა და
სიჩუმე, რომელიც სასიამოვნოდ მელოდიური იყო,  ისე დაიძაბა,  დაწყვეტამდე დაჭიმულ  სიმს დაემსგავსა, რომელსაც  პლექტრის შეხებაც კი ვერ დააცდენინებდა სასურველ აკორდს. რატომღაც, ოდნავადაც არ დავეჭვებულვარ ამბის რეალურობაში  და მითუმეტეს, არც დეტალებში გარკვევა  მიცდია.
- და ასე არაფერს, სულ არაფერს ცდილობ მისგან თავდასაღწევად?- რაღაც დროის მერე როგორც  იქნა დამიბრუნდა მეტყველების უნარი.
- არა, არ ღირს. ექიმმა მითხრა, რამდენიმე თვის სიცოცხლეღა გაქვს დარჩენილიო.

მომდევნო დღეები ბუნდოვნად მახსოვს. ვერაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ სიკვდილი იყო ყველაზე საძაგელი  უსქესო არსება, რომელსაც  დაუფიქრებლად შეეძლო წაეყვანა ყველა, ვინც კი თვალში მოუვიდოდა. წაეყვანა სხვათა აზრის გაუთვალისწინებლად.
შეუთანხმებლად.
თავხედურად.

ყველაზე ძალიან რაც მადარდებდა, ტობიასის პოეზიიდან აბარგება და უპოეზიო მხარეში გადასახლება იყო. ეს მზარავდა. საპირისპირო ფიქრები როგორც კი შემომესეოდნენ, თავის მართლების რეჟიმი მერთვებოდა და ოთახში ბოლთას ვცემდი:
-  რა უნდა იქ პოეზიას, რა?! იმ უკუნსა და წყვდიადში რომელი მუზა გაძლებს?! ან ვინ მოუსმენს?! ან რატომ მოუსმენს?!
- ეს შენი წარმოსახვის შედეგია. არავინ იცის სად მეტი პოეზიაა: სიცოცხლეში თუ სიკვდილში- კრიჭაში მედგა მეორე ,,მე".
- და როგორ შეიძლება პოეზია იყოს იქ, სადაც ძალით, ნებართვის აღების  გარეშე მიჰყავხართ?
-  გაურკვევლობიდან გარკვეულობაში გადასახლებაც პოეზიაა.
საძილე აბები  რომ არ დამელია, ამ ყველაფერს  ვერ გავუძლებდი და მეც ვსვამდი.
მაგრამ  მაინც ფხიზლად მეძინა.
და ამ სიფხიზლისაც ძალიან  მეშინოდა.

მახსოვს, ბავშვობაში, მე და ბებია ხშირად ვსაუბრობდით გარდაცვალებაზე. სასაფლაოზეც ერთად დავდიოდით და ქვაში გამომწყვდეული ფოტოების თვალიერებისას ხშირად მიწევდა ფიქრი  იმაზე, თუ რატომ იყო აუცილებელი მიწას მიებარებინა, მიესაკუთრებინა  ადამიანი. რატომ კვდებოდნენ ბავშვები? სიკვდილის მერე რა იცვლებოდა ამ სამყაროდან წაყვანილისთვის?
თავიანთ  ხმას,  ფერს, სუნს რად გარდაქმნიდნენ წასულები, ან სად ტოვებდნენ, თუკი იქ არ დასჭირდებოდათ?

და ახლა, როცა ტობიასის  დაბალი ხმის  ტემბრი  ჩემს ახლომახლო არეალში საოცარ სიმშვიდედ ვრცელდებოდა, მისი გაქრობის რეალურობის დაჯერება არც მსურდა და ვერც წარმომედგინა.
ან რატომ უნდა გამქრალიყო? რა დანაშაულის გამო? ამ ხმას ხომ პოეზია უყვარდა და ვერც პოეზია იქნებოდა მის მიმართ გულგრილი.  ნუთუ  ლექსებს  არაფრის შეცვლა არ  შეეძლოთ?!

ავიკვიატე, რომ თუკი ჩემი საძინებლის  ფორთოხლისფერ კედლებს მელნისფრად გადავღებავდი,  ტობიასი აღარ მოკვდებოდა. ფორთოხლისფერი ჩემი საყვარელი ფერი იყო და მისი დათმობით სიკვდილს  ერთგვარ  ხარკს ვუხდიდი. მელნისფერი კი ინდიგო ბავშვის დახსნაში დამეხმარებოდა.
ხშირად, თვითონ ლექსები მკარნახობდნენ მათთვის სასურველ ანტურაჟს. ამიტომაც,
სულ თავიდან,  ლიმონისფერი იყო ჩემი ,,ნიჟარა". მერე- სალათის ფოთლების ფერი და ა.შ. მელნისფერამდე.

- ყველა ცხოველი მიყვარს. ყველა სულდგმული. ვეგანი არ ვარ, მაგრამ ხორცს იშვიათად ვჭამ- ეს რომ მითხრა, იმ დღეს  დაბეგვილი ხბოს ხორცის კატლეტი მქონდა სადილად და არათუ პირი  ვერ დავაკარე, კერძის  სუნმაც საშინლად  გამაღიზიანა. მეჩვენებოდა, რომ სისხლსმოწყურებული კანიბალების სიაში საპატიო თუ არა,  თვალსაჩინო  ადგილს მაინც  ვიკავებდი. ისე დავითრგუნე, ლექსებისკენ გახედვასაც ვერ ვბედავდი. ტობი  კი თაგვზე მიყვებოდა, მოშინაურებულ თაგვზე და თებერვლის ხაფანგისმაგვარი დღის კონსტრუქციას აწყობდა რაღაცის ნარჩენებისგან.

როცა ზღვა  მესიზმრება, ბავშვობისდროინდელი გემოები მახსენებენ თავს. ცოტა უცნაური, ტანდემური  გემოები: პურისა და საზამთროსი, სიმინდისა და თაფლის, ბრინჯისა და არაჟნის, ტკბილი ალადებისა და მასში ჩახეხილი ყველის. ვის მოაფიქრდა მათი დაწყვილება, არ ვიცი, მაგრამ საზიზღრობა კი იყო და ეს ზღვისადმი სიყვარულს მიუფერულებდა.

წუხელაც ზღვა მესიზმრა. მესიზმრა  პოსეიდონიც, თავისი განუყრელი სამკბილათი ხელში. წყლის ზედაპირი მოფენილი იყო სწორედ იმ საძაგელი საკვებით, ახლახან რომ გიყვებოდით. ზღვათა მბრძანებელი  გრუხუნა ხმით მაუწყებდა, რომ თუკი ტობიასის გადარჩენა მსურდა, ზღვაზე მოტივტივე გასტრონომიული ნაგავი სათითაოდ უნდა ამომეტანა ნაპირზე და დამსვენებლებისთვის ისეთი რეკლამა გამეკეთებინა, რომ ერთი ნაჭერი პური, ერთი ტარო სიმინდიც კი არ დარჩენილიყო გასაყიდი.  და მე, მთვარის შუქზე ამომქონდა და ამომქონდა წყლიდან დამბალი საკვები, ვალაგებდი ჟანგიან დახლებზე. თან, ხმამაღლა წასაკითხ ტექსტს ვამზადებდი.
ღმერთო, რა კოშმარი იყო ეს ყველაფერი!
გამოღვიძებულმა ტობის ვუამბე სიზმარი.
მან  მთხოვა, მომეყოლა ყველა იმ შიშზე, რომელიც მოსვენებას მიკარგავდა და  პარალელურ განზომილებაში გადახვეწილ  სიმშვიდეს მაშორებდა.
ვცადე აზრები დამელაგებინა. ვერ შევძელი.  წინადადებებში ათი სიტყვიდან ხუთი ,,კიბო" იყო. ვერც ვშლიდი, ვერც გონებას ვუბრძანებდი მის არაღმოცენებას.
ისევ აბებისთვის უნდა მიმემართა, მაგრამ როდემდე ასე?!

დრო კი გადიოდა საათებად, დღეებად, თვეებად.
უძილობა ჩვევაში გადამეზარდა. ტრანკვილიზატორებიც  უკვე ვეღარ მშველოდნენ. მუდმივად ცუდის მოლოდინმა ჩემს ხასიათზე საშინლად იმოქმედა და თითქმის ყველა მეგობარი ვაიძულე ჩამომშორებოდა. მათთვისაც ასე სჯობდა და ჩემთვისაც. ოდესმე დასასრულიც დადგებოდა, ალბათ. არ დავეძებდი, როგორი იქნებოდა ფინალი, ოღონდ წერტილი დასმულიყო. ერთხელ და სამუდამოდ დასმულიყო წერტილი.

და სანამ  ყოვლისმნახველი და მაინც  უემოციო ( უსმენოც)  ლურჯი პლანეტა  რომელიმე უცნაურ საკრავზე დაამღერებდა ჩემთვის სახელდახელოდ შეთხზულ  ბოლო აკორდს,  მდინარეობა  გადავწყვიტე- არასახდენი სიზმრების მიმბარებელ  მდინარედ გადაქცევა. მაგრამ, აქვე,  არც ის უნდა დამვიწყებოდა, რომ სხვათა სიცოცხლის მიმბარებელიც უნდა გავმხდარიყავი, თუმცა, დედამიწაზე დარჩენილთათვის,  მათი ახლობლების ნებით
შეწყვეტილი და ჩემში გაგრძელებული არსებობა  რომ  ანტონიმურად მოინათლებოდა, არც ეს იქნებოდა მოულოდნელი. და  რაც ყველაზე  მთავარია, თვალის მოხუჭვის ნება სამუდამოდ  მერთმეოდა-  უალტერნატივოდ უნდა მეფხიზლა.
ასე გავხდი მდინარე. მდინარე, რომელსაც ადამიანზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო.
ასე შევიცვალე და სამუდამოდ მოვწყდი წარსულს.
ასე დავმუნჯდი და გავწყალდი.

არ დაიჯერებთ და ფხიზელსაც მესიზმრებოდა უცნაურობები.
სხვადასხვა სენით შებოჭილები მოდიოდნენ ჩემთან, მესაუბრებოდნენ, მეჩვეოდნენ, რჩებოდნენ და უკან  დასაბრუნებელ გზას საგულდაგულოდ შლიდნენ. თავი ყველასგან შორს ეჭირათ.
ყველას  გაურბოდნენ. რამდენჯერაც გადავწყვიტე ჰომო საპიენსად წოდებული არსებების  ქმედების საიდუმლოსთვის ამეხადა ფარდა, ყოველ ჯერზე კედელს შევეჯახე.  რა სურდა  ამ უცნაურად მოაზროვნე, მათ გვარ- ტომთა  ცხედრებზე  მონადირე თევზებით სტომაქდაკმაყოფილებულ,  მეტყველ მასას,
ნებსით თუ უნებლიეთ, კანიბალთა ხროვად  რომ  ყალიბებოდა?!

ჩემს  ძარღვებში მოჩხრიალე წყლის ნაკადის ხმა ტბორად ქცევის უფლებას მართმევდა და რომ  ვერ ვჩერდებოდი, ყვირილი მინდებოდა.
მეც ვყვიროდი.
ვყვიროდი ბოლო ზვირთის შემომსხვრევამდე.
იოგებიც მეთიშებოდა და  წამიერად ყირავდებოდა  მარადიული სურათი:
გულქვა ნიღბები მონანულით იცვლებოდა.
ერთი წამღერება,
ერთი წაკნავლება,
მარჯვენის ტრაექტორიის ერთჯერადად/ თუნდაც მრავალჯერადად შეცვლა და - ყველა კაენი კვლავ  საწყის პოზიციას უბრუნდებოდა.

მერე  გამოჩნდნენ  ნახევარადამიანები, მხარიღლივ გადაკიდებული ნახევარი სიმართლითა და  კუზებად ამოზრდილი მეტასტაზებით. იმ სიზმრებიდან გადმოსულებს ჰგავდნენ, მე რომ ვუყვებოდი მდინარეს მაშინ, როცა ჯერაც არ ვფიქრობდი მდინარეობაზე.  როცა სიზმარი დავარქვი სათითაოდ ყველა  არასასურველ ცხადს.

და როცა  რომელიმე ნახევარადამიანი წარსულის წასაშლელად დაზვერავდა  ჩემს სივრცეს,  შიში აბორტმახერის ფითქინა  ხალათზე  მუშამბის წინსაფრის აფარების მიუხედავად შეშხეფებულ  ალუბლისფერ, მფეთქავ, ჩვილ  ნაფლეთებს ემსგავსებოდა,  ვერც გარეცხვა და ვერც დაწვა  უკვალოდ რომ ვერ  გააქრობდა.

და ახლა, ოცდარაღაც წლის შემდეგ, ჩემს მსგავსად მოფიქრალი  მართალნახევარადამიანის გამოჩენამ და მისი კვალის აღბეჭდვამ  ჩემს რუხ, გაქვავებულ და ალაგ- ალაგ მოლინჭყულ  ნაპირზე, მიმახვედრა, რომ  მას და მე ბევრი რამ  გვქონდა საერთო.
ის, რაც აუცილებლად უნდა შეგვძლებოდა, ერთმანეთის აზრების ხელისგულებზე წრიულად  განლაგება, შემდეგ კი,  მათი წყალში განწმენდა  იყო. ეს ყველაფერი  მისტიკურ  რიტუალს უნდა დამსგავსებოდა.
ტობის  არ  უჩქარია. კარგა ხანს ფიქრობდა. სიგარეტის ნერვულად ღეჭვასა და ბოლთისცემას რომ მორჩა,
მოვიდა, სახელოები აიკაპიწა და  მკლავები იდაყვებამდე ჩაჰყო წყლის ჩქერში. თან ჩუმად იმეორებდა სიტყვებს-  ლიფსიტების ქარავანივით აფუთფუთებულ, დაფლეთილ შიშებს, ელვის უსწრაფესად რომ  ეხვეოდნენ წყალმცენარეთა ბადეში. ცოტაც და  ვიგრძენი, როგორ გავიდა ჩემგან მთელი საარსებო  ენერგია.  როგორ გადავიდა ის ტობის ძარღვებში. როგორ  განიკურნა და  აღარაფერი დარჩა  მისი  ავადსახსენებელი მეტასტაზებისგან.
აქა- იქ მოჟღრიალე ჟანგისფერი  ეჭვებიღა შემახსენებდნენ უკვე ჩავლილ ამბებს,  მწვავე ურტიკარიის მსგავსად რომ  მაყრიდა და მაყრიდა ტალღების  ვერცხლისფერ ქობაზე.
ცხოვრებას აღარაფერს ვსაყვედურობდი.
მისია შესრულებული იყო, ამიტომ
ისევ ადამიანობას უნდა დავბრუნებოდი.

ესთეტი იყო- მეთქი  ტობიასი, ვამბობდი,- იღბლიანი ესთეტი.
ეს ბევრს არაფერს უნდა ნიშნავდეს,  მითუმეტეს,  ფოლკნერის გამოცდილებასაც  თუ გავითვალისწინებთ, რომ  ,,ფაქტებსა და ჭეშმარიტებას ბევრი არაფერი ესაქმებათ ერთმანეთთან", მაგრამ  პოეზიის გადამრჩენლის კომიკური  იმიჯი ამ ერთხელ, ისევ  მოვირგე.  გულუბრყვილობა უფრო  იყო ეს,  თუ  სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მედიატორობის დაუოკებელი სურვილი და მცდელობა, ვერ გეტყვით.
თუმცა, მე მაინც ვცადე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები